განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2019
საქმის ნომერი
330100119002881605
ინსტანცია
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002881605

საქმე №1ბ/1155-19

(გამოძიების №006150318009)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი---------ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ლ-----------–---–ი (დაბადებული 1----–-–----------------ს, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ხ-–-------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------ში);

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

საბოლოო სასჯელი: 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 12 მარტს მ--------------–---–მა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათავსა საჯარო განცხადება, რომ სჭირდებოდა ტექნიკური დახმარება ძველი ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 6“-ის მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში არსებული მონაცემთა ბაზის, ე.წ ,,iCloud”-ის, ახალ ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოსატანად. ლ-----------–---–მა, რომელიც დარეგისტრირებული იყო ხსენებული სოციალურ ქსელში, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა მ--------------–---–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. კერძოდ, მ--------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის მონაცემთა ბაზაში უნებართვო შეღწევით დაებლოკა მობილური ტელეფონი და თითქოსდა განბლოკვის მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა მას. ლ------------–---–ი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ მეშვეობით იმავე დღეს შეეხმიანა მ--------------–---–ს და აღუთქვა დახმარება. ლ-----------–---–მა მ--------------–---–ს გაუგზავნა ,,ფიშერული“ პროგრამის ლინკი, რომელსაც იყენებდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით. აღნიშნულით ლ-----------–---–მა მოიპოვა ავტორიზაცია მ--------------–---–ის ,,iCloud”-ის, ელფოსტასა და პაროლზე, რომლებიც უნებართვოდ შეცვალა, რის შემდეგადაც მ--------------–---–მა დაკარგა წვდომა კუთვნილ მობილურ ტელეფონზე. ლ-----------–---–მა მ--------------–---–ს უთხრა, რომ დაეხმარებოდა დაბლოკილი ტელეფონისათვის ბლოკის მოხსნაში, რაც დაიჯერა ამ უკანასკნელმა.

 

ამ მიზნით, 2018 წლის 14 მარტს დაახლოვებით 21:30 საათზე ქ.თბილისში, შევჩენკოს ქუჩა №5-ში მდებარე ტექნიკის მაღაზიასთან ლ-----------–---–ი შეხვდა მ--------------–---–ს, რომელსაც მოტყუებით, თითქოსდა ბლოკის მოხსნის მიზნით გამოართვა მისი კუთვნილი 1000 ლარად ღირებული ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი თავისივე ყუთით და საგარანტიო ფურცილით. ამის შემდეგ ლ-----------–---–მა მ--------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი 950 ლარად ჩააბარა ქ.თბილისში, პეკინის ქუჩა №3-ში მდებარე ლომბარდში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 12 მარტს მ--------------–---–მა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათავსა განცხადება, რომ სჭირდებოდა ტექნიკური დახმარება ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 6“-ის მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში არსებული მონაცემთა ბაზის, ე.წ ,,iCloud”-ის, ახალ ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოსატანად. ლ-----------–---–მა, რომელიც დარეგისტრირებული იყო ხსენებული სოციალურ ქსელში, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა მ--------------–---–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. ამ მიზნით, 2018 წლის 14 მარტს დაახლოებით 21:30 საათზე თბილისში, შევჩენკოს ქუჩა №5-ში მდებარე ტექნიკის მაღაზიასთან ლ-----------–---–ი შეხვდა მ--------------–---–ს, რომელსაც მოტყუებით, თითქოსდა ბლოკის მოხსნის მიზნით, გამოართვა მისი კუთვნილი 1 000 ლარად ღირებული ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი (თავისივე ყუთით და საგარანტიო ფურცილით), რომელიც მალევე 950 ლარად ჩააბარა თბილისში, პეკინის ქუჩა №3-ში მდებარე ლომბარდში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით, ლ-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი---------მა და ითხოვა მისი შეცვლა.

 

მეორე მხარემ - მსჯავრდებულმა ლ-----------–---–მა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით ლ-----------–---–ი გაამართლა იმ დასაბუთებით, რომ დაზარალებულის მ--------------–---–ის ჩვენებით, მან საკუთარი სურვილით მიაწოდა „აიქლაუდი“ ბრალდებულს და საკუთარი სურვილითვე შეიყვანა მონაცემები, თუმცა სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა საქმის მასალებით დადასტურებული ფაქტი, რომ საკუთარი ნებით „აიქლაუდის“ მიწოდების განზრახვა დაზარალებულს არ გამოუხატავს იმისათვის, რათა ბრალდებულს დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად გამოეყენებინა სწორედაც, რომ დაზარალებულის სურვილისა და ნების საწინააღმდეგოდ, მონაცემების გადაგზავნა და ეს რომ ასე იყო, დადგენილია თავად ბრალდებულის ჩვენებით, „აიქლაუდის“ მიცემის შემდეგ კომპიუტერულ სისტემაში დაზარალებულის პირად მონაცემებში როგორ შევიდა, სპეციალური პროგრამის საშუალებით, როგორ დაბლოკა ტელეფონი, რაც მათთან ნდობაში შესვლისა და ხელსაყრელი ვითარების შესაქმნელად გამოიყენა, ორჯერ შეხვდა კიდევ ოჯახში, და საბოლოოდ თაღლითურად მიითვისა სხვისი ნივთი. ანუ ბრალდებულის განზრახვაში თავიდანვე იყო და დადასტურდა კიდეც, რომ სხვის კომპიუტერულ მონაცემებში აღწევდა უკანონოდ, უფრო მეტიც, ამას იყენებდა სხვა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და რომ არა ეს ხერხი, თაღლითური ქმედების ფაქტობრივი გარემოებებიც სახეზე არ იქნებოდა, იმ ქმედებისა, რაშიც სასამართლომ ცალსახად გაამტყუნა ბრალდებული. ლ-----------–---–ის ქმედებები ერთიანი ფაქტობრივი ვითარების შემქნელი, ორი დამოუკიდებელი ეპიზოდია და როცა სასამართლო საუბრობს ობიექტური მხარის ამ ნიშანზე - დაზარალებულის თითქოსდა გამოხატულ ნებაზე, რაც რეალურად არ არსებობს იმ ქმედებისათვის, რომელიც აწარმოა ბრალდებულმა - სასამართლოს მხრიდან ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩენილიყო ის ფაქტიც, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, რაზეც მიანიშნებს სიტყვები - კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართზომიერი შეღწევა ეს არის კომპიუტერული ინფორმაციის არასანქცირებული გაცნობა, დაზარალებულს კი ბრალდებულისათვის ნება ანუ „სანქცია“ არ მიუცია, ტელეფონის დაბლოკვისა და თანმდევი დანაშაულებრივი ქმედებების განსახორციელებლად. ამასთან, კვალიფიკაციის ძირითადი განსაზღვრაც ხდება იმის მიხედვით, თუ რა დევს დანაშაულებრივი ქმედების განმახორციელებელი პირის კოგნიტიურ იპლემენტში, მარტივად რომ ვთქვათ, რა სურს პირს. და რაც სურდა, ბრალდებულის ჩვენებაში სრული აღიარებითი მოცულობითაა მითითებული. ბრალდებულ ლ-----------–---–ის ჩვენებაში აღწერილი, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის გარემოებები დასტურდება სათანადო კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის აღწერილობის მიხედვით, იმ პროგრამის გამოყენების კვალი, რაზედაც თავის ჩვენებებში უთითებდა ბრალდებული, აღმოჩენილია.

 

აპელანტის მტკიცებით არაპროპორციულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ-----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი, რადგან იგი არ არის ქმედების პროპორციული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ, მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდეგნა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯვარდებულისა და სხვა პირებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მიიღწევა, რადგან გამოყენებული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მსჯვარდებულის ქცევის გამოსწორებას. ასეთი სასჯელი, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ვინაიდან იგი ძალიან ლმობიერია.

 

მეორე მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, თუმცა ზედმეტად მკაცრია სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის ერთი ეპიზოდი, ასევე გასათვალისწინებელია მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ფაქტორები: იგი არ არის ნასამართლევი, ხელი შეუწყო გამოძიებას და მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

 

5. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მიერ, სადავოდ არ იქნა მიჩნეული: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები (17.03.2018; 27.03.2018), ოქმები ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (23.03.2018); ამოღების ოქმი (27.03.2018); სალომბარდე ხელშეკრულება (25.03.2018); საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტის N----- დასკვნა (30.03.2018), ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები (11.12.2018); სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტის N--------- დასკვნა (27.02.2019); მოწმეების მ--------------–---–ის, ია----------–---–------------------------–-–------------------------–---------–---–-----–-–-------------------------–-–---–-- და ლ-----------–---–ის (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) გამოკითხვის ოქმები, რასაც მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ამ უდავო მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

გამოძიებაში დაზარალებულ მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) ირკვევა, რომ დედისგან საჩუქრად მიიღო ,,აიფონ 7“ მოდელის ტელეფონი, ღირებული 1250 ლარად. სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ესაჭიროებოდა ტექნიკური დახმარება ე.წ ,,აიქლაუდის“ ახალ ტელეფონში ჩასაწერად. მის განცხადებას გამოეხმაურა ,,Ibox Georgia”-ს თანამშრომელი, რომელიც სარგებლობდა ასევე პირადი გვერდით ,,ა-------“ სახელით და აღუთქვა დახმარება. მან ,,ა-------“ მისწერა მისი ძველი ,,აიქლაუდის“ მეილი, რომლის პაროლი არ ახსოვდა. ერთ-ორ საათში მიიღო მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ მისი ძველი მეილი, შეიცვალა ახლით მაილით. მან ,,ა-------“ გაუგზავნა მისი ახალი მეილი და ფასვორდი, რაც შეტყობინებით მიიღო. ,,ა-------“ მითითებით ტელეფონში შეიყვანა ახალი მეილი და ფასვორდი. ტელეფონში ე.წ ,,ბექაფის“ შესრულებისას დაიბლოკა ტელეფონი. დედასთან ერთად სასწრაფოდ შეატყობინა ,,ა-------“ აღნიშნულის თაობაზე, ეს უკანასკენლი კი დაპირდა, რომ პრობლემას გამოსწორებდა მისი შეყვარებული, რომელიც იყო ,,ჰაკერი“. 2018 წლის 13 მარტს საღამოს შეხვდა უცნობ პირს, რომელიც გაეცნო, როგორც ნ-----–----ი და დაპირდა დახმარებას. ნ-----–----თან შეხვედრას ესწრებოდა დედამისიც, რომელიც თავდაპირველად იყო მოშორებით და ადევნებდა მათ თვალს. ნ-----–----ი გაყვათ სახლში, სადაც კომპიუტერიდან მოუხსნა მობილურზე ბლოკი. ამასთან, ,,ეფლიდან“ მიიღო შეტყობინება, რომ უნდა გადაეხადა 43 დოლარი. მობილურის შავი სიიდან ამოსაღებად ეს თანხა გადაურიცხეს ნ-----–----ს, მისი მითითებისამებრ, თუმცა მეორე დღეს, ტელეფონს ისევ პრობლემები შეექმნა. ნ-----–----ს ვერ დაუკავშირდა, რადგან ტელეფონი, რომელიც წინა დღეს ჩააწერინათ, იყო გამორთული. სოციალურ ქსელში დაუკავშირდა ,,ა-------“, რომლის სახელით ნ-----–----მა დაუთქვათ შეხვედრა რუსთაველის გამზირზე, რადგან მობილურის გასასწორებლად რაღაც სკანერი იყო საჭირო. საღამოს, დედასთან ერთად მივიდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შევჩენკოს ქუჩა №5-ში მდებარე ტექნიკის მაღაზისათან. მაღაზია დაკეტილი იყო. ნ-----–----მა უთხრა, რომ დაცვის თანამშრომელი გაუღებდათ კარს, რადგან იგი ამ მაღაზიაში მუშაობდა ,,აიტიშნიკად“. ნ-----–----მა მისი ,,ფეისბუქით“ მიწერა ,,Ibox Georgia”-ს, გაეღოთ კარი, რათა შეეკეთებინა მობილური ტელეფონი. საპასუხოდ კი მიიღო შეტყობინება, რომ მხოლოდ მარტოს შეუშვებდნენ მაღაზიაში. იძულებული გახდნენ მობილური ტელეფონი თავისივე ყუთით მიეცათ ნ-----–----ისთვის, რომელიც მაღაზიაში უნდა შესულიყო უკანა კარიდან. ნ-----–----მა ისარგებლა მათი ნდობით და სადარბაზოს უკანა მხარიდან გაიპარა, თან წაიღო მისი ტელეფონი თავისივე ყუთით. რამდენიმე წუთში დედამისი რეკავდა მის კუთვნილ ტელეფონზე, რომელიც იყო უკვე გამორთული. სახლში დაბრუნებულმა ინტერნეტის საძიებო ველში ჩაწერა ტელეფონის ნომერი, რომელიც ნ-----–----მა დაუტოვა და აღმოშნდა, რომ ტელეფონის ნომერი ეკუთვნოდა ლ-----------–---–ს, რომლის ,,ფეისბუქ“ გვერდზე მათ მოიცნეს იმ ბიჭის ფოტო, რომელიც ნ-----–----ის სახელით გაეცნოთ.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება გამოძიებაში მოწმე ი-----------–---–ის (დაზარალებულის დედა) გამოკითხვის ოქმით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ).

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტის N--------- დასკვნის (27.02.2019) მიხედვით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ), მ--------------–---–ის ტელეფონის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოწყობილობაში ინსტალირებულია მხოლოდ საწარმოო ტიპის პროგრამული უზრუნველყოფები. ასევე, მოწყობილობაში არ არის გააქტიურებული ,,iCloud“ და ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ,,JailBreak“-ს, შესაბამისად - ყოველივე აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე საკვლევ ობიექტში (წარმოდგენილი სახით) რაიმე დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება შეუძლებელია. შესაბამისად მოწყობილობაში არ ფიქსირდება ე.წ. ,,Phishing“-ის ფუნქციონალის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა.

 

ტელეფონის მეხსიერება დასკანირებული იქნა ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით, რის შედეგადაც აღდგენილი იქნა ვებ.მისამართებზე წვდომის ისტორია, მითითებულის მიხედვით დადგინდა, რომ მოწყობილობაში არსებული - გლობალურ ქსელთან მაკავშირებელი სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფით ,,Apple Safari“-ით (ჩაშენების ვერისა 11.0) გახსნილი იყო 5(ხუთი) ერთეული ვებ. მისამართი, რომლის ე.წ. ,,Page Title“-ის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულ ვებ.მისამართზე გადასვლით მომხმარებელი თითქოსდა ახდენს ვერიფიცირებას „Apple ID“-ის - რაც გულისხმობს მითითებულის ფარგლებში ,,iCloud“-ის სამომხმარებლო სახელის და უსაფრთხოების კოდის შეყვანას. ზემოთ აღნიშნული ვებ. მისამართი ე.წ. „დომეინის“ სახელწოდებისა და მისი მოცულობიდან გამომდინარე წარმოადგენს საეჭვო რესურს, რომელზე წვდომისას შესაბამისი სამომხმარებლო სახელის და უსაფრთხოების კოდის შეყვანის შედეგად, სავარაუდოდ შესაძლებელია ე.წ. „კრედენციალების“ მოპოვება უცხო პირის მიერ, მომხმარებლის თანხობის გარეშე, რაც შეიძლება ჩაითვალოს ე.წ „Phishing“-ად. აღნიშნულის დასადასტურებლად, აუცილებელია გამოკვლეული იქნას ელ. ფოსტა რომელზეც მიღებული იყო ზემოთ მითითებული ვებ.მისამართები - სავარაუდოდ ელ. წერილ(ებ)ის სახით.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატასაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ლ-----------–---–ი მოტყუებით, თითქოსდა ბლოკის მოხსნაში დახმარების მიზნით დაეუფლა მ--------------–---–ის კუთვნილ ,,აიფონ 7“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, რომელიც საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.

 

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა შეაღწია თუ არა ლ-----------–---–მა მ--------------–---–ის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს მხარეთა საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ლ-----------–---–ს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ არ შეუღწევია, რადგან საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებით, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა საკუთარი სურვილით მიაწოდა ლ-----------–---–ს მისი კუთვნილი ,,iCloud“-ის მონაცემები და საკუთარი სურვილითვე შეიყვანა ისინი. შესაბამისად, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ლ-----------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, რადგან სისტემაზე წვდომის უფლება ლ-----------–---–ს ცალსახად საკუთარი ნებით მისცა დაზარალებულმა. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა სახეზეა, როდესაც პირი მოქმედებს ამ სისტემის, ან ქსელის მფლობელის ან, სხვა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე, რასაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ მ--------------–---–ს ,,iCloud“-ის მიწოდების განზრახვა არ გამოუხატავს იმისთვის, რომ ლ-----------–---–ს დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად გამოეყენებინა დაზარალებულის სურვილისა და ნების საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა მ--------------–---–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ფეისბუქ მომხმარებელმა ,,ანა ანამ“, მას შემდეგ, რაც მისი მითითებების შესრულების შემდეგ დაზარალებულს დაებლოკა ტელეფონი, დაპირდა, რომ პრობლემის გამოსწორებაში მისი შეყვარებული დაეხმარებოდა, რომელიც იყო ,,ჰაკერი“. ამდენად, მ--------------–---–მა მის კომპიუტერულ სისტემაზე წვდომისათვის მონაცემები გადასცა ერთი მხრივ მისთვის აბსოლუტურად უცნობ პირს, რომელიც გაეცნო, როგორც ნ-----–----ი და მეორე მხრივ, მისთვის, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ პირი, ვისაც საკუთარი სისტემის გასაღები ანდო იყო ,,ჰაკერი“. ამასთან, სააპელაციო პალატა დასძენს, თუ რა მიზნით გამოიყენა ლ-----------–---–მა მის ხელთ არსებული მონაცემები, რომელიც დაზარალებულმა გაანდო, ცდება განსახილველი დანაშაულის (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის) ფარგლებს და შესაბამისად, სასამართლო ლ-----------–---–ის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის არსებობა/არარსებობის დადგენისას, მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს. რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას, რომ ლ-----------–---–ის ჩვენებაში აღწერილი კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის გარემოებები დასტურდება სათანადო კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის აღწერილობის მიხედვით, იმ პროგრამის გამოყენების კვალი, რაზედაც თავის ჩვენებებში უთითებდა ლ-----------–---–ი, აღმოჩენილია, სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ჩვენება, თუ იგი არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტის N--------- დასკვნას (27.02.2019), რომლის მიხედვით მ--------------–---–ის ტელეფონის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოწყობილობაში ე.წ. ,,Phishing“-ის ფუნქციონალის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა არ დაფიქსირდა. რაც შეეხება ტელეფონის მეხსიერებას, დადგინდა, რომ მოწყობილობაში არსებული - გლობალურ ქსელთან მაკავშირებელი სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფით გახსნილი ერთ-ერთ ვებ.მისამართზე გადასვლით მომხმარებელი თითქოსდა ახდენდა ვერიფიცირებას „Apple ID“-ის - რაც გულისხმობს მითითებულის ფარგლებში ,,iCloud“-ის სამომხმარებლო სახელის და უსაფრთხოების კოდის შეყვანას. ზემოთ აღნიშნული ვებ. მისამართი ე.წ. „დომეინის“ სახელწოდებისა და მისი მოცულობიდან გამომდინარე წარმოადგენს საეჭვო რესურს, რომელზე წვდომისას შესაბამისი სამომხმარებლო სახელის და უსაფრთხოების კოდის შეყვანის შედეგად, სავარაუდოდ შესაძლებელია ე.წ. „კრედენციალების“ მოპოვება უცხო პირის მიერ, მომხმარებლის თანხობის გარეშე, რაც შეიძლება ჩაითვალოს ე.წ „Phishing“-ად, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად, აუცილებელია გამოკვლეული იქნას ელ. ფოსტა რომელზეც მიღებული იყო ზემოთ მითითებული ვებ.მისამართები - სავარაუდოდ ელ. წერილ(ებ)ის სახით. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ლ-----------–---–მა მ--------------–---–ს გაუგზავნა ე.წ. ,,Phishing“ პროგრამის ლინკი, რომლითაც მოახერხა ამ უკანასკნელის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, რისი გათვაკლისწინებითაც, დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ამასთან, ,,Phishing“ - თევზაობა, ინტერნეტ თაღლითობის დანაშაულებრივი ფორმაა, რომლის მიზანია თაღლითური გზით მომხმარებელს გამოსძალოს პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები, მაგალითად, პაროლი, საკრედიტო ბარათის ან საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რასაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას, რომ ლ-----------–---–ს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ არ შეუღწევია, თუმცა უტყუარად დადასტურდა, რომ ლ-----------–---–ი მოტყუებით, თითქოსდა ბლოკის მოხსნის მიზნით დაეუფლა მ--------------–---–ის კუთვნილი ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 7“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, რომელიც მოგვიანებით ჩააბარა ლომბარდში, რომლის კვალიფიკაციაზე, სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ ლ-----------–---–ის, მათ შორის მსჯავრდების, (ასევე სასჯელის) ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ლ-----------–---–ს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ არ შეუღწევია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით კრიმინალიზებულია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია კომპიუტერული ინფორმაციის ხელშეუხებლობა (კონფიდენციალურობა), ანუ საკუთრების უფლება კომპიუტერულ (კიბერნეტიკულ) ინფორმაციაზე. დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დანაშაული დასრულებულად ითვლება უნებართვო შეღწევის (წვდომის) განხორციელების მომენტიდან. ,,შეღწევა“ გულისხმობს კონკრეტულ მოქმედებას, რომლის შედეგიც არის კომპიუტერული სისტემის მთლიანობის დარღვევა. შეღწევაში ძირითადად იგულისხმება წინააღმდეგობის გადალახვით შესვლა და შეღწევა უნებართვოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირი განზრახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის შენიშვნის მიხედვით, კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი); კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას; უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.

 

სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ლ-----------–---–მა მ--------------–---–ის კომპიუტერულ სისტემაში დაზარალებულის ნებართვის გარეშე შეაღწია და ამდენად, იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ლ-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაცულია საკუთრების უფლება, რომლის მიხედვით საკუთრება ხელშეუვალია. კერძო საკუთრების, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით. ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის პირის მიერ ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება №83აპ-13).

 

ამდენად, თაღლითობის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს რეალობის გამიზნულად შეცვლას, ანდა ფაქტების მიზანმიმართულად დამალვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მიღებული იქნეს დაზარალებულისთვის საზიანო გადაწყვეტილება. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ,,კანონიერად“, თუმცა მისი მიღების გზები არის უკანონო.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება, თუკი ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით (17.03.2018; 27.03.2018), ოქმებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (23.03.2018); ამოღების ოქმით (27.03.2018); სალომბარდე ხელშეკრულებით (25.03.2018); ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით (11.12.2018); მოწმეების მ--------------–---–ის, ია----------–---–------------------------–-–------------------------–---------–---–-----–-–-------------------------–-–---–-- და ლ-----------–---–ის (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ-----------–---–მა მოტყუებით, თითქოსდა ბლოკის მოხსნაში დახმარების მიზნით გამოართვა მარიამ ქერაჭაშვილს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა და ჩააბარა ლომბარდში.

 

რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ისეთი ნიშანს, როგორიც არის მნიშვნელოვანი ზიანი, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N----- ექსპერტის დასკნით (30.03.2018) უტყუარად დადგენილია, რომ მ--------------–---–ის ტელეფონის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 1000 ლარს. ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--------------–---–ისთვის მიყენებული ზიანი ცალსახად აღემატება მნიშვნელოვანი ზიანის 150 ლარიან ნიშნულს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-----------–---–ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ლ-----------–---–ს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი ითხოვს სასჯელის დამძიმებას, ხოლო მსჯავრდებული მის შემსუბუქებას, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ლ-----------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს სხვადასხვა ხრიკებით დაეყოლებინა დაზარალებული, რათა დაერწმუნებინა იგი მიეღო მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და გადაეცა ამ უკანასკნელისთვის სასურველი ნივთი), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დანაშაულის ჩადენას კომპიუტერული თაღლითობის გზით), ასევე მის პიროვნებას (აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ასევე იმ გარემოებას, რომ ზიანი ფაქტობრივად ანაზღაურებულია (ტელეფონი ამოღებულია გამოძიების მიერ) და მიაჩნია, რომ ლ-----------–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმუმთან მიახლოვებული ზომით 4 წლითა და 6 თვით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს. სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის, ასევე ლ-----------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულთა სიმრავლის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, რადგან ასეთი ლმობიერი სასჯელი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც არა თუ ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, არამედ, პირიქით, წაახალისებს დამნაშავეს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ლაზერული დისკები, შნახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით; ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ვაკე-საბურთსლოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი;

 

ლ-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს განაჩენით და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით;

ლ-----------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 11 ივნისიდან.

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით და ამავე სასამართლოს 17 სექტემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ლაზერული დისკები, შნახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით;

- ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი