განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2019
საქმის ნომერი
060310118002363865
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060310118002363865

საქმე N3/ბ-79-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი – ჯ-------------–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი – გ---------------–---–-

 

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2018 წლის 22 მარტს ჯ-------------–-–---–მა სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის დავალდებულება მოსარჩელის სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე;

 

მოსარჩელის აღნიშვნით, 2016 წლის 18 იანვარს მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, რაზეც 2018 წლის 30 იანვარს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა წერილობით უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები გასცემენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით პირადობის მოწმობას, რაც შეეხება არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ის გაიცემოდა ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიაჩნია, რომ მოქმედი კანონი სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეს აიღოს არაელექტრონული პირადობის მოწმობა.

 

მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ-------------–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ჯ-------------–-–---–მა 2018 წლის 16 იანვარს N----- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

2.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N-------- წერილით ჯ-------------–-–---–ს განცხადების პასუხად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით განემარტა, რომ სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ ამავე მუხლით დადგენილ შემთხვევებში.

 

2.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 21 თებერვლის №-------- გადაწყვეტილებით, არ იმსჯელა ჯ-------------–-–---–-ს მიერ 2018 წლის 14 თებერვალს წარდგენილ N----- წერილობით საჩივრით დასათაურებულ მომართვაზე, როგორც ადმინისტრაციულ საჩივარზე და მის ბათილად ცნობაზე, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის N-------- წერილი არის ინფორმაციული ხასიათის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ჯ-------------–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნის მიზანია მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის, მოსარჩელის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის დავალება, რაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N-------- წერილით.

 

2.2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

2.2.3. სასამართლომ მიუთითა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორი სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის უფლებების გარდა არსებობს ურთიერთვალდებულებები.

 

მოცემულ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებით, მოქალაქეზე გაიცემოდა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა), გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი უკანონოა, მოპასუხე არასწორად განმარტავს კანონს, ვინაიდან ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს მოქალაქის ნებას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირადობის მოწმობასა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას შორის გააკეთოს არჩევანი მაშინ, როდესც კანონქვემდებარე აქტი აწესებს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულებას. შესაბამისად, კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება.

 

სასამართლომ მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 თავში მოცემულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე- 11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობა. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

 

მოცემული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათ ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები საქართველოს მოქალაქეებზე გასცემს ორი სახის პირადობის (ბინადრობის) მოწმობას - ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა) ან მის გარეშე. ამასთან, კანონმდებელი ადგენს, რომ პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო (კანონის მე-14.10 მუხლი). შესაბამისად, კანონმდებელმა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა დაუშვა საგამონაკლისო წესით, მხოლო ობიექტური გარემოებების არსებობისას. ობიექტური გარმოება კი არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, პირიქით, ობიექტური გარემოება არის გარემოება, რომელიც პირის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) აღებას.

 

შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

2.2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვლის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებს მისი, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას, თუმცა სასამართლო კანონის განმარტებისას ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

2.2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ, მოსარჩელის სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ-------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად უსწოროა. მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად, ტენდენციურად განმარტა იგი. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისაუბრა კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტზე - N98 ბრძანების 25-ე მუხლზე, მაგრამ კანონის არასწორი განმარტების შედეგად გააკეთა არაობიექტური, დაუსაბუთებელი და ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, კერძოდ: გადაწყვეტილებაში კანონის მე-11 და მე-12 მუხლებზე და 98-ე ბრძანების 24-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, მაშინ საიდან ჩანს ივლისიდან შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა? N98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის მე-20.2 მუხლის შესასრულებლად, და შესაბამისად ის უნდა ითვალისწინებდეს არა მარტო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის უზრუნველყოფას, არამედ არაუფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი პირადობის (არაელექტრონული) მოწმობის გაცემის პირობებსაც, რასაც ბრძანების გარდამავალი დებულების დანაწესი ერთმნიშვნევლოვნად აღიარებს: ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში”, თუმცა არც დაინტერესებული პირის და არც მოქმედი კანონის კანონის მე-13 მუხლის 1 პუნქტის და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების დანაწესის შესაბამისად, პირადობის მოწმობის გაცემა, რომ უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით 4-10 წლის მოქმედების ვადით, ამაზე კანონქვემდებარე N98 ბრძანება მიზანმიმართულად კატეგორიულად არაფერს ამბობს;

 

3.1.2. აპელანტის მსჯელობით, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის 98-ე ბრძანებით მოპასუხეს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა მას არ გამოურკვევია სააგენტო რომელსაც ევალება გასცეს პირადობის მოწმობა ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, სად არის ის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ვალდებულია გასცეს პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით? იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება, არ შეიძლებს ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად;

 

3.1.3. აპელანტის განმარტებით, რაიონული სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციებით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა და მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მათი აღების სავალდებულოობა, კანონმა არ გაითვალიწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ მოქალაქეთა ინტერესები დაცულ იქნეს მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით. აღნიშნული მსჯელობიდან ნათლად სჩანს, რომ კანონმა კი არა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, და არავითარი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს აქვს უვადო პირადობის მოწმობა, რომლის გამოცვლის სავალდებულოობა არ დაადგინა კანონმა და არ "იზრუნა" მათთვის ესარგებლათ ტექნოლოგიური მიღწევებით, რათა დაცული ყოფილიყო მათი ინტერესები და უსაფრთხოება. ასევე სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მიერ ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ "შეიძლებას" სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: იმუშაოს, ისარგებლოს ჯანდაცვით, მიიღოს განათლება, შეიძინოს და განკარგოს ქონება და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას;

 

3.1.4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე სამართლებრივი შეფასება არ მისცა, თუ რატომ ჩაწერა კანონმდებელმა სიტყვა "შეიძლება" ელექტრონულ პირადობასთან მიმართებაში და არც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება გაითვალისწინა სიტყვა ,,შეიძლება“-სთან დაკავშირებით, კერძოდ მათი განმარტებით "შეიძლება" თავისთავად არ “უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსთვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვალს გადაწყვეტილება N3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქრთველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში. თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება. რაც არცერთ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ასევე უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს N98 ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ მითითებული დათქმა "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში";

 

3.1.5. აპელანტის მითითებით, სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია - სააგენტომ, რომელიც საქმეში წარმოადგენს მხარეს და ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს პირადობის მოწმობის გაცემას 18 წლამდე - 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით, რატომ არ მოახდინა ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლით გავალისწინებული ქმედების განხორციელება? სასამართლომ ასევე არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ N98 ბრძანების 28-ე მუხლში მითითებულია პირები, ვინც უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს მოთხოვნით პირადობის მოწმობის და არა პირადობის ელექტრონულ მოწმობის მიღებაზე: ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ) 14-დან 18 წყლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარმოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ მესამე თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: პირადობის მოწმობა. ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

ნიშანდობლივია, რომ იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე ჯ-------------–-–---–მა მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევა იმის დაშვების უფლებას, რომ გაიცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს.

 

ნორმის ამგვარი განმარტება შესაბამისობაშია მსგავს დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივლისის (Nგს-389-389 (კ-18) განჩინებით დადგენილ პრაქტიკასთან. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ-------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი