განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
330100119003154331
ინსტანცია
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119003154331,№1ბ/1634-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

მსჯავრდებული - გ------- ვ-–--------ის ძე ბ-------–---–ი - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თ---–---------–---–---–------------------;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი -ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით, 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ გ------- ბ-------–---–ის მიმართ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. ბრალდებულს ჩადენილი აქვს ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა საფუძველს, რომ შესაძლოა მან მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება და ჩაიდინოს ახალი დანაშაული (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

დაცვის მხარის პოზიცია სააპელაციო საჩივრის შესაგებლით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. შესაგებელი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- ბ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 07 ივლისს, ქ. თ---–--–-----–---–---–------------------–-----ში გ------- ბ-------–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას ბებიას - მ----- ს-------ს, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და გადაუგრიხა, რა დროსაც მ----- ს-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

გ------- ბ-------–---–მა მის საცხოვრებელ ბინაში - მდებარე ქ------–-------–---–---–-------------------–-----ში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, საერთო წონით (ფესვის გარეშე) – 18.37 გრამი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენით, გ------- ბ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით -ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- ბ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

გ------- ბ-------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 07 ივლისიდან 2019 წლის 09 სექტემბრის ჩათვლით და გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, გ------- ბ-------–---–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- ბ-------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (შეტყობინება, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ადასტურებენ მსჯავრდებულ გ------- ბ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ------- შ---------ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი გ------- ბ-------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველ ნაწილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას.

 

სააპელაციო საჩივარში ოჯახური დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, რადგან სწორედ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით განესაზღვრა გ------- ბ-------–---–ს სანქციით გათვალისწინებული მაქსიმუმთან მიახლოვებული სასჯელი - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა შესაბამისობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების მოთხოვნებთან: გ------- ბ-------–---–ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც მან აღიარა და გულწრფელად მოინანია. ამასთან, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და წარსულში არ ყოფილა ნასამართლობის მქონე. აღნიშნული გარემოებები საკმარისი იყო დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლისთვის. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ გ------- ბ-------–---–ს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.

 

პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობაში გატარებულ დროსთან ერთად, იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი გ------- ბ-------–---–ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი როგორც ოჯახური, ასევე ნარკოტიკული დანაშაულების ხასიათი და სიმძიმე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენი გ------- ბ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------- ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------- ბ-------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

გ------- ბ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 07 ივლისიდან 2019 წლის 09 სექტემბრის ჩათვლით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, გ------- ბ-------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე