განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119002920367
საქმე №1/ბ-466-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
ბრალდების მხარე: ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ--------------ე
გამართლებული: დ----------------, დაბადებული 1969 წლის 08 მარტს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №4----------), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლ------ე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ---------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის დეკემბრის თვეში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლ------ეში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში დ---------------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - ლ------------ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - ნ------------ს, რა დროსაც დაარტყა მას ხელი კისრის არეში, რის შედეგადაც ნ------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნულის გამო, დ---------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენით: დ---------------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
დ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ გაუქმდა და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან;
გამართლებულ დ---------------ს განემარტა მიყენებული ზიანი ანაზღაურების უფლება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, დ----------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: დ----------------ს მეუღლემ, მოწმე ი------------მა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაადასტურა დ----------------ს მიერ მისი შვილის მისამართით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მართალია, მან აღნიშნული წარმოადგინა როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება, თუმცა, ობიექტურად, შეუძლებელია სხვა პირმა განსაზღვროს სხვისი შინაგანი განწყობა ჩადენილი ქმედების მიმართ. რაც შეეხება დაზარალებულ ნ------------ს, მან დატოვა საქართველო დ----------------ს საქმის არსებითი განხილვის პერიოდისათვის, შესაბამისად, გამოქვეყნდა მისი გამოძიების წინაშე მიცემული ჩვენება, სადაც იგი დეტალურად აღწერს მამის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და აღნიშნულის შედეგად განცდილ ტკივილზე. ხოლო არასრულწლოვანმა ლ------------მა საქმის არსებითი განხილვისას გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ დ---------------მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა დ---------------მა, ასევე, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ--------------მ ითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს დ----------------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ----------------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ე-----------------ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 26 თებერვალს მასთან მივიდა ი------------ი ნ------------თან ერთად. მათ თქვეს, რომ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდათ, რომ ბრალდებული ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ზეწოლას, ამჟამად ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონიაო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ მოწმეები: ლ-------------–-- და ი-----–----------, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს მათ მიერ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, ბრალდებულის დაკავება). არც ერთი მათგანს უშუალოდ არ უნახავს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა - ისინი არ არიან ქმედების შემსწრე პირდაპირი მოწმეები.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული ზემოაღნიშნული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
მოწმე ი------------ის ჩვენების თანახმად, მასა და ბრალდებულს შორის მოხდა შელაპარაკება. სახლში მასთან ერთად იმყოფებოდნენ ნ--- და ლანა. ნ--- მივიდა ბრალდებულთან და მოსთხოვა გაჩერება. ბრალდებულმა ზოგადად იცის ხელებით საუბარი. ამიტომ ვერ ამბობს, რომ განზრახ დაარტყა, მაგრამ ბრალდებულის აქნეული ხელი მოხვდა კისერზე ნ---ს და იტირა. ბრალდებული საუბრისას ხელებს რომ შლიდა, მაშინ მოხვდა ნ---ს მისი ხელი. სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო მის მიმართ. ბრალდებულმა ნ---ს უთხრა, შენ გაიწიე და ჩვენ მივხედავთო, მოტრიალდა, გაშალა ხელი და მოხვდა ნ---ს. ბრალდებული გამიზნულად არ დაარტყამდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა ხშირი იყო მათ შორის. ბრალდებულს შვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2019 წელს სოციალურ სამსახურში მივიდა და უთხრა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო მის მიმართ და მიეღოთ ზომები. ბრალდებულთან არასდროს ჰქონია ცუდი ურთიერთობა. ფიზიკურად ის არასდროს შეხებია, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და არ უნდოდა ბავშვებს ეს მოესმინათ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე ნ------------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2018 წლის დეკემბრის თვეში სახლში იყვნენ მასთან ერთად დ----------------, ი------------ი და ლ------------ი. დ---------------- იყო მთვრალი და კამათი დაუწყო ი------------ს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შეეცადა დ----------------ს დამშვიდებას, მაგრამ პასუხად მიიღო, შენ რა გესაქმებაო, შეაგინა და გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა კისრის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ტკივილი. ი------------მა დ---------------- გაიყვანა გარეთ.
მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ნ------------ის გამოკითხვის ოქმში ახსნილი გარემოებებით და ასევე, ამ უკანასკნელის დედის, მოწმის სახით დაკითხული ი------------ის სასამართლოში მიცემული განმარტებით დადასტურებულია მსჯავრდებულ დ----------------ს მხრიდან მისი შვილის, დაზარალებულ ნ------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
კანონის განმარტებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სასამართლო სხდომაზე მოწმის წარმოდგენისათვის გატარებული ყველა შესაძლებლობის ამოწურვის შემდგომ მის მიერ გამოძიებაში მიცემული განმარტების გამოქვეყნება, მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენისათვის კანონით დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობისათვის აუცილებელია სხვა ეჭვის გამომრიცხავი უტყუარი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადგენილი იქნება როგორც გამოქვეყნებულ განმარტებაში მითითებული გარემოებები, ასევე, მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდება.
საქმის არსებითი განხილვის დროს, დანაშაულებრივი ქმედების უშუალო შემსწრე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის დედის ი------------ის განმარტებით, მსჯავრდებულს დაზარალებულისათვის გამიზნულად არ დაურტყამს ხელი, არამედ, შემთხვევით მოხვდა ამ უკანასკნელს გაშლილი ხელი. იქვე, მოწმე განმარტავს, რომ ბრალდებულს უყვარს ხელით საუბარი და ამ საუბრისას შემთხვევით მოხვდა დაზარალებულს მის მიერ მოქნეული ხელი. აღნიშნული განმარტება ეჭვის შეტანის საფუძველს წარმოადგენს მსჯავრდებულის განზრახვის შინაარსის დადგენის დროს. ასეთ შემთხვევაში, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ეჭვი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. საკითხის გადაწყვეტისას, ასევე მნიშვნელოვანია რომ ფაქტის უშუალო შემსწრე ლ------------მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა მისი ახლო ნათესავის - მამის მამხილებელი ჩვენება.
ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.
სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება განაჩენში ახსნილ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდების შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელი იყო მიზეზობრივი კავშირის დადგენა მის მიერ განხორციელებულ მოქმედებასთან და შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის, რაც საქმის არსებითი განხილვის დროს დადგენილი ვერ იქნა, რადგანაც დაკითხულ მოწმეებს ტყივილის მიყენების შესახებ სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ამის შესახებ მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმშია მითითებული, რაც არ შეიძლება საფუძვლად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს. აქედან გამომდინარე, დადგენილ განაჩენში სწორად არის მითითებული, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ამ პირის ბრალეულობაში. პალატა, ასევე, იზიარებს განაჩენში მითითებულ დასაბუთებას საქმეში არსებული ირიბი მტკიცებულებების მიმართებით. კერძოდ, ირიბი მტკიცებულება, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვები მტკიცებულებაა თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომლიც არ არის ირიბი ჩვებენა, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ვერ იქნა საქმის არსებითი განხილვის დროს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები ეფუძნებოდა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მაშინ, როდესაც მოწმეთა მიერ მითითებული ინფორმაციის წყარომ, ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილში, სასამართლოს მიაწოდა განსხვავებული ინფორმაცია.
ამ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში სწორად არის მითითებული, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება, არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც, ასევე გამტკიცებულია ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
შესაბამისად, ვინაიდან, მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და დ---------------- სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დ----------------ს მიმართ 2019 წლის 24 მაისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი დ----------------ს მიმართ დარჩეს უცვლელად;
3.დ---------------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4.გამართლებულ დ---------------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5.დ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ გაუქმებულია.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/