განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
160100119003007408
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003007408

№1ბ/1517-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ი-–---- ბ---------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ბ---–-----------–----–----------------–-----–-----, ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-----------–----–----------------–-----------ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით მუხიაშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუხედავად იმისა რომ სწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი კვალიფიკაცია მისცა მსჯავრდებულის ქმედებას, სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, არ გაითვალისწინა ასევე ის რომ ი-–---- ბ---------ის მიერ ჩადენილი ქმედება თავის მხრივ იყო მომეტებული საფრთხის შემცველი. მიუხედავად იმისა რომ ი-–---- ბ---------მა დაზარალებულისგან მოფერებაზე უარი მიიღო იგი ორი საათის განმავლობაში ძალადობდა ქალზე და პერმანენტულად სცემდა მას. სასამართლომ მხოლოდ ის ფაქტი მიიღო მხედველობაში რომ ი. ბ---------მა აღიარა დანაშაული შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს არასრულწლოლვანი შვილები და რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გადამეტებული ჰუმანურობა გამოიჩინა, მსჯავრდებულისათვის ამგვარად მსუბუქი სასჯელის დანიშვნისას, ამგვარ სასჯელს ვერ ექნება პრევენციული მნიშვნელობა, პირიქით შესაძლოა უბიძგოს ახალი დანაშაულის ჩასადენად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ი-–---- ბ---------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას და ამ თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

ი-–---- ბ---------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 12– დან 13 მაისის შუალედში, ღამით ი-–---- ბ---------ი მივიდა კ------ ს---–---------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე – დ----------------------------------------, სადაც მოფერება დაუწყო მას, მიიზიდა თავისკენ და აკოცა, რა დროსაც კ------ ს---–---------ი შეეცადა მისგან თავის დაღწევას, რის გამოც, გაბრაზებულმა ი-–---- ბ---------მა, იცოდა რა რომ კ------ ს---–---------ი იყო ორსულად, ორჯერ სახეში გაარტყა ხელი, თმით ათრია, ფეხი ჩაარტყა მარცხენა თეძოში და მუშტი ჩაარტყა ცხვირში, რა დროსაც კ------ ს---–---------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით, ი-–---- ბ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა– თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ი-–---- ბ---------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 მაისიდან - 2019 წლის 12 ივნისის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-–---- ბ---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი-–---- ბ---------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ კ------ ს---–---------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: რ---------–------ის და ვ----–---------–--ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, 2019 წლის 13 მაისის დათვალიერების ოქმით, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა №100-ით, გინეკოლოგის კონსულტაციის და ულტრაბგერითი სამეანო გამოკვლევის ცნობით, ასევე ი-–---- ბ---------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ი-–---- ბ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-–---- ბ---------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი-–---- ბ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ი-–---- ბ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ი-–---- ბ---------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ი-–---- ბ---------ს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-–---- ბ---------ი აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. სასჯელის სახის და ზომის დანიშვნისას ასევე მნიშვნელოვანია და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა მსჯავრდებულის სოციალურ მდგომარეობა, რომ ი-–---- ბ---------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში და რომ იგი ოჯახის ერთადერი მარჩენალია. შესაბამისად პალატა თვლის, რომ არსებობს ი-–---- ბ---------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი-–---- ბ---------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის დავით მუხიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი ი-–---- ბ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ი-–---- ბ---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

ი-–---- ბ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ი-–---- ბ--------- სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 მაისიდან - 2019 წლის 12 ივნისის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი-–---- ბ---------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, ი-–---- ბ---------ის და კ------ ს---–---------ის კუთვნილი ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე