განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002179262
N2ბ/1055-2019
თბ--–--ის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2019 წელი ქალაქ თბ--–--ი
თბ--–--ის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლევან გვარამია, დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - სო----- მე-–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ლი--- რე-----–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინება;
დავის საგანი - სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით სო----- მე-–--ის სარჩელი ლი--- რე-----–---–-ს მიმართ, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 30 იანვარს, ერთის მხრივ სო----- მე-–---სა და მეორეს მხრივ ლი--- რე-----–---–ს, ხა------ ფა------სა და გა---- ოგ-----ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზე, მოპასუხემ ერთი წლის ვადით ასესხა სო----- მე-–---ს 9000 აშშ დოლარი, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 11%. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა სო----- მე-–--ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე: თბ--–--ი, აე-----------ის და----–--ა, 1-ლი ქუჩა, მე-2 გასასვლელი №9ა, ბინა №15, საკადასტრო კოდით 0------------------------- (ს/ფ 16-20);
2.2. 2015 წლის 10 თებერვალს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, ერთის მხრივ, სო----- მე-–---სა და მეორეს მხრივ, ლი--- რე-----–---–ს, ხა------ ფა------სა და გა---- ოგ-----ს შორის, რომლითაც ცვლილება შევიდა სესხისა და იპოთეკის 2014 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებაში, იმ მხრივ, რომ მისი მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 10 თებერვლამდე, ხოლო ამ ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი (ს/ფ 21-22);
2.3. ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს მოპასუხის სახელზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც სო----- მე-–---ს ლი--- რე-----–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: სესხის ძირითადი თანხა - 9000 აშშ დოლარი, 8 თვის საპროცენტო სარგებელი - 2160 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0.11% ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 თებერვლიდან აღსრულებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თანხა 137.34 ლარი. ამასთან, სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე (ს/ფ 23-25, 26-29);
2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული ხელშეკრულება არ ატარებდა კანონსაწინააღმდეგო და ამორალურ ხასიათს.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვები იყო ამავე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, რის გამოც იგი კანონსაწინააღმდეგო იყო, რამდენადაც ვადის გასვლის შემდგომ ასეთი გარიგების დადება ახალი ხელშეკრულების დადებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 50–ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54–ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი გარიგების დადებისათვის ადგენს გარკვეულ წესებს, რომელთა დარღვევას შედეგად გარიგების ბათილად ცნობა მოჰყვება. ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები თავისუფლად განკარგავენ თავიანთ უფლებებს, შედიან ურთიერთობაში კონტრაჰენტთან და დებენ გარიგებებს. სამოქალაქო სამართალი არის მხარეთა თავისუფალი ნების სამართალი, მხარეები მაქსიმალურად თავისუფლად განაგებენ სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს და ფარგლებს, მაგრამ აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, რადგან კანონმდებლობა იცავს იმ მხარეს, რომლის უფლებები უგულებელყოფილი იქნა.
სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს პრინციპებს, რომ მხარეთა ნების ავტონომია იქნება გარანტირებულად დაცული, რომ მხარეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება (სკ-ის მე-10 მუხლი), მაგრამ, მეორე მხრივ, კოდექსი ხაზს უსვამს, რომ მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი (სკ-ის მე-8, 54-ე, 115-ე მუხლები).
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და, შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად აქცევს (თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმე №2ბ/4686-13,15 აპრილი, 2014 წელი).
სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ისეთი შინაარსის ეკონომიკური ურთიერთობებისათვის, როგორიც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების საგანს და არსებით პირობებს, ასევე - მხარეთა ნებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვები იყო ამავე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ასეთი გარიგების დადება ახალი ხელშეკრულების დადებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, თუმცა სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა იმაზე, რომ მხარეთა ნება მოიცავდა ერთი მხრივ - გასესხებული თანხის კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულების ფარგლებში უკან დაბრუნებას, ხოლო მეორე მხრივ - სესხის სახით მიღებული თანხის დროულად გასტუმრებასა და იპოთეკის საგნის საკუთრებაში შენარჩუნებას, რის გამოც მხარეებმა გამოხატეს თანხმობა 2014 წლის 30 იანვრის გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, მისი ვადის გასვლის შემდგომ - 2015 წლის 10 თებერვალს და რაც, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენდა მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ახალ ვადაზე შეთანხმებას და არ ატარებდა კანონსაწინააღმდეგო ან/და ამორალური გარიგების დამახასიათებელ ნიშნებს, მით უფრო იმ პირობებში, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ სადავო გარიგება დადებული იყო ქართულ საზოგადოებაში მიღებული წესების დაცვით, მეტიც - კერძო ავტონომია მხარეებმა შეუსაბამეს დადგენილ ზნეობრივ ნორმებს. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 10 თებერვალს გაფორმებული გარიგება თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ არ ატარებდა კანონსაწინააღმდეგო და ამორალურ ხასიათს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54–ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი გარიგების დადებისათვის ადგენს გარკვეულ წესებს, რომელთა დარღვევას შედეგად გარიგების ბათილად ცნობა მოჰყვება.
სასამართლოს განმარტებით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები თავისუფლად განკარგავენ თავიანთ უფლებებს, შედიან ურთიერთობაში კონტრაჰენტთან და დებენ გარიგებებს. სამოქალაქო სამართალი არის მხარეთა თავისუფალი ნების სამართალი, მხარეები მაქსიმალურად თავისუფლად განაგებენ სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს და ფარგლებს, მაგრამ აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, რადგან კანონმდებლობა იცავს იმ მხარეს, რომლის უფლებები უგულებელყოფილი იქნა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მხარეებმა გამოხატეს თანხმობა 2014 წლის 30 იანვრის გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, მისი ვადის გასვლის შემდგომ - 2015 წლის 10 თებერვალს და რაც, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენდა მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ახალ ვადაზე შეთანხმებას და არ ატარებდა კანონსაწინააღმდეგო ან/და ამორალური გარიგების დამახასიათებელ ნიშნებს.
ამდენად, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ სო----- მე-–--ის მიერ სასარჩელო განცხადებაში და----–--ული გარემოებანი სადაო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდებოდა და სასარჩელო მოთხოვნები ამ ნაწილში იყო დაუსაბუთებელი.
2.6. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 პუნქტზე, რომლის დანაწესით, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. ამდენად ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მხარეთა შეთანხმების პირობებში კანონიერი მოქმედებაა და ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმას.
სასამართლოს დასკვნით, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი უშუალოდ და პირდაპირ კავშირში იყო სო----- მე-–--ის პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან და ვინაიდან სასამართლომ კანონიერად მიიჩნია 2015 წლის 10 თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე არ იყო გამოკვეთილი ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონშეუსაბამოდ მიჩნევის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სააღსრულებო ფურცელი არ წარმოადგენდა გარიგებას და იგი იყო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სააღსრულებო ორგანო ახორციელებდა აღსრულებას და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოვალე არ ეთანხმებოდა სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების მოცულობას, მას შეეძლო აღეძრა სარჩელი ვალდებულების ოდენობის შემცირების მოთხოვნით, თუმცა სასარჩელო მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს ჯერ კიდევ აღუსრულებელი სააღსრულებო ფურცლის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებას.
სასამართლომ განმარტა, რომ მსგავსი სარჩელი წარმოადგენდა მხარეთა შორის დავას ვალდებულების მოცულობასთან დაკავშირებით, რაც წინამდებარე შემთხვევაში ასევე არ იყო სახეზე, მეტიც - სო----- მე-–--- საერთოდ არ მიუთითებდა, თუ რა ნაწილში ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას, არ განმარტავდა, ჰქონდა თუ არა შესრულებული ვალდებულება - თუნდაც ნაწილობრივ და ა.შ., აღნიშნული კი, სასამართლოს შეფასებით, სო----- მე-–--ის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე მიუთითებდა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, წარმოადგენს ბათილად გარიგებას სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად. აპელანტი შეთანხმების ბათილად ცნობის ნაწილში, მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება ამ ვადის დასრულების შემდეგ, შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ვინაიდან, კანონის თანახმად, ბათილი გარიგება ვერ წარმოშობდა რაიმე უფლებას, და ამ უფლებიდან გამომდინარე რაიმე ვალდებულებას, სო----- მე-–---ს არ წარმოშობია იმის ვალდებულება, რომ უკანონო შეთანხმების საფუძველზე გადაეხადა მოპასუხისთვის სესხის სარგებელი.
3.2. აპელანტი ასევე ასაჩივრებს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც გაუქმდა 2017 წლის 16 იანვრს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაგებლის დადაგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 2014 წლის 30 იანვარს, ერთის მხრივ, სო----- მე-–---ს (მსესხებელი, მესაკუთრე) და მეორეს მხრივ, ლი--- რე-----–---–ს, ხა------ ფა------სა და გა---- ოგ-----ს შორის, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშკეურლება;
ხელშეკრულების საფუძველზე, სო----- მე-–---ს ლი--- რე-----–---–მა სესხის სახით გადასცა 9 000 აშშ დოლარი, ხა------ ფა------მ - 10 000 აშშ დოლარი, გა---- ოგ-----მა - 7000 აშშ დოლარი;
სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 30 იანვარი;
ხელშეკრულებით გათვალსიწინებული იქნა როგორც სარგებელი, თვეში 3%-ის დარიცხვით, ასევე, სესხის ან/და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 11%-ს ოდენობით;
ამავე ხელშკეურლებით, სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა სო----- მე-–--ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე: ქ. თბ--–--ი, აე-----------ის და----–-- ა, 1-ლი ქუჩა, მე-2 გასასვლელი №9ა, ბინა №15, საკადასტრო კოდით 0-------------------------.
მტკიცებულება: 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ტომი 1; ს/ფ 16-20);
4.2. 2015 წლის 10 თებერვალს, ერთის მხრივ, სო----- მე-–---ს (მსესხებელი, მესაკუთრე) და მეორეს მხრივ, ლი--- რე-----–---–ს, ხა------ ფა------სა და გა---- ოგ-----ს შორის, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშკეურლებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 10 თებერვლამდე. ხელშეკრულების სხვა პირობებს, დარჩა უცვლელი.
მტკიცებულება: 2015 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშკეურლებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება;
4.3. 2016 წლის 23 სექტემბერს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სადაც კრედიტორად მითითებულია ლი--- რე-----–---–-, ხოლო, მოვალედ, სო----- მე-–---, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი, რვა თვის საპროცენტო სარგებელი - 2160.00 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0.11%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 თებერვლიდან - აღსრულებამდე. აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 137.34 ლარი. სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
სააღსრულებო ფურცელში, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მიეთითა როგორც 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე, 2015 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშკეურლებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება.
მტკიცებულება: 2016 წლის 23 სექტემბერს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლი;
4.4. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით (სარჩელით) სო----- მე-–--- მოითხოვს: 1. ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობას; 2. ნოტარიუს ნათელა კობიაშილის მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს მოპასუხე ლი--- რე-----–---–-ს სახელზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას;
სო----- მე-–--- სააპელაციო საჩივრით ასევე ასაჩივრებს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც გაუქმდა 2017 წლის 16 იანვრს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაგებლის დადაგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.
4.5. დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა პირველ რიგში იმსჯელოს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინების კანონიერებაზე და მისგან გამომდინარე შედეგებზე.
საქართველოს სსკ-ის 377.3. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
დადგენილია, რომ თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, ლია რე-----–---–-ს საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. დადგენილია ასევე, რომ თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სო----- მე-–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ნათელა კობიაშვილის მიერ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული N150123792 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება. ბათილად იქნა ცნობილი, ნოტარიუს ნათელა კობიაშვილის მიერ 2016 წლის 23 სექტემბრის ლი--- რე-----–---–-ს სახელზე გაცემული N161101484 სააღსრულებო ფურცელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე (მოწინააღმდეგე მხარე) სადავოდ არ ხდიდა/ხდის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტს, თუმცა მიუთითებდა/მიუთითებს, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით და რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა/ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რაც წარმოადგენდა/წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებას.
საპატიო მიზეზად მითითებულ, წარმომადგენლის ავადმყოფობასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საჩივარზე დართული საავადმყოფო ფურცელით მოპასუხის წარმომადგენელი - ადვოკატი ინგა შარაშენიძე 2016 წლის 9 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, ანუ იყო შრომისუუნარო (იხ. ს/ფ 89). ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეს ჩაბარდა 2016 წლის 3 დეკემბერს (იხ. ს/ფ 46) და 10 დღის ვადაში, ანუ 13 დეკემბრამდე, სასამართლოში უნდა წარედგინა შესაგებელი. ასევე, დადგენილია, რომ ინგა შარაშენიძეს ლი--- რე-----–---–-ს წარმომადგენლობის უფლებამოსილება გაუფორმდა 2017 წლის 9 იანვარს, მაშინ როდესაც მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა 2016 წლის 13 დეკემბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2016 წლის 13 დეკემბრამდე ინგა შარაშენიძე ლი--- რე-----–---–ს არ წარმომადგენდა მოცემულ დავაში, ადვოკატის ავადმყოფობა ვერ მიიჩნევა შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზად.
4.6. ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული და, დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 50-ე, 54-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად არ ამართლებდა/ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ამ კუთხით პალატა ყურადრებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნაზე: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნათელა კობიაშილის მიერ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც სო----- მე-–---ს არასწორად დაეკისრა სესხიდან გამომდინარე სარგებლის თანხა; და ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნათელა კობიაშილის მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს მოპასუხე ლი--- რე-----–---–-ს სახელზე გაცემული სააღსრულებო ფურცლი, რომლითაც სო----- მე-–---ს დაეკისრა რვა თვის სესხის სარგებლის - 2160 აშშ დოლარის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად ცნო ბათილად, როგორც ნოტარიუს ნათელა კობიაშვილის მიერ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული N150123792 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, ასევე, ნოტარიუს ნათელა კობიაშვილის მიერ 2016 წლის 23 სექტემბრის ლი--- რე-----–---–-ს სახელზე გაცემული N161101484 სააღსრულებო ფურცელი, რომელითაც, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განსაზღვრული იყო არა მხოლოდ რვა თვის საპროცენტო სარგებელი - 2160.00 აშშ დოლარი, ასევე, სესხის ძირითადი თანხა 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 0.11%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 თებერვლიდან - აღსრულებამდე. აგრეთვე ,სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 137.34 ლარი. დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლით ასევე განისაზღვრა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო გასცდა მოთხოვბის ფარგლებს (სსსკ-ის 248-ე მუხლი).
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო შეთანხმების მხარეებს, გარდა მოდავე მხარეებისა ასევე წარმოადგენდნენ ხა------ ფა------ და გა---- ოგ-----ი, რომლებიც წინამდებარე დავაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, არ წარმოადგენდნენ მოპასუხეებს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, სასამართლომ სრულად ცნო ბათილად, ნოტარიუს ნათელა კობიაშვილის მიერ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული N150123792 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომელიც ასევე ეხებოდა იმ პირთა უფლებებს (ხა------ ფა------ და გა---- ოგ-----ი), რომლებიც საქმის განხილვაზე მოწვეულნი არ ყოფილან. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის, საქმის მასალებით არ ირკვევოდა, რომ მოსარჩელე მხარეს მათ მიმართ შესრულებული ჰქონდა ვალდებულება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დავა გადაწყვიტა არსებითად.
4.7. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ სო----- მე-–--ის განმარტებას, რომ მას არ ჩაბარებია შესაგებელი, რითაც დაირღვა საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე ამ გარემოებაზე აპელირებდა 1-ელი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. სააპელაციო სასამართლოში ამ საკითხის დაყენება კი ეწინააღმდეგება სსსკ-ის 219-და 380-ე მუხლების მოთხოვნებს. შესაბამისად, პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს აპელანტის მიერ მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მხარე ვერ უთითებს და ასაბუთებს მის საპატიოობას (სსსკ-ის 215-ე მუხლი).
4.8. რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი (სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2015 წლის 10 თებერვლის შეთანხმებისა და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, მისთვის რვა თვის სარგებლის, 2160 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და, აქედან გამომდინარე, 2160 აშშ დოლარის გადახდისაგან გათავისუფლებაა. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ სადავო შეთანხმება ბათილია, რაც გამორიცხავს სარგებლის დარიცხვას და, შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობას. კერძოდ, მოსარჩელეს სურს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ვინაიდან მიიჩნევს რომ სადავო ხელშეკრულებით უკანონოდ დაერიცხა რვა თვის პროცენტი - 2160 აშშ დოლარი და უთითებს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მსგავსი შეთანხმების დადების შეუძლებლობაზე.
4.9. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
4.10. სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველ რიგში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგეს 2015 წლის 10 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების კანონიერების საკითხი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან მიმართებაში (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს).
4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ 2015 წლის 10 თებერვალს გაფორმებული შეთანხმება, დადებული ერთის მხრივ, სო----- მე-–---ს (მსესხებელი, მესაკუთრე) და მეორეს მხრივ, ლი--- რე-----–---–ს ... შორის, 0.01.2014 წ. სესხისა და იპოთეკის ხელშკეურლებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ, არ ატარებს კანონსაწინააღმდეგო და ამორალურ ხასიათს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვები იყო ამავე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ასეთი გარიგების დადება გულისხმობდა ახალი ხელშეკრულების დადებას.
4.12. სამოქალაქო კოდექსის 50–ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (იხ., სუსგ №ას-178-167-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).
4.13. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებაში გამოხატული მხარეთა ნება მოიცავდა ერთი მხრივ - გასესხებული თანხის კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულების ფარგლებში მის უკან დაბრუნებას, ხოლო მეორე მხრივ - სესხის სახით მიღებული თანხის დროულად გასტუმრებასა და იპოთეკის საგნის საკუთრებაში შენარჩუნებას, რის გამოც მხარეებმა გამოხატეს თანხმობა 2014 წლის 30 იანვრის გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 10 თებერვლამდე. ხელშეკრულების სხვა პირობებს, დარჩა უცვლელი.
პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სადავო შეთანხმება მხარეთა შორის დაიდო ძირითადი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 10 თებერვალს, თუმცა, აღნიშნული არ მიუთითებს გარიგების კანონსაწინააღმდეგობაზე ან/და ამორალურობაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 10 თებერვალს გაფორმებული გარიგება თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ არ ატარებს კანონსაწინააღმდეგო და ამორალურ ხასიათს.
4.14. რაც შეეხება აპელირებას მასზედ, რომ 2015 წლის 10 თებერვალს გაფორმებული შეთანხმება წარმოადგენდა ახალ ხელშეკრულებას, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ის არ პასუხობს საქართველოს სსკ-ის 327-ე მუხლით გათვალისიწნებულ (ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ) ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის პირობებს, მასში არ არის მოცემული მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე. პალატა აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა სესხისა და იპოთეკის 2014 წლის 30 იანვრის №140080159 ხელშეკრულებაში, ემსახურება მხოლოდ ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისიწნებული არსებითი პირობების შესრულებას, და იგი დამოუკიდებელ ხელშეკრულებად ვერ მოიაზრება. პალატა მიიჩნევს, რომ სადავო შეთანხმებით დაზუსტდა ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების ვადა, კერძოდ, ვადა გაგრძელდა 2016 წლის 10 თებერვლამდე, ხოლო ამ ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
4.15. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნას ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია სო----- მე-–--ის პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან. ვინაიდან, პალატა კანონიერად მიიჩნევს 2015 წლის 10 თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმებას, შესაბამისად, არ არსებობს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონშეუსაბამოდ მიჩნევის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი.
4.16. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სო----- მე-–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
დავით ახალბედაშვილი