განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2019
საქმის ნომერი
330100119002963010
ინსტანცია
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002963010, №1/ბ-1229-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გამართლებული - გ-------- ა-------ის ძე ს---------ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, რ------------------–-ის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რ-----------–------------------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასჯელი:

 

გ-------- ს---------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- ქ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ-------- ს---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, არ უნდა შეფასდეს იმგვარად, რომ გ-------- ს---------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

▪ საქმეზე უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული 2019 წლის 13 მარტის შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მ------ ს---------მა სწორედ მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო მოითხოვა მისი ძმის მიმართ დამცავი ღონისძიებების გამოყენება. ასევე უდავოდ ცნობილი, მოწმე ო-–-- გ-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 13 მარტს, გ-------- ს---------ი ვლადიკავკაზიდან დაუკავშირდა მის დას მ------ ს---------ს, რომელსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით;

▪ საქმეზე შეკრებილია არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ-------- ს---------ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი);

 

დაცვის მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ-------- ს---------ს ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 13 მარტს, დილის საათებში, მ------ ს---------ი იმყოფებოდა ქ------–--–--------------------------------–---------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მობილურ ტელეფონზე დაურეკა თავისმა ძმამ - გ-------- ს---------მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ------ ს---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით გ-------- ს---------ის ბრალეულობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით, გ-------- ს---------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლეოდა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი ყოფილიყო ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, მათ შორის, კონვენცია მოუწოდებს მხარეებს მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაზარალებული - მ------ ს---------ი არის გ-------- ს---------ის და, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, გ-------- ს---------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა მ------ ს---------ის გამოკითხვის ოქმისა, სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა მ------ ს---------მა, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის - ძმის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.

 

ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაჩენში აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (ვრცლად იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა არათუ შეცვალა, არამედ ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, რაც უპირობოდ არ გულისხმობს გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის გამორიცხვას და დაუდასტურებლობას. როგორც აღინიშნა, მოწმის მიერ ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არ გამორიცხავს დანაშაულის არსებობას. შესაბამისად, პალატამ უნდა შეაფასოს, თუნდაც უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით რამდენად წარმოადგენს საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მუქარა, ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია სუბიექტის ქმედებამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

თავდაპირველად უნდა გაიმიჯნოს, თუ რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ უნდა შეფასდეს, გამოყენებული იყოს თუ არა ეს მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. შესაძლებელია, რომ მხოლოდ ჩვენების ნაწილი ეხებოდეს გარემოებას (რასაც მოცემულ შემთხვევაშიც აქვს ადგილი), რომელიც სხვა პირისგან გახდა ცნობილი.

 

ს--–-- ს---------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მარტს, იმ დროს, როდესაც და-ძმა - გ-------- და მ------ ს---------ები ერთმანეთს შეხვდნენ, გ--------ის მხრიდან მ------ს მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია, ხოლო სხვა დროს გ-------- ს---------ის მხრიდან დის - მ------ ს---------ის მიმართ ჰქონდა თუ არა რაიმე სახის შეურაცხყოფას ან მუქარას ადგილი, არ იცის. მოწმე მ----- გ---–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით კი ის არ ფლობს რაიმე ინფორმაციას გ-------- ს---------ის მხრიდან მ------ ს---------ის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით. ერთადერთი მოწმე, რომელიც შეესწრო 2019 წლის 13 მარტის საღამოს განვითარებულ მოვლენებს, არის ო-–-- გ-----------ი. მოწმის ჩვენებით, საღამოს, იგი მ------ ს---------თან ერთად მივიდა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ ამ უკანასკნელის ძმა გ-------- ს---------ი, რომელიც იყო აგრესიული და მას მოსთხოვა მათი სახლიდან წასვლა, ხოლო მის დას - მ------ ს---------ს თითქმის ყვირილით უთხრა, რომ შესულიყო სახლში და მოგვიანებით დაელაპარაკებოდა. ო-–-- გ-----------ის თქმით: „გ--------ი იმდენად აგრესიული იყო, მე შემეშინდა, მოვკიდე ხელი მ------ ს---------ს და წავიყვანე ჩემთან სახლში“. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე გ-------- ს---------ს ბრალს დებს 2019 წლის 13 მარტს, დილის საათებში, სატელეფონო საუბრისას განხორციელებულ მუქარაში და არა საღამოს ეპიზოდში. რაც შეეხება ვლადიკავკაზიდან დარეკვისა და მუქარის ნაწილში მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ვერ დაადგინა ო-–-- გ-----------ი იყო სატელეფონო საუბრის შემსწრე პირი თუ მუქარის ფაქტი იცოდა მ------ ს---------ისგან. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიჩნეული პირდაპირ და საკმარის მტკიცებულებად გ-------- ს---------ის ბრალის დასადასტურებლად.

 

რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას 2019 წლის 13 მარტის შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის გაუზიარებლობის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან როგორც სხვა, ისე აღნიშნული მტკიცებულებები მხარეთა მიერ მიღებული იქნა პრეიუდიციად, რაც გულისხმობს აღნიშნულ მტკიცებულებებში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე შეთანხმებას. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატას აღნიშნული მტკიცებულებები არ მიაჩნია საკმარისად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან არ ასახავს სრულყოფილ ინფორმაციას მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით და არ დგინდება თუ როდის დაემუქრა განადგურებით გ-------- ს---------ი დას. ამ მსჯელობას ამყარებს ის არგუმენტიც, რომ შეტყობინების მიხედვით, გ-------- ს---------ი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას თ---–--–-------------------------ში მდებარე მისამართზე და არაფერია ნათქვამი სატელეფონო საუბრისას განხორციელებულ მუქარაზე, რაც გ-------- ს---------ს წარდგენილი აქვს ბრალად.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების შეფასების და მხარის პოზიციის გაცნობის შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- ქ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი.

 

გ-------- ს---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია გ-------- ს---------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2019 წლის 03 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

გამართლებულს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად მიღებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე