განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1323-19
N330310019002837111
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ--------------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით თ--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №9------------ გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ--------------ას დაენიშნება სახელმწიფო პენსია ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2018 წლის პირველი დეკემბრიდან; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა თ--------------ას სასარგებლოდ 2018 წლის 01 დეკემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა თ--------------ას სასარგებლოდ - ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ანაზრაურება.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. მოსარჩელე თ--------------ა მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“.
2018 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელე თ--------------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შესაბამისი ასაკის გამო, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრმა 2018 წლის 05 დეკემბერს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) №9------------ სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრმა მიუთითა ის გარემოება, რომ თ--------------ას სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
თ--------------ა დაიბადა 1----–-–------------–ს.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ კომპეტენტურ ორგანოს. მითითებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. იმავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელე თ--------------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შესაბამისი ასაკის გამო, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრმა 2018 წლის 05 დეკემბერს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) №9------------ სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრმა მიუთითა ის გარემოება, რომ თ--------------ა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ თ--------------ა მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში და იგი დაიბადა 1----–-–------------–ს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროდან, ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75(კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ საკასაციო სასმართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას. ამრიგად, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, სადაც მოსარჩელე თ--------------ა მუშაობს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას. სასამართლოს განმარტებით, აშკარაა, რომ კანონმდებელმა, ზემოთ აღნიშნული გამონაკლისი სამეცნიერო-კვლევით დაწესებულების სამეცნიერო საქმიანობას და არა იქ დასაქმებულ პირთა შრომითი საქმიანობის (სამეცნიერო) ხასიათს დაუკავშირა. კანონმდებლის შესაბამისი განზრახვის შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე დაბრკოლება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის შესაბამის წინადადებაში დასაქმებულ პირთა სამეცნიერო საქმიანობა იყოს მითითებული. ამრიგად, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე თ--------------ა საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“-ში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
1.3.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეული) 2018 წლის 05 დეკემბრის №9------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.3.3. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით. ამრიგად, კანონი, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვეს უკავშირებს.
სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს - თ--------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შესაბამისი ასაკის გამო, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, 2018 წლის 05 დეკემბერს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეული) 2018 წლის 05 დეკემბრის №9------------ გადაწყვეტილება, მოთხოვნა - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ--------------ას დაენიშნება სახელმწიფო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, ასევე 2018 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს სრულად - 2018 წლის პირველი დეკემბრიდან, რადგან მოსარჩელე თ--------------ამ ადმინისტრაციულ ორგანოს, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა 2018 წლის 22 ნოემბერს. შესაბამისად, მოპასუხეს - უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე თ--------------ას დაენიშნება სახელმწიფო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2018 წლის პირველი დეკემბრიდან და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, მოსარჩელე თ--------------ას სასარგებლოდ 2018 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება კანონით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
1.3.4. სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს, ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილევლ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ თ--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეული) უნდა დაეკისროს თ--------------ას მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.07.2015წ. Nბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილებაზე, დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოს აღნიშნული განმარტება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების პრეიუდიციული ძალის არასწორ შეფასებას. პრეიუდიცია მხოლოდ იგივე მხარეებზე ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის და 266-ე მუხლის შესაბამისად. აპელანტის განმარტებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 17.5 მუხლის შესაბამისად, მხოლოდ "უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას)“. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს არ ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, უპირობოდ გაეზიარებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.07.2015წ. გადაწყვეტილება №ბს-77-75(კ-15), მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით.
აპელანტი მიუთითებს, რომ "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" კანონის მიხედვით, სსიპ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება არის ის ერთეული, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება. ასევე მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, დაწესებულება ვალდებულია საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ასევე გასათვალისწინებელია რომ სამეცნიერო კვლევა შემოქმედებითი საქმიანობის ფორმაა, რასაც აუცილებლად უნდა ახორციელებდეს დაწესებულებაში მყოფი თანამშრომელი, რომ იგი ჩაითვალოს სამეცნიერო-კვლევის განმახორციელებლად და ასევე დაწესებულების საქმიანობის პროფილსაც უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც კანონის შესაბამისად აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი მის საქმიანობის წესში - წესდებაში (კანონის 10.1 მუხლი). საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის №394 ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „ს----ს“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–---“, თუმცა არც აღნიშნულ ბრძანებულებაშია ჩანაწერი უშუალოდ დ--–---ს, როგორც მაკოორდინირებელი ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №264 დადგენილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას უზრუნველეყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. იმავე დადგენილების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ დებულების დამტკიცებას, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც დაექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №25 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ დებულება, რომლის მიხედვით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დ--–---“ წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---“. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება. იმავე წესდების მიხედვით, ცენტრთან შექმნილია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები - საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ-სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება): ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა‘‘. შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, არც აღნიშნულ მინისტრის ბრძანებაში, ასევე საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში, არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება, რომ სსიპ- სსსტც დ--–--- უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.
აპელანტის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო სსიპ სსსტ ცენტრ "დ--–---ს" სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევა, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და მას აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქართველოს საკანონმდებლო ან სამართლებრივი აქტით, ვინაიდან საჯარო სამართალში არ მოქმედებს პრინციპი, კერძო სამართლისგან განსხვავებით, რომ "ყველაფერი ნებადართულია, რაც კანონით არ არის აკრძალული", შესაბამისად, საჯარო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს, უშუალოდ ცენტრ "დ--–---ს", მოქმედი კანონმდებლობა უნდა ანიჭებდეს შესაბამისი უფლებამოსილებას.
აპელანტი მიუთითებს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ამავე კანონის მიხედვით, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული - საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. (17.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) შრომით საქმიანობას ეწევა უშუალოდ სსიპ სსსტ ცენტრ „დ--–---ში“, რაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ საქმიანობას. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან). საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი მხოლოდ: ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; და ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს ამ პირის: ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესით. აპელანტის მითითებით, სსიპ სსსტც „დ--–---ს“ წესდება ან რომელიმე საკანონმდებლო აქტი არ ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პროფილის საქმიანობა, რადგან აღნიშნული არსად არის განსაზღვრული და მინიჭებული. რადგან დ--–--- ახორციელებს მხოლოდ დაქვემდებარებული სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს, აღნიშნული კანონმდებლობის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით, არ გულისხმობს, რომ იგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. აღნიშნული კანონის 5.1 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის 14.2 მუხლის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
მითითებული კანონის 5.3 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობად კი, მითითებული კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ--------------ა (დაბადებული 1---------წ.) მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“. 22.11.2018წ. თ--------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, შესაბამისი ასაკის გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.12.2018წ. №9------------ გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. უარის საფუძვლად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“ მუშაობის გამო, თ--------------ა ეწევა საჯარო საქმიანობას.
პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის გათვალისწინებულია შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისები, იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. ზემოაღნიშნული გამონაკლისი კანონმდებელმა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულების სამეცნიერო საქმიანობას და არა იქ დასაქმებულ პირთა შრომითი საქმიანობის (სამეცნიერო) ხასიათს დაუკავშირა. კანონმდებლის შესაბამისი განზრახვის შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე დაბრკოლება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის შესაბამის წინადადებაში დასაქმებულ პირთა სამეცნიერო საქმიანობა იყოს მითითებული. ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელე თ--------------ა საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს. ამასთანავე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სუს 02.07.2015წ. Nბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.12.2018წ. №9------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.12.2018წ. №9------------ გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ--------------ას დაენიშნება სახელმწიფო პენსია ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2018 წლის პირველი დეკემბრიდან, ვინაიდან დადგენილია, რომ მან ადმინისტრაციულ ორგანოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა 2018 წლის ნოემბერს. ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს თ--------------ას სასარგებლოდ 2018 წლის 01 დეკემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს. კოდექსის 53.2 მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. 47.2 მუხლის თანახმად კი, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თ--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეული) უნდა დაეკისროს თ--------------ას მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი