განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.08.2019
საქმის ნომერი
330210018002512338
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
07.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002512338

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/8272-18 27 ივლისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ალანია

მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - მა----------ე

 

წარმომადგენელი/დირექტორი - ცი–--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

 

წარმომადგენელი - სა-–--------–--ე

 

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მა----------ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ სარჩელი აღძრა და გა---------------------ს სესხის სახით გადაცემული თანხისა და ამ უკანასკნელის ქონებაზე გაღებული სხვა ხარჯის, კერძოდ 9 000 აშშ დოლარისა და 4004 ლარის, გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მა----------ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. გა---------------ს სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ იქნა თ---–--–---------–-------------------------------------------ის თავზე არსებული საცხოვრებელი სახლის სხვენი (ს.ფ. 19, 27).

 

6. 2005 წლის 19 აგვისტოს, მა----------ესა და გა---------------ს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა 9 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება სესხი ერთი თვის ვადაში 2005 წლის სექტემბრამდე დაებრუნებინა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი სესხს ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ დააბრუნებდა, გამსესხებელს მიენიჭებოდა უფლებამოსილება მსესხებელისთვის სესხის დაბრუნება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვალის გადახდა მოეთხოვა, აღნიშნულის განსახორციელებლად კი, მსესხებლის იმ ქონებაზე მიაქცია აღსრულება, რომელიც გადახდის დღისათვის მის საკუთრებაში იქნებოდა აღრიცხული. ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ სესხის დაბრუნება არ არის გარანტირებული მსესხებლის ქონებით (ს.ფ. 21).

 

7. 2005 წლის 23 სექტემბერს მა----------ემ გა---------------ს სხვენის პრივატიზაციის საფასური - 3926.40 ლარი გადაიხადა (ს.ფ. 20).

 

8. გა--------------- 2005 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა (ს.ფ. 125).

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მა----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და უმკვიდროდ იქნა ცნობილი გა---------------ს სახელზე 26.09.2005 წელს რეგისტრირებული თბ--–--–---------–------------------------------------------ ის თავზე არსებული საცხოვრებელი სახლის სხვენი (ს.ფ. 124-127).

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–-----------–---------------------------------------- სახელმწიფოს საკუთრებად არის რეგისტრირებული (ს.ფ. 26, 124- 127).

 

11. თბილისის სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

 

მოწინააღმდეგე მხარე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლს უკავშირებს და განმარტავს, რომ გა--------------- 2005 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა, მოსარჩელესა და გარდაცვლილს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ვადის დადგომის დღიდან - 2005 წლის 20 სექტემბრიდან სარჩელის წარდგენის დღემდე (2018 წლის თებერვალი) გასული იყო, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა, ისე მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთ წლიანი ვადა, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგი დასაბუთების გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1492-ე მუხლის თანახმად, უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ასევე, 1328-ე მულის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ გა--------------ა 2005 წლის 25 სექტემბერს, ანუ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული ბოლო ვადის გასვლის შემდგომ (2005 წლის 19 სექტემბერი) ხუთ დღეში გარდაიცვალა. ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილით დათარიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მა----------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სადავო ქონება უმკვიდროდ იქნა ცნობილი, ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ქონებაზე არსებული ყადაღისა და მის მოხსნასთან დაკავშირებული სამართლებრივი ქმედებების განხორციელების გამო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადავო ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრება 2016 წლის 26 დეკემბერს დარეგისტრირდა. საქმის მასალებში ასევე, წარმოდგენილია არაერთი წერილი, რომლითაც მა----------ე მოწინააღმდეგე მხარეს ქონების ან/და სესხად გაცემული თანხის დაბრუნებას სთხოვს, მათ შორის საქმის გადაწყვეტის მიზნებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2016 წლის 05 დეკემბრის წერილი, სადაც მა----------ე კვლავ მიმართავს მოპასუხე მხარეს და სთხოვს გარდაცვლილ პირთან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცეს სადავო ქონება. აღნიშნულ წერილზე პასუხი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მა----------ეს 2017 წლის 03 თებერვალს, ანუ მას შემდეგ გასცა, რაც ქონება მის სახელზე აღირიცხა, ამ წერილით სააგენტომ უარი განუცხადა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ვინაიდან სადავო ქონების მის საკუთრებაში გადასაცემისთვის სამართლებრივი საფუძვლები არ იკვეთებოდა.

 

ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ და იმ მემკვიდრეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო) (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-171-160-2017).

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გა--------------- სესხის ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადის დადგომიდან ხუთ დღეში გარდაიცვალა და ქონება სახელმწიფოს სახელზე მხოლოდ 2016 წლის 26 დეკემბერს აღირიცხა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა მოსარჩელისთვის ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ დღიდან უნდა ათვლილიყო, ვინაიდან ამ დრომდე ობიექტურად არ არსებობდა სუბიექტი, ვის წინაშეც მოსარჩელე საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვდა, ხოლო, ვინაიდან მას 2016 წლის 05 დეკემბერს განმეორებით ჰქონდა მიმართული მოპასუხისთვის ქონების ან/და თანხის დაბრუნების თაობაზე, რაზეც პასუხი 2017 წლის 03 თებერვალს, ანუ ქონების მის სახელზე რეგისტრაციის შემდგომ გაეცა, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელეს დაცული ჰქონდა ხანდაზმულობის სპეციალური ვადები და ამ საფუძვლით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობდა.

 

12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის, მა----------ის მიმართ, გა---------------ს მიერ სესხად აღებული 9000 აშშ დოლარისა და მოსარჩელის მიერ სადავო ქონების პრივატიზაციისთვის გაღებული ხარჯის - 4004 ლარის, დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, და შესაბამისად იზიარებს აპელანტის შედავებას მასზედ, რომ გარდაცვლილი გა---------------ს სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს არ მიუღიათ, რაც მოცემულ დავაში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სადავო ქონება უმკვიდროდ იქნა ცნობილი, რის საფუძველზეც 2016 წლის 26 დეკემბერს უძრავი ქონება საკუთრების უფლებით სახელმწიფოს სახელზე აღირიცხა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში. ამავე კოდექსის 1444-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა. სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით, დადგენილია სათანადო წინაპირობების არსებობისას სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა უმკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით. 1444-ე მუხლის პრაქტიკასთან გამოყენებასთან მიმართებაში, უწინარესად, ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ დასახელებული ნორმა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავის შემთხვევაში ემსახურება სათანადო პირობების არსებობისას კრედიტორის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობის შექმნას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მსჯელობას, რომ მას სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ უნდა დაეკისროს ან/და შესაძლოა მისთვის დაკისრებული თანხა აღემატებოდეს მის საკუთრებაში გადასულ უმკვიდრო ქონების ღირებულებას ვინაიდან უძრავი ქონების პრივატიზაციის საფასურის გადახდა მოსარჩელის მიერ არ შეიძლება ჩაითვალოს მამკვიდრებლის სამკვიდრო პასივად.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ მოსარჩელის მიერ სესხად გაცემული 9 000 აშშ დოლარისა და პრივატიზაციის განსახორციელებლად გადახდილი 4004 ლარის გადახდა იყო მოთხოვნილი. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულ უმკვიდრო ქონებას ქ. თბ--–--–---------–------------------------------------------ ის თავზე არსებულ საცხოვრებელი სახლის სხვენს წარმოადგენს. რაც შეეხება სადავო ქონების პრივატიზაციისთვის გაღებულ თანხას, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ მიუთითა ვერცერთი ლოგიკური მიზეზი, თუ რატომ გადაიხდიდა უძრავი ქონების პრივატიზაციის საფასურს მოსარჩელე, თუ შემხვედრი ვალდებულება გარდაცვლილ პირს არ უკისრია, შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ ხსენებული თანხაც განხილულ უნდა იქნეს სამკვიდრო პასივად, ანუ ისეთ ვალდებულებად, რომლის დაბრუნება, ან დაუბრუნებლობის შემთხვევაში - შემხვედრი ვალდებულების შესრულებაც, იმ გარდაცვლილი პირის ვალდებულება იქნებოდა, რომლის სამკვიდროც სახელმწიფომ მიიღო.

 

ამასთან, პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიაჩნია ის გარემოება, რომ თბილისის ნებისმიერ უბანში, მით უფრო ქალაქის ცენტრალურ უბანში, 81.80 კვ.მ. ფართის მქონე საცხოვრებელი ბინის ღირებულება ბევრად აღემატება სადავო თანხის ოდენობას, შესაბამისად, ამ გარემოების მტკიცების ტვირთისგან მოსარჩელე გათავისუფლებულია, რაც თავის მხრივ, საპირისპიროს მტკიცების ტვირთს მოპასუხეს აკისრებს, რომელსაც დადგენილი ფაქტი რელევანტური მტკიცებულების წარდგენის გზით არ გაუქარწყლებია.

 

13. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტურად გადანაწილების პირობებში, აპელანტს უნდა დაედასტურებინა გარემოება მასზედ, რომ გარდაცვლილ პირს, რომლის ქონებაც, როგორც უმკვიდრო, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებები გააჩნდა. ხსენებული გარემოებების სამტკიცებლად მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულება და პრივატიზაციის განსახორციელებლად გადახდილი თანხის ქვითარი წარმოადგინა. გარდაცვლილი პირის მიერ სასესხო ვალდებულების შესრულება საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც შეეხება აპელანტის მიერ სადავო უძრავი ქონების პრივატიზაციისთვის გაწეულ ხარჯს, მოპასუხე მხარემ სასამართლოს წინაშე ვერ დაასაბუთა, რომ იგი შემხვედრი ვალდებულების არარსებობის პირობებში განხორციელდა, რაც აღნიშნული თანხის სამკვიდრო პასივად განხილვის საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფაქტების გაქარწყლების არარსებობის პირობებში კი, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მა----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე, ბაჟის სახით გადახდილი 787.00 ლარის ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1150 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე მუხლებით იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მა----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მა----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მა----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 9 000 აშშ დოლარისა და 4004 ლარის გადახდა;

 

5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მა----------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის სახით 787.00 ლარისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1150 ლარის გადახდის ვალდებულება;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე