განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002720517
საქმე №1ბ/751-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-----------–--ს
გამართლებულის: შ--–---------–-–---–ის
ადვოკატის: ქ---------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ შ--–---------–-–---–ის, დაბადებულის 1-----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: კ-----------------------–---------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ--–---------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ--–---------–-–---–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 17:20 საათზე, კ-----------------------–----------–აში მდებარე მ-----------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შ--–---------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - მ-----------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ხელის რამდენჯერმე დარტყმით და თმების მოქაჩვით, რა დროსაც მ-----------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს შ--–---------–-–---–ი ყოფილ მეუღლეს - მ-----------–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ-----------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენით:
შ--–---------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------–--მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს შ--–---------–-–---–ის მიმართ გამოტანილი, გორის რიაონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და შ--–---------–-–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გამამართლებელი განაჩენი შ--–---------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შ--–---------–-–---–ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებულ მტკიცებულებებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, კერძოდ, მოწმეების - გ---–---------ის, ე----------–----–---–ის (დაზარალებულის მეზობლები) გამოკითხვის ოქმებს, დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (თანდართული ფოტოცხრილით), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს (თანდართული ფოტოცხრილით), სამედიცინო დოკუმენტაციასა და სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით შ--–---------–-–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება შ--–---------–-–---–ს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლება. ასევე დაზარალებულმა მ-----------–-–---–მაც სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა მ-----------–-–---–მა (გამართლებულის ყოფილი მეუღლე) გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე (მათ შორის განქორწინებული). სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ შ--–---------–-–---–ის ყოფილმა მეუღლემ ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული არის მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირი, რომელსაც, შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი შ--–---------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის ძალადობას, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ამდენად, სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს, თუმცა სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში უნდა არსებობდეს სხვა უტყუარი, ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები დამნაშავე პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
რაც შეეხება მოწმე გ---–---------ის გამოკითხვის ოქმს, რომელზეც უთითებს აპელანტი სააპელაციო საჩივარში და სასამართლო სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში, აღნიშნული მოწმის გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება შ--–---------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. კერძოდ, გ---–---------ემ გამოკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს იმყოფებოდა ს------–----------–-ში. დაახლოებით 17:20 საათი იქნებოდა, როდესაც მასთან სახლში შევიდა მისი მეზობელი მ-----------–-–---–ი და სთხოვა, რომ დასარეკად მობილური ტელეფონი ეთხოვებინა. მან (გ---–---------ემ) ოთახიდან გამოუტანა ტელეფონი და მისცა მ-----------–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა სთხოვა, დაერეკა 112-ზე, რის შემდგომაც მ-----------–-–---–მა გამოართვა ტელეფონი, ეზოს გარეთ გავიდა და ისე საუბრობდა, რის გამოც მოწმეს მ-----------–-–---–ის საუბარი არ მოუსმენია. ამ ფაქტიდან დაახლოებით ერთ საათში მ-----------–-–---–ის შვილიშვილისგან გაიგო, რომ ბებიამისს, მ-----------–-–---–ს და პაპამისს, შ--–---------–-–---–ს მოსვლიათ ჩხუბი, რის შემდგომაც მოწმისთვის ნათელი გახდა, რატომ დარეკა მ-----------–-–---–მა 112-ში. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ თავად არ შესწრებია მერი და შ--–---------–-–---–ების კონფლიქტს. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებული მოწმის ირიბი ჩვენება კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად შ--–---------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სახელმწიფო ბრალმდებელი ასევე აპელირებს ე----------–----–---–ის გამოკითხვის ოქმზე, სადაც მოწმე აღნიშნავს, რომ მის მეზობლად მდებარეობს მ-----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლი, კარგად იცნობს მერი და შ--–---------–-–---–ებს. მათი სახლიდან ხშირად ისმოდა კამათისა და ყვირილის ხმა. შ--–---------–-–---–ი ეტანება ალკოჰოლურ სასმელებს, რაც მათი დაპირისპირების მიზეზი ხდება. 2018 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, იგი (მოწმე) იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ბრახუნისა და შ--–---------–-–---–ის გინების ხმა. მოწმემ განმარტა, რომ არ გასულა მათთან სახლში და არ იცის, რა მოხდა, ვინაიდან ასეთი სიტუაციები ხშირი იყო. ე----------–----–---–მა აღნიშნა, რომ ამ ფაქტიდან მოკლე პერიოდში მ-----------–-–---–ის სახლთან შენიშნა პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანა, თუმცა თავად მოწმეს არ უნახავს მ-----------–-–---–ი და არ უკითხავს, რა შეემთხვა აღნიშნულ საღამოს. პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე ე----------–----–---–ის ჩვენება ვერ იქნება საკმარისი საფუძველი შ--–---------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანდ, ვინაიდან მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება შ--–---------–-–---–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ის, რაც მოწმემ შორიდან გაიგონა (შ--–---------–-–---–ის გინების ხმა) ბრალდების ნაწილს არ წარმოადგენს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე ვერ დაედება საფუძვლად შ--–---------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქმეში არსებული, დაზარალებულ მ-----------–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოქალაქე მ-----------–-–---–მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 06.10.18 წელს და გაეწერა იმავე დღეს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა იდაყვის ღია ჭრილობა. მარჯვენა მხარის სარტყლის და მხრის დაჟეჟილობა. აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ჭრილობა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანება ჭრილობის სახით - მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, მოშლით თუ მოუშლელად, ასევე მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, რადგან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული ჭრილობის სრული მორფოლოგიური სურათი. დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ, მიუხედავად დაზიანებების არსებობისა, არ არსებობს პირველწყაროს, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ მ-----------–-–---–ის მიერ სასამართლოში გადმოცემული ინფორმაცია საქმის გარემოებათა შესახებ. ასევე სააპელაციო პალატა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და აცხადებს, რომ სხვა პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ცალკე აღებული ეს წერილობითი მტკიცებულება ვერ გახდება შ--–---------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე ასევე აპელირებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და 112-ში დაზარალებულის მიერ განხორციელებულ შეტყობინებაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებული მ-----------–-–---–ი აღწერს, თუ რა მოხდა 2018 წლის 6 ოქტომბერს და როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილმა მეუღლემ, შ--–---------–-–---–მა. სახელმწიფო ბრალმდებელი ასევე აპელირებს დანაშაულის შესახებ შეტყობინებაზე, რომელიც დაზარალაებულმა განახორციელა 2018 წლის 6 ოქტომბერს 112-ის მეშვეობით და განაცხადა, რომ კ-----------------------–----------–აში მასთან (მ-----------–-–---–თან) სახლში შეიჭრა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი ყოფილი მეუღლე შ--–---------–-–---–ი, რომელიც სახლში ამსხვრევდა ყველაფერს და ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ასევე სიტყვიერად. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და 112-ში დაზარალებულის მიერ განხორციელებული შეტყობინება საფუძვლად ვერ დაედება შ--–---------–-–---–ის მიმართ გამამტყუენებელი განაჩენის გამოტანას, რადგან არ არსებობს პირველწყაროს, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ მ-----------–-–---–ის მიერ სასამართლოში გადმოცემული ინფორმაცია საქმის გარემოებათა შესახებ. ამრიგად, ზემოხსენებული წერილობითი მტკიცებულებების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და საქმის არსებითი განხილვისას ჩვენება არ მისცა ოჯახის წევრის წინააღმდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ შ--–---------–-–---–მა ყოფილი მეუღლის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა შ--–---------–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ შ--–---------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი გამართლებულ შ--–---------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი შ--–---------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
შ--–---------–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ--–---------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
გამართლებულ შ--–---------–-–---–ის განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე