განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2019
საქმის ნომერი
330310017002159617
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002159617 (N3ბ/404-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

აპელანტი - საქართველოს გენერალური პროკურატურა

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ------ ს--–----ა

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ------ ს--–----ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა თ------ ს--–----ას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და თ------ ს--–----ას შორის. თ------ ს--–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2012 წლის 2 ივნისიდან ამავე წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

თბილისის საააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის გ--–- პ-------–---–ის შუამდგომლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი თ------ ს--–----ას მიმართ გაუქმდა და დადგა გამამართლებელი განაჩენი. თ------ ს--–----ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და გამართლდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენი საქმე N1/ა.გ.792-16 (ს.ფ 78-85).

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენრალური აუდიტორის 2012 წლის 22 ნოემბრის N6---- ბრძანების თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 103-ე მუხლისა და ,,სახელმწიფო აუდიტის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,დ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა თ------ ს--–----ა - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან 2012 წლის 12 ოქტომბრიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 22 ნოემბრის N6---- ბრძანება თ------ ს--–----ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ (ს.ფ. 20).

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

საქართველოს კონსტიტუციის 6.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

მითითებული ნორმა ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით დადგენილი ზიანის ანაზღაურების საფუძვლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულად ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ------ ს--–----ა ცნობილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით (სისხლის სამართლის კოდექსის 2012 წლის 1 ივნისის მდგომარეობით). და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. მსჯავრდებულ თ------ ს--–----ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2012 წლის 2 ივნისიდან ამავე წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით კი იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. ამდენად, მოსარჩელე იყო უკანონო პატიმარი და უკანონო მსჯავრდებული, რადგან სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ ჩაუდენია ნარკოტიკული დანაშაული. ბრალდება უკანონოდ უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით არ არის დადგენილი პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან საქმის წარმოების პროცესში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩადენილი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი - უკანონო ბრალდებულად ყოფნისას მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმ, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით მოსარჩელე თ------ ს--–----ას მიმართ, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად იქნა დაპატიმრებული, რადგან მას არ ჰქონდა ჩადენილი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ნარკოტიკული დანაშაული, რაც დადასტურდა სასამართლო განაჩენით. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, მოეთმინა პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნა წარმოადგენს უკანონობას, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა, ან დადგენილია თუ არა პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან საქმის წარმოების პროცესში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის _ პატიმრობაშ ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე 2017 წლის 27 ივნისამდე ატარებდა მსჯავრდებულის სტატუსს, მსჯავრდების გამო დაკარგა სამსახური, შემოსავალი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა მის მორალურ ტანჯვას, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გონივრული ოდენობის ფარგლებში, კერძოდ - მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად "პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად "რეაბლიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

 

სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.

 

წარმოდგენილი საქმის მასალებიდან დგინდება, რომ თ------ ს--–----ას მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით, ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს - სასამართლოს განჩინებას. აღკვეთის ღონისძიების სახის შერჩევისას არსებობდა ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები მისი გამოყენებისათვის, რის გამოც მოსარჩელის ყოფა არ უნდა იქნეს მიჩნეული უკანონოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებელის ბრალისა.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად არის სასამართლოს გონივრული განსჯისათვის მინდობილი და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან მორალური ზიანი თავისი ბუნებით, არის ისეთი სახის ზიანი, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ფორმით უნდა შევხვდეთ. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.

 

ამასთან, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ 2017 წლის 27 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სს საქმეთა პალატამ განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რომელიც დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი და თ. ს--–----ა გამართლდა.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. აპელანტი მიუთითებს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, „ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა), „კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (აღნიშნულ საქმეში აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 ევრო), „ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ“ (ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 1500 ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვისა და 12 დღის მაინძილზე). აპელანტი ასევე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რაიონული სასამართლოების მიერ მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში თ------ ს--–----ა პატიმრობაში იმყოფებოდა 4 თვე და 09 დღე (2012 წლის 02 ივნისიდან- 2012 წლის 11 ოქტომბრამდე). მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 10 000 ლარი კი, სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად ეთქვას უარი მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის II თავით განმტკიცებულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. საჯარო მოხელის მხრიდან, მისი დარღვევისათვის დგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი. კონსტიტუციის 31-ე მუხლი აწესრიგებს პირის საპროცესო უფლებების დაცვის გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი ადგენს, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით დადგენილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის. კერძოდ, კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოებისა და მუშაკების მიერ მიყენებული ზიანისთვის ემსახურება ერთადერთი მიზნის მიღწევას, კერძოდ, როგორც ადამიანის უფლებების, ისე სახელმწიფოს ინტერესების დაცვას. ხოლო აღნიშნული მიზნის მიღწევის სამართლებრივი საშუალებებია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული ნორმები. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება, ასევე, აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ თ------ ს--–----ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის თავისუფლების შეზღუდვა მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. პალატა არ ეთანხმება ზემოთ მითითებულ მსჯელობას და საჭიროდ მიიჩნევს, დეტალურად მიმოიხილოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რათა განისაზღვროს კანონისმიერი წინაპირობები, რომლებიც პირს ანიჭებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას და შესაბამისად, იძლევა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. ამ პირობად, აღნიშნული მუხლი ზოგად შემთხვევაში, ადგენს ზიანის მიმყენებელი პირის ბრალს, კერძოდ, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას, ხოლო ამავე მუხლითვეა დადგენილი გამონაკლისი შემთხვევა ისეთ კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებით, როგორიცაა რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენება, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ, აღნიშნული შემთხვევაა სახეზე.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და თ------ ს--–----ას შორის. თ------ ს--–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2012 წლის 2 ივნისიდან ამავე წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

თბილისის საააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის გ--–- პ-------–---–ის შუამდგომლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი თ------ ს--–----ას მიმართ გაუქმდა და დადგა გამამართლებელი განაჩენი. თ------ ს--–----ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და გამართლდა.

 

აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფოს წარმომადგენლის ქმედებაში ბრალის არსებობის განსაზღვრა არ არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ დაზარალებულმა პირმა მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დასახელებული ნორმა ცალსახად ადგენს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება წარმოიშობა, თუ პირის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო მსჯავრდებას ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, ან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენებას და ამავე დროს მიუთითებს, რომ ზიანი ანაზღაურდება შესაბამის პირთა (გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა) ბრალის მიუხედავად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა უშვებს შესაძლებლობას, რომ ზიანის მიმყენებლის ქმედება იყოს უკანონო, მაგრამ სახეზე არ იყოს მისი ბრალი, კერძოდ, გამოხატული განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევის შესაძლებლობა, როდესაც ქმედება თავისი ხასიათით უკანონოა, თუმცა მისი ჩამდენი პირის ბრალი (არცერთი ფორმით) არ არის სახეზე. ცხადია, თ------ ს--–----ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე განხორციელებულ სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებებს გააჩნდათ მათი გამოყენების და შეფარდების კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები და არსებობდა შესაბამისი გარემოებები, რომელიც ამ მოქმედებებს კანონიერ ხასიათს ანიჭებდა. გარდა ამისა, მათი განხორციელება იყო სწორედ იმ სამართალწარმოების პროცესის ნაწილი, რომლის შედეგადაც, საბოლოოდ, ბრალდებული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა. გამამართლებელი განაჩენის გამოტანა პირის მიმართ, უდავოა, რომ ავტომატურად აბათილებს ყველა იმ მოქმედების კანონიერებას, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო პროცესის განმავლობაში განხორციელდა.

 

თუმცა, რადგან აღნიშნული დგინდება სამართალწარმოების საბოლოო ეტაპზე, განაჩენის გამოტანის შემდეგ, სახელმწიფო ორგანოების ბრალი ჩადენილი ქმედებისთვის, შეიძლება სრულიად გამოირიცხოს, რადგან მათ ქმედების განხორციელების პროცესში არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ქმედების ხასიათი შეეფასებინათ, როგორც უკანონო. ამდენად, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში ჩადენილ ქმედებებს, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს, დანაშაულის აღკვეთას და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას, აქვს კანონიერი საფუძვლები, თუმცა მას უკანონოდ აქცევს გამამართლებელი განაჩენი, ასეთის გამოტანის შემთხვევაში. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას, რომ პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ წინაპირობას ქმნის საქმეზე დადგენილი გარემოებები. კერძოდ, თბილისის საააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენი, რომლითაც დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის გ--–- პ-------–---–ის შუამდგომლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი თ------ ს--–----ას მიმართ გაუქმდა და დადგა გამამართლებელი განაჩენი. თ------ ს--–----ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და გამართლდა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ გამამართლებელი განაჩენი თავისთავად წარმოადგენს გადაწყვეტილებას პირის რეაბილიტაციის თაობაზე, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას ანუ იწვევს მის რეაბილიტაციას. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, თ------ ს--–----ასათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის უკანონო ბრალდება წარმოადგენს მორალურ ზიანს, ამასთან, დადგენილია მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ მორალური ზიანის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობა გონივრულია და წარმოადგენს მოსარჩელის სამართლიან დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება აპელანტის-საქართველოს მთავარი პროკურატურის მოსაზრებას, რომ ევრო-სასამართლოს პრაქტიკის, ასევე ქართული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით განსაზღვრული არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთთან მიმართებით, ევრო-სასამართლოს პრაქტიკა და ქართული სასამართლოს პრაქტიკა არ არის ერთგვაროვანი და არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ფაქტობრივ - სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღურებაზე კანონიერი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

5.1. ,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი