განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002763927
საქმე №1ბ/972-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ--------------–--ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ზ----------–---–ი (დაბადებული 19---–-–---------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ს-----------------------------–--------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–------------------ში);
ადვოკატი - გ---------------ე;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
სასჯელი: 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე, ზ----------–---–მა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა ორმა პირმა, უკანონოდ შეაღწიეს ქ-------–--–---------------------–ში მდებარე სს „თ--------–-----–----“ ტერიტორიაზე განთავსებულ სანავიგაციო ვაგონში ე.წ. „კუ--ში“, სამუშაო ხელსაწყოების დახმარებით დაშალეს გენერატორები და შეეცადნენ ფერადი ლითონებისგან დამზადებული ტექნიკისა და სპილენძის მავთულების ფარულად დაუფლებას. ზ----------–---–ისა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი ორი პირის ქმედების შედეგად, სს „თ--------–-----–---“ შესაძლოა მისდგომოდა 3970 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე, ზ----------–---–მა და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა, უკანონოდ შეაღწიეს ქ-------–--–---------------------–ში მდებარე სს „თ--------–-----–----“ ტერიტორიაზე განთავსებულ სანავიგაციო ვაგონში ე.წ. „კუ--ში“, სამუშაო ხელსაწყოების დახმარებით დაშალეს გენერატორები და შეეცადნენ ფერადი ლითონებისგან დამზადებული ტექნიკისა და სპილენძის მავთულების ფარულად დაუფლებას. ზ----------–---–ისა და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირის ქმედების შედეგად, სს „თ--------–-----–---“ შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენით, ზ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ---------------ემ და ითხოვეს მისი გაუქმება.
მეორე მხარემ - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–--ემ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მოწმეების გ--–------------------–-------------–-–---–ის ჩვენებები რელევანტურია, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. მოწმეთა მითითება, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ დაინახა სახეზე ვერცერთი პიროვნება როდესაც მათ 5 მეტრის დაშორებით მიანათეს ფარანი ბადებს ეჭვს რომ ისინი ცრუობენ. ასევე თვითმხილველი მოწმე სრულიად სხვაგვარად აღწერს ფაქტს რომელიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. თუ ერთი ამბობს რომ მოპირდაპირე მხრიდან გაიქცნენ დამნაშავეები, მეორე ამას უარყოფს და მიუთითებს რომ მხოლოდ ერთი კარი იყო ღია და სხვა კარიდან ვერ გაიქცეოდნენ, მითუმეტეს მოპირდაპირე კარიდან რომელიც კუ--ს არ გააჩნია. ასევე ეს ჩვენებები ეწინააღმდეგება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას სადაც მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში არ ემთხვევა ზ----------–---–ის სუნის ნიმუშს. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება რომ აეროდრომის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ზ----------–---–ი, რომელსაც ჰქონდა სამუშაო ხელსაწყოები. მოწმეებმა მიიჩნიეს გახშირებული ქურდობების გამო ზ----------–---–ი აეროდრომის ტერიტორიაზე შესული იყო არა გზის შესამოკლებლად არამედ გასაქურდად. აღნიშნული ვარაუდი კი არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
მეორე მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
5.
6.
7. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).
თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და,საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან როგორც მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე საკმარისობის თვალსაზრისით და განმარტავს, რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ლ-------------–--–---–მა განმარტა, რომ მუშაობს სსიპ „ს---------------–---------------------–-------------–-------–----------------------–--“ ობიექტის დაცვის უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში, იგი თავის თანამშრომელ გ--–------------თან ერთად ახდენდა ობიექტის შემოვლას/დათვალიერებას, რა დროსაც ამავე ობიექტზე განთავსებული სანავიგაციო ვაგონიდან ე.წ. „კუ--იდან“ შემოესმა ხმა. მან ე.წ. „კუ--ს“ მიანათა ფარანი და დაინახა სამი პირი, საიდანაც ერთი იდგა ვაგონის გარეთ, ხოლო დანარჩენი ორი - ვაგონის შიგნით. მან დანახვისთანავე შესძახა უცხო პირებს, რომ შეჩერებულიყვნენ, თუმცა სამივე მათგანი სწრაფად გაიქცა. გაქცევისას ე.წ. „კუ--ის“ შიგნით მყოფი პირები გადმოხტნენ წინა კარებიდან. მოწმის თქმით, სანავიგაციო ვაგონს აქვს ორი კარი, საიდანაც ერთი არის შესასვლელი, ხოლო მეორე (გვერდით მდებარე) - დიზელის ჩასასხმელი. მოწმე თავის თანამშრომელთან ერთად გაეკიდა ზემოაღნიშნულ პირებს, თუმცა ვისი შეპყრობაც მოახდინა, იყო მხოლოდ ზ----------–---–ი, ვინაიდან ის სირბილის მომენტში დაეცა და ჩამორჩა თანამზრახველებს. მათ აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. სასამართლო დარბაზში მოწმემ ამოიცნო ზ----------–---–ი, ხოლო დანარჩენ ორ პირთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათი ამოცნობა არ შეუძლია. მოწმის განმარტებით, აეროდრომი ველის ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება მხოლოდ საშვის მეშვეობით. მის გარეშე შესვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ პირი გადაჭრის შემოღობილი ტერიტორიის მავთულხლართს, გადაძვრება მასზე ან გამოძვრება მის ქვემოთ. მოწმემ დაადასტურა, რომ ღობე რამდენიმე ადგილას იყო დაზიანებული. ასევე დაზიანებული იყო ე.წ. „კუ--ში“ არსებული გენერატორის სადენები.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ--–----------მა განმარტა, რომ 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მუშაობდა დაცვის სამსახურ „დ--–---ში“. მის მოვალეობაში შედიოდა აეროდრომი ველის ტერიტორიის დაცვა და უსაფრთხოება. ვინაიდან ტერიტორია არის დიდი მოცულობის, ღამის საათებში ის და მისი თანამშრომლები ახდენდნენ შემოვლას/დათვალიერებას. „დ--–---სა“ და სს „თ---------–-----–--ს“ აქვთ საერთო ტერიტორია. 2018 წლის 5 აგვისტოს, იგი ლ-------------–--–---–თან ერთად ახდენდა შემოვლას/დათვალიერებას, რა დროსაც ხმაური გაიგო რადიოსალოკაციო პუნქტთან. მიუახლოვდნენ აღნიშნულ პუნქტს, უმალვე მიანათეს ფარანი, რა დროსაც დაინახეს სამი პირი. მართალია, მათ მაშინვე დაუყვირეს შეჩერებულიყვნენ, თუმცა სამივე მათგანი გაიქცა. გაქცეულთაგან მათ მხოლოდ ერთი პირის - ზ----------–---–ის შეპყრობა შეძლეს, რომელიც მოწმის განმარტებით არის სასამართლო დარბაზში მყოფი ბრალდებული. ამის შემდეგ, მათ დაათვალიერეს ე.წ. „კუ--ი“ სადაც გენერატორის კაბელები იყო დაზიანებული/გადაჭრილი. მოწმის განმარტებით, სანავიგაციო ვაგონს აქვს ორი კარი. აღნიშნული პირები შესასვლელი კარიდან არ გაქცეულან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე შ--–----------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, შეტყობინების საფუძველზე, ერ---–-------------–თან ერთად გავიდა აეროდრომი ველის ტერიტორიაზე, სადაც დაცვის თანამშრომლებს შეჩერებული ჰყავდათ ზ----------–---–ი. მათ აღნიშნულ პირს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ბრტყელტუჩა, სახრახნისი და ხელთათმანი. პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, ზ----------–---–ი დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს განყოფილებაში.
ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ერ---–-------------–მა (გამომძიებელი).
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ-----------–---–-----მა განმარტა, რომ მუშაობს სს „თ--------–-----–--ში“ შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. მოწმის განმარტებით სს „თ--------–-----–---ა“ და „დ--–---ს“ ჰქონდათ საერთო შენობა-ნაგებობა, ტერიტორია და წარმოება. ტერიტორია არის დაცული და ნებართვის გარეშე შესვლის უფლება არავის აქვს. ტერიტორიაზე გადაადგილება ხდება მხოლოდ საშვის საშუალებით. 2018 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში მომხდარ ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, მოწმემ განაცხადა, რომ იცის გადმოცემით, ვინაიდან შემთხვევის დღეს სამსახურში არ იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, ე.წ. „კუ--ი“ არის ლოკატორული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება თვითმფრინავების მიღება-გაშვება, ანუ მფრინავი ეყრდნობა ამ ლოკატორულ მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდეგ, ისინი იძულებულნი შეიქნენ მიემართათ აეროპორტის უწყებასთან. ამჟამად წვალობენ, რათა თვითმფრინავების გამოცდა ჩაატარონ. მოწმის თქმით, ზემოაღნიშნული დანადგარი იკვებება დენის წყაროთი, კერძოდ, გენერატორით. მოწმე ქურდობის მცდელობის შედეგად მიყენებულ დაზიანებას სულ მცირე 25 000 ლარად აფასებს. მიყენებული ზიანი არ ანაზღაურებულა. მოწმისთვის უცნობია ე.წ. „კუ--ში“ არსებული გენერატორები მუშაობდა თუ არა შემთხვევის დღემდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე პ---–----------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს სს „თ--------–-----–--ში“ რადიოელექტრო ნავიგაციის მთავარ სპეციალისტად. 2018 წლის 6 აგვისტოს, მას დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები, შეატყობინეს აეროდრომის ტერიტორიაზე ქურდობის მცდელობის შესახებ და სთხოვეს შემთხვევის ადგილზე მისვლა. ადგილზე მისულმა ნახა, რომ გენერატორები იყო დაშლილი (აკლდა ნაწილები), ე.წ. „კუ--ში“ არსებულ ელექტროსადენები კი - გადაჭრილი. მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. გენერატორი იყო თუ არა მუშა მდგომარეობაში, მოწმემ დაზუსტებული პასუხი ვერ გასცა, ვინაიდან მას ეს არ შეუმოწმებია (მოწმის განმარტებით, ე.წ. „კუ--ი“ 2013 წლიდან არის დაკეტილი).
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სხვა მოწმეებმა ი----------–---–--–---–მა, რ----------–-------------–--------–-----------------------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ოქმების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ზ----------–---–ისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სასამართლო მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
პირადი ჩხრეკის ოქმის (06.08.2018) მიხედვით, ზ----------–---–ს თ---–--–----------------------–ი (ყო----–-----------------------------------------ა) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც წელის სამაგრიდან ამოუღეს ლურჯტარიანი ბრტყელტუჩა (საკვნეტელა) და შავტარიანი სახრახნისი, ასევე ხელებიდან შავ-წითელ ფერებში ნაჭრის ხელთათმანები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (06.08.2018) თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ.------–--–------------------------------ი ველზე მდებარე რადიოსალოკაციო სადგურის ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას ორი დახურული ოთხ საბურავიანი მისაბმელი, რომელთაგან მარცხენა წარმოადგენს დიზელ გენერატორს, ავარიული კვების წყაროს ფუნქციით. მისაბმელი არის ოთხ საბურავიანი, რომელიც დგას ოთხ ლითონის დგარზე, რომელსაც მარჯვენა მხარეს აქვს ორ ფრთიანი კარი, რომლის მარჯვენა ფრთაც არის გამოღებული. მისაბმელი ე.წ. „კუ--ი“ არის ლითონის დახურული ტიპის, სადაც ვხვდებით ორ ცალ დიზელის ძრავს, რომლებიც განლაგებულია კარის მარჯვნივ და მარცხნივ, მთელ სიგანეზე. ე.წ. „კუ--ის“ შიგნით იატაკზე გდია გენერატორის კორპუსი, რომლის ზედა ნაწილში შეინიშნება გენერატორის კორპუსიდან გამომავალი 12 ცალი მრავალწვერიანი მოწითალო ლითონის, პლასტმასის გარსიანი ელექტრო სადენები, რომლებიც არის გადაჭრილი. ე.წ. „კუ--ში“ შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ, აღნიშნულ მხარესვე არსებულ ძრავზე დევს ე.წ. „მართვის პულტი“, რომელიც წარმოადგენს ლითონის ყუთს, რომლის კარიც არის გადმოხსნილი. აღნიშნული ყუთის კარის შიგნითა მხარეს დამაგრებულია სხვადასხვა მოწყობილობები, რომელზე არსებული ელექტროსადენებიც არის გადაჭრილი. ასევე აღნიშნულ ყუთში არსებული ელექტრომოწყობილობის ელექტროსადენები შეკრულია, ყუთის ძირზე დაყრილია სხვადასხვა ზომის სახრახნისები. ე.წ. „კუ--ში“ მარჯვნივ მდებარე ძრავში მოხსნილია დამხმარე გენერატორი. იატაკზე დაგდებული გენერატორის შიგთავსი არის გამოღებული და დევს მის წინ, რომლის წინა მხარეს მოწმე პ---–----------–---–ის განმარტებით, მოხსნილი და მოპარულია სპილენძის დეტალები, კონკრეტულად სადენები. მეორე ე.წ. „კუ--ი“ არის დახურული ფორმის ლითონის კორპუსის, რომლის შიგნით - მარჯვნივ და მარცხნივ განლაგებულია ლითონის თაროებიანი კარადები. ერთ-ერთ სათავსოში შეინიშნება გადაჭრილი ელექტროსადენები. იატაკზე ყრია სხვადასხვა ლითონის დეტალების ნაწილები. იქვე გდია გენერატორის ე.წ. „მართვის პულტის“ ლითონის კორპუსი, რომელიც არის დაშლილი და რომელსაც ეტყობა შერჩენილი ელექტროსადენების გადანაჭრელები. ფარდულში მარჯვენა მხარეს დგას გენერატორი, რომელიც არის ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში, აგრეთვე ფარდულში იატაკზე მიმობნეულია სხვადასხვა ზომის ნახევრად დაშლილი ყუთები. კარიდან მარცხნივ დგას ლითონის კარადები, რომელთა კარიც არის ღია მდგომარეობაში. ფარდულიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს ელექტროგამანაწილებელი ჯიხურის შენობები. შენობა არის ორგანყოფილებიანი და აქვს ორი შესასვლელი. შესასვლელი კარის წინ მარცხენა მხარეს შეინიშნება ელექტროსადენების გადაჭრილი ნაწილები, ელექტროსადენები ჩასმულია ლითონის გარსში. მარცხენა კარის გავლით შევდივართ ელექტროგამანაწილებელ ჯიხურში, სადაც დგას ლითონის კონსტრუქციის კარადა. კარადა არის სამგანყოფილებიანი, რომელთა კარებიც არის გამოღებულ მდგომარეობაში. მარჯვნივ მდებარე ერთფრთიანი კარით შევდივართ ჯიხურის მეორე განყოფილებაში, სადაც შესასვლელი კარიდან შიგნითა მარჯვენა მხარეს, იატაკის მხარეს შეინიშნება ამოშვერილი ელექტროსადენების გადაჭრილი თავები. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნით დგინდება შემდეგი: ვინაიდან კომერციულ სტრუქტურებში ვერ იქნა მოძიებული ანალოგიური მოწყობილობის და აგრეგატების სათადარიგო დეტალების რეალიზაციის ადგილები და ექსპერტისთვის უცნობია მათი სრული კომპლექტაცია, შესაბამისად, ვერ განისაზღვრება აღნიშნული მოწყობილობების და აგრეგატების აღდგენის საბაზრო ღირებულება, რაც ექსპერტს საშუალებას მისცემდა განესაზღვრა აღნიშნული მოწყობილობის და აგრეგატების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, ხოლო წარმოდგენილი ორი ცალი დიზელ-გენერატორის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიურ, ექსპლუატაციაში ნამყოფ დიზელ-გენერატორებზე არსებული საცალო-სარეალიზაციო ფასების შეჯერებით, რაც შეადგენს 2500 ლარს, შესაბამისად, ორი ცალის ღირებულება შეადგენს 5000 ლარს.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ს-----------------მ. მანვე დამატებით განმარტა, რომ არამუშა მდგომარეობაში მყოფი გენერატორის ღირებულება სავარაუდოდ იქნებოდა 150 ლარს ზევით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთი ერთეული მეორადი მოხმარების, მუშა მდგომარეობაში მყოფი დიზელ-გენერატორის საბაზრო ღირებულება, დღევანდელი დღის მდგომარეობით შეადგენს 3970 ლარს. ვინაიდან უცნობია წარმოდგენილი დიზელ-გენერატორის ტექნიკური მდგომარეობა, კომპლექტაცია, მოხსნილი და დაზიანებული ნაწილების სახეობები და მათ დამზადებაზე გამოყენებული ფერადი ლითონების რაოდენობები სახეობების მიხედვით, ვერ მოხდა ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვებზე მსჯელობა.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ი-----------------მ. მანვე დამატებით განმარტა, რომ არამუშა მდგომარეობაში მყოფი გენერატორის ღირებულება სავარაუდოდ არ იქნებოდა 150 ლარზე ნაკლები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ არასადავოდ მიჩნეული ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, თბილისში, აეროდრომი ველში მდებარე სანავიგაციო ვაგონის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ ზ----------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ზ----------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოო სიტყვის ეტაპზე განმარტა, რომ აეროდრომი ველის კუთვნილ ტერიტორიაზე, მისი ყოფნა განპირობებული იყო საკუთარი სურვილით - სამსახურიდან მიმავალს ამ ტერიტორიის გავლით შეემცირებინა სახლამდე მანძილი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
მოწმეების გ--–------------------–-------------–-–---–ის ჩვენებების უტყუარობის ეჭვქვეშ დაყენებას, იმ მოტივით, რომ მოწმეების ჩვენებებში არის აშკარა წინააღმდეგობები, სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.) კვალდაკვალ გულდასმით შეისწავლა ამ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დანაშაულის ჩადენის ფაქტს და ამხელდნენ ზ----------–---–ს დანაშაულის ჩადენაში და მიაჩნია, რომ მათ ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. ლ-------------–--–---–მა და გ--–----------ემ დეტალურად აღწერეს, თუ სად და რა ვითარებაში დაინახეს ზ----------–---–ი თანამზრახველებთან ერთად. ზემოაღნიშნული ორივე მოწმის განმარტებით, ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად იდგა სანავიგაციო ვაგონში. მათ შეძახილზე სამივე მათგანი გაიქცა, თუმცა მათ ზ----------–---–ის დაკავება შეძლეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი გაქცევისას წაიქცა და ჩამორჩა თანამზრახველებს. მართალია შემთხვევის დღეს, ზ----------–---–ის შეპყრობა მოხდა ღამის საათებში, ამასთან, მოწმეთა განმარტებით, მათ თავდაპირველად სახეზე კარგად არ დაუნახავთ დამნაშავე პირები, თუმცა ეს არაფერს ცვლის შედეგთან მიმართებაში, ვინაიდან ზ----------–---–ი დანახვიდან შეპყრობამდე, მოწმეთა თვალთახედვის არეში იყო. ლ-------------–--–---–ის და გ--–----------ის ჩვენებების შეფასებისას, სასამართლოსთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო დარბაზში ორივე მათგანმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითა ბრალდებულ ზ----------–---–ზე, როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პირზე. ერთადერთი სხვაობა, რაც აღნიშნული მოწმეების ჩვენებებში გამოიკვეთა არის შემდეგი: მოწმე ლ-------------–--–---–ის განმარტებით, ე.წ. „კუ--ში“ მყოფი დამნაშავეები გაიქცნენ ამავე სანავიგაციო ვაგონის შესასვლელი კარიდან, ხოლო გ--–----------ის განმარტებით, დამნაშავე პირები არ გაქცეულან შესასვლელი კარიდან. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფაქტი - თუ რომელი კარიდან გაიქცნენ დამნაშავეები, შედეგზე არ მოქმედებს. მოცემულ სიტუაციაში მთავარია, შემთხვევის შემსწრე მოწმეებსა და ბრალდებულს შორის, მის შეპყრობამდე უწყვეტი კავშირის არსებობა. ამასთან, რაიმე ხასიათის გარემოება, რაც გააჩენდა გონივრულ კითხვებს მოწმეების შესაძლო არაობიექტურობასთან ან/და მიკერძოებასთან დაკავშირებით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შემთხვევიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების ჩვენებების სპეციალურად თანხვედრა. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოწმეების გ--–------------------–-------------–-–---–ის ჩვენებები წინააღმდეგობაშია ოდოროლოგიური ექსპერტის დასკვვნასთან, რაც გამორიცხავს შემთხვევის ადგილზე ზ----------–---–ის ყოფნას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ მოცემულ საქმეში ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს გადამწყვეტ მტკიცებულებას, რომლის გარეშეც სხვა სამხილებს დაეკარგებოდა წონა. სააპელაციო პალატა ამ შემთხვევაში იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ მინის ქილაზე (დანაშაულის ობიექტზე) ბრალდებულის ანაბეჭდების აღმოუჩენლობამ გავლენა ვერ მოახდინა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის საკითხზე. სასამართლომ განმარტა: „ანაბეჭდების აღმოჩენის შემთხვევაში დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა იქნებოდა ბრალდების კიდევ ერთი მტკიცებულება, ხოლო ასეთის აღმოუჩენლობა გავლენას არ ახდენს ი. წ-ს ბრალეულობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, საქმე №--------, სამოტივაციო ნაწილი, §8). ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არ შეიძლება მტკიცებულებას მიენიჭოს იმაზე დიდი წონა, ვიდრე ამას მისი ბუნება ითვალისწინებს და შესაბამისად, ოდოროლოგიური ექსპერტის დასკვნა, რომლითაც ვერ დასტურდება (თუმცა ცალსახად ვერც გამოირიცხება) ზ----------–---–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ამ უკანასკნელის უპირობოდ გამამართლებელ მტკიცებულებად. დაცვის მხარის არგუმენტის, რომლის მიხედვით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სააპელაციო პალატა იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულების საკმარისობის საკითხთან მიმართებით, რომლის თანახმად მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45) და იმის გათვალისწინებით, რომ ზაზ ქევხიშვილის საქმეში არსებული გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულებები სააპელაციო პალატამ მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებებად, ასევე მიაჩნია, რომ ამ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიბა საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ უტყუარად არის დადასტურებული, რომ ზ----------–---–ი, დაუდგენელ ორ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია თბილისში, აეროდრომი ველში მდებარე სს „თ--------–-----–----“ ტერიტორიაზე განთავსებულ სანავიგაციო ვაგონში ე.წ. „კუ--ში“, სამუშაო ხელსაწყოების დახმარებით დაშალა გენერატორები და შეეცადა ფერადი ლითონებისგან დამზადებული ტექნიკისა და სპილენძის მავთულების ფარულად დაუფლებას. ზ----------–---–ისა და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირის ქმედების შედეგად, სს „თ--------–-----–---“ შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
8. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ზ----------–---–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ----------–---–ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.
ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია: რამაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სხვა საცავის ცნებას.
დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ისეთ გარემოებაზე, როგორიც არის საცავში უკანონო შეღწევა, საცავად უნდა ჩაითვალოს მატერიალური ფასეულობის მქონე მუდმივი ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარი დაცვა. სხვა საცავში უკანონოდ შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პიროვნება იქ უნდა შევიდეს კარიდან, ფანჯრიდან ან უარეს შემთხვევაში, კედელი შეანგრიოს.
სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განმარტებულია, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სასამართლო იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №618აპ-15; § 13).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ ზ----------–---–მა, დაუდგენელ ორ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია თბილისში, აეროდრომი ველში მდებარე სს „თ--------–-----–----“ ტერიტორიაზე განთავსებულ სანავიგაციო ვაგონში ე.წ. „კუ--ში“, სამუშაო ხელსაწყოების დახმარებით დაშალა გენერატორები და შეეცადა ფერადი ლითონებისგან დამზადებული ტექნიკისა და სპილენძის მავთულების ფარულად დაუფლებას. ზ----------–---–ისა და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირის ქმედების შედეგად, სს „თ--------–-----–---“ შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ზ----------–---–ი უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ----------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ზ----------–---–ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ზ----------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაული ჩადენილია ანგარებითი მოტივითა და სხვისი ქონების დაუფლების მიზნით) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს თანამზრახველებთან ერთად, მიუხედავად წინაღობისა, ჩაედინა დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დანმაშავის მზაობას, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით ჩაედინა დანაშაული), ასევე მის პიროვნებას (წარმოდგენილი მტკიცებულებები ზ----------–---–ის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიიჩნევს, რომ ზ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
9. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ზ----------–---–ისგან ამოღებული სუნის ნიმუში, ზ----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბრტყელტუჩა, სახრახნისი და ხელთათმანები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს; ზ----------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, აგრეთვე გელა ბულაცოვისა და გივი ხიზანიშვილისგან აღებული სუნის ნიმუშების ბედი, უნდა გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ----------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი;
ზ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.
ზ----------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 აგვისტოდან.
ზ----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ზ----------–---–ისგან ამოღებული სუნის ნიმუში, ზ----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბრტყელტუჩა, სახრახნისი და ხელთათმანები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
-
- ზ----------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი