განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
140100119003079348
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003079348

საქმე № 1ბ/1516 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული – ვ--–---ი ა---–--–ი (დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ 5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------------------–--–-------------;

 

კვალიფიკაცია:

სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

 

სასჯელი:

1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა შ------- მ---–----–-–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას. აღნიშნული მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რეალური თავისუფლების აღკვეთის შეფარდების და ვ--–---ი ა---–--–ისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის) გამოყენების პირობებში. ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მძღოლის ვ--–---ი ა---–--–ის დანაშულებრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. რ--------- ხ----ემ ავტოსაგაზაო შემთხვევის შედეგად მიიღო მენჯის ძვლის ამოვარდნილობა და ტაბუსის ფოსოს მოტეხილობა, დაკარგა სტაბილური სამსახური. ვ--–---ი ა---–--–ის მიერ არ არის ანაზღაურებული ზიანი. მისი მხრიდან მხოლოდ დაპირებაა, ეტაპობრივად ზიანის ანაზღაურების თობაზე. ვ--–---ი ა---–--–ი ავტოსაგზაო შემთხვევამდე და შემდეგაც 5-ჯერ არის ადმინისტრაციულად სახდელდადებული პირი, ერთხელ მონიშვნის, ორჯერ დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთის, ერთხელ ადმინისტრაციული შეჯახებისთვის და შემდეგ ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ჩამოერთვა სატრასპორტო საშუალების მართვის უფლება (დღეის მდგომარეობით, ეს ვადა გასულია). ვ--–---ი ა---–--–ს მართებდა მეტი ყურადღება ავტომობილით მოძრაობისას და მგზავრთა გადაყვანისას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ქმედების გახორციელების სახე, ვითარება, შედეგი. ვ--–---ი ა---–--–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია 9 მგზავრის სხეულის დაზიანება, მათ შორის ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დაზარალებულები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდენენ. დაზარალებულ რ--------- ხ----ის სრული რეაბილიტაცია ვერ მოხდა, მან დაკარგა მუდმივი სამუშაო ადგილი. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია დაზარალებულის როგორც ფიზიკური, ისე სულიერი და ეკონომური მდგომარეობა.

ვ--–---ი ა---–--–ს არ აუნაზღაურებია დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი, არც ცდილობს მის ანაზღაურებას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ მსუბუქი სასჯელის (პირობითი მსჯავრის) გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ვ--–---ი ა---–--–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 01:30 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მოძრავმა ,,მერსედეს ვიტოს“ მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა ვ--–---ი ა---–--–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნა და უკნიდან შეეჯახა მისაბმელიან სატვირთოს ავტომანქანა ,,რენოს“. შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს ავტომანქანა ,,მერსედეს ვიტოს“ მგზავრებმა- რ------------ემ და რ--------- ხ----ემ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ--–---ი ა---–--–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ--–---ი ა---–--–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: რ------------ის, რ--------- ხ----ის, ვ----–----–-----–---–------------------------–-------------–------------------------–---–-------–-------------ს გამოკითხვის ოქმებით, ვ--–---ი ა---–--–ის მოწმის და ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, ავტოტექნიკური, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ--–---ი ა---–--–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ--–---ი ა---–--–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ--–---ი ა---–--–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ვ--–---ი ა---–--–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს ვ--–---ი ა---–--–ის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ვ--–---ი ა---–--–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის, გაუფრთხილებლობითი დანაშაული, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ვ--–---ი ა---–--–ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ვ--–---ი ა---–--–ის სათანადო ქცევას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული და იგი არაერთხელაა ადმინისტარაციულსახდელშეფარდებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ცნობილი იყო სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, კერძოდ, დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის (მათ შორის დაზარალებულ რ--------- ხ----ისთვის მიყენებული ზიანის), პრეტენზიების და ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების თაობაზე (ს.ფ. 259-260-ზე მოთვასებულია ინფორმაცია ვ--–---ი ა---–--–ის ადამინისტრაციული შემოწმების შესახებ), რაც გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს. ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენიდან (პირველი ინსტაციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე) გასული იყო დაახლოებით 11 თვე, ვ--–---ი ა---–--–ი ადმინისტრაციული წესით ბოლოს დაჯარიმებული იყო 2018 წლის ოქტომბერში, რის გამოც არ მიიჩნია პირველი ინსტაციის სასამართლომ აუცილებელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. სასჯელის განსაზღვრისას ასევე, გასათვალისწინებელია მეორე დაზარალებულის რ------------ის პოზიცია, რომლსაც 13.03.2019 წლის გამოკითხვის ოქმის მიხედვით (რომელიც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ), მას ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ შეღავათების გამოყენებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ვ--–---ი ა---–--–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

რაც შეეხება სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის შ------- მ---–----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის შ------- მ---–----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი ვ--–---ი ა---–--–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ--–---ი ა---–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ვ--–---ი ა---–--–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელიადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი