განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003015486
№1ბ/1263-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ, ს----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------), ი--------------ს, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-----------------------–-----------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი--------------მ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი-------------- 2019 წლის 7 მაისს, დაახლოებით 12 საათსა და 15 წუთზე, ქ. თ---–--–----------------------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა-–--------------–--ის ლაბადის გარეთა ჯიბიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, დამცავი შალითით, ღირებულს 144 ლარად და შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. თუმცა, განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან ადგილზე დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის განაჩენით:
ი-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ი--------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
ი--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 07 მაისიდან 2019 წლის 03 ივლისის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ს----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით. ბრალდების მხარის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ხანდაზმული ქალბატონის მიმართ, რაც გამორიცხავს მსჯავრდებულისთვის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ, ს----------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ი--------------ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი--------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ ა-–--------------–--ის და მოწმეების - ა-–-----------–------–---–--------------–----–------ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ი--------------ს გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, ი--------------ს დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის, ამოღებული ნივთიერ მტკიცებულების, დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმის, სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი--------------მ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი--------------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ი--------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ი--------------მ გამოკითხვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ, დადგენილი სანქციის ფარგლებში, მსჯავრდებულ ი--------------ს დაუნიშნა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და თვლის, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს. პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი--------------ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ, ს----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ი-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ი--------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ი--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 07 მაისიდან 2019 წლის 03 ივლისის ჩათვლით.
ი--------------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ
ი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დაზარალებული ა-–--------------–--ის კუთვნილი მობილური ტელეფონი დალუქული სახით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი კუთვნილი ნივთები -დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი