განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119003162795
№1ბ/1588-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ვ------- ა--------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს-----------------–----–----------------–---–-----–--, ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------–----–----------------–---------------–--.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ახალქალაქი–ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ------- ა--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს განაჩენი უნდა მოიცავდეს სამართლიანობის კომპონენტს, რაც გულისხმობს დანიშნული სასჯელის შესაბამისობას მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის დანიშნვისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ დანაშუალის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ არ იქნა ქმედებაში გამოხატული მართლასაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ასევე შედეგი. მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯანმრთლეობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელიც განხორციელდა ძალადობით. ამგვარად მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ იქნება პასუხი ვ------- ა--------ის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. რათქმა უნდა კანონით უმკაცრესი ზომების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ჰუმანური სასჯელის დანიშნვაც მიზანშეუწონელია. ამგვარად მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში ვერანაირად ვერ პასუხობს სამართლიანობის პრინციპს. ზემაოღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ვ------- ა--------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ვ------- ა--------მა ჩა-----ა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 ივლისს დაახლოებით 12:00 საათზე, ნ----–-------------------------–-----–-----–------ში არსებული საზაფხულო საძოვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ვ------- ა--------მა ა----- ჯ---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მათრახის ხის კონდახი რამდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე ფეხი ერთხელ დაარტყა მუცლის არეში.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენით, ვ------- ა--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ------- ა--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ------- ა--------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ა----- ჯ---------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმე ბ--------–ი გ-------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ა----- ჯ---------ის სამედიცინო დოკუმენტაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად ვ------- ა--------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ვ------- ა--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ------- ა--------მა ჩა-----ა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ------- ა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ვ------- ა--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ვ------- ა--------ს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ------- ა--------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ------- ა--------ი აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და ძალადობისკენ მიდრეკილი პირი, დასაქმებულია და გააჩნია შემოსავალი, რაც სასჯელის სახის და ზომის დანიშვნისას ასევე მნიშვნელოვანია და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა ზემოაღნიშნული. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის დამნაშავის შემოსავლების გარეშე დატოვება, მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება და საქმიანობის განხორციელებისთვის ბარიერების შექმნა, თუ სასჯელის მიზნის მიღწევა შესაძლებელია სხვა ალტერნატიული სასჯელით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვ------- ა--------ი არის მწყემსი და ხშირად უხდება გადაადგილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით და ხშირად დასახლებული პუნქტებიდან შორს, პირობითი მსჯავრის გამოყენების შემთხვევაში კი მას შეეზღუდება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ხანგრძლივად დატოვების და მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. შესაბამისად პალატა თვლის, რომ ვ------- ა--------ის მიმართ ჯარიმის 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით გამოყენება სამართლიანი და კანონიერია, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალქალაქი–ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლაშა მერაბიშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალქალაქი–ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლაშა მერაბიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი ვ------- ა--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ------- ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ვ------- ა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე