განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
330100118002612656
ინსტანცია
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002612656, №1/ბ-564-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გი------ ხა---ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - რა----------------ი, დაბადებული 199--–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გა-------ის რაიონი, სოფელი ვა--------ი.

 

ადვოკატი - თე--------- მა--------–--ე;

 

თარჯიმანი - ას--- სუ-–--------ი;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილი (მარიხუანას შეძენა-შენახვა, დიდი ოდენობით).

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 19 (ცხრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ რა----------------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა რა----------------ის ბრალეულობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ემყარება მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა არათანმიმდევრულ და ბუნდოვან ჩვენებებს.

▪ გამომძიებელმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ რა----------------ს ორივე ხელში ეჭირა პარკი და ხელს არ უშვებდა, სანამ თავად არ გამოართვა, რაც წინააღმდეგობაშია თარჯიმნის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ პარკები იდო რა----------------ის გვერდით. გამომძიებელმა ასევე აღნიშნა, რომ რა----------------ი იყო დაკავებული და მისი დაკავება დაადასტურა ოქმით, თუმცა არ განუმარტავს, რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა რა----------------ის მიმართ საპროცესო მოქმედებების ადვოკატის მონაწილეობის გარეშე ჩასატარებლად.

▪ მოწმე ირ---–- ქო---ამ დაადასტურა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია არ მომხდარა, ამიტომ ზუსტად არ არის დადგენილი სად გადის საზღვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე დაუდგენელია რა----------------მა ჩაიდინა თუ არა დანაშაული და გადაკვეთა თუ არა საზღვარი, რადგან იგი აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში არავის შეუნიშნავს.

▪ გაურკვეველია რატომ ჩატარდა რა----------------ის პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რადგან ოქმის თანახმად გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველი არ არსებობდა.

▪ ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ოქმის შედგენა დაიწყო 2018 წლის 27 ივლისის 06:32 საათზე და დასრულდა 08:28 საათზე. იმავე ოქმში მითითებულია, რომ ოქმი შევსებული იქნა დაკავების ადგილზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ოქმის შევსება დასრულდა 08:28 საათზე, რა----------------ი კი შსს სასაზღვრო პოლიციის მე-3 სამმართველოს მე-9 სასაზღვრო სექტორ „ვა--------ის“ ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდა 08:20 საათზე.

▪ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და მათ საფუძველზე გაცემული ექსპერტიზის დასკვნები.

▪ რა----------------მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დეტალურად აღწერა 2018 წლის ივლისში განვითარებული მოვლენები და განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, რაც დასტურდება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ასევე ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს N2--------- ცნობით, რომლის თანახმად, რა----------------ი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში 2018 წლის ივლისის თვეში გამოცხადდა სამჯერ 11, 18 და 25 ივლისს. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 05 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით რა----------------ი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არ იმყოფებოდა. ბრალდებულის განმარტებით, იგი ოქმში მითითებულ დაკავების დრომდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს.

▪ ბრალდების მხარეს არ დაუნიშნავს ბიოლოგიური ექსპერტიზა, რითიც დადასტურდებოდა ნამდვილად ეჭირა თუ არა ამ უკანასკნელს ხელში ცელოფნის პარკები. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ არ ამოიღო დაკავებულის სველი ტანსაცმელი და განაჩენი ემყარება მხოლოდ დაინტერესებულ პირთა ჩვენებებს.

▪ რა----------------ის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემით, შეილახა მისი რეპუტაცია, იმიჯი და მოხდა მისი დისკრედიტაცია საზოგადოებაში, რამაც მისი თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებების არსებითად დარღვევა გამოიწვია (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ გასაჩივრებული განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს სა-----–-- წითელი ხიდის ოპერატიული სამსახურის უფროსის ბე-------- გა----–----ის ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 27 ივლისს მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით, რა----------------ი უკანონოდ იმყოფებოდა აზერბაიჯანში, საიდანაც საზღვრის უკანონო გადაკვეთის გზით აპირებდა საქართველოში შემოსვლას და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანას. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რაზეც დაიწყო გამოძიება.

▪ მოწმეების: ირ---–- გო–--ის და კა------ ია-----–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 მაისს საზღვრის უკანონო გადმოკვეთისას დაკავებულ იქნა რა----------------ი, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ორი ცელოფნის პარკი, მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებით, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებებით. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რა----------------ისგან ამოღებული და წარმოდგენილი ნივთიერებები შეიცავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს ჰეროინს, მეტამფეტამინს (მარილი) და მარიხუანას.

▪ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩრხეკის ოქმში დეტალურად არის აღწერილი დაკავების და ჩხრეკის მიმდინარეობა. ოქმში აღნიშნულია, რომ ოქმის შინაარსი მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე ეთარგმნა რა----------------ს, რომელმაც ხელი არ მოაწერა მას. ოქმის ყველა გვერდი ხელმოწერით აქვს დადასტურებული თარჯიმანს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ნივთიერი მტკიცებულებები და დათვალიერდა ლუქები, რომლებზეც განთავსებულია ჩხრეკაში მონაწილე პირთა და თარჯიმნის ხელმოწერები.

▪ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეების თარჯიმან თი------ შა------ას და რა----------------ის ჩვენებები, ვინაიდან აღნიშნული ჩვენებები წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან.

▪ რა----------------ის ტანსაცმელი დაკავების მომენტში იყო სველი, რაც დროის გასვლის შემდეგ გაშრებოდა, შესაბამისად ბრალდების მხარემ საჭიროდ არ ჩათვალა ტანსაცმლის ამოღება. ბრალდების მხარემ არ დახარჯა რესურსი ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნისთვის, რაც არ ნიშნავს იმას, რომ დაცვის მხარეს წაერთვა უფლება დაენიშნა ექსპერტიზები.

▪ რა----------------ი ბოლო ორ წელიწადში ორჯერ არის მსჯავრდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. 2017 წელს მან საქართველოში უკანონოდ შემოიყვანა უკრაინის მოქალაქე, რაც ადასტურებს, რომ რა----------------ი საქართველოში სხვადასხვა პირებისა და აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების იმპორტით არის დაკავებული (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით, რა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:

- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა (ორი ეპიზოდი);

- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;

- დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა;

- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:

 

საქართველოს მოქალაქე რა----------------მა, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით პერიოდში, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მანვე გადაწყვიტა უკანონოდ გადმოეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამ გზით საქართველოში უკანონოდ შემოეტანა ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება.

 

რა----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები ჰეროინი წონით 1119,1 გრამი, მეტამფეტამინი (მარილი) წონით 1,1935 გრამი და მარიხუანა წონით 177,20 გრამი. 2018 წლის 27 ივლისს, დილის საათებში, უკანონოდ გადმოკვეთა გა-------ის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, გადმოვიდა საქართველოში და უკანონოდ შემოიტანა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, რა დროსაც დაკავებული იქნა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა მიერ. პირადი ჩხრეკისას რა----------------ისაგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი წონით 1119,1 გრამი, მეტამფეტამინი (მარილი) წონით 1,1935 გრამი და მარიხუანა წონით 177,20 გრამი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით:

 

რა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რა----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი, პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლის, 10 (ათი) თვის და 10 (ათი) დღის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რა----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით.

 

რა----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 ივლისიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რა----------------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 27 ივლისს გამოძიება დაიწყო რა----------------ის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 27 ივლისის პატაკი, სადაც ბე-------- გა----–----ი უთითებს, რომ მიღებული ინფორმაციით, რა----------------ი უკანონოდ იმყოფება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საიდანაც აპირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორ ვა--------ის დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ბე-------- გა----–----მა განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, რა----------------ი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასული იყო სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით და კვლავ ამ გზით აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. გარდა ამისა, რა----------------ს საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება. მან აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და დაიწყო გამოძიება. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მას წარსულში ორჯერ ჰქონდა რა----------------თან სამსახურებრივი შეხება, კერძოდ, ამ უკანასკნელს ორჯერ დაუფიქსირდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, რა----------------ი დაკავებულია 2018 წლის 27 ივლისს, 06:26 საათზე, გა-------ის რაიონის სოფელ ვა--------ში, მე-9 სასაზღვრო სექტორის დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე. ოქმში მითითებულია, რომ რა----------------ის დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც მან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, გადმოკვეთა წყლის არხი და უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რის გამოც შარვალი ჰქონდა სველი. პირადი ჩხრეკის შედეგად, რა----------------ის მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკი N1, რომელსაც თავი შეკრული ჰქონდა მომწვანო ფერის ლენტით, ხოლო მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა მოლურჯო-მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკი N2, რომელიც შეკრული იყო ასევე მწვანე ფერის ლენტით. მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული იყო 1 ცალი მოზრდილი ფუთა, რომელიც გადახვეული იყო გამჭვირვალე ფერის წებოვანი ლენტით. ფუთაში მოთავსებული იყო მომწვანო-მოყვითალო ფერის სპეციფიკური ფერის და სუნის მქონე მცენარეული მასა, ასევე 4 ცალი მომცრო ზომის გამჭვირვალე ფუთა, რომელშიც იყო მოყვითალო ფერის სპეციფიკური სუნის მასა. აღნიშნული მცირე ზომის ფუთების გახსნა არ მომხდარა. 4 ცალ მცირე ზომის ფუთასთან და მცენარეულ მასასთან ერთად იყო მცირე ზომის თეთრი ფერის პოლიეთილენის ქილა, ლურჯი ფერის სახრახნისიანი თავსახურით, რომელშიც მოთავსებული იყო გამჭვირვალე წებოვან ლენტში გახვეული გამჭვირვალე ფერის კრისტალური ფხვნილი. მოწითალო ფერის N1 ფუთაში მოზრდილი ფუთის გარდა იდო გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პარკში შეხვეული მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მასა, 1 ცალი პამპერსი, 3 პაკეტი მზესუმზირა და 2 ცალი შოკოლადი. მოწითალო პაკეტი შიგთავსთთან ერთად შეიფუთა იასამნისფერ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. მოლურჯო-მოწითალო ფერის პარკში მოთავსებული იყო თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი მომწვანო წარწერებით, რომელშიც იდო მოზრდილი ფუთა გამჭვირვალე წებოვან ლენტში გადახვეული. ფუთის გახსნისას მასში მოთავსებული იყო 4 ცალი მცირე ზომის გამჭვირვალე ფუთა, ასევე წებოვანი ლენტით გადახვეული, რომელშიც მოჩანდა მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მასა. ფუთები არ გახსნილა. მოლურჯო-მოწითალო ფერის პარკი შიგთავსთთან ერთად დაილუქა იასამნისფერ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. ოქმი ხელმოწერით დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა, გამომძიებლებმა: მზ-------------ემ, ირ---–- გო–--ემ, კა------ ია-----–---–მა და თარჯიმანმა თი------ შა------ამ, ხოლო დაკავებულმა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისს, 09:10-09:40 საათზე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს გა-------ის რაიონის სოფელ სა-----–--ში, სადაც გადის საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი. მის დაცვას ახორციელებს შსს სასაზღვრო პოლიციის მე-3 სამმართველოს მე-9 სასაზღვრო სექტორი. შემთხვევის ადგილს ესაზღვრება სოფელი ვა--------ი და სოფლის მოსახლეობა, აღმოსავლეთით კი, ესაზღვრება აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელსაც ყოფს დასაცავი მონაკვეთი, მარცხენა ფლანგი, სადაც გადის საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, ყოფს სარწყავი არხი და ღობე. დათვალიერებისას აღებული იქნა სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი კოორდინატები.

 

საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს უფროსის - კა---–---–-----–---–ის 2017 წლის 27 ივლისის წერილით ირკვევა, რომ კოორდინატები სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს მიერ დატანილი იქნა ტოპოგრაფიულ რუკაზე და დადგინდა, რომ მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო (ადმინისტრაციული) საზღვრის მიმდებარედ, 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში, მა-------–ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორის (ვა--------ი) დასაცავ მონაკვეთზე, ხოლო სახელმწიფო საზღვრიდან დაშორებულია დაახლოებით 30 მეტრით.

 

საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო), სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების უფროს - და---------------ის 2018 წლის 27 ივლისის წერილით ირკვევა, რომ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით, რა----------------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 27 ივლისამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,ვა--------ის“ გავლით. თანდართული ცხრილით, რა----------------ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა საქართველოში შემოსვლით ბოლოს დაუფიქსირდა 2016 წლის 11 დეკემბერს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული სამსახურის თანამშრომელმა, მოწმე ირ---–- გო–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასულ რა----------------ს საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 27 ივლისს, იგი ექვს თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს საზღვრისპირა სოფელ ვა--------ში და ელოდა რა----------------ს, რომელიც დააკავეს საზღვრის გადმოკვეთისთანავე. მისივე განმარტებით, საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარს ყოფს წყლის არხი, მეორე მხარეს კი არის ბუჩქნარი და ე.წ. ეკლიანი მავთული. რა----------------ის არხში შესვლისას გაიგო ხმა და დაინახა ბრალდებული, რომელიც დააკავეს მან და მისმა თანამშრომელმა კა------ ია-----–---–მა. დაკავებისას რა----------------ს თარჯიმნის მეშვეობით განემარტა უფლებები და ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომელიც რა----------------ს ეჭირა ხელში.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე კა------ ია-----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, დილის საათებში, გამთენიისას თანამშრომლებთან ერთად სოფელ ვა--------ში ჩაუსაფრდა რა----------------ს, რა დროსაც მან და ირ---–- გო–--ემ შენიშნეს აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი რა----------------ი. არხში, რომლის გამოვლითაც მოდიოდა რა----------------ი, იყო წყალი, ამიტომ ეს უკანასკნელი საზღვარზე გადმოვიდა სველი. მათ რა----------------ი შეაჩერეს საზღვრიდან დაახლოებით 15-20 მეტრში. როგორც მისთვის არის ცნობილი, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ რა----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ პაკეტში მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტამდე რა----------------თან სამსახურებრივი შეხება ჰქონდა 2017 წელს, როდესაც ეს უკანასკნელი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის გადაყვანის ფაქტთან დაკავშირებით იქნა დაკავებული.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი მზ-------------ე, რომელმაც განმარტა, რომ ოპერატიული თანამშრომლის - ბე-------- გა----–----ის პატაკის საფუძველზე, 2018 წლის 27 ივლისს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. ბე-------- გა----–----ის დაკითხვის შემდეგ იგი თანამშრომლებთან ერთად წავიდა გა-------ის რაიონში, სადაც მის მიერ დაკავებულ იქნა რა----------------ი, რომელიც შეაჩერეს სა-----–-- წითელი ხიდის ოპერატიული სამსახურის ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ია-----–---–ი. ამის შემდეგ რა----------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ორი ფუთა. მანვე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 28 ივლისის ექსპერტიზის N1-----------/სქ დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ უფერო გამჭვირვალე წებოვანი ლენტით (ე.წ. „სკოტჩი“) შემოგარსული უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში წონით 318,19 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შემდეგ წონით 227,73 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა 108,91 გრამი (ობიექტი 1).

▪ უფერო გამჭვირვალე წებოვანი ლენტით (ე.წ. „სკოტჩი“) შემოგარსული უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში 4 (ოთხი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, საერთო წონით 1436,88 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შემდეგ საერთო წონით 873,78 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა 448,38 გრამი (ობიექტი N 2-5).

▪ პოლიმერული მასალის კონტეინერში მოთავსებული პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული თეთრი კრისტალური ნივთიერება წონით 1,4083 გრამი (ობ. N6) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) წონით 1,1935 გრამს.

▪ მომწვანო მცენარეული მასა, გამომშრალ მდგომარეობაში წონით 177,20 გრამი (ობ.N7) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.

▪ ორ ცალ ჰიგიენურ საფენზე, მზესუმზირის მარცვლებზე და ორ ცალ ორცხობილაზე (ობ.N8) არ აღინიშნება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

▪ უფერო გამჭვირვალე წებოვანი ლენტით (ე.წ. „სკოტჩი“) შემოგარსული უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში 4 (ოთხი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში საერთო წონით 1744,40 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შემდეგ საერთო წონით 1053,40 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა 561,81 გრამი (ობიექტი N9-12).

▪ საკვლევ ობიექტში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონამ შეადგინა 1119,1 გრამი.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ალ---------------------ემ და თა----------–--ამ. ექსპერტებმა დამატებით განმარტეს, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი იყო პოლიეთილენის ორი პაკეტი, დალუქული სახით, რომელთაგან პირველ პაკეტში მოთავსებული იყო რვა ობიექტი, ხოლო მეორე პაკეტში ოთხი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ირ---–- ქო---ას 2018 წლის 30 აგვისტოს წერილით დადგენილია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. ასევე ,,სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილ სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში. ამასთან, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რომელიც 1996 წელს დაიწყო, დასრულებული არ არის და დამოკიდებულია მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევაზე. აღნიშნული მიმართულებით გრძელდება მუშაობა. ამდენად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საბოლოო გაფორმებამდე, სახელმწიფო საზღვრად გვევლინება სსრკ-ის ბოლო პერიოდში არსებული ყოფილი რესპუბლიკური/ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი, რომლის მიხედვით ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის დაცვა.

 

დაცვის მხარის მოწმე ირ---–- ქო---ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი არის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი და პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროში შევიდა წერილი, რომლის ავტორი მიმართავდა კითხვით საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის საზღვარზე არის თუ არა განხორციელებული დელიმიტაცია და დემარკაცია. ასევე დასმული იყო კითხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში სად გადიოდა საზღვარი, ხოლო არარსებობის შემთხვევაში რა საშუალებით უნდა ეხელმძღვანელათ. აღნიშნულ წერილზე პასუხი მოამზადა საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულმა დელიმიტაციისა, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურმა. მომზადებულ პასუხზე კი, ხელი მოაწერა თავად, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა.

 

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს, მე-9 სასაზღვრო სექტორის უფროსის მოადგილემ, დაცვის მხარის მოწმე ზუ---- თა------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივლისს, მის დასაცავ ობიექტზე ოპერატიული თანამშრომლები ატარებდნენ ოპერატიულ სამძებრო მოქმედებას. მისთვის უცნობია, რომელ საათზე იქნა რა----------------ი დაკავებული. მან ადგილმდებარეობა დაათვალიერა გამომძიებელთან და ოპერატიულ თანამშრომელთან ერთად, რა დროსაც მოხდა მისი დასურათება, თუმცა დათვალიერებისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ შეუნიშნავთ. მოწმის განმარტებით, მის დასაცავ მონაკვეთზე საზღვარი გადის სარწყავ არხზე, რომლის ერთი მხრიდან ტერიტორიას იცავენ საქართველოს მესაზღვრეები, ხოლო მეორე მხრიდან აზერბაიჯანის მესაზღვრეები. სარწყავ არხზე არის მავთულხლართები, საზღვრის გამყოფი მანიშნებელი ნიშანი არ არის. მანვე აღნიშნა, რომ, როდესაც პირი დგას მავთულხლართების აქეთ და არხის იქეთ, ე.ი. იმყოფება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. იქ, სადაც სავარაუდოდ მოხდა დარღვევა, არის სოფელი და საზღვრიდან პირველი მოსახლე ცხოვრობს 50-60 მეტრში, თუმცა მას არხამდე მისვლა არ შეუძლია. 500 მეტრიან ზოლში, საქართველოში არის შიდა რეგულაცია და ადგილობრივ მოსახლეობაზე გაიცემა ინდივიდუალური საშვები. იმ ადგილას, სადაც დააკავეს რა----------------ი, გადის გზა და მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. მას აქვს სპეციალური რუკა, რომლის საფუძველზეც ადგენენ საზღვარს. გარდა ამისა რუკისა და საზღვრის ნახვა „google map-ის“ დახმარებით ტელეფონის საშუალებითაც არის შესაძლებელი.

 

მოწმე თი------ შა------ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს თარჯიმნად. ზაფხულში, სავარაუდოდ 04:00-05:00 საათზე, დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონკრეტულ პირს უნდა გადაეკვეთა საზღვარი, ამიტომ უნდა წასულიყვნენ სოფელ ვა--------ში, რაზეც დათანხმდა. მითითებულ ადგილზე მივიდნენ მალევე. მათ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს - ხევთან, დახვდნენ სასაზღვრო პოლიციის 4-5 თანამშრომელი და რა-----------------ი, რომელსაც დასვრილი ჰქონდა ტანსაცმელი. რა----------------ს გამომძიებელმა განუმარტა უფლებები, რაც მან უთარგმნა დაკავებულს, თუმცა ამ უკანასკნელმა ოქმს ხელი არ მოაწერა. გარდა ამისა, დაკავებულმა არ აღიარა დანაშაული. მოწმის განმარტებით, რა----------------ს პოლიეთილენის პაკეტი ედო გვერდით. მას არ დაუნახავს, რომ ეს პაკეტი დაკავებულს ხელში ეჭირა. მითითებულ პაკეტში იდო რამდენიმე პაკეტი, თუმცა რა----------------ის განმარტებით, აღნიშნული არ იყო მისი. ზემოხსენებული პროცედურები მიმდინარეობდა გამთენიისას. რა----------------მა უთხრა, რომ იგი დააკავეს საქართველოს დასახლების მეორე მხარეს.

 

რა----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მიდიოდა ნათესავ ნა------თან, რომლის გვარიც არ იცის. მისი ნათესავი ცხოვრობს არხიდან დაახლოებით 150-200 მეტრში, მაგრამ ვინაიდან არავინ დახვდა, დაბრუნდა უკან. დაბრუნებულს გზად შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული ნივთებით, იყო მისი, რაც უარყო, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა. მისი დაკავება მოხდა აზერბაიჯანის ტერიტორიის მხარეს, რის შემდეგაც გადაიყვანეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, დააწვინეს ძირს და დაადეს ხელბორკილი. დაახლოებით 20 წუთი ელოდნენ თარჯიმანს. ვინაიდან ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა, ხელი არაფერს მოაწერა, თუმცა არც შენიშვნა დაუფიქსირებია ოქმზე. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ ინტერესი მის მიმართ ჰქონდათ „სამხედრო“ პირებს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიჭრნენ მათ ბაღში და ნათესებს უფუჭებდნენ, რამდენიმე (5-6 დღე) დღის შემდეგ კი, დაახლოებით 02:00-03:00 საათზე, ნათესავის ოჯახში დაიჭირეს. რამდენიმე წუთი ძირს ყავდათ დაგდებული, შემდეგ კიდევ 15-მდე სამხედრო მივიდა, წაიყვანეს საზღვარზე და უთხრეს, რომ 2 ფუთა იყო მისი, რაც უარყო. თარჯიმანი და გამომძიებელი გვიან მივიდნენ. თარჯიმანმა უთხრა მოეწერა ხელი და შეუმსუბუქებდნენ სასჯელს, თუმცა ხელი არ მოაწერა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა მისცეს ცრუ ჩვენებები, რადგან ამოღებული პარკები მას არ ეკუთვნოდა და ჩაუდეს. წყლის იქით მხარეს არ გადასულა და არც შარვალი ჰქონია სველი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, რა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. რა----------------ს, საბოლოოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 10 (ათი) თვის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით, საიდანაც, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 10 (ათი) თვის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული რა----------------ი 2018 წლის 5 ივლისს გათავისუფლდა პირობით ვადამდე 10 თვით და 10 დღით ადრე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც რა----------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის (ორი ეპიზოდი) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისთვის და შენახვისთვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანისთვის.

 

გარემოებები, რაც სადავო გახადა დაცვის მხარემ, პალატას მიაჩნია დადასტურებულად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. მოცემული დანაშაულის ობიექტია საქართველოში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. ის გარემოება, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რომელიც 1996 წელს დაიწყო, დასრულებული არ არის და დამოკიდებულია მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევაზე, არ მიუთითებს საზღვრის არარსებობაზე და როგორც მტკიცებულებებით იქნა დადგენილი ეს არის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი, რომლის მიხედვით ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის დაცვა. აღნიშნული დანაშაული, ობიექტური მხრივ გულისხმობს დადგენილი წესის გვერდის ავლით, სათანადო დოკუმენტების, ნებართვისა და რეგისტრაციის გარეშე საქართველოდან გასვლას, ასევე საქართველოში შემოსვლას. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან.

 

თავდაპირველად პალატა შეაფასებს საკითხს, რა----------------ი იმყოფებოდა თუ არა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიღმა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და გადმოკვეთა თუ არა საზღვარი 2018 წლის 27 ივლისს.

 

დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რა----------------ის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, რა----------------ი უკანონოდ იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საიდანაც აპირებდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორ ვა--------ის დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანას. ოპერატიული ინფორმაციის სისწორე დადასტურდა, ვინაიდან რა----------------მა ნამდვილად გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2018 წლის 27 ივლისს, რა დროსაც დააკავეს. მოწმეთა ჩვენებებით, საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარს ყოფს წყლის არხი, მეორე მხარეს კი არის ბუჩქნარი და ე.წ. ეკლიანი მავთული. დადგენილია, რომ რა----------------ის დაკავება განხორციელდა არა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, რამდენიმე მეტრში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს გა-------ის რაიონის სოფელ სა-----–--ში, სადაც გადის საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი. მის დაცვას ახორციელებს შსს სასაზღვრო პოლიციის მე-3 სამმართველოს მე-9 სასაზღვრო სექტორი. შემთხვევის ადგილს ესაზღვრება სოფელი ვა--------ი და სოფლის მოსახლეობა, აღმოსავლეთით კი ესაზღვრება აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელსაც ყოფს დასაცავი მონაკვეთი, მარცხენა ფლანგი, სადაც გადის საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, ყოფს სარწყავი არხი და ღობე. დათვალიერების დროს აღებული იქნა შესაბამისი კოორდინატები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს წერილით დადგინდა შემდეგი: კოორდინატები მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო (ადმინისტრაციული) საზღვრის მიმდებარედ, 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში, მა-------–ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორის (ვა--------ი) დასაცავ მონაკვეთზე, ხოლო სახელმწიფო საზღვრიდან დაშორებულია დაახლოებით 30 მეტრით.

 

მოწმეების ირ---–- გო–--ის და კა------ ია-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მათ მიერ საზღვრიდან დაახლოებით 15-20 მეტრში შეჩერებული და შემდეგ დაკავებული იქნა რა----------------ი, რომელმაც საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრის გამყოფი წყლის არხის გამოვლით გადმოკვეთა აზერბაიჯანიდან საქართველოს საზღვარი, რის გამოც ტანსაცმელი ჰქონდა სველი. ის ფაქტი, რომ მოცემულ ტერიტორიაზე გადის საზღვარი, ასევე დადგენილია მოწმე ზუ---- თა------–---–ის ჩვენებითაც, რომლის თანახმად, აღნიშნულ მონაკვეთზე საზღვარი გადის სარწყავ არხზე, რომლის ერთი მხრიდან ტერიტორიას იცავენ საქართველოს მესაზღვრეები, მეორე მხრიდან კი, აზერბაიჯანის მესაზღვრეები. მანვე აღნიშნა, რომ თუ პირი დგას მავთულხლართების აქეთ და არხის იქით, ე.ი. იმყოფება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ რა----------------ი ნამდვილად იმყოფებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და არხის გავლით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად, რა----------------ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა საქართველოში შემოსვლით ბოლოს უფიქსირდება 2016 წლის 11 დეკემბერს, აღნიშნული კი, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ რა----------------მა კანონით დადგენილი წესის გვერდის ავლით - სათანადო დოკუმენტების, ნებართვისა და რეგისტრაციის გარეშე გადალახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, გავიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და შემდეგ კვლავ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს რა----------------ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც ის შემთხვევის დღეს მიდიოდა ნათესავ ნა------თან, რომლის გვარიც არ იცის. მისი ნათესავი ცხოვრობს არხიდან დაახლოებით 150-200 მეტრში, მაგრამ ვინაიდან არავინ დახვდა დაბრუნდა უკან. დაცვის მხარის ეს არგუმენტი მოკლებულია დამაჯერებლობას და არ დასტურდება მტკიცებულებებით, მით უფრო რა----------------ის დაკავების დროის მხედველობაში მიღებით (06:26 საათი). პალატისთვის ასევე გაურკვეველი დარჩა დაცვის მხარის პოზიცია, რა----------------ი იმყოფებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თუ არა, ან სად ცხოვრობდა ვინმე „ნა------ი“.

 

დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა ბრალდების ფორმულირებაზე და აღნიშნა, რომ არასწორია დადგენილებაში და განაჩენში მითითებული გარემოება 2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისამდე დროის პერიოდში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, ვინაიდან, რა----------------ი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში 2018 წლის ივლისის თვეში გამოცხადდა სამჯერ 11, 18 და 25 ივლისს.

 

პალატა ადასტურებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რაც დადგენილად მიიჩნია სასამართლომ, რა----------------მა, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით პერიოდში, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე რა----------------ს არ ედავება, რომ მან 2018 წლის 5 ივლისს გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა საზღვრის გადაკვეთის კონკრეტული თარიღი და მითითება 2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისის პერიოდზე არ გამორიცხავს რა----------------ის გადასვლას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 2018 წლის 27 ივლისსაც კი. მითითება 2018 წლის 5 ივლისზე გამოიწვია აღნიშნულ დღეს პენიტენციური დაწესებულებიდან რა----------------ის გათავისუფლებამ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის არგუმენტი პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან დაკავშირებით, არ არის წინააღმდეგობაში ბრალდების ფორმულირებასთან და არ გამორიცხავს რა----------------ის ბრალეულობას.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რა----------------ისთვის კარგად იყო ცნობილი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის სამართლებრივი შედეგები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გასამართლებულია ორჯერ. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ არხთან არ არის განთავსებული საზღვრის აღმნიშვნელი ინფორმაცია, არ გამორიცხავს რა----------------ის ბრალეულობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაკავებიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემების მიხედვით, რა----------------ს კანონიერად არ დაუტოვებია სახელმწიფო საზღვარი. შესაბამისად, 2018 წლის 27 ივლისს საქართველოს საზღვარზე შემოსვლა კანონის გვერდის ავლით მიუთითებს იმაზე, რომ მას ასევე უკანონოდ ჰქონდა გადაკვეთილი საზღვარი.

 

შემდეგ დასადგენ საკითხს წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა რა----------------ს თან ნარკოტიკული საშუალებები.

 

ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. გასათვალისწინებელია, რომ მოწმეებმა დაკითხვისას დეტალურად განმარტეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოქმების სისწორე ხელმოწერებით დადასტურებული აქვთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, მათ შორის თარჯიმანს. ის გარემოება, რომ რა----------------მა გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა ჩხრეკის ოქმს, არ მიუთითებს ოქმის სიყალბეზე და ნარკოტიკული საშუალებების „ჩადებაზე“. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტი იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ირ---–- გო–--ემ, კა------ ია-----–---–მა და მზ-------------ემ დაადასტურეს, რომ რა----------------ს დაკავებისას თან ჰქონდა ორი ცალი პოლიეთილენის პარკი. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა რა----------------ის დაკავებისას ამოღებული პარკები, ამ უკანასკნელს ხელში არ ჭერია და მისგან არ ამოუღიათ. მართალია, დაცვის მხარის მოწმემ თი------ შა------ამ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ პოლიეთილენის პარკები იდო რა----------------ის გვერდით და მის ხელში აღნიშნული პარკები არ დაუნახავს, თუმცა აღნიშნულით იმის უტყუარად მტკიცება, რომ რა----------------ს ხელში პარკები ნამდვილად არ ეჭირა, მოკლებულია საფუძველს. მოწმემ დაადასტურა, რომ მან დეტალურად უთარგმნა რა----------------ს ოქმის შინაარსიც და გამომძიებლის განმარტებებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ მისთვის ცნობილი იყო რა ეწერა საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის სისწორეც თარჯიმანს დადასტურებული აქვს ყველა გვერდზე ხელისმოწერით და მასზე რაიმე სახის შენიშვნა არ დაუფიქსირებია. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ რა----------------ის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ჩხრეკის ოქმში მითითებული ნივთები. გარდა ამისა, თავად თი------ შა------ამაც დაადასტურა, რომ რა----------------ს ტანსაცმელი ჰქონდა დასვრილი. გამოძიების მიერ არ მომხდარა რა----------------ის ტანსაცმლის ამოღება ან/და დასურათება, რაც პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს რა----------------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

 

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს უნდა მოეპოვებინა სხვა მტკიცებულებები, ჩაეტარებინათ საექსპერტო კვლევები და საგამოძიებო მოქმედებები, რაც აღმოჩნდებოდა მყარი მტკიცებულება რა----------------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ ბრალდების მხარემ არ დანიშნა ექსპერტიზა, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე პერიოდამდე დაცვის მხარემ მიმართა გამოძიებას ან სასამართლოს საკვლევი ობიექტების მათთვის გადაცემის ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 14).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობა არ ადასტურებს რა----------------ის უდანაშაულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მათთვის ცნობილი იყო, რომ რა----------------ს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად არსებობდა მოსამართლის განჩინების და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების საფუძველი, რაც კანონიერად ცნო სასამართლომ, შესაბამისი განჩინებით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ რა----------------ი რამდენიმე საათით ადრე იქნა დაკავებული. ასევე უსაფუძვლოა განმარტება, რომ თითქოსდა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში არასწორადაა მითითებული, რომ იგი შევსებულ იქნა ადგილზე, რადგან ოქმის შევსება დასრულდა 08:28 საათზე, დაკავებული კი განყოფილებაში მიიყვანეს 08:20 საათზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაკავების ოქმში სხვა გარემოებებთან ერთად უნდა აღინიშნოს ბრალდებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის ზუსტი დრო. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ოქმში მითითებულია განყოფილებაში მიყვანის დრო, არ მიუთითებს ოქმის განყოფილებაში შევსებაზე, რადგან ამ მოცემულობით, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანის დროის აღნიშვნის გამო ოქმი არასოდეს ჩაითვლება დაკავების ადგილზე შევსებულად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მოწმეთა ჩვენებებში, პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. მსჯავრდებულის განმარტება, რომ მისი პიროვნებით დაინტერესებული იყვნენ სამხედროები, ვერ იქნება გაზიარებული. სხდომაზე დაიკითხა არაერთი მოწმე და არ დადგენილა ასეთი დაინტერესების არსებობის, სხვა ადგილას და სხვა დროს, სხვა პირების მიერ დაკავების ფაქტები. პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს მოწმეებმა. მათ ჩვენებებში არ არის ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რაც ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი იქნებოდა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც სრულიად შესაძლებელია მოწმეებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, მაგრამ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის მიმდინარეობა, ასევე ის გარემოებები, თუ რა ნივთები იქნა ამოღებული ჩხრეკის შედეგად.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ ინტერესის არსებობისა და ნარკოტიკული საშუალების ჩადების თაობაზე ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს მიეცათ ცრუ ჩვენებები და სასამართლოსთვის მოეწოდებინათ არარსებული ინფორმაცია. რა----------------ს ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა იძულების, მუქარისა და ზეწოლის თაობაზე ეცნობებინა სამართალდამცავი ან სხვა ორგანოებისთვის. მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ გამოკითხვის ოქმებს, პალატა მათ შინაარსზე ვერ იმსჯელებს, რადგან შუამდგომლობა მათი დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის გამო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლს - ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, მასში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით საქართველოში უკანონოდ შემოტანა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რა----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს წონით 1119,1 გრამი და მეტამფეტამინს (მარილი) წონით 1,1935 გრამს, რაც მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ასევე დიდი ოდენობით, 177,20 გრამ გამომშრალ მარიხუანას. სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა, რომ რა----------------ს ჰქონდა სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის და საქართველოში შემოსატანად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, # 12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა ძირითად არგუმენტებზე ნამსჯელი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რასაც ასევე იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ როგორც საზღვრის უკანონო კვეთის, ისე რა----------------ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რა----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი.

 

რა----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით რა----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი, პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლის, 10 (ათი) თვის და 10 (ათი) დღის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატოს ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რა----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 19 (ცხრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა რა----------------ს დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 ივლისიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რა----------------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

პოლიეთილენის ორი პარკი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებებით, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე