განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100118002766010
საქმე №1/ბ-492-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-------- გ---–----ის ძე კ----–-ას მიმართ დაბადებული: 196- წლის 19 ი------ს, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ფოთი, ჭ-----------–ის ქუჩა N38, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ-------- კ----–-ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 22:50 საათზე, მთვარლ მდგომარეობაში მყოფმა მ-------- კ----–-ამ ქ. ფოთში, ჭ-----------–ის ქუჩა N38-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ა-–--–--- ს------------ას მინის დოქის თავის არეში ჩარტყმით, თხემის მიდამოში მარჯვნივ ჭრილობების სახით განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენით მ-------- კ----–-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
მ-------- კ----–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა, გაუქმებულია. ასევე გაუქმდა მის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პირადობის მოწმობა და პასპორტი.
გამართლებულ მ-------- კ----–-ას განემარტა, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ე---–---- ბ------ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ-------- კ----–-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ-------- კ----–-ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. კერძოდ: დაზარალებულ ა-–--–--- ს------------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ვ------- კ----–-ას და ლ-–- ე-------ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება: მინის ნასხვრევები, მ. კ----–-ას დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ-------- კ----–-ამ ჩაიდინა მის მიმარ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ა-–--–--- ს------------ამ, რომელიც არის ბრალდებულ მ-------- კ----–-ას მეუღლე, გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მეუღლის, მ-------- კ----–-ას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ვ------- კ----–-ამ რომელიც არის ბრალდებულ მ-------- კ----–-ას შვილი, გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მამის, მ-------- კ----–-ას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული ხ------- შ-------ას ჩვენების თანახმად, 2018 წლის 30 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ქ. ფოთი, ჭ-----------–ის ქუჩა N38-ში შესაძლო მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა დაზარალებული ა-–--–--- ს------------ა, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლემ მ-------- კ----–-ამ მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ: გრაფინი ჩაარტყა თავში. ა-–--–--- ს------------ა უნდობლობას გამოთქვამდა პოლიციის თანამშრომლების მიმართ, აღნიშნავდა, რომ იყვნენ უმოქმედოები, ვინაიდან ადრეც ჰქონდა მეუღლის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ფაქტს ადგილი, თუმცა პოლიციამ არაფერი გააკეთა, ითხოვდა შესაბამისი ზომების მიღებას. ხ------- შ-------ა დაინტერესდა დაზარალებულის მიერ გაკეთებული განცხადებით, გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ 2016 წელს მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რა დროსაც გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი. გამომძიებლის მიერ დაინიშნა დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა მოწმეები და ექიმი. ბრალდებული შესაძლო მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ამიტომ ბრალდებულის სახით მ-------- კ----–-ას დაკავების თაობაზე განჩინებისათვის, მიმართეს სასამართლოს.
მოწმის სახით დაკითხული ლ-–- ე-------ას ჩვენების თანახმად, 2018 წლის 30 ნოემბერს იმყოფებოდა ქ. ფოთის საავადმყოფოში, როგორც მორიგე ქირურგი და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა პაციენტი ა-–--–--- ს------------ა, რომელსაც აღენიშნებოდა 2 ნახეთქი ჭრილობა, დაახლოებით 2-4 სმ, თხემის მიდამოში - სიღმე 0.52 მმ. მას დაუმუშავდა ჭრილობები ანტისეპტიკური ხსნარებით და დაედო ასეპტიური ნახვევი. ჭრილობა იყო ნახეთქი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. აღნიშნა, რომ ა-–--–--- ს------------ამ უარი განაცხადა ჭრილობებზე ნაკერის დადებაზე. ექიმისთვის მიწოდებულ იფორმაციაში პაციენტმა ა-–--–--- ს------------ამ განმარტა, რომ ჭრილობები გრაფინის თავში ჩარტყმით მიაყენა მეუღლემ მ-------- კ----–-ამ. მოწმე ლ-–- ე-------ას განმარტებით, მან შეადგინა ფორმა 100 და აცნობა პოლიციას აღნიშნული ფაქტის თაობაზე.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ------- გ------–-–---–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-–--–--- ს------------ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტის განმარტებით, მოქალაქე ა-–--–--- ს------------ას გადმოცემით, 2018 წლის 30 ნოემბერს ქ. ფოთში ჭ-----------–ის ქუჩა N38-ში, თავის საცხოვრებელს სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ მ-------- კ----–-ამ კერძოდ: გრაფინი ჩაარტყა თავში. ჩატარებული პირადი გასინჯვით ა-–--–--- ს------------ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები უსწორიკიდეებიანი ჭრილობები. ტანსაცმლის გახდაზე ა-–--–--- ს------------ამ უარი განაცხადა.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით მ-------- კ----–-ას დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ა-–--–--- ს------------ამ და მოწმემ ვ------- კ----–-მა გამოიყენეს მათვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის(მეუღლის და მამის) წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ა-–--–--- ს------------ას მიმართ დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ა-–--–--- ს------------ას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მ-------- კ----–-ას დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით მ-------- კ----–-ას მსჯავრდება, რის გამოც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ-------- კ----–-ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
მ-------- კ----–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა, გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს მის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პირადობის მოწმობა და პასპორტი.
გამართლებულ მ-------- კ----–-ას განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულლი მინის ნატეხები, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე