განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2019
საქმის ნომერი
010310017001876588
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310017001876588

საქმე №3/ბ-570-2018წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

აპელანტები _ 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება

2. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ი-----------–--–---–ი

 

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტების მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ი-----------–--–---–ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 06 აპრილს ი-----------–--–---–მა და მისმა წარმომადგენელმა ვაჟა ხახუტაიშვილმა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებისა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვეს:

- სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე ი-----------–--–---–ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 2------------–ს №0------------ წერილის ბათილად ცნობა.

- ი-----------–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2--------ის №0------- წერილის ბათილად ცნობა.

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს) 2017 წლის 2--------ის წერილის ბათილად ცნობა, ი-----------–--–---–ის მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ.

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (ადამიანური რესურსების მმართვის სამმართველოს) დავალდებულება, ი-----------–--–---–ის პირადი საქმის და საჭირო დოკუმენტაციის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებისათვის გადაგზავნის თაობაზე.

ასევე მოითხოვეს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების დავალდებულება, ი-----------–--–---–ის განცხადების განხილვისა და სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ი-----------–--–---–მა 1983 წლის 29 ოქტომბრიდან, 1985 წლის 31 ოქტომბრამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ (1988 წლის 07 აპრილიდან) მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, ქობულეთის განყოფილების დაცვის სამსახურში, რიგით მილიციონერად.

 

2011 წლის 07 სექტემბერს ი-----------–--–---–ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან, „შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო), მაიორის სპეციალური წოდებით. ამ წლების განმავლობაში ი-----------–--–---–ი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მან სულ შინაგან საქმეთა სისტემაში იმუშავა 21 წელი და 05 თვე, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის ჩათვლით, 23 წელი და 05 თვე, რაც საკმარისია შინაგან საქმეთა ორგანოებში მომუშავე პირთათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის (პენსიის) მისაღებად.

 

ი-----------–--–---–მა ჩათვალა, რომ სპეციალური კანონის საფუძველზე მას ეკუთვნოდა პენსია, ამიტომ 2017 წლის 22 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური სამსახურის სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებას, კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე, რაზედაც ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- წერილით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ იყო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინება და თანდართული საჭირო დოკუმენტები.

 

ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- წერილობითი პასუხი მოსარჩელის მიერ 2017 წლის 15 მარტს გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რაზეც 2017 წლის 2--------ს №0------- წერილობითი პასუხით უარი ეთქვა იმ საფუძვლით რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არამართლზომიერი ქმედების გამო სამუშაოდან დათხოვნილი პირი არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას.

 

ი-----------–--–---–მა ქობულეთის რაიონული განყოფილების პასუხის შემდეგ განცხადებით მიმართა (მანამდე არაერთჯერ ჰქონდა მიმართული) სსიპ პოლიციის დეპარტამენტს, რათა სოციალურ სამსახურში გადაეგზავნა წარდგინება, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, რაზედაც ისევ უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ი-----------–--–---–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული ჰქონდა 07 (შვიდი) დღით პატიმრობა, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ი-----------–--–---–ზე სამხედრო და სპეციალური წოდება ჩამორთმეული არ არის, რაც დასტურდება სასამართლო დადგენილებით.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების გამო, თუმცა, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი განსხვავებულ წესს ადგენს, რომლის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პენსია არ დაენიშნება პირს, თუ მას განაჩენით ჩამორთმეული აქვს სამხედრო წოდება, ი-----------–--–---–ი კი სამსახურიდან დათხოვილი იქნა პოლიციის მაიორის წოდებით და ადმინისტრაციული სახდელის დადების დროს პოლიციის მაიორის წოდება არ ჩამორთმევია როგორც სასამართლოს, ისე სხვა ორგანოს გადაწყვეტილებით.

 

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ დღეისათვის დასახელებული ორივე კანონი მოქმედებს და ისინი განსხვავებულად არეგულირებენ ამ საკითხს, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ „სახელმწიფო კომპენსაციიასა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი სპეციალური კანონია, ხოლო „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი კი, ზოგადი. შინაგან საქმეთა ორგანოებში მომუშავე პირებს პენსია ენიშნებათ სპეციალური კანონით და ამდენად, ი-----------–--–---–ს, როგორც პოლიციის მაიორს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის იქნა გათავისუფლებული სამუშაოდან, უფლება აქვს, სპეციალური კანონით მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია (პენსია).

 

მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ი-----------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი:

- სახელმწიფო კომპენსაციის (პენსია) დანიშვნის თაობაზე, ი-----------–--–---–ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- წერილი;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- აქტის (გადაწყვეტილება) გაუქმებისა და სახელმწიფო კომპენსაციის (პენსია) დანიშვნის თაობაზე, ი-----------–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2--------ის №0------ გადაწყვეტილება;

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 2--------ის №MIS 7--------- წერილი, ი-----------–--–---–ის მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ.

-

ამავე გადაწყვეტილებით დავალდებულდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (ადამიანური რესურსების მმართვის სამმართველო) ი-----------–--–---–ის მოთხოვნის შესაბამისად, საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქობულეთის რაიონულ განყოფილებას, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ი-----------–--–---–ისათვის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----------–--–---–მა 1983 წლის 29 ოქტომბრიდან, 1985 წლის 31 ოქტომბრამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ, 1988 წლის 07 აპრილიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, ქობულეთის განყოფილების დაცვის სამსახურში, რიგით მილიციონერად.

 

2011 წლის 07 სექტემბერს ი-----------–--–---–ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, „შსს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო), მაიორის სპეციალური წოდებით.

 

წლების განმავლობაში ი-----------–--–---–ი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, სულ შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში მან იმუშავა 21 წელი და 05 თვე, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის ჩათვლით, 23 წელი და 05 თვე, რაც ი-----------–--–---–მა საკმარისად მიიჩნია შინაგან საქმეთა ორგანოებში მომუშავე პირთათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის (პენსია) მისაღებად.

 

ი-----------–--–---–მა 2017 წლის 22 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური სამსახურის სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებას, კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე, რაზედაც განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №04----------- წერილობითი პასუხით ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, კომპენსაციის დასანიშნად განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.

 

ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- წერილობითი პასუხი ი-----------–--–---–ის მიერ 2017 წლის 15 მარტს გასაჩივრებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2017 წლის 2--------ს №0------- წერილობითი პასუხით უარი ეთქვა იმ საფუძვლით რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არამართლზომიერი ქმედების გამო სამუშაოდან დათხოვნილი პირი არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას, ხოლო ი-----------–--–---–ი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი იყო პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის გამო, რაც წარმოადგენდა არამართლზომიერი ქმედებით დათხოვნის საფუძველს, შესაბამისად, სამსახურიდან მსგავსი დათხოვნის საფუძვლით მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოშობილა. ამასთან, წერილით ი-----------–--–---–ს განემარტა, რომ კომპეტენტური ორგანო (შინაგან საქმეთა სამინისტრო) კანონით განსაზღვრული დოკუმენტების (წარდგინება, წელთა ნამსახურების ნუსხა, ბრძანების ამონაწერი შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ) წარდგენის შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით მისთვის სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაციის და არა პენსიის) დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი მაინც არ წარმოიშობოდა, რის გამოც სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ი-----------–--–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა.

 

ი-----------–--–---–მა 2017 წლის 13 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რათა ქობულეთის სოციალურ სამსახურში გადაეგზავნა წარდგინება, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, რაზედაც 2017 წლის 2--------ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ წერილით აცნობა, რომ ანალოგიური მოთხოვნით ი-----------–--–---–ს არაერთხელ ჰქონდა მიმართული, რომელთა განხილვის შედეგებზე მას ეცნობა წერილობით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხელახლა ვერ იქნება განხილული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს:

ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები:

ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში;

ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;

გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;

დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);

ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;

ვ) მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები;

ზ) გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები;

თ) სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლებს წარმოადგენს: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება.

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ.

 

2005 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი (მოქმედებს 2006 წლის პირველი იანვრიდან), რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები, რომლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;

 

დადგენილია, რომ ი-----------–--–---–მა 2017 წლის 22 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური სამსახურის სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებას, კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე, სწორედ შინაგან საქმეთა ორგანოში კანონით დადგენილი ნამსახურობის კონკრეტული სტაჟის საფუძველზე, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2017 წლის 2--------ის №0------- წერილობითი პასუხით მას უარი ეთქვა ამ მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არამართლზომიერი ქმედების გამო სამუშაოდან დათხოვნილი პირი არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას, ხოლო ი-----------–--–---–ი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი იყო პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის გამო, რაც წარმოადგენდა არამართლზომიერი ქმედებით დათხოვნის საფუძველს.

 

დადგენილია, რომ ი-----------–--–---–ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან 2011 წლის 07 სექტემბერს, „შსს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო), კერძოდ, ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად დაენიშნა ადმინისტრაციული პატიმრობა 07 (შვიდი) დღის ვადით. რამდენადაც, ი-----------–--–---–ი წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში და იქიდან იქნა დათხოვნილი, წარმოადგენს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის სუბიექტს. ამასთან, იმისათვის, რომ ი-----------–--–---–ს დაენიშნოს კომპენსაცია, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის დადგენილ სავალდებულო პირობებსაც.

 

განსახილველი დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის მნიშვნელოვანია და საჭიროა, ი-----------–--–---–ის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებიდან, რომელი უნდა ყოფილიყო გამოყენებული და გავრცელებული აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაზე.

 

ამისათვის გაანალიზებული უნდა იქნას კონკრეტული დაინტერესებული პირის მიმართ კომპენსაციის მიღების უფლების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის საკითხი, შესაბამისი ნორმების გამოყენებით და ასევე, მისთვის კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის პროცედურული და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით დადგენილი პირობები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაზღვრულია კონკრეტული შემზღუდავი პირობები, კომპენსაციის მიღების უფლების მხრივ: ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების გამო. სწორედ ეს სამართლებრივი შეზღუდვა იქნა გავრცელებული მოპასუხის მიერ, ი-----------–--–---–ის მიმართ, რომ ის როგორც არამართლზომიერი ქმედების გამო სამუშაოდან დათხოვნილი პირი, არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას.

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი პირის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ უკვე არსებული უფლების რეალიზაციის შემზღუდავ ერთადერთ პირობას ადგენს, კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, პენსია არ დაენიშნება პირს, თუ მას განაჩენით ჩამორთმეული აქვს სამხედრო წოდება.

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, დასარეგულირებელი ურთიერთობის მიმართ წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რომელიც ვრცელდება უშუალოდ კანონით განსაზღვრული სპეციალური სუბიექტების მიმართ. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი კი, ზოგადი კანონია და შეეხება სხვადასხვა არა მხოლოდ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სფეროში მომუშავე პირებს. როგორც აღინიშნა, ზოგადი კანონით გათვალისწინებული, კომპენსაციის მიღების უფლებები არ წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების გამო, ხოლო სპეციალური კანონის დანაწესი კრძალავს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებსაც სასამართლო განაჩენით აქვთ ჩამორთმეული სამხედრო ან სპეციალური წოდება. დადგენილი ფაქტია, რომ მოსარჩელე ი-----------–--–---–ი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი იქნა მაიორის წოდებით. ი-----------–--–---–ი სამსახურიდან დათხოვილი ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძვლით, თუმცა პოლიციის მაიორის წოდებით და ადმინისტრაციული სახდელის დადების დროს მას პოლიციის მაიორის წოდება არ ჩამორთმევია როგორც სასამართლოს, ისე სხვა ორგანოს გადაწყვეტილებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ უნდა ემსჯელა სპეციალური კანონის, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჰქონდა თუ არა პენსიის მიღების უფლება ი-----------–--–---–ს მოპოვებული და შემდეგ უნდა ემსჯელა, უფლების მქონე პირისათვის პენსიის დანიშვნასა და გაცემაზე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კი მხოლოდ პენსიის გაცემისა და დანიშვნის წესზე იმსჯელა და არაფერი თქვა, სპეციალური კანონის საფუძველზე ი-----------–--–---–ისათვის კომპენსაციის მიღების არსებულ უფლებაზე და ნაცვლად იმისა, რომ ამ გარემოების კანონისმიერი რეგულაციისათვის გამოეყენებინა სპეციალური კანონი, იგი დაეყრდნო ზოგადი ნორმის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის წესებს. ამდენად, საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში, განსახილველი დავის მიმართ არსებობს ასეთი მოცემულობა - სპეციალური კანონის თანახმად, მოსარჩელე ექვემდებარება კომპენსაციის (პენსიის) მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რადგანაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული არ აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არსებობს საკითხის შემდეგი მოწესრიგება, თუ პირმა ჩაიდინა დანაშაული, ან არამართლზომიერი მოქმედება, მიუხედავად სამხედრო, ან სპეციალური წოდების ჩამორთმევისა, ეზღუდება კომპენსაციის (პენსიის) მიღების უფლება.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი მოცემულობის პირობებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) კომპენსაციის დანიშვნის დროს მართალია უნდა მოხდეს ორივე კანონის გამოყენება, თუმცა არა იმ წესით, როგორც ეს ი-----------–--–---–ის მიმართ განხორციელდა. იმ მოცემულობით, როდესაც სპეციალური კანონის დანაწესი პირის მიმართ ქმნის უკეთეს სამართლებრივ პირობებს და ითვალისწინებს შესაბამის შედეგს, ზოგადი კანონით დადგენილი წესით არ უნდა იქნას მისი სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესებული. თუ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ლოგიკას გავყვებით, მაშინ ფაქტობრივად, სპეციალური კანონის („სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“) რეგულაციების გამოყენება აღარ არის საჭირო და ასეთ შემთხვევაში აუხსნელი რჩება, თუ რატომ არ იქნა გაუქმებული (ძალადაკარგული) ეს კანონი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების, ან მასში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ.

 

ი-----------–--–---–მა მუშაობა დაასრულა მაიორის წოდებით, მას ეს წოდება შეუნარჩუნდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, რის გამოც იგი აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას, კომპენსაციის მიღების შესახებ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრი მას შემდეგ, რაც ი-----------–--–---–მა განცხადებით მიმართა კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ვალდებული იყო საკითხის გადაწყვეტისას გამოეყენებინა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ნორმები და მოსარჩელისათვის დაენიშნა, კანონით განსაზღვრული შესაბამისი ოდენობის კომპენსაცია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- წერილი, კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე და ი-----------–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2--------ის №0------ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- წერილი და ი-----------–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2--------ის №0------ გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, წინამდებარე დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური შემოწმების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი ასევე, მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- წერილი, კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე და ი-----------–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2--------ის №0------ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, რითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგება მოსარჩელე ი-----------–--–---–ის კანონიერ უფლებასა და ინეტერესებს. ამდენად, საქალაქო სასამარლომ მიიჩნია, რომ ი-----------–--–---–ის სარჩელი ამ აქტების ბათილად ცნობის შესახებ კანონიერი იყო და დააკმაყოფილა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ი-----------–--–---–ის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციული აქტების კანონწინააღმდეგობის დადგენისა და მათი ბათილად ცნობის შემდეგ, დასაბუთებულია სარჩელის ის ნაწილი, რომლითაც მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრის დავალება, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ი-----------–--–---–ისათვის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს.

 

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსიის (კომპენსაციის) დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონითა და ნორმატიული აქტით განსაზღვრული ამ რეგულაციის შესაბამისად, ის ადმინისტრაციული ორგანო, სადაც მუშაობდა დათხოვნილი პირი, ვალდებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე გადაუგზავნოს უფლებამოსილ ორგანოს პირის სამსახურებრივი მდგომარეობის ამსახველი ის დოკუმენტაცია, რაც ესაჭიროება პენსიის (კომპენსაციის) საკითხის განსახილველად.

 

ი-----------–--–---–მა 2017 წლის 13 მარტს განცხადებით მიმართა (მანამდე არაერთჯერ ჰქონდა ასევე მიმართული) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რათა ქობულეთის სოციალურ სამსახურში გადაეგზავნა წარდგინება, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, რაზედაც 2017 წლის 2--------ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ წერილით აცნობა, რომ ანალოგიური მოთხოვნით ი-----------–--–---–ს არაერთხელ ჰქონდა მიმართული, რომელთა განხილვის შედეგებზე მას ეცნობა წერილობით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებნით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხელახლა ვერ იქნება განხილული.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური (ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო) ვალდებული იყო, დაინტერესებული პირის, ი-----------–--–---–ის მოთხოვნით, კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ორგანოს გაუგზავნოს პირის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია (წარდგინება, წელთა ნამსახურების ნუსხა, ბრძანების ამონაწერი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ), ხოლო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამ დოკუმენტებისა და კანონით განსაზღვრული წესის საფუძველზე იღებს, კომპეტენტური ორგანო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (ადამიანური რესურსების მმართვის სამმართველო) უნდა დავალდებულდეს, ი-----------–--–---–ის მოთხოვნის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქობულეთის რაიონულ განყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონულმა განყოფილებამ, ისე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ი-----------–--–---–ის სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

 

- აპელანტების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს კანონის "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად: კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. განსაკუთრებით იმპერატიულად აღსანიშნავია, რომ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

აპელანტის განმარტებით 2017 წლის 22 თებერვალს ი-----------–--–---–მა განცხადებით მიმართა ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვდა შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. განცხადებას თან ერთვის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ი-----------–--–---–ისათვის გაგზავნილი წერილობითი პასუხი, ნამსახურობის ნუსხის ასლი, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.

 

წარმოდგენილ დოკუმენტაციას არ ერთვოდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარდგინება ი-----------–--–---–ისათვის კომპენსაციის დანიშნვის თაობაზე.

წარდგინება დღემდე არ არის შესული ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრში.

 

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე კანონის 26–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად: კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ამდენად, აპელანტის განმარტებით, ვინაიდან ი-----------–--–---–ს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენა, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოიშობოდა. ასევე წარმოდგენილ დოკუმენტაციას არ ერთვოდა შესაბამისი უწყების წარდგინება, რაც განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულის საფუძველზე, ი-----------–--–---–ს ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2-----2017 წლის N04---------1 წერილობითი პასუხით უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, რაც ი-----------–--–---–ის მიერ გასაჩივრებული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოში. სააგენტოს 2-----2017წ N0------- გადაწყვეტილებით, კი ი-----------–--–---–ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

აპელანტის განმარტებით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში არსებული ჩანაწერი, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას, წინააღმდეგობაში არ მოდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში არსებულ შეზღუდვასთან, ვინაიდან, სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების განსაზღვრისას, კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო (სააგენტო) მოქმედებს ზემოაღნიშნული ორივე კანონით დადგენილი კომპენსაციის დანიშვნაზე შემზღუდავი ნორმების ფარგლებში და სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოეშვება.

 

ამასთან, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, შეჩერების, შეწყვეტის წესსა და კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები (კანონით გათვალისწინებულ უფლებებში ასევე იგულისხმება კომპენსაციის გაანგარიშებისათვის საჭირო წელთა ნამსახურობის დაანგარიშების წესი), არ წარმოიშობა, თუ პირის სამსახურიდან დათხოვნას საფუძვლად უდევს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობის არსებობა.

 

აპელანტის განმარტებით საქართველოს კანონი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" მიღებულია 1996 წლის 16 ოქტომბერს, ხოლო საქართველოს კანონი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" მიღებულია 2005 წლის 27 დეკემბერს.

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით: კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დავის საგანი წარმოშობილია საჯარო სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში და საქართველოს კანონით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას სპეციალური ნორმების გამოყენების პრინციპი ვრცელდება, მხოლოდ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.

 

ამდენად ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და, რომლითაც ამჟამად რეგულირდება ამ კატეგორიის კომპენსაციის დანიშვნის საკითხები, ასევე არასწორად განმარტა აღნიშნული კანონი, რის გამოც მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

 

- აპელანტ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი დასარეგულირებელი ურთიერთობის მიმართ წარმოადგენს სპეციალურ კანონს, ხოლო ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი კი ზოგადს. რასაც აპელანტი მხარე არ ეთანხმება, რადგან ორივე კანონი თავისი შინაარსით არის სპეციალური, ამასთან ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი არის ყოვლისმომცველი და მასში დეტალურად არის გაწერილი სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, მისი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობები. თვით ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ კანონმდებლობა კომპენსაციისა (გარდა ერთჯერადი კომპენსაციებისა) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და მის საფუძველზე გაცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ახალი საფუძვლების შემოღება ან არსებული საფუძვლების გაუქმება, აგრეთვე მისი მიღების უფლების მქონე პირთა წრის გაფართოება ან შემცირება დასაშვებია მხოლოდ კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით. შესაბამისად მითითებული საკანონმდებლო აქტი კონპენსაციის შესახებ მარეგულირებელ კანონდებლობაში საერთოდ არ მოიაზრებს ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონს ან სხვა რაიმე საქართველოს კანონს. აღნიშნულიდან გამომდინარე ხსენებული კანონების სპეციალურად და ზოგადად დაყოფა ცალსახად არასწორია.

 

მიუხედავად იმისა, აპელანტს მხარეს მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული კანონები განსხვავებულად არ არეგულირებს კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, კოლიზიის შემთხვევაშიც კი გამოყენებული უნდა იქნეს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, როგორც უფრო გვიან მიღებული კანონი.

 

აპელანტის განმარტებით ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი მიღებულია 2005 წელს, ხოლო ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი 1996 წელს.

 

უდავოა, რომ შს ორგანოებიდან ი-----------–--–---–ი დათხოვნილი იქნა „შსს ორგანოებში სამსახურის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების 69-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო (რომელიც წარმოადგენდა პოლიციის თანამშრომელის სახელის დისკრედიტაციას), ხოლო ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ დეპარტამენტმა მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება (2016 წლის 2--------–ს N 9----- წრილი) და არ გააგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოში იოსებ თხილაშვილის შესახებ წარდგინება კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

 

აპელანტის განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ თავისი უფლებამოსილების სწორად და კანონიერად განხორციელებისთვის მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც აცდენილი არ იქნება ჩამოყალიბებული პრაქტიკისგან. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში გამოყენებულია იგივე არგუმენტები და განმარტებები, რომელიც უკვე არაერთხელ იქნა ზემდგომი ინსტანციის მიერ გაბათილებული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სასამართლოში დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, კერძოდ, იდენტურ საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით (საქმეზე ბს-1049-1043 (კ-17) ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ. მოცემულ განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა ,, მართალია, .... მუშაობა დაასრულა მაიორის წოდებით, რის გამოც იგი აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას, თუმცა იგი ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო პირობას, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო, რის გამოც თ. ლ-ეს მართებულად ეთქვა უარი კომპენსაციის დანიშვნაზე’’.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა აპელანტის განმარტებით გაუგებარია სასამართლომ რა საფუძვლით და მოტივით ცნო ბათილად დეპარტამენტის 2017 წლის 2--------ის N 7---------- წერილი. აღნიშნული წერილი მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომ უკვე არსებობდა მოცემულ საკითხზე დეპარტამენტის გადაწყვეტილება (2016 წლის 2--------–ს N9----- წრილი), რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვერ მოხდებოდა სააგენტოში წარდგინების გაკეთება. აღნიშნულიც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება არის შეუსაბამო და არასწორი.

 

აპელანტის განმარტებით სასამართლომ გამოიყენა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონი და ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესები“, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მათ კავშირი არ აქვთ კომპენსაციის დანიშვნასთან. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ბენეფიციარის ასარჩევია პენსიას მიიღებს თუ კომპენსაციას (იმ შემთხვევაში თუ ორივე სარგებლის მისაღებ პირობას აკმაყოფილებს). მოსარჩელე ცალსახად ითხოვს კომპენსაციის დანიშვნას, შესაბამისად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მხოლოდ ,,სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონი და ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე’’ 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი’’.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის 15-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით შესაბამისი უწყების წარდგინება ხდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. შესაბამისად სასამართლოს მსჯელობა არასწორია, რომელიც უწყების წარდგინებას განმარტავს, როგორც ფორმალურ პროცედურას, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანომ უნდა გადააგზავნოს დოკუმენტაცია სააგენტოში.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. მითითებული კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

ი-----------–--–---–მა 1983 წლის 29 ოქტომბრიდან, 1985 წლის 31 ოქტომბრამდე გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო 1988 წლის 07 აპრილიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, ქობულეთის განყოფილების დაცვის სამსახურში, რიგით მილიციონერად.

 

ი-----------–--–---–ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან 2011 წლის 07 სექტემბერს, „შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო), კერძოდ, ის ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად დაენიშნა ადმინისტრაციული პატიმრობა 07 (შვიდი) დღის ვადით.

 

დადგენილია, რომ წლების განმავლობაში ი-----------–--–---–ი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, სულ შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში მან იმუშავა 21 წელი და 05 თვე, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის ჩათვლით, 23 წელი და 05 თვე, რაც ი-----------–--–---–მა საკმარისად მიიჩნია შინაგან საქმეთა ორგანოებში მომუშავე პირთათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის (პენსია) მისაღებად.

 

ი-----------–--–---–მა 2017 წლის 22 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური სამსახურის სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებას, კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე, რაზედაც განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- წერილობითი პასუხით ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, კომპენსაციის დასანიშნად განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.

 

ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- წერილობითი პასუხი ი-----------–--–---–ის მიერ 2017 წლის 15 მარტს გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2017 წლის 2--------ს №0------- წერილობითი პასუხით უარი ეთქვა იმ საფუძვლით რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არამართლზომიერი ქმედების გამო სამუშაოდან დათხოვნილი პირი არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას, ხოლო ი-----------–--–---–ი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი იყო პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის გამო, რაც წარმოადგენდა არამართლზომიერი ქმედებით დათხოვნის საფუძველს, შესაბამისად, სამსახურიდან მსგავსი დათხოვნის საფუძვლით მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოშობილა. ამასთან, წერილით ი-----------–--–---–ს განემარტა, რომ კომპეტენტური ორგანო (შინაგან საქმეთა სამინისტრო) კანონით განსაზღვრული დოკუმენტების (წარდგინება, წელთა ნამსახურების ნუსხა, ბრძანების ამონაწერი შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ) წარდგენის შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით მისთვის სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაციის და არა პენსიის) დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი მაინც არ წარმოიშობოდა, რის გამოც სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ი-----------–--–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა.

 

ი-----------–--–---–მა 2017 წლის 13 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რათა ქობულეთის სოციალურ სამსახურში გადაეგზავნა წარდგინება, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, რაზედაც 2017 წლის 2--------ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ წერილით აცნობა, რომ ანალოგიური მოთხოვნით ი-----------–--–---–ს არაერთხელ ჰქონდა მიმართული, რომელთა განხილვის შედეგებზე მას ეცნობა წერილობით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებნით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხელახლა ვერ იქნება განხილული.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემული დავის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ 2006 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდა ”სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელმაც დაადგინა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიები სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, ასევე განსაზღვრა სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები, მათი ოდენობის გაანგარიშება, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები.

 

დასახელებული კანონით ასევე განისაზღვრა კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირები, მათ შორის მიეთითა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პირებიც.

 

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ითვალისწინებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

”სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილელები და გაუქმდა ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნისა და გაცემის, ასევე პენსიების გადაანგარიშების ძირითადი წესები. შესაბამისად, მითითებული წესები ”სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით საერთო გახდა როგორც სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე, ისე ამ კანონით გათვალისიწნებულ სხვა სუბიექტებისათვის.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ი----------–-----ის ძე თ---–--–---–ი იყო რა შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, წარმოადგენს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის სუბიექტს. ამასთან, იმისათვის, რომ დაენიშნოს კომპენსაცია, უნდა აკმაყოფილებდეს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის დადგენილ სავალდებულო პირობას.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბიტილირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა აღნიშნული გამონაკლისის გარდა, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი დამატებით პირობად ადგენს, რომ პირი თანამდებობიდან არ უნდა იქნეს დათხოვნილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

ამდენად, იმისათვის რომ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს და მათი ოჯახის წევრებს დაენიშნოთ კომპენსაცია, უნდა არსებობდეს კუმულაციურად 2 პირობა: 1. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით არ უნდა იყოს სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეული და 2.,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, არ უნდა იქნეს დათხოვნილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადაოდ, რომ ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით ი----------–-----ის ძე თ---–--–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩამდენ პირად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 07 (შვიდი) დღის ვადით, რის გამოც 2011 წლის 07 სექტემბერს ი-----------–--–---–ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, „შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო), მაიორის სპეციალური წოდებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი-----------–--–---–ი ვერ აკმაყოფილებს ”სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო პირობას, რაზეც მართებულად აპელირებენ აპელანტი მხარეები.

 

ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კერძოდ, იდენტურ საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით (საქმეზე ბს-1049-1043 (კ-17) ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ. მოცემულ განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა ,,მართალია, .... მუშაობა დაასრულა მაიორის წოდებით, რის გამოც იგი აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას, თუმცა იგი ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო პირობას, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო, რის გამოც თ.ლ-ეს მართებულად ეთქვა უარი კომპენსაციის დანიშვნაზე’’.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხოლოდ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიმართ გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ პირი სამსახურიდან დათხოვნილი იქნებოდა 2006 წლის 01 იანვრამდე, ანუ ახალი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და სასამართლოს განაჩენით არ ექნებოდა ჩამორთმეული სპეციალური წოდება. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ი-----------–--–---–ი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2011 წლის 07 სექტემბერს არამართლზომიერი ქმედების გამო, შესაბამისად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მას არ წარმოეშობა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებები.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტების მითითებას ი-----------–--–---–ის მხრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის” მოთხოვნის დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ მითითებული წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

მითითებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ი-----------–--–---–ის განცხადებას არ ერთვოდა შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მომზადებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის I და II ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი-----------–--–---–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2------------–ს №0------------ წერილით მართებულად ეთქვა უარი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა კანონიერად მიიჩნევს, რა ი-----------–--–---–ისათვის კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2-----------–ის №0----------- წერილს, შესაბამისად, კანონიერია ი-----------–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2--------ის №0------- წერილი და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს) 2017 წლის 2--------ის წერილი, ი-----------–--–---–ის მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ აკმაყოფილებს რა ი-----------–--–---–ის სარჩელს და კანონიერად მიიჩნევს სადაო აქტებს, შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს მავალებელი სარჩელის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, რის გამოც ი-----------–--–---–ის სარჩელი კომპენსაციის დანიშვნის მოპასუხის დავალდებულების ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და ი-----------–--–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სასამართლო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

 

2.გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ი-----------–--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი