განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
330100119003006052
ინსტანცია
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003006052

საქმე № 1ბ/1471-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული – ვ-----–----------ა, დაბადებული 20---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. თ---–------------–-----------–-----–-----------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ც-------–---–---ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვ-----–----------ას მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს განესაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედების არათანაზომიერი - მსუბუქი სასჯელი. ვ-----–----------ას პიროვნების შეფასების ასპექტში გასათვალისწინებელია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა მცირეწლოვანი შვილის მიმართ და მისი განმეორების საფრთხე, დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მაღალია. ასევე ოჯახური დანაშაული წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ლატენტურ დანაშაულთა კატეგორიას, შესაბამისად, ასეთი დანაშაულის პრევენციის მიზნით აუცილებელია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ვ-----–----------ას მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ვ-----–------------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, ქ.თ---–--–-------------------–-–-----–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-----–----------ამ მარცხენა ხელის მტევანზე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს - სამი წლის რ---------–-----------ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ-----–----------ას ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ-----–----------ას ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: შემაკავებელ ორდერით, მოწმეთა: შ-----------–-------------------------–-----------------–--------------------------–------–---–---------------------------------------–-----------------------------–--------------–--–---–-- გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ-----–----------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-----–----------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ-----–----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაც ზრდის და უვლის თვითონ.

 

ვ-----–----------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღება მიაქცია არასრულწლოვანი დაზარალებულის დამოკიდებულებაზე დედის მიმართ. კერძოდ, საქმეში არსებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით ირკვევა, რომ რ---------–-----------ა დედაზე საუბრისას არ ამჟღავნებდა ნეგატიურ რეაქციებს, პირიქით, აქვს პოზიტიური მიჯაჭვულობა დედის მიმართ და აღნიშნავს, რომ „ძალიან უყვარს და მოენატრა“.

 

პალატა მსჯავრდებულ ვ-----–----------ას მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვილებს სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშზე, რომლის თანახმად, ბავშვები ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლი მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართონ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული არ იყოს ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ერთის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირების გარეშე არ დატოვოს ოჯახში ძალადობის შემთხვევები და მოახდინოს დროული და სათანადო ინტერვენცია ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით კი, თუ მსხვერპლი არასრულწლოვანია, ხოლო მეორეს მხრივ, მშობელსა და შვილებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ყურადღებას მიაქცევს მიღებული ღონისძიებების ზომიერებას, რათა ჩარევა არ აღმოჩნდეს გაუმართლებელი და უფრო მეტი ტკივილის მომტანი არასრულწლოვნისათვის. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. ვ-----–----------ას მიერ არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ვ-----–----------ამ აღიარა და გულწრფელად მოინანია მცირეწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება, რომელიც არ გამოირჩეოდა ისეთი დაუნდობელი ხასიათითა და მომეტებული საშიშროებით (ხელზე ერთხელ დაარტყა ხელი), რაც აუცილებელს გახდიდა ვ-----–----------ას იზოლირებას ოჯახის, მათ შორის არასრულწლოვანი შვილებისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენებით. ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ-----–----------ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაც ზრდის და უვლის თვითონ, რისი გათვალისწინებითაც, პალატა თვლის, რომ არსებობს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საკანონმდებლო საფუძვლები. პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ მაღალია მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, აღნიშნული არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, კერძოდ, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მათ შორის ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ ვ-----–----------ას მიერ შვილების მიმართ ძალადობას არ ჰქონია განმეორებითი ხასიათი და ეს იყო პირველი შემთხვევა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან ძალადობის განმეორების რისკი არ არის იმდენად მაღალი, რომლის აღკვეთაც მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენებით იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნულისასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ვ-----–----------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ ოჯახური დანაშაული წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ლატენტურ დანაშაულთა კატეგორიას, შესაბამისად, ასეთი დანაშაულის პრევენციის მიზნით აუცილებელია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება.

სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელია. მსჯავრდებულის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ-----–----------ას მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი ვ-----–----------ას მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ-----–----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ-----–----------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 18 თებერვლიდან - 2019 წლის 21 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ-----–----------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ვ-----–----------ას ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვ-----–----------ას დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი