განაჩენი

სისხლის სამართლის 04.11.2019
საქმის ნომერი
180100119003037859
ინსტანცია
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119003037859

№1ბ/1500-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ნოემბერი 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გოჩა ცინცაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ------- ნ-----–--–---–-

მსჯავრდებული: კ---- ძ-----–---–ი, დაბადებული: 1----–-–-----------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------------------–-----------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ და მოითხოვა, კ---- ძ-----–---–ის მიმართ, მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 1 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანით დანიშნული სასჯელის გამკაცრება. აპელანტს მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა სასჯელის ნაწილში. ვინაიდან კ---- ძ-----–---–ისათვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია. დანიშნული თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და მსჯავრდებულის პიროვნებას. საქართველოს სსკ–ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს განზრახ დანაშაულს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით. სასამართლომ განაჩენში იმსჯელა კ---- ძ-----–---–ის შემამსუბუქებელ გარემოებებზე და მითითებულია, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მაშინ როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამიასად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის დამამძიმებელი გარემოება. ამასთან, სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დანაშაული დღეის მდგომარეობით საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორებითი რისკები, მითუმეტეს როცა ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა შეეფასებინა სწორად და სასჯელი უნდა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად. მოცემულ შემთხვევაში კი ამგვარად მსუბუქი სასჯელი, რაც კ---- ძ-----–---–ის მიმართ იქნა გამოყენებული, ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას, სხვა პირებზე ზემოქმედებას ვერ იქონიებს, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული. ამდენად აპელანტს მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება და მსჯავრდებულ კ---- ძ-----–---–ს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ კ---- ძ-----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------- ნ-----–--–---–მა და მოითხოვა, მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 1 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, კ---- ძ-----–---–ის მიმართ, მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 1 ივლისის განაჩენში ცვილების შეტანა და კ---- ძ-----–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშნვა, ამასთან დანიშნული სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა კ---- ძ-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------- ნ-----–--–---–მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი, კ---- ძ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

კ---- ძ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ–------------------------–----------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ---- ძ-----–---–მა, მის მეუღლეს – ლ---- ნ-------–---–ს სრულიად უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ აიღო ფაიფურის ჩაის ჭიქა და დამიზნებით ესროლა მეუღლეს – ლ---- ნ-------–---–ს, რაც ლ---- ნ-------–---–ს მოხვდა შუბლის არეში და შუბლის არედან წამოუვიდა სისხლი, რის შემდეგაც ლ---- ნ-------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულ ძალადობის ფაქტს შეესწრო კ---- ძ-----–---–ის და ლ---- ნ-------–---–ის არასრულწლოვანი შვილი ო---- ძ-----–---–ი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ---- ძ-----–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ---- ძ-----–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ლ---- ნ-------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: გ---–----- ძ-----–---–ის, გ-----------–---–ის, შ------- ძ-----–---–ის, ო---- ძ-----–---–ის და ა-–---------- ძ-----–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ლ---- ნ-------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ალკოტესტით შემოწმების ოქმითა და ქვითრით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და კ---- ძ-----–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ კ---- ძ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ---- ძ-----–---–მა ჩაიდინა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ კ---- ძ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან და ცხოვრობენ ერთად, მეზობლების და სამსახურის მიერ ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა ეთანხმება სახელმწიფო ბრალდების, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი ზომის სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა კ---- ძ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, თუმცა არ გაითვალისწინა სასჯელის დამამძიმებელი გარემოება - დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ვინაიდან, სასჯელის მინიმალური ვადაა ორი წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილთ გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, თუ ეს გარემოება არ წარმოადგენს, დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ან არ არსებობს, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არ შეიძლება იყოს სამ წელზე ნაკლები. შესაბამისად, ვინაიდან კ---- ძ-----–---–ის მიერ ინკრიმინირებულ ქმედებაში, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა არ წარმოადგენდა დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ასევე არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, კ---- ძ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დანიშვნოდა მინიმუმ 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის არასამართლიანობასთან მიმართებაში, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას და განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ---- ძ-----–---–ი აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს, ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში ფიზიკური ძალადობის სხვა შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ხასიათდება დადებითად. აღნიშნული გარემოებების, დამნაშავის რესოციალიზაციის და სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კ---- ძ-----–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, სამართლიანი და კანონიერია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, საქმეზე არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, კ---- ძ-----–---–ისთვის სასჯელის სახედ და ზომად - თავისუფლების აღკვეთის 03 (სამი) წლის ვადით დანიშვნა, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით, იქნება სამართლიანი სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გოჩა ცინცაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 1 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ კ---- ძ-----–---–ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გოჩა ცინცაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 1 ივლისის განაჩენში კ---- ძ-----–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

კ---- ძ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

კ---- ძ-----–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 29 აპრილიდან 2019 წლის 8 მაისის ჩათვლით.

 

კ---- ძ-----–---–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, კ---- ძ-----–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

საქმეზე არსებული საგნები და ნივთები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემთხვევის ადგილი დათვალიერების დროს ამოღებული ფაიფურის ჭიქის ნატეხები – განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე