განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210018002313645
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-763-19 18 სექტემბერი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტები (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ი----- (ი-----) კ-----------, ა--- ქ-------- ხ---- ხ----------- ნ----- კ----------- ნ----- ქ----–----
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გასაჩვრებულ ნაწილში სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, ანდერძით მემკვიდრეობის საფუძველზე, დედისაგან მიიღო, ქ.ზ---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის ¼ წილი. მასთან ერთად, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე, ქონება ასევე მიიღო მისმა ძმის შვილმა-ი----- კ-----------მ, რომელმაც რეალურად დაისაკუთრა მთლიანი ქონება და ფაქტიურად, ფლობისა და განკარგვის უფლების გარეშე დატოვა იგი. მიუხედავად იმისა, რომ მისი კუთვნილი წილი რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, მოპასუხესთან ცუდი და დაძაბული ურთიერთობის გამო, წლებია ვერ სარგებლობს ამ ქონებით. ვინაიდან, ვერ ხერხდება ქონების ნატურით გაყოფა, არც მოპასუხე აძლევს საშუალებას იცხოვროს მის კუთვნილ საკუთრებაში და არც წილის საფასურის გადახდას აპირებს, აუცილებელია მოხდეს საზიარო უფლების გაუქმება, საზიარო საგნის რეალიზაციით. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. მათი მხრიდან არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ნ----- კ-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. გაუქმდეს, მხარეებს შორის საზიარო უფლება ქ. ზ--------–-----------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი №4-----------) საზიარო საგნის აუქციონის წესით გაყიდვის გზით და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს მხარეებს შორის, თავიანთი წილის პროპორციულად (შესაბამისად); 3. სხვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 4. მოპასუხეებს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ, სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. უძრავი ქონება მდებარე - ქ. ზ----------------------------- (ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 577.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი №4-----------), საჯარო რეესტრში ირიცხება ა--- ქ--------ს, ი----- კ-----------სა და ნ----- კ-----------ს თანასაკუთრებად. კერძოდ, უძრავი ქონების ¼ წილის მესაკუთრეა ნ----- კ-----------, ¼ წილის-ი----- კ-----------, ხოლო ½ წილი ეკუთვნის ა--- ქ--------ს. 2.2. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი, ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 26.10.2018 წლის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ზ----------------------------- (ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 577.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი №4-----------) სამ იზოლირებულ, ერთგვაროვან ნაწილად, დამოუკიდებელ საკუთრებაში გამოყოფა, მოქმედი ტექნიკური ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით, ფუნქციონალური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, ტექნიკურად შეუძლებელია. ანუ, საზიარო უფლების სადავო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. გასაჩივრებულ ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173-ე, 316-ე, 317-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე, 964-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ნივთი ერთობლივად ეკუთვნით მოდავე მხარეებს და წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს. შესაბამისად, მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში და საზიარო უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამ უფლების მფლობელ პირთა მდგომარეობასა და ინტერესებზე. 2.4. საზიარო უფლების გაუქმება ნიშნავს, საზიარო უფლების ყოველი მფლობელისათვის წილის გამოყოფას. მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის განსაზღვრის საფუძველზე. იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა გზით არის შესაძლებელი საზიარო უფლების გაუქმება, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, მის მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობა, ამასთან, საზიარო ნივთის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საზიარო საგნის ცალკეული ნაწილების დანიშნულება და მნიშვნელობა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, მხარეთა ინტერესები მისი თითოეული ნაწილის მიმართ, ნივთის მდებარეობა და მისი განლაგება საცხოვრებელ სახლთან. 2.5. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი, ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, თუმცა, ნატურით გაყოფასთან მიმართებაში ერთი შეზღუდვა მაინც მოქმედებს - საზიარო საგნის დაყოფა შესაძლებელი უნდა იყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ნივთის ღირებულებაში, იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ამრიგად, დაყოფის შედეგად, თანამესაკუთრეებისთვის მიკუთვნებულმა ნივთის ნაწილებმა, უნდა შეინარჩუნონ თავისი დანიშნულება, იყვნენ მათთვის აუცილებელი, ერთგვაროვანი სამეურნეო დანიშნულების მატარებელნი. 2.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მხარეთა საერთო საკუთრება სადავო ქონებაზე გამოხატულია წილადი საკუთრების სახით, სახელდობრ, უძრავი ქონების ¼ წილის მესაკუთრეა ნ----- კ-----------, ¼ წილის მესაკუთრეა ი----- კ-----------, ხოლო ½ წილი ეკუთვნის ა--- ქ--------ს. მოცემულ შემთხვევაში, საზიარო უფლების ნატურით გაყოფის შემთხვევაში, სახლის ეზოში შესასვლელი უნდა იყოფოდეს ისე, რომ გაყოფის შედეგად თანამესაკუთრეებისათვის მიკუთვნებულმა ფართებმა საყოფაცხოვრებო დანიშნულება არ დაკარგონ. ერთგვაროვნებასთან ერთად, გაყოფამ საზიარო საგანს არ უნდა დაუკარგოს ის ღირებულება, იგულისხმება სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა. საქმეზე წარმოდგენილი, სპეციალური ცოდნის მქონე პირის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიერ შედგენილი №--------- დასკვნით დადგენილია, რომ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყოფა სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის დაცვით, ტექნიკურად შეუძლებელია. 2.7. ვინაიდან, ნ----- კ-----------ს არ სურს, რომ უძრავი ქონება ჰქონდეს მოპასუხეებთან თანასაკუთრებაში, ამასთან საზიარო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის, მოსარჩელეს მოთხოვნა საზიარო საგნის გაყიდვით, საზიარო უფლების გაუქმებისა და რეალიზაციით ამონაგები თანხის წილების შესაბამისად განაწილების თაობაზე, საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტების მითითებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ნ----- კ-----------ს 2005 წელს, თავისი შვილის მეშვეობით, მისი წილის საფასური- 1000 აშშ დოლარი და 300 ლარი აღებული აქვს. შესაბამისად, იმ დროიდან სადავო სახლში აღარ გამოჩენილა და იქ ცხოვრება არ მოუთხოვია. 3.2. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, რომელიც არის მამა-პაპისეული, მოსარჩელის გარდა, დაბადებიდან ცხოვრობს კიდევ შვიდი პიროვნება და მათ სხვა თავშესაფარი არ გააჩნიათ. ნ----- კ-----------ს კი, საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, მდებარე, ქ. ზ-------------------------------ში, რომელიც მისი მეუღლის, შ--------- ნ------ სახელზეა დარეგისტრირებული. მოსარჩელე, შეგნებულად არ ღებულობს სამკვიდროს, არ ირეგისტრირებს მეუღლის საცხოვრებელ სახლს თავის საკუთრებად, რადგან სურს მიიღოს სარგებელი-საარსებო შემწეობა. 3.3. უდავოა, რომ ადგილი აქვს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან არ ყოფილა გამოკვეთილი მოსარჩელის ინტერესის უპირატესობა და არც მისი მოქმედების აუცილებლობა არის გამართლებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნ----- კ-----------ს სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.2. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.3-2.7 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე, 964-ე მუხლები და აპელანტების მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავოა ქ. ზ--------–-------------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი №4-----------) საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვის გზით. შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილი და 964-ე მუხლის პირველი ნაწილი. 4.4. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა; სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. მესაკუთრის უფლებამოსილებები, შესაძლოა კანონით, ან ხელშეკრულებით შეიზღუდოს. მესაკუთრის მოქმედებით მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები არ უნდა ილახებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად სხვა თანამესაკუთრეთა არსებობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით იზღუდება. 4.5. სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. 4.6. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით მოითხოვს, სწორედ მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა საზიარო საგნის გაყოფა ნატურით შეუძლებელი იყო თუ არა, რაც მას ქონების აუქციონზე გაყიდვის გზით, საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობას მისცემდა. საქმეში წარმოდგენილი, ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 26.10.2018 წლის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების სამ იზოლირებულ, ერთგვაროვან ნაწილად, დამოუკიდებელ საკუთრებაში გამოყოფა, მოქმედი ტექნიკური ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით, ფუნქციონალური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, ტექნიკურად შეუძლებელია. ანუ, საზიარო უფლების სადავო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია. 4.7. პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ ნ. კ-----------ს თავისი წილი ქონების სანაცვლოდ მიღებული აქვს თანხა, რასაც ადასტურებს საქმეში წარდგენილი, ნ. კ-----------ს აწ. გარდაცვლილი შვილის მიერ შედგენილი ხელწერილი და რაც გამორიცხავს მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებას მოითხოვოს სადავო საგანთან დაკავშირებით უფლების რეალიზაცია. სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ვინაიდან, მოპასუხეებს (აპელანტები) საჯარო რეესტრის ჩანაწერის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, მხოლოდ მათი განმარტება უძრავ ქონებაზე ნ.კ-----------ს საკუთრების უფლების დაკარგვის თაობაზე, გაზიარებული ვერ იქნება. რაც შეეხება საქმეში განთავსებულ ხელწერილის ასლს, რომელიც შედგენილია ი-----–- ნ------ სახელით (ს.ფ.46), სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც ეს ხელწერილი წარმოადგენს სკ-ის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ, მესაკუთრეთა შორის დადებულ გარიგებას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ნ. კ-----------ს მიმართ, საჯარო რეესტრში საკუთრებასთან დაკავშირებული ჩანაწერის არასწორად მიჩნევას. 4.8. ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოხსენებული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სადავო უძრავ ქონებაზე სწორად გააუქმა საზიარო უფლება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით, ვინაიდან, როგორც ითქვა, განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც გასაჩივრებულ ნაწილში ნ----- კ-----------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ი----- (ი-----) კ-----------ს და ა--- ქ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ი----- კ-----------ს და ა--- ქ--------ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი----- (ი-----) კ-----------ს და ა--- ქ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე