განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
330210117001839639
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001839639

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/921-19 25 ივნისი, 2019 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე

ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი _ ა---------– მ----–--------ე

წარმომადგენელი - მ---------–------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ გ---–---–--–----ე, გ------- თ-------ე, ბმა ,,ს-------“

წარმომადგენელი - მ-----–---–---–--ლი

 

დავის საგანი – კრების ოქმების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა---------– მ----–--------ის სარჩელი გ---–---–--–----ის, გ------- თ-------ისა და ბმა ,,ს-------“-ის მიმართ, კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, ქალაქი თბილისი, ქ-------------------------- საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეები არიან:

 

- გ---–---–--–---ე - სართული 1, ბინა 1, ფართი 247,80კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (18/01/2013 წლის მონაცემებით);

- ლ---- თ-------ე - სართული 1, ბინა #2, ფართი 183,34 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (26/06 /2012 წლის მონაცემებით);

- ლ------------ე - სართული 2, ბინა 3, ფართი 182,38 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (24/02 /2011 წლის მონაცემებით);

- მ--------------–---–ი - სართული 2, ბინა 4, ფართი 183,08 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (04/04 /2011 წლის მონაცემებით);

- მ--------------–---–ი - სართული 3, ბინა 5, ფართი 179, 39 კვმ, საკადასტრო კოდი 0--------------------- (26/08 /2008 წლის მონაცემებით);

- დ--–------------–---–ი -სართული 3, ბინა 6, ფართი 182, 96, საკადასტრო კოდი 0---------------------- (08.01./08 /2016 წლის მონაცემებით);

- ნ-------------ე -სართული 4, ბინა 7, ფართ 179, 40 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (24/.02./2012 წლის მონაცემებით);

-ა---------– მ----–-------ე -სართული 4, ბინა 8, ფრთ 187, 36 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (28/.03./2014 წლის მონაცემებით);

- ნ------------–-–---–ი - სართული 5, ბინა 9, ფართი 202, 01 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (28/.03./2014 წლის მონაცემებით);

-გ---–-----–--–----ე - სართული 6, ბინა 11, ფართი 182, 36 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (03/.01./2011 წლის მონაცემებით);

- გ------- თ-------ე - სართული 6, ბინა 12, ფართი 175, 55 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (15/.12./2014 წლის მონაცემებით);

- გ---–----------------, მისამართი: ქალაქი თბილისი, ქსოვრელისა და ღოღობერიძის ქუჩების გადაკვეთაზე, სართული 5, ბინა 10, ფართი, 184, 55კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (15/.12./2008 წლის მონაცემებით);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. ამხანაგობა „ს-------"-ის 2015 წლის 08 ოქტომბრის კრების ოქმი #1-ის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი - 11 წევრი, კრებას თავმჯდომარეობდა დ--–------------–---–ი, დღის წესრიგი: ქ. თბილისი, ღ--------------------------------------–-------------ის თავზე, სახურავის ქვეშ მდებარე 165, 69 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ---–---–--–----ის, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება. მითითებული კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობა ადასტურებს, რომ გ---–---–--–----ე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდა მითითებულ სხვენში შპს „E--“-ის აზომვით ნახაზე ასახულ 165, 69 კვ.მ. ფართის სათავსოს.

 

2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით #8--------------(15.10.2015) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, შეჩერდა გ---–---–--–----ის განცხადების, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისში, ღ---------------------------------------–-------------ის თავზე მდებარე სხვენზე ფართით 165. 69 კვ.მ. შეჩერების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ვერ დასტურდება ამხანაგობის წევრისთვის (გამცხადებლისთვის) მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ) საკუთრებაში არსებობის ფაქტი და დაინტერესებულ პირს დაევალა წარედგინა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, სადაც ამხანაგობის ყველა წევრი გამოთქვამს თანხმობას გ---–---–--–----ემ დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება სხვენზე, ფართით 165.69კვმ; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2.4. ამხანაგობა „ს-------"-ის 2015 წლის 02 ოქტომბრის კრების ოქმი #1-ის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, კრებას ესწრებოდა 100%, კრებას თავმჯდომარეობდა დ--–------------–---–ი, დღის წესრიგი: ქ. თბილისი, ღ--------------------------------------–-------------ის თავზე, სახურავის ქვეშ მდებარე 165, 69 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ---–---–--–----ის, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება. კრების ოქმში განიმარტა იმის შესახებ, რომ ბმა „ს-------“ რეგისტრირებულია 06/07/2004 წ. და რომ გ---–---–--–----ე და გ------- თ-------ე 2004 წლიდან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის, ფლობდნენ და პატრონობდნენ სხვენში, ნახაზებში მითითებულ ფართებს.

 

2.5. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (26/10/2015 წლის მონაცემებით), ქალაქი თბილისი, ქუჩა ღოღობერიძე #10ა შენობა-ნაგებობის სხვენი 165,69 კვმ, საკადასტრო კოდით 0------------------------, 26/10/2015 წლიდან რეგისტრირებულია, როგორც გ---–---–--–----ის საკუთრება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბინათესაუთრეთა ამხანაგობა „ს-------“-ის რების ოქმი #1 რეესტრის #1--------, დამოწმების თარიღი 20/10/ 2015წ ნოტარიუსი ნ. სალაძე.

 

2.6. ამხანაგობა „ს--------ის 2015 წლის 08 ოქტომბრის კრების ოქმი #2-ის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, კრებას ესწრებოდა 2/3-ზე მეტი, 11 წევრი, კრებას თავმჯდომარეობდა დ--–------------–---–ი, დღის წესრიგი: ქ. თბილისი, ღ----------------------, მე-6 სართულის, სახურავის ქვეშ მდებარე 172,92 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ------- თ-------ის, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება. კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობა ადასტურებს, რომ გ------- თ-------ე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდა მითითებულ სხვენში შპს „ო-----------–---ის“ -ის აზომვით ნახაზზე ასახულ 172,92 კვმ ფართის სათავსოს.

 

2.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით #8--------------(15.10.2015) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, შეჩერდა გ------- თ-------ის განცხადების, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ქ. თბილისში, ღ-----------------------, მე-6 სართულზე, ბინა 12-ის თავზე მდებარე სხვენზე ფართით 172, 92 კვმ რეგისტრაცია. შეჩერების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ვერ დასტურდება ამხანაგობის წევრისთვის გამცხადებლისთვის) მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ) საკუთრებაში არსებობს ფაქტი 2007 წლამდე. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს დაევალა წარედგინა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომელშიც გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამხანაგობის წევრთა 100%-ის მიერ უძრავი ნივთის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

 

2.8. ამხანაგობა „ს-------"-ის 2015 წლის 02 ოქტომბრის კრების ოქმი #2-ის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 100%, კრებას თავმჯდომარეობდა დ--–------------–---–ი, დღის წესრიგი: ქ. თბილისი, ღ---------------------, ე-6 სართულის, სახურავის ქვეშ მდებარე 172,92 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ------- თ-------ის, ინდივიდუალურ საუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება. მითითებული კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობა ადასტურებს, რომ გ------- თ-------ე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდა მითითებულ სხვენში შპს „ო-----------–---ის“ - ის აზომვით ნახაზზე ასახულ 172,92 კვმ ფართის სათავსოს. ამხანაგობა თანახმაა, რომ გ------- თ-------ემ აღნიშნულ უძრავ ნივთზე დაირეგისტრიროს საკუთრება თანდართული ნახაზების მიხედვით.

 

2.9. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (26/10/2015 წლის მონაცემებით) ქალაქი თბილისი, ქუჩა ღ--------------------, შენობა-ნაგებობის სხვენი 172,92 კვმ, საკადასტრო კოდით #0------------------------, 26/10/2015 წლიდან რეგისტრირებულია, როგორც გ------- თ-------ის საკუთრება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-------“-ის რების ოქმი #1 რეესტრის #1--------, დამოწმების თარიღი 20/10/2015წ ნოტარიუსი ნ. სალძე.

 

2.10. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა„ ს-------“ ამხანაგობის წევრთა 2016 წლის 15 ივლისის კრების ოქმის მიხედვით, დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი (4) იყო 2015 წლის 02 ოქტომბერს ჩატარებული კრებები და კრების ოქმების #1 და #2 შინაარსის სინამდვილის დადასტურება. ამხანაგობის წევრების ნაწილმა: ნ-----------–-–---–მა, დ--–------------–---–მა, ლ------------ემ, ნ-------------ემ, გ---–------------ემ, დაადასტურეს, რომ 2015 წლის 02 ოქტომბრის კრების ოქმებზე არის მათი ხელმოწერა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით აღიარებითი სარჩელი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მოსარჩელის და მოპასუხეების განმარტებით, ასევე, ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა რწმენა იმისა, რომ მოსარჩელეს, გასაჩივრებული კრების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ, მოთხოვნის მიმართ არ აქვს იურიდიული ინტერესი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია დადგინდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს გასაჩივრებული კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული ნამდვილი იურიდიული ინტერესი. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შესაბამისად აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუსგ-ები # ას-17-14-2015. 01.07.2015წ; #ას-375-359-2016, 17.06.206წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ; #ას-569-540-2015, 01.07.2016). საქმე №ას-595-554-2017, 15 .12. 2017 წელი). იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია, მისი ობიექტური მხარეც. იურიდიული ინტერესების მიღწევადობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, თუ სამართლებრივად რამდენად დაცულია შედეგები, რომელთა დადგომაც სურს მოსარჩელეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას.

 

აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს იურიდიული ინტერესი განსახილველი დავისა და მისაღწევი სამართლებრივი შედეგისადმი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე – სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მისი იურიდიული ინტერესია, სასამართლოს მიერ ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-------“-ის 2015 წლის 02 ოქტომბრის #1 და #2 კრების ოქმები იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მითითებული კრების ოქმებით დადასტურდა ქ. თბილისი, ღ---------------------, მე-6 სართულზე, ბინა 11-ის თავზე, სახურავის ქვეშ მდებარე 165, 69 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ---–---–--–----ის, ინდივიდუალურ საუთრებაში არსებობის ფაქტი და მე-6 სართულის, სახურავის ქვეშ მდებარე 172,92 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ------- თ-------ის, ინდივიდუალურ საუთრებაში არსებობის ფაქტი. მოსარჩელის მოსაზრებით, კრების მიერ დადგენილ იქნა, რომ ამხანაგობის წევრები კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდნენ სადაო ოქმის დანართად წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად მონიშნულ და ინდივიდუალიზებულ ფართებს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მოპასუხეებს სადავო ოქმებში მითითებული ფართი კანონის ამოქმედებამდე არასდროს ჰქონიათ.

 

საქართველოს უზენაეს სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში(სსუგ, საქმე №ას-1509-1429-2017, 02 მარტი,2018 წელი) მიუთითა შემდეგზე: „გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა ეფუძნება დასკვნას, რომ სადავო კრების ოქმი მიღებული იყო კანონის დარღვევით და შემძენს სადავო ოქმის საფუძველზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობით არ გადასცემია სადავო ფართი საკუთრებაში, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო მოთხოვნა სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა სარჩელის დასაბუთებულობაზე, პირველყოვლისა, უნდა ემსჯელა მის იურდიულ დასაშვებობაზე მოსარჩელის მიმართ მართლზომერი იურიდიული ინტერესის არსებობაზე [სსსკ-ის 180-ე მუხლი].“ აღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით სასამართლომ ვერ იმსჯელა სარჩელის დასაბუთებულობაზე. მაგრამ იმ შეთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნედა, რომ: გასაჩივრებული კრების ოქმების მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გამომდინარეობდეს„ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველო კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან, რომლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ან

- ამხანაგობამ არასწორად მიუსადაგა მიღებულ გადაწყვეტილებებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველო კანონის მე-10 1 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ქცევის წესი, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით, ან - გასაჩივრებული კრების ოქმები რამდენად შეესაბამება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება და მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო ჩათვლის, რომ სადავო საერთო კრების ოქმები გასაბათილებელია, წინამდებარე სარჩელი კრების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ, მაინც არ უნდა დაკმაყოფილდეს, სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არ ქონის გამო, კერძოდ: სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი არ არის ნამდვილი, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული ოქმების მხოლოდ ბათილად აღიარება არ ემსახურება მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას და მოსარჩელისთვის ვერ იქნება სასურველი შედეგის მომტანი. ანუ, ეწინააღმდეგება იურიდიული ინტერესის არსს აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, მაშინ როცა წინამდებარე კრების ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, მოსარჩელისთვის სადავო სხვენში ფართის გადაცემა-არგადაცემის საკითხი უნდა გადაწყდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ დღეისათვის მოქმედი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელმაც ეს უფლება მიანიჭა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, არის მისი დისკრეცია და რომლის ნებაზეც არის დამოკიდებული მოსარჩელისადმი სადავო სხვენის მიკუთვნების საკითხი. მოსარჩელე მხარის ინტერესის დაკმაყოფილება მთლიანად დამოკიდებულია ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილებაზე. გასაჩივრებული კრების ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი ახალი კრების მოწვევა არ წარმოადგენს გარანტიას მოსარჩელისათვის, რომ კრებაზე მისთვის სასურველი შედეგი მიიღწევა და მას სადავო სხვენში ფართის მისთვის გადაცემაზე კრება დათანხმდება. ამდენად, ქონებრივი (იურიდიული) ინტერესის უპირობო დაკმაყოფილება, ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაძლებელი არაა. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის მიმართ დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი, რადგან მისი უფლებრივ-ქონებრივი მდგომაროება არ შეიცვლება და თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის.

 

ყოველივე ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილ უნდა იქნეს მისი მოთხოვნის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არქონის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, აპელანტი მიუთითებს, რომ არც 2015 წლის 8 ოქტომბრის და არც 2015 წლის 2 ოქტომბერს ამხანაგობაში კრება არ ჩატარებულა, გ---–---–--–----ემ და გ------- თ-------ის მეუღლემ - ლ---- თ-------ემ ამხანაგობის წევრებს მ--------------–---–ს, გ---–----------------ს, მ--------------–---–ს, რომელიც სხვა მისამართზე ცხოვრობს, და ლ------------ეს სთხოვეს სხვენით დროებით სარგებლობის უფლება 2015 წლის 2 ოქტომბერს, იმ მოტივით რომ რემონტის შედეგად მორჩენილ მასალებს შეინახავდა გ------- თ-------ე სხვენში, ხოლო გ---–---–--–----ის მოტივი კი იყო ის, რომ ის სუნის ასარიდებელ საშუალებას დაამონტაჟებდა. ნ-------------ე და ნ-----------–-–---–ი ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფებოდნენ, ნ-------------ე 15 წელია წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ, ხოლო ნ-----------–-–---–ი იმყოფებოდა გერმანიაში სადავო პერიოდში (2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აპრილამდე). მოპასუხე ამხანაგობის თავჯდომარემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში ის მტკიცებულება, რომ მან 2015 წლის 8 ოქტომბერსა და 2015 წლის 2 ოქტომბერს ამხანაგობაში მოიწვია კრება, იმ დღის წესრიგით ჩაატარა კრება და იმ დღის წესრიგის მიმართ ამხანაგობის წევრებმა გამოხატეს ნება, რომ გ---–---–--–----ეს და გ------- თ-------ეს საკუთრებაში გადაეცემოდათ ამხანაგობის საერთო ქონება.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ კანონის თანახმად, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება არ არის გდაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ ამხანაგობის თავჯდომარე ხელმეორედ იწვევს კრებას იმავე დღის წესრიგით. ეს კრება გდაწყვეტილებაუნარიანია მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, რომლის შესახებაც უნდა აღინიშნოს კრების ოქმში. ამ კანონიდან გამომდინარე, თუ პირველი კრება ამხანაგობაში ჩატარდა 2015 წლის 8 ოქტომბერს და იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, წესით აღარ უნდა ყოფილიყო საჭირო მეორე კრება, სადაც ვითომ 100%–ის დასწრებაც იყო და ხმაც მისცეს საკითხის გადაწყვეტას. აპელანტის შეფასებით, სწორედ ამითაც დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ---–---–--–----ე ზეპირად ავსებდა კრების ოქმებს ყოველგვარი კრების ჩატარების გარეშე, რაც იმას ადასტურებს ერთხელ კიდევ, რომ სასამართლომ არანაირ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო შეფასება.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, ჯერ კიდევ 2008 წელს უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც მშენებარე ნაგებობები, რადგანაც მშენებლობა სრულად არ იყო დასრულებული სახით. ამას ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერი გ---–---–--–----ის სახელზე 2007 წლის - ბინა N1-ზე და 2008 წლის ამონაწერიN- ბინა N11-ზე, რომელიც საქმეში დევს და ადასტურებს იმას, რომ გულო ჟიჟავაძეს ბინები 2007 და 2008 წლებში ჰქონდა დაუსრულებელი სახით მშენებარე პროცესში, ისე როგორც სხვებს. 2008 წლის 23 ივლისს ამხანაგობაში ჩატარდა კრება N3 და ამხანაგობის წევრებმა მოითხოვეს ყველა იმ ფართის საკუთრებაში გადაცემა, რასაც ამხანაგობის თვითეული წევრი ფლობდა და რითაც სარგებლობდა, მათ შორის სადარბაზოების ფართებისაც კი, ამხანაგობის წევრების ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2008 წლის 23 ივლისის N3 კრების ოქმი უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ რა ფართები ქონდათ ინდივიდუალურ ფლობასა და სარგებლობაში ამხანაგობის თითოეულ წევრს. აღნიშნულ ოქმში არ არის მითითებული, რომ მოპასუხეებს სარგებლობასა და ფლობაში ქონდათ სხვენები, მეტიც - ასე რომ ყოფილიყო, ისინი აუცილებლად მოითხოვდნენ სხვენების მათ საკუთრებაში გადაცემას, რაზედაც იმსჯელებდნენ ამხანაგობის წევრები კრებაზე და მიიღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას. აღნიშნულ მტკიცებულებას სასამართლომ შეგნებულად და წინასწარ განზრახვით აუარა გვერდი და არ მისცა სათანადო შეფასება. სადაო ფართის შიდა აზომვითი ნახაზებით, რომელიც გამოთხოვილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან და რომელიც დაერთო საქმეს, უტყუარად ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ არც ფლობის და არც სარგებლობის ფაქტი არანაირად დასტურდება, რასაც ასევე არ მიაქცია ყურადღება სასამართლომ და არ მისცა სათანადო შეფასება.

 

3.4. აპელანტი შენიშნავს, რომ მოპასუხეებმა სარჩელი შესაგებლით არ ცნეს, მაგრამ საპაექრო სიტყვის ეტაპისათვის, მოპასუხეების წარმომადგენელმა სასამართლოსაგან მოითხოვა, ნაწილობრივ დაკმაყოფილოებულიყო ა---------– მ----–--------ის მოთხოვნა, კერძოდ მხოლოდ ა---------– მ----–--------ის ნაწილში გაებათილებინა სასამართლოს სადაო კრების ოქმები, რადგან ა---------– მ----–--------ე კრებაზე არ იმყოფებოდა და არც ნება არ გამოუხატავს და დანარჩენების ნაწილში არ დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა და მოპასუხეების წარმომადგენელი თანახმა იყო 29.5 კვ. მეტრი სხვენის ფართი გადაცემოდა ა---------– მ----–--------ეს საკუთრებაში, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული ცნობად არ მიიჩნია და მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მოპასუხეები შესაგებლით ცდილობდნენ დაედასტურებინათ სასამართლოსათვის, რომ ისინი 2007 წლმდე ფლობდნენ თითქოს სადაო ფართებს და მათ ყოფნიდათ 2/3 ხმა, რითაც ვითომ ამხანაგობის წევრები უდასტურებდნენ მოპასუხეებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტს. მოპასუხე გ---–---–--–----ე თვითონვე უტყუარად ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ ადასტურებს იმას, რომ ამხანაგობის წევრებს კრების მოწვევის გარეშე სთხოვა დროებით ესარგებლა ამხანაგობის საერთო ქონებით - სხვენით, მოპასუხე 2016 წლის 4 მარტის წერილის პასუხით სთხოვს ა---------– მ----–--------ეს, რომ 2015 წლის 2 ოქტომბრის კრების ოქმით სარგებლობაში გადასცეს 2/3 ხმით. 2015 წლის 2 ოქტომბრის N1 და N2 კრების ოქმში კი დაფიქსირებულია 100%, ხოლო მოპასუხე2015 წლის 8 ოქტომბრის 2/3 ხმით კრების ოქმს საერთოდ არ ახსენებს. ასეთი მტკიცებულების შეფასებას სასამართლომ გვერდი აუარა მთლიანად და არ მიაქცია ყურადღებაა. სასამართლომ თავისი ინიციატივით შეარჩია პროცესზე დასაკითხი ორი პირი - მ-----–----------ე და ვ---------------–---–ი, ვისგანაც სურდა იმ ჩვენების მიღება და იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომ მოპასუხეები ფლობდნენ სადაო ფართებს კანონის შემოღებამდე და 2/3 ხმაც მათთვის იყო საკმარისი. აღსანიშნავია, რომ არც ერთმა მისმა მოწვეულმა მოწმემ არ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სურდა მოპასუხეებს და მათი ინტერესების გამტარ სასამართლოს, რის გამოც სასამართლო საერთოდ არ ახსენებს გადაწყვეტილებაში მოწმეების მიცემულ ჩვენებებს, თითქოს სასამართლოზე მოწმეები არც ყოფილან მოწვეულნი და დაკითხულნი.

 

3.5. აპელანტი მიუთითებს, რომ ,, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის 27–ე მუხლის განმარტებით: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თავჯუდომარე არ არის, ან თუ იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კრება მოიწვევა დაუყოვნებლივ. კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით. კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტს. ამავე კანონის მე–5 მუხლის მე–4 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებას წარმოადგენს: მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შანტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები, და ა.შ., რომლებიც არ იმყოფებიან ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე კანონის 28–ე მუხლის მე–6 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრე უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, თუ: ა) არის ინტერესთა კონფლიქტი; ბ) საკითხი ეხება მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელო განცხადებას. ყველა საკითხის გადაწყვეტილების მიღება ხდება ამხანაგობის კრებაზე.

 

აპელანტი უთითებს, რომ ვერც 2015 წლის 8 ოქტომბრის და ვერც 2015 წლის 2 ოქტომბრის კრების მოწვევის, ჩატარების და დღის წესრიგის საკითხებზე ფაქტები ვერ დაადასტურეს მოპასუხეებმა, ამასთან, ვერც იმის ახსნა–განმარტება მოისმინა სასამართლომ, თუ რამ შეუშალა ხელი ამხანაგობის თავჯდომარეს ამხანაგობის კრება მოეწვია კანონით დადგენილი წესით, რაც ადასტურებს იმას, რომ უხეშად დაირღვა კანონის ეს მოთხოვნა. მოპასუხე ამხანაგობის თავჯდომარემ - გ---–---–--–----ემ სასამართლოს ვერ განუმარტა, რატომ არ ხელმძღვანელობდა ის ამხანაგობის კრებას, თუ ჩატარდა და რატომ არ აისახა კრების ოქმში მიზეზი, იმსჯელა თუ არა კრებამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ ირჩევდა კრების თავჯდომარედ სხვა წევრს. 2015 წლის 8 ოქტომბრის ამხანაგობის შიდა კრების ოქმი საერთოდ არ არსებობს, ხოლო 2015 წლის 2 ოქტომბრის ამხანაგობის შიდა კრების ოქმით კრებას თავჯდომარეობდა ორი წევრი, ერთი თვითონ გ------- თ-------ე, რომელიც კრების შიდა ოქმს ხელს აწერს, ხოლო მეორე - დ--–------------–---–ი, რომელიც კრების შიდა ოქმს ხელს არ აწერს, ხოლო დ--–------------–---–ის გვარი დაწერილია მოპასუხე გ---–---–--–----ის მიერ კრების თავჯდომარის - გ------- თ-------ის ზემოდან ხელმოწერის გარეშე. 2015 წლის 2 ოქტომბრის ამხანაგობის კრების ოქმს, რომელიც დადასტურებულია სანოტარო წესით, ხელს აწერს დ--–------------–---–ი, რომლის განმარტებით, კრების ოქმი შეავსო მოპასუხე გულო ჟვჟავაძემ, რომელიც დ--–------------–---–ს არ წაუკითხია და გ---–---–--–----ის გადაცემით, ოქმის შინაარსი იყო ის, რომ ამხანაგობის ზოგიერთი წევრი (მათ შორის თვითონაც) დაეთანხმა მოპასუხეებს კრების ჩატარების გარეშე, რომ სხვენებით ესარგებლათ დროებით, რაც შეეხება კრების მდივანს - გ---–----------------ს, ვ---------------------ესთან გამართულ სასამართლო პროცესზე წარდგენილი იქნა სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა–განმარტება, სადაც ის ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არც ერთი კრება არ ჩატარებულა და არც ასეთი ნება გამოუხატავს, რომ საერთო ქონება მოპასუხეებს საკუთრებაში გადაცემოდათ და არც ოქმზე არსებული ხელმოწერა დაადასტურა. თავისი ხელმოწერა კრების ოქმზე ასევე არ დაადასტურა ამხანაგობის წევრმა ნ-----------–-–---–მა და მან სასამართლოს განუმარტა, რომ ის ამ დროისათვის იმყოფებოდა გერმანიაში და ფაქტობრივად მან არც კრების მოწვევის და დღის წესრიგის შესახებ იცოდა არაფერი და არც ხელისმოწერა ეკუთვნის მას, ამის დასტურად ნ-----------–-–---–მა წარმოადგინა საქართველოს პასპორტით, სადაც აღნიშნული იყო, რომ კრების ჩატარების დროისათვის იმყოფებოდა შვილთან ერთად გერმანიაში. აპელანტი მიუთითებს იმასაც, რომ ამხანაგობის წევრი - ნ-------------ე იმყოფება საზღვარგარეთ და დავის შესახებ არაფერი იცის. ამხანაგობის წევრის - მ--------------–---–ის განმარტებით, მან ცარიელ ფურცელზე მოუწერა ხელი გ------- თ-------ის მეუღლეს - ლ---- თ-------ეს იმასთან დაკავშირებით, რომ დროებით დაელაგებინა სხვენში რემონტის შედეგად მორჩენილი მასალები. მ--------------–---–ის განმარტებით, რომელიც ძალიან მოხუცებული და ავადმყოფია და ცხოვრობს ქალიშვილთან სხვა მისამართზე, გ---–---–--–----ე ჩავიდა მასთან სახლში და სთხოვა მოეწერა ხელი ფურცელზე, რათა მას სურდა სუნის ასარიდებელი მოწყობილობის გაკეთება, რადგან მას აწუხებდა დაბლა მეზობლების გაკეთებული საჭმელების სუნები, რაზედაც მ--------------–---–ი დაეთანხმა.

 

აპელანტის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ამხანაგობაში სულ 12 წევრია, აქედან 4 ხმა ეკუთვნის მოპასუხეებს, ამხანაგობის ერთი წევრი ნ-------------ე ათეული წელია იმყოფება საზღვარგარეთ სამუშაოდ და მისი საკონტაქტო საშუალება ამხანაგობის არცერთმა წევრმა არ იცის, უდაოდ ადასტურებს იმას, რომ 2015 წლის 2 ოქტომბერს ბმა ,,ს-------"–ში კრება არ ჩატარებული არც დადგენილი და არც დაუდგენელი წესით. ამხანაგობის არცერთ წევრს ნება არასდროს არ გამოუხატავთ და მათთვის აღნიშნული საკითხის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, როცა მოპასუხეების წარმომადგენელმა - მ-----–---–---–--ლმა გადაწყვიტა კრება მოწვეულიყო და ეცნობებინა ამხანაგობის წევრებისათვის, რომ ამხანაგობის წევრ ა---------– მ----–--------ეს სარჩელი ქონდა შეტანილი სასამართლოში. როცა ამხანაგობის წევრებმა იმის შესახებ გაიგეს, რომ მოპასუხეებს სხვენები საკუთრებაში ქონდათ დარეგისტრირებული მათი თანხმობისა და ნებართვის გარეშე, მათ მოპასუხეებს მოსთხოვეს ნებაყოფლობით გაეუქმებინათ მათ მიერ გაყალბებული კრების ოქმები და სხვენის ფართები გადასცემოდათ საკუთრებაში, სხვა შემთხვევაში ისინი თავიანთი დარღვეული უფლებების აღდგენისა და წართმეული ქონების დასაბრუნებლად მიმართავდნენ სასამართლოს, რაც სისრულეში მოიყვანეს კიდეც.

 

3.6. აპელანტის შეფასებით, სარჩელზე დართული ყველა მტკიცებულება ადასტურებდა იმას, რომ სარჩელი არის საფუძვლიანი, მოთხოვნა კანონიერი და დადასტურებული. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მტკიცებულებას, კერძოდ: 1. ა---------– მ----–--------ის 2016 წლის 24 თებერვლის განცხადებაზე მოპასუხე გ---–---–--–----ის მიერ 2016 წლის 4 მარტის წერილით გაცემულ პასუხს, სადაც მოპასუხე გ---–---–--–----ე ადასტურებს, რომ 2015 წლის 2 ოქტომბერს მათ ამხანაგობის წევრთა 2/3 დაეთანხმა დროებით სარგებლობას სხვენებისას. ამით დასტურდება, რომ სადაოდ ქცეული კრების ოქმებში ასახული დღის წესრიგის შინარსი და ამხანაგობის წევრთა ნება ერთმანეთს არ შეესაბამება; ამავე დროს ადასტურებს იმას, რომ 2015 წლის 2 ოქტომბრის N1 და N2 100%–იანი კრების ოქმები, რომლებიც გახდა საფუძველი იმისა, რომ მოპასუხეებზე სადაო ფართები დარეგისტრირებულიყო საკუთრების უფლებით, გაყალბებულია; 2. სასამართლომ შეფასება არ მისცა საჯარო რეესტრის ამონაწერებს, რომლებითაც დასტურდება, რომ 2007 წელს მოპასუხე გ---–---–--–----ემ N1 ბინა დაირეგისტრირა, როგორც მშენებარე ნაგებობა და კიდევ უფრო მეტი 2008 წელს N11 ბინა ასევე დაირეგისტრირა, როგორც მშენებარე ნაგებობა. ამით დასტურდება ის, რომ შენობაში, რომელსაც დასრულებული სახე არ ჰქონდა, გ---–---–--–----ე და გ------- თ-------ე სხვენებით ვერ ისარგებლებდნენ; 3. სასამართლომ შეფასება არ მისცა ამხანაგობის 2008 წლის 23 ივლისის N3 კრების ოქმს, საიდანაც დასტურდება, რომ 2008 წლის 23 ივლისის კრებაზე ამხანაგობის წევრებს საკუთრებაში გადაეცათ ის საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები, რასაც ფლობდნენ და რითაც სარგებლობდნენ. შესაფასებელია ის გარემოება, რომ, თუ მოპასუხეები ფლობდნენ და სარგებლობდნენ სხვენებით, რატომ არ მოითხოვეს 2008 წლის 23 ივლისის კრებაზე ამ ფართების საკუთრებაში მიღება; 4. სასამართლომ შეფასება არ მისცა სადაო ფართების შიდა აზომვით ნახაზებს, საიდანაც არანაირად არ დასტურდება მოპასუხეების მიერ არც სარგებლობის და არც ფლობის ფაქტი; 5. სასამართლომ შეფასება არ მისცა ამხანაგობის კრების 2016 წლის 15 ივლისის კრების ოქმს, სადაც ამხანაგობის ყველა წევრი ადასტურებდა იმას, რომ სადაო ოქმები იყო გაყალბებული ამხანაგობის თავჯდომარის მიერ და ისინი მოითხოვდნენ თავიანთი წილი სხვენის ფართების საკუთრებაში გადაცემას; 6. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ საქმეზე არ დაერთო მოპასუხის წარმომადგენლის მიერ ისეთი მტკიცებულებები, რომლებსაც დავის საგანთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნდა, ხოლო შემდეგ ის შუამდგომლობა, რომ საქმიდან ამოეღო და დაებრუნებინა ის მტკიცებულებები, რომლებსაც არ ქონდა საქმესთან არანაირი შემხებლობა,3.7. აპელანტი შენიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი დაფუძნებულია იმაზე, რომ მხარეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი. აპელანტი მიუთითებს, რომ სარჩელში დეტალურად ჰქონდა ახსნილი, თუ რაში მდგომარეობდა მისი იურიდიული ინტერესი, რომ ბათილად ცნოს სასამართლომ სადაოდ ქცეული ამხანაგობის კრების ოქმები და მან თავისი წილი სამეურნეო ფართი მიიღოს საკუთრებაში. აპელანტის შეფასებით, თუ სასამართლო სარჩელში ვერ ხედავდა მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს, აღნიშნულის გამო შეეძლო სარცელი არ მიეღო წარმოებაში და არა არსებითად ეთქვა უარი ამ საფუძვლით მის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, აპელანტი თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, მიკერძოებული და არაობიექტური, რისთვისაც ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა გააუქმოს სრული მოცულობით და საქმეზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რითაც სრულად დაკმაყოფილდება ა---------– მ----–--------ის სარჩელი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების ურთიერთმიმართება არ იკვეთება, არასაკმარისად არის განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლი და მისი გამოყენების წინაპირობები. ეს გარემოება კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ ა---------– მ----–--------ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ბმა ,,ს-------“-ის 2015 წლის 2 ოქტომბრის N1 და N2 კრების ოქმების ბათილად ცნობა. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნის მიმართ იურიდიულ ინტერესად მოსარჩელე უთითებს მასზე, რომ სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის შედეგად იგი დაირეგისტრირებს სხვენის მის კუთვნილ წილზე საკუთრების უფლებას.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი სწორედ აღიარებითი სარჩელის მიმართ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი დასაბუთებულია მხოლოდ მაშინ, თუ მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნით იქნება მოსარჩელის სასურველი სამართლებრივი ინტერესი მიღწეული. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება. თუმცა, მიკუთვნებითი მოთხოვნის არსებობის პირობებში აღიარებითი სარჩელის დაუშვებლობის განმაპირობებელი ძირითადი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ სასარჩელო მოთხოვნა საბოლოო შედეგისაკენ უნდა იყოს მიმართული და არა სამომავლო სასარჩელო წარმოებისათვის საფუძვლის შექმნისაკენ, რაც, სამომავლოდ შეიძლება გაიმართოს ან არა, ანუ მხარემ სამომავლოდ მიკუთვნების მოთხოვნა შეიძლება შეინარჩუნოს ან არა, რამაც შედეგობრივად შეიძლება იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენოს, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს ისეთი აღიარებითი მოთხოვნა, რომლის განხორციელების (მიკუთვნების) ინტერესი მხარეს აღარ ჰქონდეს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. როგორც დიდმა პალატამ ამ ნორმის განმარტებისას, დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება, საქმეზე Nას-121-117-2016). ერთ-ერთ საქმეზე კი, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინება, საქმეზე Nას-937-887-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესის დასაბუთების მიზნებისათვის, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს სადავო კრების ოქმების ბათილობაზე. პალატა შენიშნავს, რომ ამხანაგობის კრება რომც ყოფილიყო არაუფლებამოსილი დღის წესრიგში მითითებული საკითხის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, მისი ბათილად ცნობის შემთხვევაში იმ შედეგის მიღწევა, რაც იურიდიულ ინეტრესად აქვს მითითებული მოსარჩელეს, წინამდებარე სახით ფორმულირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, - შეუძლებელია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებისა და ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებულ მოთხოვნასთან მიმართებით გამოკვლევის გარეშე, ბუნდოვანია, სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების შემთხვევაში, უშუალოდ მოსარჩელის რა უფლება იქნება დაცული და რა დადებითი იურიდიული შედეგი დადგება მის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დასაზუსტებელია და არ არის აღძრული მიკუთვნებითი სარჩელი აღიარებით სარჩელთან ერთად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოკვლეული ფაქობრივი გარემოებებით რთულდება იმის დადგენა, თუ რისი მიღების უფლება აქვთ მხარეებს, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულ დასაბუთებას მოკლებულია.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ ნებისმიერ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას, მათ შორის სამართლებრივი რეგულაციის თვალსაზრისით, ახასიათებს საფუძველი, შინაარსი და შედეგი. იმისათვის, რომ სამართლებრივად დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, უნდა დასტურდებოდეს სამივე კომპონენტის არსებობა და შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. მოცემულ შემთხვევაში, იმისთვის, რომ გამოკვლეულ იქნეს, არის თუ არა სახეზე სამივე კომპონენტი, უნდა დაზუსტდეს სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად, რომ თვალსაჩინო იყოს მოსარჩელის (აპელანტის) რეალური იურიდიული ინტერესის არსებობის ფაქტი და ის შედეგი, რისი მიღწევაც სურს მას წარმოდგენილი სარჩელით. პალატის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოდგენილი სახით არის არასაკმარისად დასაბუთებული და დასაზუსტებელი მოთხოვნის არსებობის პირობებში მასში მოხმობილი მსჯელობა სამართლებრივ ნორმებთან დაკავშირებით შეუსაბამობაშია მის მიერვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა დააზუსტებინოს მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად, რომ თვალსაჩინო გახდეს მის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ კი უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად, აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მეორე ნაწილის ნორმატიული შინაარსის თაობაზე, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მისი გამოყენების წინაპირობების კვლევა და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე.

 

ამდენად, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაზუსტდეს ა---------– მ----–--------ის სასარჩელო მოთხოვნა და მისი საფუძვლიანობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს არსებითად ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების გზით, იმ ჭრილში, რომ მოხდეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით გათვალისწინებული ნორმატიული შინაარსის წინაპირობების კვლევა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს დავა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ა---------– მ----–--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------– მ-----–-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

 

ირაკლი ბონდარენკო