განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
130100119002918277
ინსტანცია
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100119002918277

საქმე № 1ბ/1636 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - რ----- ნ------ე, დაბადებული 1--------- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ--------------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხ-–------------------------–----–--

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა რ----- ს----–--მ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მსჯავრდებულ რ----- ნ------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო. რ----- ნ------ეს ბრალი ედებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით, მიუხედავად ამისა, სასამართლომ გამოიყენა ლმობიერი სასჯელი-პირობითი მსჯავრი, მაშინ როდესაც მან ჩაიდინა ანალოგიური ხასიათის, განზრახი ძალადობრივი დანაშაული. მართალია, მისი ნასამართლობა გათვალისწინებულია მსჯავრდებულის მიმართ წარგდგენილ კვალიფიკაციაში, მაგრამ მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მაღალია რისკი კვლავ ახალი დანაშაულის ჩადენის. ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას. ძალადობრივი ხასიათის ქმედებისათვის (არაერთგზის) ძირითადი სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის დანიშვნით სასჯელის ზოგადი და პრევენციული მნიშვნელობა დაკარგულია, რადგან ამ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი მსჯავრდებულ რ----- ნ------ეზე ვერ მოახდენს პრევენციული ხასიათის გავლენას. ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მიზნების შესრულებას, მათ შორის სამართლიანობის აღდგენას. იმ ფონზე, როდესაც საქმეზე დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია, სასამართლოს მიერ მსუბუქი სასჯელია გამოყენებული. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული მსუბუქი სასჯელი, ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სხვა პირებზე ზემოქმედებას, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამო და მსუბუქია, მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან და რ----- ნ------ეს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----- ნ------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი---------------მა წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მსჯავრდებულ რ----- ნ------ისთვის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის გულწრფელი აღიარება, ის რომ ქმედება მის ჩადენილია შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა არასამართლიანი და მკაცრი სასჯელი, ხოლო რ----- ნ------ის მიმართ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შეფარდება იქნებოდა ეფექტური რეაგირების მექნიზმი და ხელს შეუწყობდა მის რესოციალიზაციას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

რ----- ნ------ემ ჩაიდინა ძალადობა არაერთგზის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 თებერვალს ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებული რ----- ნ------ე, 2018 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმყოფებოდა ხ-–------------------------–---–-- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საბაღე ნაკვეთში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების გამო მომხდარი კონფლიქტის დროს მეზობლად მცხოვრები მ---------------–--ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა. კეძოდ, თანნაქონი ცული ესროლა და მოარტყა სახის არეში, რის შემდეგ იგი სცემა და მიაყენა ტკივილი სხეულის სხვადასხვა არეში. რ----- ნ------ის მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად, მ---------------–--ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი დაცვის და ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რ----- ნ------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ----- ნ------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით: მოწმეების: მ--------–---------- ნ------ის, გ-----------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ მ---------------–--ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 27 ნოემბრის N--------- დასკვნით დაზარალებულ მ---------------–--ის მიმართ, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რ----- ნ------ის მოწმის და ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ რ----- ნ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ----- ნ------ემ ჩაიდინა ძალადობა არაერთგზის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

რ----- ნ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე.

 

რ----- ნ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ რ----- ნ------ემ დაზარალებულის მიმართ განხორციელა ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. გამოძიების მიმდინარეობის მომენტიდან, რ----- ნ------ემ მოწმის სახით გამოკითხვისას მიუთითა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც დადგინდა როგორც პროკურორის დადგენილებით, ისე სასამართლოს განაჩენით. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში, რ----- ნ------ე გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ რ----- ნ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული არაერთგზის, აღნიშნული ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს რ----- ნ------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშანს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ასევე სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს რა რ----- ნ------ის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, რ----- ნ------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე, წარსულში ნასამართლევია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას რ----- ნ------ის მიმართ მოცემულ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა რ----- ნ------ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულ რ----- ნ------ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება, ვინაიდან რ----- ნ------ე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვალის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახით დანიშნული აქვს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ წარსულში გამოყენებული იქნა ნაკლებად მკაცრი სასჯელი ჯარიმის სახით, რამაც ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების შესრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ----- ნ------ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და რ----- ნ------ის სათანადო ქცევას.

 

ამასთან, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ან შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე, ან შემსუბუქებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----- ნ------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება, ან შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილის რ----- ს----–--ს და მსჯავრდებულ რ----- ნ------ის ადვოკატის ი---------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილის რ----- ს----–--ს და მსჯავრდებულ რ----- ნ------ის ადვოკატის ი---------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი რ----- ნ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

რ----- ნ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ რ----- ნ------ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ რ----- ნ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულებების ბედი:

- ცული - განადგურდეს;

_ CD დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი