განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003147308
№1ბ/1575-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - გ------- მ-----ა, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქ. ს------------------–-------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- მ-----ამ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მკაცრი და არასამართლიანია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქმედების ჩადენა განპირობებული იყო დაზარალებულის პროვოცირებით, რომ არა მის აღიარება, სასამართლოს რჩებოდა მხოლოდ დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებები და გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ ვერ დადგებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეეცვალოს ჯარიმით.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე, ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
გ------- მ-----ამ 2018 წლის 3 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, არაყიშვილის ქუჩა N--ში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ-----------–-----’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- მ-----ამ განახორციელა ძალადობრივი ქმედებები გ------ ჩ--------–ის მიმართ, კერძოდ, ამ უკანასკნელს ხელი დაარტყა ერთხელ ტუჩის მარცხენა მხარეს, ხოლო შემდეგ ნაჯახი მოარტყა მარცხენა ფეხის არეში. ძალადობის შედეგად გ------ ჩ--------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენით, გ------- მ-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- მ-----ას ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- მ-----ას ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ გ------ ჩ--------–ის და მოწმეების - ა-----------ის, გ------- ჩ--------–ის, ა------ უ------------ის, მ------ ქ------–--ის, ნ----------–--–---–ის, ვ------- ა---------ს, კ-–---- გ--–-----ს, თ----- ა---–------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ------- მ-----ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის მსჯავრდებულ გ------- მ-----ას აღიარების გარეშეც კი, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- მ-----ამ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ გ------- მ-----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ------- მ-----ას, სასჯელის სახით სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა გ------- მ-----ას მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, გ------- მ-----ას დაუნიშნა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობითად.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი გარემოებები - აღიარება, მონანიება და დაზარალებულთან შერიგება და მსჯავრდებულ გ------- მ-----ას, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით. აღნიშნულთან ერთად, მხედველობაში მიიღო დანაშაულის ჩადენის მიზანი და მოტივი, დანაშაულის ჩადენის ადგილი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის განხორციელების ხერხი და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგანი. კერძოდ, ის გარემოებები, რომ ფინანსური პრობლემის მოგვარება გ------- მ-----ამ გადაწყვიტა ძალადობრივი გზით და მის მიერ დანაშაული ჩადენილი იქნა საჯარო ადგილზე, ქუჩაში მოქალაქეების თანდასწრებით და შემდგომ - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ-----------–---------------“ შენობაში. ერთხელ ფიზიკური ძალადობის განხორციელების და სხვა პირთა მხრიდან კონფლიქტის განმუხტვის შემდგომ, გ------- მ-----ა კვლავ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე ნაჯახით ხელში და ნაჯახი დაარტყა დაზარალებულს ფეხის არეში.
სააპელაციო პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ გ------- მ-----ას მიმართ ჯარიმის ან სხვა უფრო მსუბუქი სახის და ზომის სასჯელის გამოყენების პირობებში ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ გ------- მ-----ას მიმართ გამოყენებულია, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ------- მ-----ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------- მ-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი გ------- მ-----ას მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ------- მ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ------- მ-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გ------- მ-----ას, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ გ------- მ-----ას მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები დოლბანდებთან ერთად, გ------- ჩ--------–ის სისხლის ნიმუში და დანაშაულის იარაღი - ნაჯახი, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე