განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
330100118002607124
ინსტანცია
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002607124

საქმე №1ბ/1366-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ ზვ-------------ას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ედ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ზვ-------------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №6----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. გალი, ჯ---–--------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ხ------–---–----------------------------------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენით ზვ-------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

ზვ-------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 11 ივნისს, შუადღის საათებში, თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლა–--------------–--ის მიერ იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ზვ-------------ასა და სხვათა მიმართ, რა დროსაც ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე, 14:00 საათიდან იმავე დღის 15:00 საათამდე გამოცხადდა შესვენება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ზვ-------------ა არ გათავისუფლებულა დაკავებიდან, იგი გავიდა სხდომის დარბაზიდან და თვითნებურად ჩავიდა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სასადილოში შევიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და ზვ-------------ას, რომელსაც უკვე დასრულებული ჰქონდა სადილი, მოსთხოვეს სხდომის დარბაზში დაბრუნება. ამავე დროს, მათ კ--------ს განუმარტეს, რომ მოსამართლე ლა–--------------–--ეს უნდა გაეგრძელებინა პროცესი, რის გამოც აუცილებელი იყო სხდომის დარბაზისა და მონაწილე პირების მზადყოფნა. ზვ-------------ა არ დაემორჩილა მოწოდებას, განაცხადა, რომ იგი 15:00 საათამდე იყო გათავისუფლებული სხდომიდან, უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და უცენზურო ფრაზებით მოიხსენია მოსამართლე, რითაც გამოხატა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობა. საბოლოოდ, პოლიციის მუშაკებმა იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით, ზვ-------------ა მიიყვანეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზვ-------------ამ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ედ---------------–---–მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ზვ-------------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ ზვ-------------ას მიერ განხორციელებული ქმედება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებით და არ წარმოადგენს სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას. არსებობს რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, რაზეც სასამართლომ, უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტში ყურადღება არ გაამახვილა, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში აღნიშნული ინციდენტი მოხდა მოსამართლე ლა–--------------–--ის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დროს გამოცხადებულ ერთ საათიანი შესვენების პერიოდში; ზვ-------------ას მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ხელი არ შეუშლია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის, რადგან, როგორც მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, სასამართლო სხდომა გაგრძელდა შეუფერხებლად. როდესაც მოსამართლე შევიდა სხდომის დარბაზში, პროცესის ყველა მხარე ადგილზე იყო და ელოდებოდა საქმის განხილვის განახლებას; საქმის განმხილველმა მოსამართლემ პროცესის მიმდინარეობისას და მის დასრულებამდე არ იცოდა ზვ-------------ას მიერ წარმოთქმული ფრაზების შესახებ; დაზარალებულმა ლა–--------------–--ემ ზვ-------------ას მიერ წარმოთქმული ფრაზის შესახებ შეიტყო ამ და სხვა პროცესების დასრულების შემდეგ, რაც ის დაბრუნდა საკუთარ კაბინეტში და ინტერნეტის საშუალებით მოისმინა ზვ-------------ას მიერ წარმოთქმული ფრაზა. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის დაცვის ობიექტი არის სასამართლოს ავტორიტეტი, რაც თავის მხრივ მოიცავს, მათ შორის, კონკრეტული მოსამართლის პატივსა და ღირსებას, სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს ავტორიტეტს და ზოგადად, საზოგადოების ნდობის ხარისხს სასამართლოს მიმართ, მნიშვნელოვნად აცდენილია ნორმის რეალური დაცვის ობიექტის საკითხს. დაცვის მხარის განმარტებით, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმაზე, ზვ-------------ას მიერ წარმოთქმული ფრაზა თუ რა გარემოებებში შესაძლოა გამხდარიყო სისხლისსამართლებრივი დასჯის ობიექტი. დაცვის მხარეს ასევე მიაჩნია, რომ განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროს და ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნორმის სწორი განმარტებისათვის, ამასთან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დანაშაულის ჩადენის ადგილად სასამართლოს დარბაზისა და სასამართლოს შენობის, ხოლო დანაშაულის ჩადენის დროდ პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდის მიჩნევის შესახებ, არ არის მართებული. აპელანტის აზრით, შეურაცხმყოფელი ფრაზების წარმოთქმის დრო და ადგილი, არსებითი გარემოებაა ქმედების სასამართლოს უპატივცემულობად კვალიფიკაციისთვის. ამ გარემოებას მნიშვნელობას ანიჭებს გამოხატვის თავისუფლების დაცვის ფარგლები იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შინაარსობრივ რეგულირებას ექვემდებარება მხოლოდ პირისპირ შეურაცხყოფა. პირველი ინსტანციის სასამართლო არაფერს ამბობს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლისა და ამ მუხლით დადგენილი გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებზე. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა და მისი არგუმენტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე აპელირებით არ არის მართებული, რადგან მათი აზრით, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის გზა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლია. აპელანტს მოჰყავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების ფარგლების თაობაზე და მიუთითებს, რომ სასამართლოს საქმიანობის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს, მისი საქმიანობის კრიტიკა, მის პროფესიულ თუ პირად თვისებებზე მსჯელობა საზოგადოებრივი ინტერესით შეიძლება იყოს განპირობებული. გარდა ამისა, კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არაადეკვატურად აღიქვამს. გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტი იცავს მათ შორის უმრავლესობისათვის მიუღებელ თუნდაც შეურაცხმყოფელ გამოხატვას, რომელმაც შესაძლოა კონკრეტული ინდივიდების ან პირთა ჯგუფის წყენაც კი გამოიწვიოს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, აპელანტი ასკვნის, რომ ზვ-------------ას მიერ წარმოთქმული ფრაზა ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს საწინააღმდეგო მსჯელობისას.

სააპელაციო საჩივარში ასევე გაშლილია მსჯელობა სასამართლოს ავტორიტეტის დაცვასთან მიმართებით საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ჭრილში და მითითებულია, რომ ევროპული კონვენცია, განსხვავებით საქართველოს კონსტიტუციისგან, პირდაპირ უთითებს ტერმინს „სასამართლოს ავტორიტეტი“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციით დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. დასახელებულ ტერმინთა შეფარდებით, დაცვის მხარემ დაასკვნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას არა ზოგადად სასამართლოს ავტორიტეტის შელახვის ყველა გამოვლინების, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოხატვა საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, რითაც, აპელანტის აზრით, გამოხატვის თავისუფლების გაცილებით მაღალ სტანდარტს აწესებს.

მოსამართლის პატივისა და ღირსების საკითხთან მიმართებით დაცვის მხარეს მოყვანილი აქვს მაგალითები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილული საქმეებიდან და უთითებს, რომ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემზღუდველი ნორმების მიზანს მართლმსაჯულების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, სასამართლო სხდომის ჩატარების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ხოლო ამ ორი ინტერესის უზრუნველყოფა, თავის მხრივ, ემსახურება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას. აპელანტის აზრით, საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზანია, არა ინდივიდუალური მოსამართლის პატივისა და ღირსების დაცვა, არამედ მართლმსაჯულების (სასამართლოს) დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, რაც გამოვლინებას ჰპოვებს სამართალწარმოების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებაში. დაცვის მხარის აზრით, ზვ-------------ას აზრის გამოხატვას საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების ეფექტიანი და ჯეროვანი განხორციელებისათვის, შესაბამისად, საფრთხე არ შეუქმნია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ზვ-------------ას მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულად შერაცხვისთვის უნდა შეეფასებინა, უშლიდა თუ არა ხელს მისი გამოხატვა კონკრეტულად მის საქმეზე პროცესის მიმდინარეობას, ან ზოგადად, შეუშალა თუ არა ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მის აზრის გამოხატვამ მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას, მათ შორის, სხვა, ნებისმიერი პროცესის მიმდინარეობას შეექმნა თუ არა საფრთხე. ასეთ ხელშეშლას კი, აპელანტის აზრით, ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, აპელანტი ასევე განმარტავს, რომ ზვ-------------ას მიერ გამოთქმულ ფრაზას გავლენა არ უნდა მოეხდინა კონკრეტულად მოსამართლე ლა–--------------–--ის მიუკერძოებლობაზე, ვინაიდან, მოსამართლეს, როგორც საჯარო პირს აქვს თმენის ვალდებულება მის მიმართ გავრცელებული კრიტიკული თუ შეურაცხმყოფელი მოსაზრებების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის თმენის ვალდებულება არ არის ისეთი მაღალი ხარისხის, როგორიც ეს პოლიტიკური ფიგურების შემთხვევაშია, მოსამართლე ვალდებულია ითმინოს მის მიმართ გავრცელებული ისეთი მოსაზრებები, რომლებიც გაუმართლებლად არ იჭრება მის პირად ცხოვრებაში და საფრთხეს არ უქმნის მისი, როგორც პროფესიონალის მიუკერძოებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, აპელანტმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის განმარტება უკანონოა. ზვ-------------ას მიერ განხორციელებული ქმედება არ ექცევა აღნიშნული მუხლის შემადგენლობაში. მეტიც, მის მიერ განხორციელებული ქმედება დაცულია გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტით. სასამართლოს სასადილოში გამოთქმულ ფრაზას, რეალური საფრთხე არ შეუქმნია სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისათვის, მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისათვის. შესაბამისად, სახეზე არ არის სასამართლო ხელისუფლების იმ ინტერესების დაცვის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად ასახელებს. აპელანტი განმარტავს, რომ ერთი კონკრეტული მოსამართლის პატივისა და ღირსების დაცვა არ არის სისხლის სამართლის კანონმდებლობის დაცვის ობიექტი.

მსჯავრდებულ ზვ-------------ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ედ---------------–---–ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქე-------------–---–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზვ-------------ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე საჩივარში არ უარყოფს ზვ-------------ას მხრიდან კონკრეტული ქმედების ჩადენის, კერძოდ, უცენზურო ფრაზების წარმოთქმის ფაქტს /რაც მსჯავრდებულის განმარტებით არც სასამართლო სისტემას ეხებოდა და არც რომელიმე კონკრეტულ პირს, არამედ ემოციის ფონზე იყო ნათქვამი/, აპელანტები არ ეთანხმებიან მომხდარი ფაქტის სამართლებრივ შეფასებას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო საჩივარში აქცენტირებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის დისპოზიციით დაცულ სიკეთეზე. ამ მიმართებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს თავდაპირველად აღნიშნოს მსჯავრდებულ ზვ-------------ას მიერ განხორციელებული ქმედების ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ზვ-------------ამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და უცენზურო ფრაზებით მოიხსენია მოსამართლე, რითაც გამოხატა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობა, გარდა მისი ნაწილობრივი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულ ლა–--------------–--ის, მოწმეების - მა----------------–---–ის, ლე----–---–-----ის, გი-------–------–---ის, და---------------ის, ზუ-----------–---–ის, გრ-----–-------–იას, გი------------ის, ილ-------------ის, ირ---–-----------ის, და---------------–---–ის, ია--------–-----–---–ის, ედ-–-----–------ის, გი-------–-------ის, გო----------–---–ის, თო----------–---ის, ალ----------------------–ის, ეკ---–---------ას, ლუ-----------–---–ის, ვლ------------------ას, შო-----–--–--ას, არ---–-------–-–---–ის ჩვენებებით, პატაკით, დათვალიერების ოქმით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №---------- დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. მათი ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ შემთხვევის დროს ზვ-------------ა ჩავიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში, სადაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შევიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და ზვ-------------ას, რომელსაც უკვე დასრულებული ჰქონდა სადილი, მოსთხოვეს სხდომის დარბაზში დაბრუნება და განუმარტეს, რომ მოსამართლე ლა–--------------–--ეს უნდა გაეგრძელებინა პროცესი, რის გამოც აუცილებელი იყო სხდომის დარბაზისა და მონაწილე პირების მზადყოფნა. ზვ-------------ა არ დაემორჩილა მოწოდებას, განაცხადა, რომ იგი 15:00 საათამდე იყო გათავისუფლებული სხდომიდან, უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და უცენზურო ფრაზებით მოიხსენია მოსამართლე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით. პალატა აღნიშნავს, სასამართლოს უპატივცემულობის, როგორც დანაშაულის, საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხელყოფს სასამართლოს ავტორიტეტს, მორალურ ზიანს აყენებს დაზარალებულს და აკნინებს საზოგადოების თვალში სასამართლო განხილვის აღმზრდელობითი ზემოქმედების მნიშვნელობას. დასახელებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია სასამართლო ორგანოების ნორმალური საქმიანობა და სასამართლოს ავტორიტეტი, ხოლო დამატებითი ობიექტი კი - მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე პირთა პატივი და ღირსება. მოცემული დანაშაულის ჩადენის ადგილად ითვლება სასამართლო სხდომის დარბაზი ან მთლიანად სასამართლოს შენობა მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესზე შესვენება არის გამოცხადებული, ხოლო დანაშაულის ჩადენის დროდ კი - სასამართლო დარბაზში საქმის განხილვის ან შესვენების დრო.

 

ზვ-------------ას მიერ განხორცილებული ქმედებისა და სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების შედარებისას, ნათელი ხდება, რომ მის მიერ მოსამართლის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზა ექცევა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის დისპოზიციაში და აპელანტის მსჯელობა მსგავსი ფრაზის წარმოთქმის ადგილისა და დროის მნიშვნელობაზე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

 

აპელანტი ფართო მსჯელობას ავითარებს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაზე და ცდილობს ზვ-------------ას ქმედება მოაქციოს კონსტიტუციით დაცული სიკეთის ფარგლებში. პალატა ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ მსჯელობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო’’.

 

ბუნებრივია, გამოხატვის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის და იგი დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

 

გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით არაერთხელ იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში. ერთერთ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მე-2 თავი, პარ. 6).

 

პალატა ასევე აქცენტს გააკეთებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც საქართველოში მოქმედებს 2004 წლის 15 ივლისიდან. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად, განამტკიცებს პირთა გამოხატვის თავისუფლებას. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად: „სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“

 

სააპელაციო საჩივარში აპელანტები განმარტავენ, რომ მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს და მისი საქმიანობის კრიტიკა, მის პროფესიულ თუ პირად თვისებებზე მსჯელობა საზოგადოებრივი ინტერესით შეიძლება იყოს განპირობებული, ამასთან, გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტი იცავს მათ შორის უმრავლესობისათვის მიუღებელ თუნდაც შეურაცხმყოფელ გამოხატვას, რომელმაც შესაძლოა კონკრეტული ინდივიდების ან პირთა ჯგუფის წყენაც კი გამოიწვიოს.

პალატა არ ეთანხმება აპელანტთა მსჯელობას სასამართლო ხელისუფლების მისამართით გამოხატვის თავისუფლების განუსაზღვრელად ფართო ხასიათზე და მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის მიუხედავად, აღნიშნული უფლება აბსოლუტური არ არის, რაც ნიშნავს, რომ იგი შესაძლოა რიგ შეზღუდვებს დაექვემდებაროს. კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია სხვათა უფლებების დასაცავად. აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარკვეულ უფლებათა შეზღუდვა, მათ შორის აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების ,,დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად’’.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ სასამართლო ხელისუფლების დანიშნულება ხელისუფლების სისტემაში განსაკუთრებულია, შესაბამისად სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი უნდა იყოს დაცული. სასამართლოების საქმიანობა უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით და ის დაცული უნდა იყოს უსაფუძვლო შეტევებისაგან. რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ სასამართლოებს, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, აქვთ იმუნიტეტი კრიტიკისა და დაკვირვების მიმართ (იხ. სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ, №53425/98, პარაგრაფი 34, 27 მაისი, 2003 წ.), მაგრამ, როდესაც მხარეები აფასებენ მართლმსაჯულების განხორციელებას თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით, მათი კრიტიკა არ უნდა გასცდეს განსაზღვრულ ჩარჩოებს (იხ. სადეი თურქეთის წინააღმდეგ, №32458/96, პარაგრაფი 43, 30 მარტი, 2006 წ.).

პალატა აღნიშნავს, რომ მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს კრიტიკა და შეურაცხყოფა და თუ გამოხატვის ნებისმიერი ფორმის ერთადერთი მიზანი არის სასამართლოს ან, იმ სასამართლოს წარმომადგენელთა შეურაცხყოფა, შესაბამისი სანქციის გამოყენება არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების არამართლზომიერ შეზღუდვას.

 

პალატა სრულიად იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის თაობაზე, თუმცა აღნიშნული უფლების შეზღუდვაზე მსჯელობისას მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ რამ განაპირობა აღნიშნული შეზღუდვა კონკრეტული საქმის განხილვის ფარგლებში. კერძოდ, პალატის აზრით, ზვ-------------ას მხრიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზა არ წარმოადგენდა მისი რომელიმე უფლების დაცვისათვის აუცილებელ გამოხატვის ფორმას. ის არ იყო მიმართული მოსამართლის ქმედების ჯანსაღი კრიტიკისაკენ და მიზნად ისახავდა მხოლოდ შეურაცხყოფის მიყენებას. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზვ-------------ას ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევა არ წარმოადგენს მისი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას.

 

პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლოს სასადილოში გამოთქმულ ფრაზას, რეალური საფრთხე არ შეუქმნია სასამართლოს მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისათვის.

პალატის აზრით, დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლოს როლისა და სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავსი შეურაცხმყოფელი ფრაზების გახმოვანება ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე, არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის, ასევე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების ჭრილში, ვინაიდან, კონსტიტუციური ნორმის ასეთი გაგება სცდება მასში განვითარებული მოსაზრებების მასშტაბურობის ფარგლებს და ვიწროდ წარმოაჩენს სასამართლო ხელისუფლების დაცულობის კონსტიტუციურ სტანდარტს.

ასევე საფუძველს მოკლებულია აპელანტის განმარტება, რომ ერთი კონკრეტული მოსამართლის პატივისა და ღირსების დაცვა არ არის სისხლის სამართლის კანონმდებლობის დაცვის ობიექტი, რადგან, მოსამართლისადმი გამოხატულ შეურაცხყოფაში დაცვის ობიექტია მოსამართლის სტატუსის მქონე ნებისმიერი პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ზვ-------------ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მიდგომების გათვალისწინებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზვ-------------ამ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ზვ-------------ასთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულ ზვ-------------ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ედ---------------–---–ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენი ზვ-------------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზვ-------------ას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ედ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ზვ-------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

ზვ-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია. ზვ-------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

1) დისკი მასზე არსებული 2018 წლის 12 ივნისს გადმოწერილი ვიდეოჩანაწერით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისიშენახვის ვადით; 2) დისკი მასზე არსებული 2018 წლის 18 ივნისს გადმოწერილი ვიდეოჩანაწერით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისიშენახვის ვადით; 3) დისკი მასზე არსებული 2018 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომის ჩანაწერით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისიშენახვის ვადით; 4) დისკი მასზე არსებული ზვ-------------ას 2018 წლის 6 ივლისის დაკითხვის სასამართლო სხდომის ჩანაწერით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით; 5) დისკი მასზე არსებული ზვ-------------ას ფოტოსურათებით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისიშენახვის ვადით; 6) დისკი მასზე არსებული ზვ-------------ას ხმის ნიმუშით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისიშენახვის ვადით; 7) დისკი მასზე არსებული 2018 წლის 2 აგვისტოს გადმოწერილი ვიდეოჩანაწერით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე