განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №050210019002887755
№2/ბ-770-2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
აპელანტი წარმომადგენელი მ-----ო ლ-----ე კ--ა ჩ---–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე კ-----რ მ--------ე
წარმომადგენელი გ---ა ძ----------–---–ი
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე 1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით კ-----რ მ--------ის სარჩელი მოპასუხე მ-----ო ლ-----ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. მ-----ო ლ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ო--------------უნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------ში მდებარე, კ-----რ მ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №2----------- და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრე კ-----რ მ--------ეს. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. ო--------------უნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 2-----------) რეგისტრირებულია კ-----რ მ--------ის საკუთრებად. 2.2. კ-----რ მ--------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე - ო--------------უნიციპალიტეტი, სოფელი ნ-------ი (ს/კ 2-----------)) ფაქტობრივად ფლობს მ-----ო ლ-----ე, მესაკუთრის ნებართვის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. 2.5. საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, (ამჟამად მოქმედი რედაქციით მე-19 მუხლის პირველი პუნქტი), რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2.6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის (ამჟამად მოქმედი რედაქციით 31-ე მუხლისს პირველი ნაწილი) შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. 2.7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება (მდებარე: ო--------------უნიციპალიტეტი, სოფელ ნ-------ი. საკადასტრო კოდი №2-----------) მისი საკუთრებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. 2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2.10. დადგენილია, რომ მოპასუხე არ არის ო--------------უნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 2-----------) მესაკუთრე. მისი ქონების მფლობელობის წინააღმდეგია მოსარჩელე, რომელსაც მოპასუხის გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეს არ აქვს ამ ქონების ფლობის უფლება. ის არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, ამიტომაც ის გამოსახლებული უნდა იქნას მოსარჩელის კუთვნილი ქონებიდან. მისი გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემით აღსდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი საფუძვლები და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, ო--------------უნიციპალიტეტის, სოფელ ნ-------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 2-----------) მ-----ო ლ-----ის საკუთრებაა. იგი არის 84 წლის მარტოხელა პენსიონერი, რომელიც მეუღლის და შვილის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრობს მისივე აშენებულ სახლში. მ-----ო ლ-----ის ახლო ნათესავმა, უკანონოდ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მ. ლ-----ის უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი ჯერ იპოთეკით დატვირთა, ხოლო შემდეგში ისე გაასხვისა კრედიტორზე, რომ ამის შესახებ მ-----ო ლ-----ემ არაფერი იცოდა. ახალმა მესაკუთრემ უძრავი ქონება, 2018 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მიყიდა კ-----რ მ--------ეს. 3.2. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. გათვალისწინებული არ არის ის გარემოება, რომ რეალურად საკითხი შეეხება იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის შესყიდვა და შემდეგში გადაყიდვა მოხდა კრედიტორის მიერ. სასამართლოს არ გაურკვევია შეასრულა თუ არა კრედიტორმა გამოსახლებამდე ისეთი მოქმედებები, რაც უზრუნველყოფდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც რეალურად წარმოადგენს ფულად ვალდებულებას. შესაბამისად, გაურკვეველია იყო თუ არა ამ შემთხვევაში გამოსახლება რეალურად მისი ინტერესების დაკმაყოფილების საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში 4.1. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა მოსაზრებებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.1.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. 4.1.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.1.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე. 4.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ ო--------------უნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 2-----------) მესაკუთრეა კ-----რ მ--------ე. 4.2.2. უძრავ ქონებას, კ-----რ მ--------ის ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად ფლობს მისი ყოფილი მესაკუთრე მ-----ო ლ-----ე. 4.2.3. მ-----ო ლ-----ეს სადავო ქონების ფლობის/სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. 4.2.4. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 4.2.5. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 4.2.6. დადგენილია, რომ კ-----რ მ--------ე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ აპელანტი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელს, რომლის მიერაც არ არის გასაჩივრებული კ-----რ მ--------ის საკუთრებაში სადავო ქონების აღრიცხვის საფუძვლის - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობისა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნის თაობაზე გარემოებები მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული. 4.2.7. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. 4.2.8. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 4.2.9. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ მან სადავო უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი, დაკარგა მოტყუებით, უკანონო გარიგების საფუძველზე და სხვა რაიმე თავშესაფარი არ გააჩნია, ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება, მით უფრო, რომ უძრავი ქონების მესაკუთრედ კ-----რ მ--------ის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის კანონიერება და მისი წარმოშობის საფუძველი, სასარჩელო წარმოების საერთო წესით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, მას სასამართლოსათვის არ მიუთითებია ომგვარ გარემოებებზე, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. პალატის აზრით, აპელანტს სადავო ქონების ფლობის საფუძველი არ გააჩნია, რადგან, ქონებაზე საკუთრების შეძენის შემდეგ, მესაკუთრემ დასაბუთებული პრეტენზია წაუყენა და მფლობელობის შეწყვეტა მოსთხოვა. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კ-----რ მ--------ის სარჩელი იყო საფუძვლიანი და სწორად დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, მ-----ო ლ-----ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული იქნა ხარჯი 200 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ სარჩელზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 4000 ლარს, ამასთან, მ-----ო ლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კ-----რ მ--------ეს უნდა აუნაზღაურდეს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, რომლის გონივრული ოდენობა, გაწეული მომსახურებისა და დავის სირთულის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 50 ლარით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს მ-----ო ლ-----ის წარმომადგენლის კ--ა ჩ---–--–---–ის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
3. მედკიო ლ-----ეს კ-----რ მ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი