განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002758037
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1118-19 16 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - ს--–---–--------------–-----------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა--------“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 06 სექტემბერს სარჩელით შპს „ა--------ს“ წარმომადგენელმა მიმართა და ს--–---–--------------–-----------------ისთვის 5 904 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. 2018 წლის 28 სექტემბერს მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებელი წარადგინა, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის გამო, შპს „ა--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. 2018 წლის 27 ნოემბერს ს--–---–--------------–-----------------ის წარმომადგენელმა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა და მისი გაუქმება მოითხოვა. 2018 წლის 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, ამავე განჩინებით მოპასუხეს წერილობითი შესაგებლის წარსადგენად 10 დღიანი ვადა განესაზღვრა. 2019 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოპასუხის მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით ს--–---–--------------–-----------------ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა და გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 06 სექტემბერს სარჩელით შპს „ა--------ს“ წარმომადგენელმა, მ------ ლ--------ამ, მოპასუხე ს--–---–--------------–-----------------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართა (ს.ფ. 2-33).
6. 2018 წლის 04 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „ა---------ს“ წარმომადგენელმა და ს--–---–--------------–-----------------ისთვის გზავნილის ჩაბარების დასტური წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ გზავნილი მოპასუხე მხარეს 2018 წლის 12 სექტემბერს ჩაბარდა. მოპასუხე მხარემ წერილობითი შესაგებელი 2018 წლის 28 სექტემბერს წარადგინა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის მიერ 2018 წლის 04 ოქტომბერსა და 18 ოქტომბერს წარმოდგენილი ჩაბარების დასტურებით იხელმძღვანელა და 2018 წლის 30 ოქტომბერს, განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (ს.ფ. 56-64).
7. 2018 წლის 27 ნოემბერს ს--–---–--------------–-----------------ის წარმომადგენელმა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა და მისი გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 65-78).
8. 2018 წლის 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა. ამავე განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს გარდა სარჩელისა, 2018 წლის 07 სექტემბერს სხვა წერილობითი დოკუმენტიც გაეგზავნა, ამდენად, მის მიერ წარმოდგენილი ჩაბარების დასტურით არა სარჩელის, არამედ სხვა წერილობითი დოკუმენტის ჩაბარების ფაქტი დგინდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით აშკარაა, რომ მხარეს არსებულ დავაზე ინტერესი არ დაუკარგავს, მოსარჩელე მხარემაც მხარი დაუჭირა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, და მიუთითა, რომ მან მოპასუხისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დოკუმენტი არასწორად წარმოადგინა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინებით მოპასუხეს წერილობითი შესაგებლის წარსადგენად 10 დღიანი ვადა განესაზღვრა (ს.ფ. 94-97).
9. 2019 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოპასუხის მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.
10. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე მხარემ შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისთვის ჩაბარების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 232-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორედ იმ მოტივით გაუქმდა, რომ შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში იყო წარდგენილი, შესაბამისად მხარეს არცერთი საპროცესო ნორმის თანახმად არ ეკისრებოდა შესაგებლის განმეორებით წარდგენა, რაც მიღებულ განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს ხდის.
საჩივრის შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის საკვლევ გარემოებათა წრეს იმ გარემოების დადგენა წარმოადგენს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ეტაპზე სასამართლოს მიერ შესაგებლის წარსადგენად დანიშნული 10 დღიანი ვადა ხელახალი შესაგებლის წარდგენის ვალდებულების დაკისრებას ემსახურებოდა, თუ სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დამატებითი მოსაზრებების წარდგენის შეთავაზება იყო. ასევე, უნდა შეფასდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება რამდენად უკარგავს სამართლებრივ ძალას მოპასუხის მიერ უკვე წარდგენილ შესაგებელს და ასეთ შემთხვევაში არსებობს თუ არა ახალი შესაგებლის წარდგენის ვალდებულება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსზე, და აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად სწორედ ის გარემოება დაედო, რომ მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეიტანა, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ შესაგებლის წარდგენისთვის დადგენილი ვადის გაშვებულად ცნობა მოსარჩელის მიერ არასწორად წარდგენილ დოკუმენტაციას დაუკავშირდა. კერძოდ, მოპასუხეს 2018 წლის 07 სექტემბერს სხვა წერილობითი დოკუმენტაციაც გაეგზავნა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ჩაბარების დოკუმენტით კი, სწორედ სხვა საპროცესო დოკუმენტაციის ჩაბარება დასტურდებოდა. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოპასუხე მხარეს დავის მიმართ ინტერესი დაკარგული არ ჰქონდა, შესაბამისად საქმისწარმოების განახლება გადაწყდა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსაზრებას მასზედ, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის შესაგებლის 10 დღიანი ვადის განსაზღვრა მხარეს შესაგებლის განმეორებით წარდგენას ავალდებულებდა. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობად შესაგებლის ვადის დარღვევით შეტანას უკავშირებს, რაც საპატიო მიზეზით არ არის განპირობებული. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეზე არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინება, სადაც სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები არ არსებობდა, მიიჩნევა, რომ მოპასუხე მხარე სწორედ იმ დარღვეულ უფლებაში აღდგა, რითიც მის მიმართ, ვადაში წარდგენილი შესაგებლის მიუხედავად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოვიდა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოპასუხისთვის შესაგებლის წარდგენისთვის დადგენილი 10 დღიანი ვადა, მხარისთვის დამატებითი მოსაზრებების წარსადგენად განსაზღვრულ ვადად უნდა იქნეს განმარტებული, ამგვარი ვადის გაშვება კი არ შეიძლება მხარისთვის დამაზარალებელი აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები ამომწურავადაა ჩამოთვლილი და დამატებითი მოსაზრების წარუდგენლობა მათ შორის, რეგლამენტირებული არ არის.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებაში მითითებულ 10 დღიან ვადას შესაგებლის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადად მივიჩნევდით, განმეორებითი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები მაინც იარსებებდა, კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოპასუხე მხარეს სარჩელი და თანდართული მასალა 2018 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა, საიდანაც შესაგებლის წარდგენისთვის 10 დღიანი ვადის ათვლა დაეწყო. მოპასუხემ შესაგებელი 2018 წლის 28 სექტემბერს, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. იმ ვითარებაში, როდესაც მხარის მიერ შესაგებელი ვადაშია წარდგენილი, 2018 წლის 10 დეკემბერს იმავე საპროცესო დოკუმენტის წარსადგენად ხელახალი ვადის დანიშვნის წინაპირობები აღარ არსებობდა და რა თქმა უნდა, სასამართლოს მიერ აღნიშნული მოქმედების განხორციელება მხარის მიერ უკვე წარდგენილ შესაგებელს სამართლებრივ ძალას ვერ დაუკარგავდა და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდებოდა. სააპელაციო პალატა შეჯამების სახით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლი, რომლის თანახმად თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას, ეხმიანება არა იმ შემთხვევას, როდესაც მხარეს ვადაში აქვს წარდგენილი შესაგებელი, არამედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც შესაგებლის წარუდგენლობა საპატიოდ იქნა მიჩნეული. განსახილველ შემთხვევებში კი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა.
11. პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტურ სტანდარტზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში არსებობს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინება, რომლითაც მოპასუხის მიერ დადგენილი შესაგებელი სასამართლოს მიერ 10 დღიან ვადაში წარდგენილად იქნა მიჩნეული, ასევე, არსებობს მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, მის მიერ სასამართლოში სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი არა 2018 წლის 07 სექტემბერს არამედ, 2018 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა, ასევე, რადგან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისას წარდგენილ შესაგებლის ძალადაკარგულად ცნობას არ ითვალისწინებს, პალატა ასკვნის, რომ მოპასუხე მხარეს შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში ჰქონდა წარდგენილი და განმეორებითი გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს მრავალი საპროცესო მოქმედება აქვს განხორციელებული, რომელიც, ობიექტურად, სასარჩელო მოთხოვნისგან დაცვისადმი მისი ნამდვილი ინტერესის არსებობას ადასტურებს. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტური სარგებლობა.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს განსახილველად უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, რაც გასაჩივრებული განმეორებითი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების საფუძველს ქმნის.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს--–---–--------------–-----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად იმავე კოლეგიას დაუბრუნდეს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი