განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
330100117001853636
ინსტანცია
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001853636

საქმე №1ბ/1023-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ------------–---–ის

ადვოკატ: ბ---------ის

გამართლებულ: რ------------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ რ------------ს დაბადებულის 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ-------–-----------------------------------------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

1----–-–---------- დაბადებული მ------------ და 1----–-–---------------–- დაბადებული რ------------ 2006 წლიდან იმყოფებოდნენ კანონიერ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები - ნ-----–---------------------------- იმის გამო, რომ რ------------ მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას 2016 წლის მაისში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე გადავიდნენ, თუმცა განქორწინება ოფიციალურად არ დაურეგისტრირებიათ. 2017 წლის 18 თებერვალს, დღისით, რ------------ მივიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–--------------------------------------------------–-- ეჭვიანობის ნიადაგზე მათ შორის კამათი წარმოიშვა, რა დროსაც რ------------მ ორივე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მ------------ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მისი ქმედების შედეგად ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მის მოუშლელად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით:

 

რ------------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

რ------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს რ------------ს მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და რ------------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ რ------------ს მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით;

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი რ------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ------------ს მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა მ------------მ გამართლებულ რ------------ს ყოფილმა მეუღლემ, ასევე, გამართლებულის შვილმა - ნ-----–------------ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული იქნა გამომძიებელი ო-–-----------–---–- რომლის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები - გამოკითხული ჰყავს დაზარალებული, მოწმეები, დათვალიერებული აქვს მ------------ს სამედიცინო ისტორია, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი ხალათი და სხვა. ოლეგ ბეკურიშვილმა დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მოწმის განმარტებით, იგი ინციდენტს უშუალოდ არ შესწრებია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა რ-------------- განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს საპროცესო მოქმედება, კერძოდ, - მიღებული აქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება და უფლებები გააცნო მ------------ს. მანვე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისწორე, კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ სხვა რაიმე სახის შემხებლობა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრში. სასწრაფო სამედიცინო დახმარება მ------------მ გამოიძახა, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა. მოწმის განმარტებით, მ------------ს კიდურის ტკივილი აწუხებდა, მტევნების ადგილას სიწითლე და ნაკაწრები ჰქონდა. მ------------მ განუმარტა, რომ დაზიანებები ყოფილმა მეუღლემ მიაყენა. შესთავაზეს სტაციონარში გადაყვანა, თუმცა პაციენტმა უარი განაცხადა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ-----------მ განმარტა, რომ 2017 წლის 18 თებერვალს შვილს, - მ------------ს დაურეკა, რა დროსაც ტელეფონს მისმა ყოფილმა სიძემ - რ------------მ უპასუხა. მოწმის განმარტებით მის შვილს და რ------------ს 2017 წლის 18 თებერვლამდეც ხშირად ჰქონიათ უთანხმოება. მან გამოძიებას ჩვენების მიცემის დროს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც თავის დროზე მისმა შვილმა მ-------------მ უამბო. იგი უშუალოდ კონფლიქტს და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არცერთხელ არ შესწრებია და მხოლოდ შვილის ნაამბობიდან იცის, რომ რ------------ და მ------------ ხშირად კამათობდნენ, ასევე შვილისგან გადმოცემით იცის, რომ რ--------------ს მისთვის არაერთხელ დაურტყამს. მა------------- 2017 წლის 18 თებერვლის შემდეგ დაახლოებით სამ დღეში ნახა, თუმცა რაიმე სახის დაზიანება მისთვის არ შეუმჩნევია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ----------მ განმარტა, რომ 2017 წლის 18 თებერვალს რ-------------ს მიერ მ-------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია. მან გამოძიებას ჩვენების მიცემის დროს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც თავის დროზე მისმა დამ უამბო. იგი რ-------------სა და მ-------------ს შორის სიტყვიერ კონფლიქტს ხშირად შესწრებია, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არცერთხელ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 თებერვლის #--------- დასკვნის თანახმად, მ------------ს 20.02.2017წ. პირადი შემოწმების მომენტისათვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით; აღნიშნული დაზიანებებიდან ნაკაწრები განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ხოლო სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–----------–---მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 24 თებერვლის ექსპერტის N-------- დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარდგენილ მ------------ს ხალათის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. დაზიანებების განლაგება და ზომები მითითებულია დასკვნის კვლევით ნაწილში. დაზიანებების წარმოქმნის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–------–-------მ.

 

2017 წლის 19 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 19თებერვალს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებელ ო-–-----------–---–-ს მიერ, მოწმე მ------------ს მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა მოწმე მ------------ს მიერ დაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით წარდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათი N----- ბარათი შევსებულია 2017 წლის 18 თებერვალს, აღნიშნული ბარათი შევსებულია მ------------ს სახელზე, სადაც აღწერილია მ------------ს ფიზიკური მდგომარეობა.

 

2017 წლის 19 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 19 თებერვალს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებელ ო-–-----------–---–-ს მიერ, მოწმე მ------------ს მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა მოწმე მ------------ს მიერ დაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით წარდგენილი ხალათი, რომელიც მისი განმარტებით ეცვა შემთხვევის დროს. დათვალიერების ოქმის თანახმად ხალათს სხვადასხვა მიდამოში აღენიშნება დაზიანები, თუმცა მასზე რაიმე სახის ლაქა ანდა სისხლის მაგვარი კვალი არ აღენიშნება. მა-------------ს მიერ წარმოდგენილი ხალათი ამოღებული იქნა და დაილუქა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ------------მ (გამართლებულის ყოფილი მეუღლე) და გამართლებულის შვილმა - ნ-----–------------ რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე (მათ შორის განქორწინებული) და შვილი. მ------------ და ნ-----–----------ა არიან ის პირები (გამართლებულის ოჯახის წევრები), რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია რ------------ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

 

რაც შეეხება მოწმე, - ო-–-----------–---–--------------------–--------------–-–------–----------------------------- ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით - ოჯახში ძალადობა, გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეუარცხყოფაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), დაზარალებულის ტანჯვა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს, ტანჯვას განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რ------------მ მის მიმართ ნამდვილად განახორციელა ძალადობა და განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ რ------------მ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა რ------------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი რ------------ს უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი რ------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

რ------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხედველობაში იქნას მიღებული რ------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 2 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) რ------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ-------–-----------------------------------------------------–-----–----------------------------------–---------------------------------------------------------

 

გამართლებულ რ------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ხალათი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი