განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
330100116001373608
ინსტანცია
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100116001373608

საქმე № 1ბ/1313-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ--------–-----ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ფ---------- მ---------------------ი (მონაწილეობის გარეშე), დაბადების თარიღი: 1----–-–------------------, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ვ-–----–----–----------------------------–--------------------------.

 

ადვოკატი: ლ-------------–---–-.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (2015 წლის 12 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლი (2017 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (2015 წლის 12 მარტამდე მოქმედი რედაქცია).

 

სასჯელი:

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ--------–-----ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ფ---------- მ---------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა, იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდნენ ამ ნაწილში ფ---------- მ---------------------ის ბრალეულობას, რაც არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შეტყობინებით, პატაკით, დაზარალებულ რ------------ის ჩვენებით, მოწმეების: ი-----–-----------ის, შ-----------–--ის, ა--------- ალის, დ-----------–---–ის, ნ------------ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რ------------ის სამედიცინო დოკუმენტაციით და ნივთმტკიცებით - შუშის ნამსხვრევებით უტყუარად დასტურდება ფ---------- მ---------------------ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოწმეების ლ---–- ბ------ის, ნ------------ის, შ-----------–--ის, ა--------- ალის, ჯ--------------–--ის, დ------------–---–ის, ი-----–-----------ის ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება დაზარალებულისგან მიღებული ინფორმაცია, რომ ფ---------- მ---------------------მა შუშის ნამსხვრევი მიადო ყელზე რ------------ეს და მოკვლით დაემუქრა, რის გამოც დაზარალებული იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა ფ---------- მ---------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. ბრალდების მხარეს ასევე მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ფ---------- მ---------------------ისთვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა გაეთვალიწინებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი გარემოებები და ის ფაქტი, რომ მსაჯავრდებულმა თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას და მისთვის განესაზღვრა უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თბილისის პროკურატურის პროკურორმა მ--------–-----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-------------–---–მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

ფ---------- მ---------------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. სიცოხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 14 თებერვალს, თბილისში, ვ-–----–----–-----------------–---------------------------ში, გამოვლენილ იქნა ერაყის მოქალაქე ფ---------- მ---------------------ი, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - რ------------ეს, იძალადა მასზე, სარკე ჩაარტყა თავში, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნულმა გამოიწვია დაზარალებულ რ------------ის ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რ------------ეს მიღებული აქვს სხეულის დაზიანების მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2015 წლის 14 თებერვალს, თბილისში, ვ-–----–----–-----------------–---------------------------ში, გამოვლენილ იქნა ერაყის მოქალაქე ფ---------- მ---------------------ი, რომელიც მეუღლე რ------------ეს შუშის ნატეხით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც რ------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

ფ---------- მ---------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 14 თებერვალს, თბილისში, ვ-–----–----–----------------------------–---------------------------ში, გამოვლენილ იქნა ერაყის მოქალაქე ფ---------- მ---------------------ი, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - რ------------ეს, იძალადა მასზე, სარკე ჩაარტყა თავში, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე ნ------------ემ ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის დაზარალებულ რ------------ის დედა. მისმა შვილმა ნ----, იგივე რ------------ემ, დაურეკა მის მეორე ქალიშვილს, სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა და ტელეფონი გათიშა. იგი მის ქალიშვილთან - ლ---–-სთან ერთად მალევე მივიდა რ----ს სახლში, სადაც რ----სთან ერთად იმყოფებოდნენ მისი სიძე - ფ----------ი, ამ უკანასკნელის ძმა და ბავშვის მომვლელი აია. ფ----------ს ხელი ჰქონდა გაჭრილი. მათი დანახვის შემდგომ, მისმა შვილმა დაიწყო ნივთების მოკრება-ჩალაგება და უთხრა, რომ აპირებდა მათთან ერთად წასვლას. მისთვის რ----სგან ცნობილი გახდა, რომ ფ----------მა ბავშვის მომვლელს დაუწყო ალერსი, რაზეც იგი გაბრაზდა და მათ იჩხუბეს. რა დროსაც ფ----------მა ნ---- სარკე დაარტყა თავში, თან სარკის ნატეხი აუღია, ემუქრებოდა და აშინებდა, არავისთან დაერეკა, თორემ მოკლავდა. შვილისგან იცის, რომ ფ----------ს ჰყავდა დაშინებული, მობილური გაუთიშა და ემუქრებოდა. რ----მ უთხრა, რომ სიკვდილს ჩახედა თვალებში და ეშინოდა მეუღლეს არ მოეკლა იგი. ფ----------ის ძმა მათ ეუბნებოდათ, რომ გაუშვებდნენ დამხმარე გოგოს და ფ----------ისთვის ეპატიებინათ მისი საქციელი. ნ--- თავს იტკიებდა, გულის რევის შეგრძნება ჰქონდა. რის გამოც საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება იქნა გამოძახებული. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად, ნ---- დაუდგინდა ტვინის შერყევის ნიშნები, რის გამოც მკურნალობა და წოლითი რეჟიმი დაენიშნა. ფ----------ი არ წყვეტდა მათთან ურთიერთობას, რეკავდა ნ----თან და ლ--–--თან, ბოდიშებს იხდიდა, შერიგება უნდოდა. გარკვეული პერიოდის მერე ნ---- აპატია, თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ.

 

მოწმე ლ---–- ბ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დილის 9-10 საათისთვის დაურეკა მისმა დამ - რ------------ემ, რომელიც იყო აღელვებული და უთხრა, სასწრაფოდ მისულიყო მასთან. იგი მიხვდა, რომ რაღაც მოხდა და დედასთან ერთად წავიდა რ----სთან. მისი და დახვდათ აღელვებული და ნამტირალევი, სახლში იყო არეულობა, საძინებელში ყველაფერი ძირს ეყარა, ხოლო სარკე იყო ჩამტვრეული. იგი მიხვდა, რომ იჩხუბეს მისმა დამ - რ----მ და ფ----------მა. ნ------ს თავიდან ლაპარაკი არ უნდოდა და ჩანთის ჩალაგება დაიწყო. შემდეგ კი ტირილი დაიწყო და უამბო, რომ საძინებლის ფანჯრიდან დაინახა, ფ----------ს არაბ გოგოსთან - ა------ნ, რომელიც მას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა და მათ სახლში ცხოვრობდა, სექსუალური ურთიერთობა უნდოდა. რის გამოც იჩხუბეს, ფ----------ი გაბრაზდა, თავში ჩაარტყა სარკე და მოკვლით ემუქრებოდა. მისმა დამ უთხრა, რომ უნდოდა ფ----------თან დაშორება, მაგრამ ეშინოდა, რომ ის რამეს დაუშავებდა. ნ---- დაზიანებები ფიზიკურად არ ეტყობოდა, გარედან ოდნავ ჰქონდა ნაკაწრები. ნ---- თავზე ჩაუტარეს გამოკვლევა, რის შედეგადაც დაუდგინდა ტვინის შერყევა. ამის შემდგომ ფ----------ი ნ---- შერიგებას სთხოვდა, ეუბნებოდა, რომ ნანობდა მის საქციელს. თუმცა ნ---- არ უნდოდა შერიგება, რადგან ფ----------ი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი პიროვნებაა.

 

მოწმე ა--------- ალის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა ფ---------- მ---------------------ის შვილის, ნ------ ძიძად. 2015 წლის 13 თებერვალს, გვიან ღამით, სახლში მივიდა ფ----------ი, რომელმაც გადაკოცნა და მოიკითხა. ცოტა ხანს ერთმანეთში ისაუბრეს, რის შემდეგ ბავშვი გაიყვანა ოთახში. გარკვეული დროის შემდეგ გაიგო ჩხუბის ხმა, რაც 5-7 წუთი გაგრძელდა, რაიმე განსაკუთრებული ყვირილი ან საშველად ხმობა არ ყოფილა, ფ----------ი და რ---- ხმამაღალა საუბრობდნენ. ოთახიდან გამოსულმა დაინახა, რომ რ------------ეს ხელში აქანდაზი ეჭირა და დამტვრეულ შუშის ნატეხებს იღებდა. შენიშნა, რომ სასტუმრო ოთახსა და საძინებელს შორის შუშაბანდის ფანჯრის შუშა იყო გატეხილი, რაზეც ა----- განაცხადა, რომ მან გატეხა. შემდეგ რ---- აბაზანაში შევიდა, თვითონ კონფლიქტში არ ჩარეულა და დაიძინა. ფ----------ი და რ---- ოთახებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, არავინ არავის დასდევდა მუქარით ან რაიმე საგნით ხელში. დილას სახლში მივიდა ფ----------ის ძმა და პირადი მცველი, შემდეგ რ----მ პოლიცია გამოიძახა და განუცხადა, რომ ფ----------მა სცემა. მას ცემის ფაქტი არ უნახავს, არც შუშის გატეხვის ხმა გაუგია.

 

მოწმე შ-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან მუშაობდა ფ---------- მ---------------------თან პირად დაცვაში. 2015 წლის 14 თებერვალს სამსახურში არ უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ დილის საათებში დაურეკა ფ----------ის მეუღლე - რ----მ, რომელიც იყო აღელვებული და სთხოვა სასწრაფოდ მასთან მისულიყო. იგი მყისიერად გამოცხადდა დასაცავი ობიექტის ბინაში. მისი მისვლის შემდეგ მივიდნენ ნ------ს (რ----ს) დედა და და. რ---- გამოძინებულს ნამდვილად არ ჰგავდა, გამოიყურებოდა ისე, როგორც კონფლიქტის შემდეგ გამოიყურება ადამიანი, მოუწესრიგებელი, აღელვებული, მაკიაჟის გარეშე, თუმცა დაჟეჟილობები და ცემის კვალი მის სახეზე არ შეუნიშნავს, ტანზე დაზიანება ჰქონდა თუ არა, არ იცის. სახლში კონფლიქტური სიტუაცია იყო, მინა იყო ჩამსხვრეული და ოთახში მიმოფანტული. ფ----------ს ხელი ჰქონდა გაჭრილი. რ----მ განაცხადა, რომ მეუღლეს მისთვის ყელზე შუშის ნაჭერი ჰქონდა მიბჯენილი და მოკვლით ემუქრებოდა. საპატრულო პოლიციასაც იგივე განუცხადა. ნ---- თქვა, რომ ფ----------ი ახრჩობდა, რის გამოც ხელი ჰკრა მას. აღნიშნულზე გამწარებულმა ფ----------მა მუშტი დაარტყა შუშას, ჩაამტვრია, ყველაზე დიდი ნამსხვრევი ყელზე მიადო და მოკვლით დაემუქრა.

 

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ დ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გამოძახების შემდეგ ადგილზე გამოცხადდა მის მეწყვილესთან ი-----–-----------ესთან ერთად. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ქალბატონი რ------------ე, რომლემაც განაცხადა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, რის გამოც ამ უკანსკნელმა სარკე ჩაამტვრია, ჩაარტყა მას და სარკის ნაჭრით ხელში მოკვლით ემუქრებოდა. ქალი ძალიან აღელვებული იყო და არ წყნარდებოდა. ვინაიდან სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაული, გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური. დაზარალებულ ქალბატონს ფიზიკური დაზიანებები არ ეტყობოდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად აშკარად ტრავმირებული იყო. მის მეუღლეს - ფ----------ს ხელი ჰქონდა გაჭრილი. სარკე იყო ჩატეხილი, მიუხედავად იმისა, რომ სარკის ნამტვრევები აღებული იყო, მაინც შეძლეს ნიმუშების აღება. ქალი აცხადებდა, რომ იქ ვერ დარჩებოდა, ვინაიდან ქმრის ეშინოდა და ბარგს ალაგებდა. შექმნილი სიტუაციის გამო, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ფ----------თან კომუნიკაცია თარჯიმნის მეშვეობით ჰქონდათ. იგი აცხადებდა, რომ შეცდომა დაუშვა, რასაც ინანიებდა და აღიარებდა, რომ სარკე გატეხა, თუმცა უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მოკვლით დაემუქრა რ----ს.

 

იგივე შინაარსის ჩვენება მისცა თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გამომძიებელმა ი-----–-----------ემ.

 

მოწმე ჯ--------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა ვ-–----–----–-------------- მდებარე ბინაში. ბინაში დახვდათ რ------------ე, მისი მეუღლე ფ----------ი, მეუღლის ძმა და პირადი მცველი, ასევე, სახლში იყო ფ----------ის ბავშვის ძიძა. რ------------ემ განუცხადა, რომ 14 თებერვლის ღამეს ფ----------თან იმყოფებოდა მისი შვილის ძიძა და დაინახა, რომ ერთმანეთს კოცნიდნენ, ამაზე გაღიზიანდა და მეუღლეს ჰკითხა თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, მეუღლე აწყნარებდა. მან გადაწყვიტა სახლიდან წასვლა, რის გამოც მეუღლემ იძალადა მასზე და თავში ჩაარტყა სარკე. სახლში დაზიანებული იყო შუშაბანდსა და საძინებელს შორის შუშა, ძირს ეყარა შუშის ნამტვრევები, ასევე, იატაკზე შეინიშნებოდა სისხლის კვალი, რაც ამოიღეს გამოძახებულმა ექსპერტებმა. თვითონ ფ----------ს ხელზე ჰქონდა დაზიანება და აცხადებდა, რომ მეუღლესთან კონფლიქტის დროს აღელვების ნიადაგზე შუშა ჩაამტვრია ხელით და თვითდაზიანება მიიყენა.

 

2015 წლის 14 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ვ-–----–----–-------------------------------------–-. ბინაში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ არის მისაღები ოთახი, საიდანაც გავდივართ საძინებელ ოთახში, რომელსაც ოთხი ფანჯრისგან შემდგარი შუშაბანდი გააჩნია. რიგით მეორე შუშა არის დაზიანებული, რის ქვემოთ, იატაკზე, შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. საძინებელ ოთახში საწოლზე ალაგია ცელოფანში შეფუთული ნივთები, საწოლის წინ დგას სარკიანი ტუმბო, საძინებლის მარცხენა კარი არის ღია, აღენიშნება ნაჭდევები, ხოლო კარადის წინ არის სარკის ნატეხები. სამზარეულოში, იატაკზე, დევს მოყვითალო პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ყრია შუშის ნატეხები.

 

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ვ----–---–-------------------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 აპრილის №--------- დასკვნით, სს ,,კ.ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის‘‘ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერებით, რ------------ე 14.02.2015 წ. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკაში მოათავსეს 14.02.2015 წ. 14:45 სთ-ზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ სამედიცინო დოკუმენტების მონაცემების მიხედვით (რომლებიც ასევე გამოკვლეული იქნა საქმის არსებითი განხილვისას) კლინიკაში მოთავსებისას, პაციენტ რ------------ის გადმოცემით, ოჯახური კონფლიქტის დროს თავში ჩაარტყეს სარკე, რის გამოც დაკარგა გონება დაეწო თავის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------–-ამ.

 

2015 წლის 14 თებერვლის №------ შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმის მიხედვით, 2015 წლის 14 თებერვალს, თბილისში, ვ-–----–----–----------------------------–---------------------- ბინაში, რ------------ეს მეუღლე ფ---------- მ---------------------მა თავში ჩაარტყა სარკე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, შუშის (სარკის) ნამტვრევით ემუქრებოდა მოკვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული 2015 წლის 14 თებერვლის №------ შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმზე დართული, რ------------ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, 2015 წლის 14 თებერვალს, ღამის საათებში, გაეღვიძა და დაინახა, რომ მეუღლე მათი შვილის ძიძას კოცნიდა. რაზეც მოეშალა ნერვები და მეუღლეს მოსთხოვა ამ ფაქტის ახსნა, რაზეც ეს უკანასკნელი გახდა აგრესიული და დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება, თავში ჩაარტყა სარკე, რომელიც დაიმტვრა, ხოლო ნატეხი, რომელიც ხელში შერჩა, მოუღერა და დაემუქრა მოკვლით, თუ ამ ამბავს სადმე იტყოდა. მას შიშისგან გული წაუვიდა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე, რა დროსაც მეუღლე უღერებდა სარკის ნამტვრევს, შემდეგ გაბრაზებულმა შუშაბანდს დაარტყა ხელი და ჩაამტვრია. შუშის ნაჭრებმა მის მეუღლეს გაუჭრა ხელი და წამოუვიდა სისხლი. მას შეეშინდა მეუღლეს მართლა არ მოეკლა და დამტვრეული შუშები აალაგა, შეშინებულმა ვერც პოლიციაში დარეკა. მან დილით დაურეკა ოჯახის წევრებს, მეუღლის დაცვას და პოლიციას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 თებერვლის შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებით, მოძალადეს - ფ---------- მ---------------------ს აეკრძალა მსხვერპლთან - რ------------ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება.

 

2016 წლის 26 აპრილის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით ირკვევა, რომ აღნიშნული რ------------ეს წარედგინა იმავე დღეს, რასაც იგი სრულად დაეთანხმა. დადგენილებაში მითითებულია, რომ ფ---------- მ---------------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული დაცვის მხარის მიერ წამოდგენილი, დაზარალებულ რ------------ის განცხადების თანახმად, იგი შერიგებულია ფ---------- მ---------------------თან, ერთად ცხოვრობენ და მის მიმართ პრეტენზია და საჩივარი არ გააჩნია.

 

გამომძიებელ ჯ--------------–--ის მიერ 2016 წლის 01 თებერვალს შედგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა რ------------ემ სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ ფ---------- მ---------------------თან კონფლიქტი აღარ აქვს და ცხოვრობენ ერთად, რის საფუძველზეც მოითხოვა მეუღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი, გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, შესაბამისად ზემოხსენებულ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ფ---------- მ---------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ფ---------- მ---------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს მეუღლე.

პალატა არ იზიარებს პროკურორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ფ---------- მ---------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას ამ ნაწილში ფ---------- მ---------------------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფ---------- მ---------------------ის მიერ დაზარალებულის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია ან პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მსჯავრდებულმა განახორციელა მუქარა და მის მიერ განხორციელებული მუქარით, ნამდვილად განიცადა შიში დაზარალებულმა. პალატას მიაჩნია, რომ თუ დაზარალებულს სუბიექტურად არ გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, წარმოუდგენელია სხვა მტკიცებულებით იმის დადასტურება, თუ რა განიცადა დაზარალებულმა, რამდენად იყო მუქარის ფაქტი მისი აღქმით საფრთხის შემცველი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სიტყვების დაუფიქრებელ წამოცდენას, რასაც არაფერი აქვს საერთო დაზარალებულის დათრგუნვასთან და ზოგადად დანაშაულთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ფ---------- მ---------------------ის მამხილებელი ჩვენება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ფ---------- მ---------------------ის მიერ მეუღლის - რ------------ის მიმართ მუქარის ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. 2015 წლის 14 თებერვალს მომხდარ შესაძლო მუქარის ფაქტს სხვა პირდაპირი მოწმე არ ჰყავს. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ყველა სხვა მოწმე ირიბია, რომლებიც არ არიან უშუალოდ ფაქტის შემსწრენი. პალატა განმარტავს, რომ პირი, რომელსაც შეეძლო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, არის თავად დაზარალებული, რომელმაც როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე ფ---------- მ---------------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ფ---------- მ---------------------ი საწინააღმდეგოდ გამოიყენოს დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/03/2016, §58-IV).

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, არ არიან რ------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტის შემსწრენი (თვითმხილველები) და ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, კერძოდ: მოწმეებმა ნ------------ემ, ლ---–- ბ------ემ და შ-----------–--ემ განმარტეს, რომ ისინი ფ---------- მ---------------------ის მიერ რ------------ის მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს არ შესწრებიან და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. მოწმე ა--------- ალის ჩვენებით, კი დადგენილ იქნა მხოლოდ ის, რომ მეუღლეებს შორის იყო კონფლიქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

შესაბამისად, ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2015 წლის 14 თებერვალს ფ---------- მ---------------------ის მიერ მისი მეუღლის - რ------------ის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია იმსჯელოს, იმ ფაქტის დადგენაზე აღიქვა თუ არა მსხვერპლმა შესაძლო მუქარა რეალურად.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ფ---------- მ---------------------ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფ---------- მ---------------------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ფ---------- მ---------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მას შეურიგდა დაზარალებული.

 

ფ---------- მ---------------------ს პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 130 საათის ვადით.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს“. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროა 2015 წლის 14 თებერვალი, რა დროსაც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ სააათამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის აღიარების და დაზარალებულთან შერიგების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ქალის მიმართ ჩადენილი დანაშულის ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ფ---------- მ---------------------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი ფ---------- მ---------------------ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში სამართლიანი. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

სარკის და კარის შუშის ნატეხები და მოწითალო ფერის ლაქები უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ--------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ფ---------- მ---------------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ფ---------- მ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ფ---------- მ---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

სარკის და კარის შუშის ნატეხები და მოწითალო ფერის ლაქები - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ იგი ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე