განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/5238-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაია სულხანიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ბ------ მ--–------ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ-- ვ------–-–---–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 10 მაისის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა დასკვნებზე მითითება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ-- ვ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბ------ მ--–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელე თ-- ვ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ-------–-------------------------------------–-------------- (ს.კ 0----------------------).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2019 წლის 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ-- ვ------–-–---–მა მოპაუსუხე - ბ------ მ--–------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე თ-- ვ------–-–---–ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–-------------------------------------–-------------- (ს.კ 0----------------------). აღნიშნული ქონება იმყოფება მოპასუხე ბ------ მ--–------ის უკანონო მფლობელობაში, რომელიც მოსარჩელის არაერთი თხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებს ბინის გათავისუფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–-------------------------------------–---------------ის (ს.კ 0----------------------) ბ------ მ--–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ თ-- ვ------–-–---–ის სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად.
2.3. ბ------ მ--–------ს, სარჩელი თანდართული მასალებით გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2018 წლის 06 მარტს. შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა. ამასთან მოპასუხე ბ------ მ--–------ს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. ბ------ მ--–------ის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოში პასუხი (შესაგებელი) არ იქნა წარმოდგენილი 10 (ათი) დღის ვადაში და არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია მას სასამართლოსთვის.
2.4. შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის საფუძვლით, სასამართლომ 2019 წლის 29 მარტს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თ-- ვ------–-–---–ის სარჩელი, ბ------ მ--–------ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ბ------ მ--–------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 60 ლარის გადახდა.
2.5. 2019 წლის 05 აპრილს, ბ------ მ--–------მა სასამართლოში წარმოადგინა საჩივარი და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
2.6. სასამართლოს მიერ საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 10 მაისს 15:30 საათზე
2.7. საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სარჩელი თანდართული მასალებით ფოსტის მეშვეობით არ ჩაბარებია, შესაბამისად, ვერ წარმოადგინა შესაგებელი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, ბ------ მ--–------ი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს შეეძლო, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, დაკავშირებოდა ასევე და ეცნობებინა დავის თაობაზე, რადგან ინფორმირებული იყო როგორც მოპასუხის საკონტაქტო ნომრის, ასევე მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის მოთხოვნას წარმოადგენდა 2019 წლის 29 მარტს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
დასკვნები გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის", ხოლო ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები’’. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით ან არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პირობები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა, 2019 წლის 10 მაისს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა, როგორც სარჩელის და თანდართული მასალების, ასევე 2019 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაუბარებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ვერ იქნა გაზიარებული და საპატიო გარემოებად მიჩნეული, რადგან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე ბ------ მ--–------ს, როგორც სარჩელი, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაეგზავნა და ჩაბარდა პირადად, სარჩელში მითითებულ მისამართზე, კერძოდ: თბილისი, პ------------------------------.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის წარდგენის გზით, საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინა 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი მტკიცებულებები, რაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, რაც კიდევ უფრო გამორიცხავს საჩივრის საფუძვლიანობას.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.). სასამართლომ ასევე დამატებით განმარტა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა და ამ საჩივრის ძალაში დატოვება-არდატოვების საკითხის გადაწყვეტა ხდება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების განხილვა-შეჯერების საფუძველზე.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლი ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. ბ------ მ--–------ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეული იქნა დამტკიცებულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლისა, შესაბამისად არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 29 მარტს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იქვე სასამართლომ მიუთითა ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.
2.9. 2019 წლის 24 ივნისს ბ------ მ----------მა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე და მიუთითა შესაბამის საკანონმდებლო ნორმებზე, ვინაიდან აღნიშნული ქონება არის მისი საკუთრება. ამავდროულად, გადაწყვეტილებაში სწორი სამართლებრივი შეფასება არ აქვს მიცემული იმ გარემოებას, რომ ბ------ მ--–------ის მიერ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხდა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარება განხორციელდა არასწორ მისამართზე.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ თ-- ვ------–-–---–ის სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად, რის შემდგომაც მოპასუხეს სარჩელი თანდართული მასალით სასამართლოს მიერ გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, პ------------------------------. თ-- ვ------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ბ------ მ--–------ს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 06 მარტს. მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღე. დადგენილია, რომ ბ------ მ--–------ს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74.1 მუხლის გათვალისწინებით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში, საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მას არ ჩაბარებია სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, ისევე, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საქმის მასალების თანახმად, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა პირადად, 2019 წლის 06 მარტს, უწყებაზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა კი მას სადავოდ არ გაუხდია. ამავდროულად, დადგენილია ისიც, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი ბ------ მ--–------ს არ წარმოუდგენია და არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არის სასამართლოსთვის ცნობილი, მეტიც - არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში მხარეს არ წარმოუდგენია მის მიერ სააპელაციო საჩივარში გაჟღერებული იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სარჩელი და თანდართული მასალებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარება განხორციელდა არასწორ მისამართზე.
ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა დადგენილი წესით, მას სასამართლოს მიერ შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა, თუმცა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა გაუშვა და არ წარმოუდგენია შესაგებელი, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო პირველი ინსტანციის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორად და სამართლიანად გამოიტანა.
4.3. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორთა მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება ბ------ მ----------ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და შესაბამის საკანონმდებლო ნორმებზე მითითებით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლი დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე თ-- ვ------–-–---–ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–-------------------------------------–-------------- (ს.კ 0----------------------). აღნიშნული ქონება იმყოფება მოპასუხე ბ------ მ--–------ის უკანონო მფლობელობაში, რომელიც მოსარჩელის არაერთი თხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებს ბინის გათავისუფლებაზე.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-- ვ------–-–---–ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს და დადგენილია ისიც, რომ აპელანტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი, რომლის ფარგლებშიც იგი შეძლებდა სადავოდ გაეხადა უძრავი ნივთის თ-- ვ------–-–---–ის საკუთრებად აღრიცხვის უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერება და - შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის სიზუსტე, რის გამოც ამ ეტაპზე თ-- ვ------–-–---–ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დადგენილად იქნა მიჩნეული.
პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ სასამართლომ უზრუნველყო დავის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირება, კერძოდ - საქმეში წარმოდგენილია უშუალოდ მოპასუხის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ხელწერილი, რომლითაც ის ადასტურებს გზავნილის მიღების ფაქტს, თუმცა მოპასუხეს სარჩელის იურიდიულ გამართულობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ წარმოუდგენია, არ გამოუხატავს დავისადმი ინტერესი, ვინაიდან საქმისადმი დაინტერესება სარჩელზე შესაგებლის წარდგენასა და სასამართლო სხდომაზე (მისი დანიშვნის შემთხვევაში) გამოცხადებაში გამოიხატება. მოპასუხეს არც შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო გარემოებების თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. ამდენად, სასამართლოს გზავნილის ჩაბარებით მოპასუხისათვის იმთავითვე ცნობილი იყო შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარდგენის ვალდებულებისა და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, შესაბამისად მის წარუდგენლობას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რამდენადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დავის არსის არსებით განხილვაში არ შედის, ამისათვის აუცილებელია, რომ მოპასუხემ არგუმენტირებული შედავება წარადგინოს შესაგებლით, რაც საჩივრის ავტორს არ განუხორციელებია, ხოლო თ-- ვ------–-–---–ის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს უდავოდ ქმნიდა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორად და სამართლიანად გამოიტანა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------ მ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 10 მაისის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი