განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2019
საქმის ნომერი
330100119002943201
ინსტანცია
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002943201

საქმე №1/ბ-1088-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ--------–------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ე-------------------------ის მიმართ - (დაბადებული - 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, მისამართის გარეშე და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–---------------–----------------------------–----------------------–-----). დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენით:

 

ე--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ე--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 02 მარტიდან - 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ე--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2019 წლის 2 მარტს, 00:58 საათზე, თბილისში, კ--–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებული იქნა ე--------------ი, რომელმაც ჩაამტვრია შპს ,,რ---------ს“ კუთვნილი ,,მერსედესის“ მარკის სპეცავტომანქანის, სარეგისტრაციო ნომრით - A-------- საქარე მინა, უკანონოდ შეაღწია ავტომანქანის სალონში, საიდანაც ცდილობდა ავტომანქანის საბარგულში შეღწევას და მასში არსებული ხორცპროდუქტების - საერთო ღირებულებით - 517 (ხუთასჩვიდმეტი) ლარი და სასწორის - ღირებული 2000 (ორიათასი) ლარად, ფარულად დაუფლებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ე--------------მა აღნიშნული ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით - იგი დაკავებული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ. ე--------------ის დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ იურიდიულ პირს შპს ,,რ---------“ მიადგებოდა 2517 (ორიათასხუთას ჩვიდმეტი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ--------–------მ. აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ე--------------ის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდა. ბრალდების მხარის განმარტებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე--------------ის ქმედებებს, თუმცა განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლო და აშკარად ლმობიერია, ვინაიდან სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, მისი მიდრეკილება ანალოგიური დანაშაულების ჩადენისაკენ და ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან, სპეციფიკიდან და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარეთა შეთანხმებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლევის გარეშე მიჩნეული იქნა უდაო მტკიცებულებად. გარდა მსჯავრდეულის აღიარებისა, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის - რ--------------–---–-ს და მოწმეების - პ-------–--------------------------–--ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 02 მარტის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 02 მარტის ოქმით და საქმეში არსებულ წერილობით ინფორმაციათა ერთობლიობით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს ,,რ---------ს“ კუთვნილი ,,მერსედესის“ მარკის სპეცავტომანქანაში უკანონო შეღწევით, 517 (ხუთას ჩვიდმეტი) ლარის ღირებულების ხორცპროდუქტების და 2000 (ორი ათასი) ლარად ღირებული სასწორის ფარულად დაუფლების მცდელობის ფაქტს.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე--------------ის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების თანახმად, მსჯავრდებულ ე--------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს; ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; დაზარალებულ კომპანიას პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი. ამასთან, პალატა ითვალისწინებს, მსჯავრდეულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმ ფაქტს, რომ მის მიმართ არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები; პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას და განმარტავს, რომ ე--------------ი არ არის ნასამართლობის მქონე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობით მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ 2018 წლის 18 დეკემბრის N3------ გადაწყვეტილებით, ე--------------ის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა; აღნიშნული ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 19 დეკემბრის N2--------- ცნობით, რომლის თანახმადაც სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 18/12/2018 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ე--------------ის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მას მოეხსნა ნასამართლობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, ვინაიდან ე--------------ს დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასამართლობა მოხსნილი ჰქონდა, პალატა ცალსახად დადასტურებულად მიჩნევს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას და იგი საფუძვლად ვერ დაედება პირობითი მსჯავრის გაუქმებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ე--------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 63-ე მუხლებით განსაზღვრული რეგულაციები და დაადგინა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ--------–------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ე--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ე--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 02 მარტიდან - 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ე--------------ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე