განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001933130
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№3ბ/1128-18 28 მარტი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტები:
1) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა;
წარმომადგენელი-მ------------;
2) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, წარმომადგენელი-ბაგრატ ნერგაძე;
მოწინააღმდეგე მხარე: თ------- ხ--------ი;
წარმომადგენელი: ხ----------------;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით თ------- ხ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონში დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- და 29 სექტემბრის N0------- ბრძანებები თ------- ხ--------ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის N1---- ბრძანება თ------- ხ--------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ თ------- ხ--------ი სამგორის რაიონის გამგეობიდან იღებდა ბინის ქირის კომპენსაციას იმ საფუძვლით, რომ იყო ქ. თბილისში, მ---------–-----------------––-----------------–--------------- ბინის მაცხოვრებელი, რომელიც ავარიულობის გამო დაინგრა და ამასთან, იგი 2013 წლის 17 დეკემბრის N1-------- სანოტარო აქტით დამოწმებული უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობდა ქ. თბილისში, ჩ---–----–---–-----------ში მდებარე N-- ბინაში 2014 წლის 30 დეკემბრამდე, რისთვისაც ქირის სახით უნდა გადაეხადა თვეში 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.
ამასთან, 2015 წლის 13 იანვრის N1-------- სანოტარო აქტით დამოწმებული უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა----–------------------მა თ------- ხ--------ს მიაქირავა ქ. თბილისში, ჩ---–----–---–-----------ში მდებარე N-- ბინა, 2016 წლის 13 იანვრამდე, რისთვისაც ამ უკანასკნელს გამქირავებლისათვის (ა----–-------------------ისათვის) უნდა გადაეხადა თვეში 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობამ თ------- ხ--------ისთვის ბინის ქირის გადახდა შეწყვიტა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ინსპექტირების შედეგად მიჩნეული იქნა, რომ იგი არ ცხოვრობდა გამგეობის მიერ დაქირავებულ ფართში, რაც თ------- ხ--------ის მიერ გასაჩივრებული იქნა სასარჩელო წარმოების გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით თ------- ხ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 26 ივნისის 0------- ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 11 ივლისის N1----- ბრძანება. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა თ------- ხ--------ისათვის ბინის ქირის გადახდა 2015 წლის ივლისიდან 2015 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დროისათვის არ არის შესული კანონიერ ძალაში.
2016 წლის 16 მარტს, ხოლო შემდგომ 2016 წლის 5 აგვისტოს თ------- ხ--------მა განცხადებებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას და ბინის ქირის გადახდა მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა 2016 წლის 14 მარტს ნ-------------სა და თ------- ხ--------ს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ------- ხ--------მა ნ-------------ისაგან იქირავა ქ. თბილისში, ვ----------------------------------–------------------–-----------------------, რისთვისაც გამქირავებლისთვის უნდა გადაეხადა ქირის სახით ყოველთვიურად 350 ლარი.
დადგენილია, რომ განმცხადებელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობამ აცნობა, რომ ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდის მიზნით თ------- ხ--------ს უნდა წარედგინა ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების მიზნით, თ------- ხ--------მა წარადგინა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ე------–-------ი დაბადებიდანვე მიწერილი იქნა მისი მშობლების საცხოვრებელ ადგილზე, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურს დაევალა მოეხდინა ე---------------------–-------ის რეგისტრაცია ბინაში მდებარე - ქ. თბილისი, მ-----------------------------------------ში.
თ------- ხ--------ის მიერ ასევე წარდგენილი იქნა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 02.07.2008წ. წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2006 წელს თ------- ხ--------ი გაყვანილ იქნა I-----------------------–----- კორპუსიდან მისი უმწვავესი ავარიული მდგომარეობის გამო ქირით, და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათები, რომლის მიხედვით მისამართზე - ქ. თბილისი, მ-----------------------------------------ში რეგისტრირებული იყვნენ შ---------------, ხ--------ი თ-------ი და შ--------------ი.
თ------- ხ--------ის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ბინის ქირის გადახდის მიზანშეწონილობის მიზნით, 2016 წლის 19 აგვისტოს შემოწმებულ იქნა თ------- ხ--------ის მიერ დაქირავებული ფართი და დადგინდა, რომ თ------- ხ--------ი ნამვილად იმყოფებოდა მის მიერ დაქირავებულ ფართში, რომელიც შედგებოდა 1 სარემონტო ოთახისგან და იყო საცხოვრებლად ვარგისი.
ქ. თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ქ. თბილისში ,,დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის ეფექტურად წარმართვის, ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და ქვეპროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლის 2016 წლის 15 ივლისის N01/02/08 ბრძანებით შექმნილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური განყოფილების საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ შემოწმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობაში წარდგენილი კომპენსაციის უფლების მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ პირთა განცხადებები და დოკუმენტაცია და რიგ შემთხვევებში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ბინის ქირის საკომპენსაციო თანხით განმცხადებლის დაკმაყოფილება, მათ შორის, თ------- ხ--------ის დაკმაყოფილება არ იქნა მიზანშეწონილი იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- ბრძანებით, დანართი N4- ის მიხედვით, არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონში მცხოვრები მოქალაქეების განცხადებები ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემაზე, მათ შორის, ბინის ქირის კომპენსაციაზე უარი ეთქვა თ------- ხ--------ს. ამავე საფუძვლით თ------- ხ--------ს კვლავ ეთქვა უარი ბინის ქირის კომპენსაციის გაცემაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 სექტემბრის N0------- ბრძანების შესაბამისად.
2016 წლის 16 სექტემბერსა და 7 ნოემბერს თ------- ხ--------მა ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- ბრძანებისა და 29 სექტემბრის N0------- ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც თ------- ხ--------ს უარი ეთქვა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის N1---- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თ------- ხ--------ის ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა სამგორის რაიონის გამგეობის სადავო ბრძანებები თ------- ხ--------ის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ თ------- ხ--------ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ქ. თბილისში, მ-----------–-----------------––----------------–--------------- ბინის მფლობელობის ფაქტს, ხოლო პირი ბინის ქირით უზრუნველყოფას ექვემდებარებოდა, თუ მას საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნდა თბილისის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი, რომელშიც ამ საცხოვრებელი სადგომის ამორტიზებამდე ცხოვრობდა, ხოლო მას ან მისოჯახის წევრს არ გააჩნდა სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი.
საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი სერვისული მომსახურების ცენტრის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობით დგინდება, რომ ხ--------ი თ-------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, მ-----------–-----------------––-----------------–--------------- ბინაში, რომელიც ეკუთვნოდა ადგილობრივ საბჭოს და არ იყო პრივატიზებული.
ამასთან, საქმის განხილვის დროს ასევე წარმოდგენილი იქნა ქ. თბილისის კალინინის სახ. რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1961 წლის 3 ივლისს რაისაბჭოს აღმასკომის რაიონის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული N-- ორდერი, რომლითაც შ---------ის ოჯახს მიეცა უფლება დაეკავებინათ 3 ოთახი, ბ--------------------------------------------------–---------------------------------------------–---.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 სექტემბრის N0------- ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის N1---- ბრძანება თ------- ხ--------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, მათ შორის შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით ბინის ქირის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა ბინის ქირის კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო მოსარჩელე თ------- ხ--------ის მოთხოვნა ეფუძნება, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის უარი ბინის ქირის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს, თუ არა კანონმდებლობიდან.
სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესზე, რომელიც განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პირობებს და პროცედურებს. ამასთან, აღნიშნული ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) მიზანია კომპენსაციის მიმღები პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით.
ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადახვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში - ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამასთან, დროებით საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია (შემდეგში – კომპენსაცია) გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის აუცილებელი საცხოვრებელი ფართით დროებით სარგებლობისათვის საჭირო ქირის ან ქირის ნაწილის დაფარვის მიზნით.
აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელებას ხსენებული წესის მე-3 მუხლის საფუძველზე, უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი გამგეობა (შემდგომში – გამგეობა), სადაც გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო- სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც განიხილავს კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლის შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ------- ხ--------ი სამგორის რაიონის გამგეობიდან იღებდა ბინის ქირის კომპენსაციას იმ საფუძვლით, რომ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობდა ქ. თბილისში, ჩ---–----–---–-----------ში მდებარე N-- ბინაში, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინა ავარიულობის გამო იყო დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი.
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის საფუძველი გახდა ინსპექტირების შედეგად გამგეობის მიერ გამოვლენილი გარემოება იმის შესახებ, რომ თ------- ხ--------ი არ ცხოვრობდა გამგეობის მიერ დაქირავებულ ფართში.
მითითებული ქვეპროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის მისაღებად დაინტერესებული პირი ამ წესის დანართი 1-ით განსაზღვრული ფორმით განცხადებით მიმართავს იმ გამგეობას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს/მდებარეობდა მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული დანგრეული ან ამორტიზებული ფართი. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, დროებით საცხოვრებელი ადგილის ან/და ქირის ოდენობის შეცვლის შემთხვევაში, კომპენსაციის მიმღები პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება და ახალი ნოტარიულად დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება(სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება). ამასთან, განსაზღვრული დოკუმენტი წარედგინება საბჭოს, რომელიც შემოწმების გზით ადგილზე ამოწმებს დამქირავებლის მიერ შესაბამის მისამართზე ცხოვრებისა და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებობის ფაქტს, რაზეც დგება შემოწმების ოქმი. საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს (მოხსენებით ბარათს ხელს აწერს საბჭოს ყველა წევრი), რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესწავლისა და შემოწმების შედეგები, ხოლო შესაბამისი გამგებელი მოხსნებითი ბარათისა და საქმის მასალების გათვალისწინებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-5 მუხლის საფუძველზე, გამგეობა ვალდებულია განახორციელოს თითოეული განცხადების განხილვა და საქმის გარემოებების გამოკვლევასთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტაციის, ნებისმიერ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირება და აღრიცხვა, ხოლო საბჭო ვალდებულია შეამოწმოს ამორტიზებული ფართის მდგომარეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დროებითი საცხოვრებელი ფართის მდგომარეობა, გადაამოწმოს განცხადებაში მითითებული ოჯახის წევრების რაოდენობა, მოახდინოს დაქირავებული ფართის მდგომარეობისა და განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის აღწერა/დაფიქსირება (ფოტოგადაღება და სხვა). საბჭოს, საჭიროებიდან გამომდინარე შეუძლია სხვა ღონისძიებების განხორციელება. შემოწმების შედეგები აისახება შემოწმების ოქმში. საკითხის შესწავლის შემდეგ საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესწავლისა და შემოწმების შედეგები. გამგებელი მოხსნებითი ბარათისა და საქმის მასალების გათვალისწინებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საცხოვრებლად ახალ მისამართზე გადასვლის შემდგომ თ------- ხ--------მა განცხადებებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას და ბინის ქირის გადახდა მოითხოვა, რისთვისაც წარადგინა მასსა და ნ-------------ს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ------- ხ--------ს დაქირავებული ფართის (ქ. თბილისში, ვ----------------------------------–-----------------–--------------------) სანაცვლოდ ნ--------------ისთვის უნდა გადაეხადა ქირის სახით ყოველთვიურად 350 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ თ------- ხ--------ის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ბინის ქირის გადახდის მიზანშეწონილობის მიზნით, 2016 წლის 19 აგვისტოს შემოწმებულ იქნა თ------- ხ--------ის მიერ დაქირავებული ფართი და დადგინდა, რომ თ------- ხ--------ი ნამვილად იმყოფებოდა მის მიერ დაქირავებულ ფართში, რომელიც შედგებოდა 1 სარემონტო ოთახისგან და იყო საცხოვრებლად ვარგისი, თუმცა მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ბინის ქირის საკომპენსაციო თანხით განმცხადებლის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამდენად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- ბრძანებითა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 სექტემბრის N0------- ბრძანებით თ------- ხ--------ს უარი ეთქვა ბინის ქირის კომპენსაციაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-4 მუხლით დადგენილია, ბინის ქირის კომპენსაციის მიღებისთვის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლის თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი); ბ) ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამონაწერი საბინაო წიგნიდან, ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან/ბიუროს ცნობა-დახასიათება, კომუნალური გადასახადების ქვითრები, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), მესაკუთრის ან მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საკუთრების დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი); გ) ნოტარიულად (სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება) ან სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. ამასთან, ქირავნობის ხელშეკრულება არ უნდა იყოს გაფორმებული განმცხადებლის ოჯახის წევრთან (დედა, მამა, შვილი, და-ძმა და ა.შ.); დ) გამქირავებლის ან/და განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; ე) ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ფართი; ვ) შესაბამის ფართში განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, კომუნალური გადახდის ქვითრები, მეზობლების მიერ ხელმოწერილი განცხადება ფართში ცხოვრების დადასტურების შესახებ; ზ) განმცხადებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები (სხვადასხვა სახის დასკვნები, ცნობები და ა.შ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, ასევე სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებლის მიერ ბინის კანონიერად ფლობის ფაქტს დაადასტურებდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, კერძოდ, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ე-----–-------ი დაბადებიდანვე მიწერილი იქნა მისი მშობლების საცხოვრებელ ადგილზე, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათების მიხედვით დადგენილია, რომ მისამართზე - ქ. თბილისი, მ-------------------------------------------ში რეგისტრირებული იყვნენ შ-----------------, ხ--------ი თ-------ი და შ--------------ი.
ამასთან, საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი სერვისული მომსახურების ცენტრის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობით დგინდება, რომ ხ--------ი თ-------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, მ-----------–-----------------––----------------–--------------- ბინაში, რომელიც ეკუთვნოდა ადგილობრივ საბჭოს და არ იყო პრივატიზებული, ხოლო ქ. თბილისის კალინინის სახ. რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1961 წლის 3 ივლისს რაისაბჭოს აღმასკომის რაიონის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული N-- ორდერის საფუძველზე, შ---------ის ოჯახს მიეცა უფლება დაეკავებინათ 3 ოთახი, ბ--------------------------------------------------–---------------------------------------------–---. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტები საკმარის საფუძველს ქმნიდა თ------- ხ--------ის მიერ დანგრეული ბინის მფლობელობის ფაქტის დასადასტურებლად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა, რის გამოც, მოსარჩელე თ------- ხ--------ის ოჯახს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ეთქვა უარი ბინის ქირის კომპენსაციის გადახდაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ გამოიტა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი აქვს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონში დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- ბრძანება და ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონში დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 სექტემბრის N0------- ბრძანება თ------- ხ--------ის ნაწილში.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ; 201-ე მუხლის შესაბამისად კი, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2016 წლის 16 სექტემბერსა და 7 ნოემბერს თ------- ხ--------მა ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- ბრძანებისა და 29 სექტემბრის N0------- ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც თ------- ხ--------ს უარი ეთქვა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემაზე. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის N1---- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თ------- ხ--------ის ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა სამგორის რაიონის გამგეობის სადავო ბრძანებები თ------- ხ--------ის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ თ------- ხ--------ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ქ. თბილისში, მ-----------–-----------------––----------------–--------------- ბინის მფლობელობის ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 სექტემბრის N0------- ბრძანების თ------- ხ--------ის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე არსებობს თ------- ხ--------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის N1---- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, პირისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და მითითებული ნორმატიული აქტებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლოს ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის უარი ბინის ქირის კომპენსაციის გაცემაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელისათვის ზიანის სახით ბინის ქირის კომპენსაციის გადახდა 2016 წლის მარტის თვიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით, კანონით დადგენილი წესით.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
თ------- ხ--------მა 23/505923 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას და ითხოვა ბინის ქირის გადახდა "ქალაქ თბილისში დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის 33-138 დადგენილების მეორე მუხლის საფუძველზე. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია თ------- ხ--------ის განცხადების დაკმაყოფილება, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკამყოფილებდა "ქალაქ თბილისში დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის 33-138 დადგენილების მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2016 წლის 11 მაისს, თ------- ხ--------მა განცხადება შეიტანა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხოლო 2016 წლის 23 მაისს 1-------- სარეკომენდაციო წერილით გადმოიგზავნა სამგორის რაიონის გამგეობაში განსახილველად. აპელანტი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს ისნის რაიონის გამგეობიდან აგრეთვე გადმოიგზავნა ,თ------- ხ--------ის 2-------- განცხადება, რომლის პასუხადაც, სამგორის რაიონის გამგეობიდან 2016 წლის 30 აგვისტოს წერილით ეცნობა, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს 0------- ბრძანებით უარი ეთქვა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემაზე.
"დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ", ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის 33-138 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპენასაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს ამორტიზირებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აპელანტი აღნიშნავს,რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ თავის N2-------- განცხადებაზე, რომლითაც სწორედ ითხოვდა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის დაფინანსებას, ვერ წარმოადგინა ზემოხსენებული დადგენილების მოთხოვნათა დაცვით საჭირო დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა ითხოვს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც თინათიინ ხ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება არის უკანონო და უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.
აპელანტი მიუთითებს, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გამგეობის 2016 წლის 5 აგვისტოს №2-------- წერილით, კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაიგზავნა თ------- ხ--------ის 2016 წლის 27 ივლისის №1---- განცხადება ბინის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე. ასევე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მე-4 პუნქტის მიხედვით, არ დაკმაყოფილდა მოქალაქეთა განცხადებები ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდაზე. დასახელებულ პირთა შორის იყო თ------- ხ--------იც.
აპელანტი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მოხსენებით ბარათებზე, რომელთა მეშვეობითაც დგინდება, რომ თ------- ხ--------ისათვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
აპელანტი მიუთითებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტსა და ასევე ამავე წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე. მოცემული მუხლების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, აპელანტი განმარტავს, რომ მითითებული წესის მიზნიდან გამომდინარე, პირი აღნიშნული წესით ქირით უზრუნველყოფას ექვემდებარება, თუ მას საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია თბილისის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი, ამასთან, კუმულატიური პირობაა, რომ პირი ამ საცხოვრებელი სადგომის ამორტიზებამდე მასში უნდა ცხოვრობდეს და მას ან მის ოჯახის წევრს არ გააჩნდეს სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ თ------- ხ--------ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლის 2015 წლის 26 ივნისის №0------- ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, შეუწყდა ქ. თბილისში, ჩ---–----–---–----------ში მდებარე ბინა №---ში ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა. შესაბამისად, იმისათვის, რომ იგი კვლავ დაექვემდებაროს ზემოთ მითითებული წესის მიხედვით ბინის ქირით უზრუნველყოფას, იმპერატიული მოთხოვნაა მის მიერ ახალ მისამართზე გაფორმებული ახალი ქირავნობის ხელშეკრულების წარდგენა, რაც მხარის მიერ წარმოდგენილია. კერძოდ, თ------- ხ--------მა წარადგინა ქ. თბილისში, მ------------------------–---------------------ის ქირავნობის ხელშეკრულება, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, სავალდებულოა ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლო სადავო გადაწყვეტილებაში თ------- ხ--------ის მიერ ამორტიზირებული ბინის მფლობელობის ფაქტის დასადასტურებლად და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწვეტილებას და სერვისული მომსახურების ცენტრის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობას, რაც აპელანტის მოსაზრებით, არსებითად არასწორია, ვინაიდან ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №-----) არ წარმოადგენს ისეთ დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებდა თ------- ხ--------ის მიერ, ქ. თბილისში, მ-----------–-----------------–-------------–---------------------ის მფლობელობის ფაქტს, ვინაიდან, იგი ეხება ე-----–-------ის აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციას.
აპელანტი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ, არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო გადაწვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნათა დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეებისათვის აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პირობებს და პროცედურებს არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი. აღნიშნული ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) მიზანს წარმოადგენს კომპენსაციის მიმღები პირისათვის, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა.
ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადახვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში - ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამასთან, დროებით საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია (შემდეგში – კომპენსაცია) გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის აუცილებელი საცხოვრებელი ფართით დროებით სარგებლობისათვის საჭირო ქირის ან ქირის ნაწილის დაფარვის მიზნით.
ქვეპროგრამის განხორციელებას, ამავე წესის მე-3 მუხლის საფუძველზე, უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი გამგეობა (შემდგომში – გამგეობა), სადაც გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც განიხილავს კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლის შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
დადგენილია, რომ საცხოვრებლად ახალ მისამართზე გადასვლის შემდგომ, თ------- ხ--------მა განცხადებებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ბინის ქირის გადახდა, რისთვისაც წარადგინა მასსა და ნ-------------ს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ------- ხ--------ს დაქირავებული ფართის (ქ. თბილისში, ვ----------------------------------–-----------------–--------------------) სანაცვლოდ ნ--------------ისთვის უნდა გადაეხადა ქირის სახით ყოველთვიურად 350 ლარი.
თ------- ხ--------ის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ბინის ქირის გადახდის მიზანშეწონილობის მიზნით, 2016 წლის 19 აგვისტოს შემოწმებულ იქნა თ------- ხ--------ის მიერ დაქირავებული ფართი და დადგინდა, რომ თ------- ხ--------ი ნამვილად იმყოფებოდა მის მიერ დაქირავებულ ფართში, რომელიც შედგებოდა 1 სარემონტო ოთახისგან და იყო საცხოვრებლად ვარგისი, თუმცა, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ბინის ქირის საკომპენსაციო თანხით განმცხადებლის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- ბრძანებითა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 სექტემბრის N0------- ბრძანებით თ------- ხ--------ს უარი ეთქვა ბინის ქირის კომპენსაციაზე, რაც წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
როგორც უკვე აღინიშნა, ბინის ქირის კომპენსირებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მან ვერ უზრუნველყო ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამგეობაში წარდგენა, თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ თ------- ხ--------ი ბინის ქირის კომპენსაციას სამგორის რაიონის გამგეობიდან იღებდა სწორედ იმ საფუძვლით, რომ იყო ქ. თბილისში, მ---------–-----------------––-----------------–--------------- ბინის მაცხოვრებელი, რომელიც ავარიულობის გამო დაინგრა. საქმეში დაცულია ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 02.07.2008წ. წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2006 წელს თ------- ხ--------ი გაყვანილ იქნა I-----------------------–----- კორპუსიდან მისი უმწვავესი ავარიული მდგომარეობის გამო ქირით.
აღსანიშნავია, რომ თ------- ხ--------ს გამგეობის მხრიდან ერთხელ უკვე შეუწყდა საკომპენსაციო თანხის გაცემა, თუმცა არა იმ საფუძვლით, რომ ის არ წარმოადგენდა ამორტიზებული ფართის მესაკუთრეს/მფლობელს, არამედ იმ მოტივით, რომ თ------- ხ--------ი არ ცხოვრობდა გამგეობის მიერ დაქირავებულ ფართში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით თ------- ხ--------ის სარჩელი დაკმაყოფილებულია და არაკანონიერადაა ცნობილი მითითებული საფუძვლით თ------- ხ--------ისათვის კომპენსაციის შეწყვეტა.
სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტების მითითებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეყრდნო არასათანადო მტკიცებულებას, კერძოდ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება არა მოსარჩელეს, არამედ ე-----–-------ს. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმეში, მტკიცებულების სახით მართლაცაა წარმოდგენილი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ ე-----–-------ი დაბადებიდანვე მიწერილი იქნა მისი მშობლების საცხოვრებელ ადგილზე.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით აპელანტების მიერ გაცხადებული პრეტენზიის მიუხედავად, აპელანტები ვერ ასაბუთებენ, რატომ არ არის მითითებული მტკიცებულება რელევანტური თ. ხ--------ის ცხოვრების მტკიცების თვალსაზრისით, იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება შეიცავს ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ ე-----–-------ი მიწერილი იქნა სწორედ მისი მშობლების საცხოვრებელ ადგილზე. საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათები, რომლითაც დასტურდება, რომ მისამართზე - ქ. თბილისი, მ-------------------------------------------ში რეგისტრირებული არიან ს------–-------ი, თ------- ხ--------ი და ე-----–-------ი.
საქმეში ასევე წარმოდგენილია ქ. თბილისის კალინინის სახ. რაიონის მშრომელთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1961 წლის 3 ივლისს, რაისაბჭოს აღმასკომის რაიონის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული N-- ორდერი, რომლითაც დასტურდება, რომ შ---------ის ოჯახს მიეცა უფლება დაეკავებინათ 3 ოთახი, ბ--------------------------------------------------–---------------------------------------------–---.
საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი - სერვისული მომსახურების ცენტრის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობით დგინდება, რომ თ------- ხ--------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, მ-----------–-----------------––-----------------–--------------- ბინაში, რომელიც ეკუთვნოდა ადგილობრივ საბჭოს და არ იყო პრივატიზებული.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს, რომ თ------- ხ--------ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-4 მუხლში მითითებულ დოკუმენტაციასთან, განცხადებაზე თანდართული მასალები ქმნიდა უტყუარ საფუძველს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ავარიული სახლის მართზომიერ მფლობელს, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევდა აღნიშნულზე დაყრდნობით მისი მოთხოვნის უარყოფის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და აქტის გამოცემის პროცესში დარღვეულია როგორც ზემოაღნიშნული პროგრამის, ისე ზაკ-ის მოთხოვნები, გადაწყეტილება მიღებულია საქმის არასრულყოფილი და არასათანადო შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რაც გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების გაზიარებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
საპროცესო ხარჯები:
სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ნინო ქადაგიძე