განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001163612
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/1670-18 29 ივლისი 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი - დ---------------–--;
წარმომადგენელი: რ---------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი: ჯ----–-----------–-;
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
1.სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დ---------------–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მოსარჩელე დ---------------–-- 2004 წლის 27 დეკემბრამდე, სამხედრო მოსამსახურედ ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე დ---------------–-- 2004 წლის 27 დეკემბრიდან ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელდა რეორგანიზაცია და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა საქართველოს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილები შესაბამისი შეიარაღებით, ინფრასტრუქტურით, ბალანსზე რიცხული ქონებით და მატერიალურ- ტექნიკური ბაზით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 16 მარტის №71 ბრძანებით განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ბალანსზე რიცხული შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის და სხვა მატერიალური ფასეულობების საქართველოს შეირაღებული ძალების ბალანსზე გადაცემის საკითხები და შესაბამისი ბრიგადების მეთაურებს, მათ შორის მოსარჩელე დ---------------–--ს დაევალათ თავისი ბრძანებების საფუძველზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების კომისიის შექმნა და მატერიალურ ფასეულობათა გადაბარება.
მოსარჩელე დ---------------–--მ 2005 წლის 27 მარტს პატაკით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და განუმარტა, რომ მისი 2005 წლის 16 მარტის №71 ბრძანება ვერ სრულდებოდა სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებული გაურკვევლობისა და მათი შესაბამისი ანაზღაურების გარეშე დატოვების გამო.
მოსარჩელე დ---------------–--მ 2015 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს და ითხოვა მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 27 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვით მას ეთქვა უარი იმის გამო, რომ იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული არ ყოფილა და შესაბამისად მისი ამორიცხვაც ვერ განხორციელდებოდა.
2016 წლის 4 თებერვალს, მოსარჩელე დ---------------–--მ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წარუდგინა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 16 მარტის №71 ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ბალანსზე რიცხული შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის და სხვა მატერიალური ფასეულობების საქართველოს შეირაღებული ძალების ბალანსზე გადაცემის საკითხები და შესაბამისი ბრიგადების მეთაურებს, მათ შორის მოსარჩელე დ---------------–--ს დაევალათ თავისი ბრძანებების საფუძველზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების კომისიის შექმნა და მატერიალურ ფასეულობათა გადაბარება.
მოსარჩელე დ---------------–--ს 2016 წლის 4 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა 2016 წლის 19 თებერვალს წერილობით მიმართა მოსარჩელე დ---------------–--ს და მოსთხოვა გასაჩივრებული აქტის და მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, აგრეთვე საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება.
აღნიშნული განცხადებით, მოსარჩელე დ---------------–--მ ითხოვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 1 აპრილიდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 მარტის №----------------- წერილობითი მიმართვით მას ეთქვა უარი იმის გამო, რომ იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული არ ყოფილა და შესაბამისად მისი ამორიცხვაც ვერ განხორციელდებოდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 27 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე დ---------------–--ს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 მარტის №-------------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე დ----------------–-ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 1 აპრილიდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 19 თებერვლის №---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე დ---------------–--ს განცხადებაში აღნიშნული საკითხების დაზუსტების მოთხოვნის თაობაზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებია, ისინი შეიცავენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა, მოსარჩელე დ----------------–-ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 1 აპრილიდან ამორიცხვის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.
მითითებული კანონის 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმები სამხედრო სამსახურის დაწყებისა და დასრულების აუცილებელ სამართლებრივ საფუძვლებად, პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვასა და ამორიცხვას ადგენს, რაც მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის კანონით, ზოგადად და გენერალურად მოწესრიგებას წარმოადგენს და იგი შეფარდებული უნდა იქნეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურ სამართლებრივ ურთიერთობასთან, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.
სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 110-ე მუხლების პირველ პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ფორმდებოდა ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №616 ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების წინამდებარე ბრძანებულების დანართში აღნიშნული ქვედანაყოფები, არსებული საშტატო რიცხოვნობით, გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო წინამდებარე ბრძანებულების პირველი პუნქტით გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფების და ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადმოცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით 2005 წლის პირველ თებერვლამდე გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკოპლექტება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დ---------------–-- 2004 წლის 27 დეკემბრამდე, სამხედრო მოსამსახურედ ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე დ----------------–-ა 2004 წლის 27 დეკემბრიდან ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელდა რეორგანიზაცია და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა საქართველოს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილები შესაბამისი შეიარაღებით, ინფრასტრუქტურით, ბალანსზე რიცხული ქონებით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მითითებული ბრძანებულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განესაზღვრა ვალდებულება 2005 წლის 1 თებერვლამდე გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის მოსარჩელე დ----------------–-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის გაგრძელების (ჩარიცხვის) თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №616 ბრძანებულებით განსაზღვრულ ვადაში, მოსარჩელე დ---------------–--ს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევა ჩაითვალა ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარად და მოსარჩელე დ---------------–--ს ჰქონდა შესაძლებლობა იგი გაესაჩივრებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში, რაც მას არ განუხორცილებია. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე დ---------------–--ს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარის სამართლებრივი შედეგები ძალაშია და იგი ბათილად არ ყოფილა ცნობილი, ხოლო მოცემული დავის ფარგლებში მისი კანონიერება, სასამართლოს მიერ ვერ შემოწმდება.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლებრივი სტაბილურობისა და უზუსტობის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, სამართალში დადგენილია მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადები, რაც გულისხმობს შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვის გამორიცხვას.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნებზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა სწორედ ასეა შეფასებული (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ“ განაცხადის ნომერი: 66610/09, პუნქტი №44), კერძოდ მითითებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო დამატებით იმეორებს მის პრეცედენტულ სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტი იმის შესახებ, რომ მომჩივნის მოთხოვნები ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას, თავისთავად არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციასთან მიმართებაში. ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში (იხილეთ J.A. Pye (ოქსფორდი) ლიმიტიდ ეტ J.A. Pye (ოქსფორდი) ლენდი ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 44302/02, § 68, ECHR 2007-III, და სტუბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 22 ოქტომბერი 1996, § 51, ანგარიშები და გადაწყვეტილებები, 1996-IV).
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამართლებრივ შეფასებაზე (იხ. თუნდაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება, საქმის №ბს-833-825(კს-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს, ხოლო ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე დ---------------–--მ 2015 წლის 9 ოქტომბერს და 2016 წლის 4 თებერვალს, შესაბამისად მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის უფლების წარმოშობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდგომ, განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს და ითხოვა მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 27 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვით მას ეთქვა უარი იმის გამო, რომ იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული არ ყოფილა და შესაბამისად მისი ამორიცხვაც ვერ განხორციელდებოდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე დ---------------–--ს მოთხოვნა მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და 2005 წლის 1 აპრილიდან ამორიცხვის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სამართლებრივად უსაფუძვლო და ხანდაზმულია, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონის შესაბამისად, აძლევს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე დ---------------–--ს მოთხოვნები უსაფუძვლოა, ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, არ არსებობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 27 ოქტომბრის №----------------- წერილობითი მიმართვის, მოსარჩელე დ----- ღ-------–-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 მარტის №------------------ წერილობითი მიმართვის მოსარჩელე დ---------------–--ს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 1 აპრილიდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 19 თებერვლის №---------------- წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობის, ასევე მოსარჩელე დ---------------–--ს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 1 აპრილიდან ამორიცხვის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს არა სამსახურში აღდგენა, არამედ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რაც ვერ განხორციელდება სამხედრო ძალებიდან დათხოვნის ბრძანების გამოცემისა და უფლებამოსილი პირის მხრიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელზე წარდგინების გაკეთების გარეშე.
რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის ბრძანების გამოცემას, აპელანტის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნა დაყენებული იქნა მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან თადარიგში დათხოვნის ბრძანების გამოცემაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხული არ იყო. თუმცა, აპელანტი მიიჩნევს, რომ მისი ძირითადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სავალდებულო არაა ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა, რადგან ასეთი ბრძანების გამოცემა მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა და სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული, მაგრამ სამხედრო ძალებიდან თადარიგში დათხოვნის ბრძანების გამოცემა, კანონისმიერი ვალდებულებაა და იგი უპირობოდ უნდა შეესრულებინათ, რაც არ გააკეთეს და რამაც შელახა აპელანტის სოციალური უფლება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით.
აპელანტი განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების მოთხოვნით თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც განუმარტეს, რომ ამ საკითხზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის უნდა მიემართა, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე N2070 სამხედრო ნაწილი, რომლის მეთაურიც იყო თავად, შემდგომში სამსახურის გაგრძელების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. სწორად ამის შემდგომ, 2015 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან საქართველოს სამხედრო ძალებიდან თადარიგში დათხოვნის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რადგან მას გააჩნდა კანონიერი მოლოდინი, რომ ასეთი ბრძანება სამინისტროში იქნებოდა, რაც არ გამართლდა და დასახელებული უარის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მოთხოვნით მიმდინარეობს სამართალწარმოება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რაც ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს.
სადავო აქტების ბათილობასთან ერთად მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნას წარმოადგენს, შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 7 აპრილს მისი ამორიცხვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალება.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 8 დეკემბრის N566 და იმავე წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულებების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები (მათ შორის ს/ნ 2070) გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ აპელანტი (მოსარჩელე) დ---------------–-- 2004 წლის 27 დეკემბრამდე, სამხედრო მოსამსახურედ ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებში.
,,საქართველოს სამხედრო ძალებში სრტუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულების მოთხოვნათა საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული შინაგანი ჯარების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N1--- პ/შ ბრძანებით პოლკოვნიკი დ----- კ-----–-- ძე ღ-------–-ა, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურე, ამორიცხული იქნა შს სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. ბრძანების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2004 წლის 27 დეკემბერი.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 31.12.2004 წლის N409 ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ შინაგანი ჯარების ყოფილი ნაწილები, მათ შორის ს/ნ 2070 შეუერთდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შენაერთებს.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შენაერთებს და ქვედანაყოფებს შეუერთდა საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარებიდან გადმოცემული, ყოფილი სამხედრო ნაწილები, თავისი ინფრასტრუქტურით, ბალანსზე რიცხული საშტატო ქონებით, მათ შორის შეიარაღებით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
სააპელაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ბრძანების შინაარსზე და პრინციპულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრძანებაში საუბარია არა მხოლოდ ბალანსზე რიცხული ქონების, არამედ შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ყოფილი ნაწილების გადაცემაზე.
სასამართლოს მიერ ასევე შესწავლილი იქნა საქართველოს პრეზიდენტის 27.12.2004 წლის N616 ბრძანებულება, რომელიც საფუძვლად დაედო შს სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაციას. მითითებული ბრძანებულების პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შინაგანი ჯარების ბრძანებულების დანართში აღნიშნული ქვედანაყოფები გადაეცემა არსებული საშტატო რიცხოვნობით, ხოლო ბრძანებულების მე-2 პუნქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავალებს, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებულების პირველი პუნქტით გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფების და ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნული აქტების ერთობლივი ანალიზი სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილები გადაეცა პირად შემადგენლობასთან ერთად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გადაცემის იურიდიული საფუძვლის არსებობის პირობებში, პროცედურული უზრუნველყოფა, კერძოდ თანამშრომლების ჩარისხვის ფორმალურ-სამართლებრივი საფუძველი უნდა უზრუნველეყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლი ადგენს, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
არსებულ პირობებში სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №616 ბრძანებულებით განსაზღვრულ ვადაში, მოსარჩელე დ---------------–--ს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, ძალაშია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი, რაც გულისხმობს შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვის გამორიცხვას.
სააპელაციო სასამართლო დავის გადაწყვეტის პროცესში არსებითად მიიჩნევს იმ სამართლებრივ ინტერესს, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც აღძრულია წინამდებარე სარჩელი. კერძოდ, მოსარჩელის მიზანია საპენსიო უზრუნველყოფის განხორციელება, რისთვისაც საჭიროა თავდაცვის ძალებში ჩარიცხვა-ამორიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. სააპელაციო სასამართლო თვლის, ის გარემოება, რომ მოსარჩელე არასწორად აყალიბებს საკუთარ მოთხოვნას და სააპელაციო სასამართლოს არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, არ ახდენს სარჩელის ტრანსფორმირებას, არ უნდა იქცეს ისეთი უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლების განხორციელების დამაბრკოლებელ ფაქტორად, როგორიცაა - საპენსიო უზრუნველყოფა. სწორედ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა, კერძოდ მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა, აქციოს პირის სოციალური უზრუნველყოფის უფლების ხელყოფის ლეგიტიმურ საფუძვლად და თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს დ---------------–--ს საკითხის დამატებითი შესწავლა იმ სამართლებრივი აქტების ანალიზის საფუძველზე, რაზეც წინამდებარე გადაწყვეტილებაშია მითითებული.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 06 თებერვლის M--------------- რძანებით შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველი კომისია. კომისიის დანიშნულებას, იმავე ბრძანების საფუძველზე, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის/ყოფილ მოსამსახურეთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მომზადებულ სამსახურებრივ დოკუმენტებში არსებული ხარვეზების განხილვა, სამსახურის გავლასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოკვლევა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და რეკომენდაციების გაცემა. ბრძანებით, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, დაშვებულია შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნული კომისიის მეშვეობით უნდა დაევალოს შეისწავლოს დ---------------–--ს შეიარაღებულ ჯარებში ჩარიცხვა-ამორიცხვის საკითხი იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და რომლის აღსრულებაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის ვალდებულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ---------------–--ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. დ---------------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 27 ოქტომბრის №----------------- გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 მარტის №----------------- გადაწყვეტილება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მომსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველი კომისიის მეშვეობით დ----- ღ-------–-ას საკითხის განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს დ---------------–--სათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ნინო ქადაგიძე