განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010100119002991190
საქმე №1/ბ-497-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე ქორიძე
ბრალდების მხარე: პროკურორი ლ---------------ე
მსჯავრდებული: ა-------- ს-------ის ძე კ-----------ი, დაბადებული 1998 წლის 02 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ.ბათუმი, ჯ-----–---–-- ქ. N------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-------- კ-----------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის შენახვა და გადაზიდვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენით: ა-------- ს-------ის ძე კ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, 3600 ლარის ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი - 20 ბლოკი “HEETS AMBERS”, 20 ბლოკი - “HEETS YELLOW”, 15 ბლოკი “HEETS BRONZES“ და 5 ბლოკი “HEETS TURQUOISE” თამბაქოს ნაწარმი, როგორც დანაშაულის საგანი - უსასყიდლოდ ჩამოერთვა, სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ა-------- კ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა. ნივთმტკიცება - ერთი ცალი ინტერვიურების ამსახველი DVD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს დადგინდა რომ დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-------- კ-----------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა-------- კ-----------მა, 2019 წლის 18 აპრილს, მისი მართვის ქვეშ არსებულ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო სანომრე ნიშნით SH001IR, ინახავდა და შავშეთის ქუჩის მიმართულებით გადაზიდავდა 3600 ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს - თამბაქოს ნაწარმს 20 ბლოკ “HEETS AMBERS”-ს 20 ბლოკ - “HEETS YELLOW”-ს, 15 ბლოკ “HEETS BRONZES“-ს და 5 ბლოკ “HEETS TURQUOISE”-ს აქციზური მარკის ნიშანდების გარეშე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დ-------------ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ ა-------- კ-----------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ა-------- კ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვინაიდან, აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას, ასევე წარმოადგენს ანგარებითი ხასიათის ქმედებას. დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, რაც ხელს შეუშლის როგორც მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, ასევე დანაშაულის პრევენციას.
დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი. მსჯავრდებული არის სტუდენტი, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, თავისი ფიზიკური შრომით ცდილობს სწავლის საფასურის გადახდას. ამდენად, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრებისა და ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ჯარიმის სახით გამოყენებული არასაპატიმრო სასჯელი, სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა; მოწინააღმდეგე მხარე, მსჯავრდებულმა ა-------- კ-----------მა მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ ა-------- კ-----------ის ჩვენებით; მოწმეების - თ-----------------ის, ი-----------ის, ქ--------–---–----–---–ის ჩვენებებით; შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ შედგენილი დოკუმენტებით - სატრანსპორტო საშუალების შეჩერების ოქმით, ოქმით საქონლის ჩამორთმევის შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტით; თამბაქოს ნაწარმის ამოღების ოქმით; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 23 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-------- კ-----------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა-------- კ-----------ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
ა-------- კ-----------ი მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ა-------- კ-----------ი ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-------- კ-----------ის მიმართ, დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
აქედან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, რაც ხელს შეუშლის დანაშაულთა პრევენციას და ასეთი სასჯელის გამო შესაძლოა მოხდეს მსჯავრდებულის და სხვა პირების ,,წახალისება“ მსგავსი დანაშაულის ჩასადენად, რაგანაც, სასჯელის იდივიდუალური ხასიათის გათვალისწინებით, სისხლის სამართლში მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი ინდივიდუალურადაა პასუხისმგებელი მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის და ამ ქმედების პრევენციისათვის მთავარია არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ, მისი გარდაუვალობა, რაც დაკავშირებულია როგორც პასუხისმგებლობის, ასევე სასჯელის გარდაუვალობის პრინციპთან და ზოგადი პრევენციის მიზანს ემსახურება, ამიტომ ყველა შესაძლებელ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიყენოს სისხლისამართლებრივი ზემოქმედების სხვადასხვა ზომა მათ შორის ჯარიმაც, როგორც ეს კონკრეტულ შემთხვევაშია გამოყენებული.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი, ა-------- კ-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი, ა-------- კ-----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.ა-------- კ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, 3600 ლარის ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი - 20 ბლოკი “HEETS AMBERS”, 20 ბლოკი - “HEETS YELLOW”, 15 ბლოკი “HEETS BRONZES“ და 5 ბლოკი “HEETS TURQUOISE” თამბაქოს ნაწარმი, როგორც დანაშაულის საგანი - უსასყიდლოდ ჩამოერთვას, სახელმწიფოს სასარგებლოდ.
5. ა-------- კ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია.
6. ნივთმტკიცება - ერთი ცალი ინტერვიურების ამსახველი DVD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ლ.თედორაძე/