განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001289644
საქმე №1ბ/1409-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე : მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - მ---------------–---–ის
ადვოკატ - ა----–-–---–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ - თ---------------ის მონაწილეობის გარეშე
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------–---–ისა და მსჯავრდებულ თ---------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა----–-–---–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თ---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ბ--–------–--------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე რედაქცია).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენით თ---------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
თ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
თ---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2016 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, დიდი დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ---------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამერიკის მოქალაქე მ----–----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მუშტი დაარტყა თავის არეში, რითაც მ----–----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბრალდების შესახებ დადგენილებით თ---------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ---------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამერიკის მოქალაქე მ----–----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა მუშტი თავის არეში, რითაც მ----–----------ს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
აღნიშნული ქმედებისათვის თ---------------ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ---------------–---–მა და მსჯავრდებულ თ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა----–-–---–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ---------------–---–მა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და თ---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ ზედმიწევნით სწორად და ზუსტად შეაფასა, რაც აისახა კიდეც განაჩენში, თუმცა, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნაწილში. სისხლის სამართლის საქმეზე გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჭრილობები, რაც ჰქონდა დაზარალებულს, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სასამართლომ აღნიშნული დასკვნა არ გაიზიარა, რასაც არ ეთანხმება აპელანტი, რადგან მიაჩნია, რომ ექსპერტი არის ის პირი, ვისაც გააჩნია აღნიშნულ სფეროში სპეციალური ცოდნა და სასამართლოს დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდა.
მსჯავრდებულ თ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა----–-–---–---–მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ---------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ ვერ მიუთითა მტკიცებულებათა იმ სტანდარტზე, რომელიც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. აპელანტის აზრით, მოწმეების გ--------–-------–ისა და ნ-----–---------ის ჩვენებები არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო პირდაპირ მტკიცებულებებად, რადგან მათ ჩხუბის მომენტი არ დაუნახავთ და არც ის იციან, თუ ვინ მიაყენა დაზარალებულს დაზიანებები. ასევე, უტყუარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს პირის ამოცნობის ოქმი, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის დაკითხვა ვერ მოხდა და ვერ დადასტურდა ამოცნობის ოქმის სისწორე. დაცვის მხარის მოსაზრებით, სასამართლომ ვერ დაადასტურა თ---------------ის მონაწილეობა კონფლიქტში და მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნა, თუმცა თვითონ სადავოდ არ ხდის ამ ფაქტს. მოწმე ჭ---–-----–-----ის ჩვენებასთან მიმართებით კი განმარტავს, რომ ოპერატიული ინფორმაცია არ არის უტყუარი, არამედ ის წარმოადგენს ეჭვს და ვარაუდს.
აპელანტმა განმარტა, რომ ინციდენტი მოხდა 2016 წლის 13 იანვარს და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება. თ---------------ე ითხოვდა ექსპერტიზის ჩატარებას, ვინაიდან ჰქონდა სხეულზე დაზიანებები, რაც გამოკითხვის ოქმშიც დააფიქსირა, მაგრამ მას ექსპერტიზა ჩაუტარეს 2016 წლის 20 იანვარს, რის შედეგადაც ექსპერტმა ს-----------–----ამ დასკვნაში აღნიშნა, რომ თ---------------ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. მან ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ თ---------------ეს შემოწმებისას შარვალი არ გაუხდია, ხოლო წელს ზემოთ დაზიანებები არ ჰქონდა. ამდენად, აპელანტის აზრით, სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა სრულყოფილად, რის გამოც სასამართლოს იგი არ უნდა გაეზიარებინა.
დაცვის მხარის მითითებით, მოწმე გ--------–-------–ის ჩვენება, იმ ნაწილში, რომ მან გაიგონა მუხრუჭის ხმა და ქართულ ენაზე ყვირილი „რას აკეთებ, ბიჭო“, შეიძლება აღიქმებოდეს, რომ თ---------------ეს შეუქმნეს პრობლემა, ჩაუჭრეს გზა ან ურტყამდნენ და ამის გამო დაიყვირა. ასევე, მოწმემ განმარტა, რომ დაზარალებულს სახეზე ჰქონდა მხოლოდ გაკაწრული და რაიმე დიდი ჭრილობა მას სახეზე არ შეუმჩნევია.
აპელანტს ასევე მიაჩნია, რომ ვინაიდან არ მოხდა დაზარალებულის დაკითხვა სასამართლოში, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად კი, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, სასამართლოს დაზარალებულ მ----–----------ის წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა. საბოლოოდ, აპელანტმა აღნიშნა, რომ ყველა მოწმე, რომელიც სასამართლო სხდომაზე დაიკითხა, არის ირიბი მოწმე, უშუალო ფაქტის თვითმხილველი არავინაა და მათი ჩვენება სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუძლებელია ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო დაცვის მხარემ თ---------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ---------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა თავდაპირველად იმსჯელებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე და შეფასებას მისცემს საჩივარში მოყვანილ აპელანტის არგუმენტებს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას თ---------------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა თ---------------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ბრალდება, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მოთხოვნაზე, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაზარალებულ მ----–----------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილში განმარტებულია ტერმინი ,,მოწმის ჩვენება’’ და მითითებულია, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 243-ე მუხლის დანაწესი კი იძლევა შესაძლებლობას გამოკვლეულ იქნეს გამოკითხვის ოქმისა და გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, კერძოდ: ,,თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა’’. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, კანონის დაცვით, გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე.
დაზარალებულ მ----–----------ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 18:25 საათზე, ამერიკის საელჩოს კუთვნილი ვერცხლისფერი ავტომანქანით, სარეგისტრაციო №002D51, მოძრაობდა ბალანჩინის ქუჩიდან დიდ დიღომში არსებული ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმართულებით. იქვე არსებულ გზაგასაყართან, მარჯვენა მხრიდან გზა ჩაუჭრა მსუბუქმა ავტომობილმა და შექმნა ავარიული სიტუაცია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მისცა წყვეტილი ხმოვანი სიგნალი, რაზედაც უწყვეტი ხმოვანი სიგნალი მიიღო პასუხად. აღნიშნული პიროვნება მიჰყვებოდა უკან, აგრძელებდა წყვეტილი და უწყვეტი ხმოვანი სიგნალით მისი ყურადღების მიქცევას და ქართულ ენაზე წარმოთქვამდა მისთვის გაუგებარ სიტყვებს. ავტომანქანა უჭრიდა გზას და საბოლოოდ იძულებული გახდა ავტომანქანა გაეჩერებინა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი მიუახლოვდა მისი ავტომანქანის წინა მარცხენა კარებს და ჩაიხედა სალონში, თითქოს რაღაცას ეძებდა. ზურგიდან მოჰკიდა ხელი აღნიშნულ პიროვნებას და ჰკითხა, რა უნდოდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა მუშტი მოიქნია და მისთვის სახეში დარტყმა სცადა. ხელი ჩაჰკიდა ბრალდებულს და პირველი დარტყმის აცილება შეძლო. ამ დროს ზურგიდან მიუახლოვდა მათ ორი მამაკაცი, რომლებმაც ბრალდებული გაიყვანეს მისგან მოშორებით. აღნიშნულმა პიროვნებამ მალევე გაითავისუფლა თავი, გაექანა მისკენ და მთელი ძალით დაარტყა მუშტი სახის არეში. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული ჩახტა თავის ავტომანქანაში და წავიდა, თან ქართულ ენაზე ყვიროდა მისთვის გაუგებარ სიტყვებს. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მტკიცებულებათა არასაკმარისობასა და ირიბი ჩვენებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველ ნაწილის მოთხოვნა, სადაც მითითებულია, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ სასამართლოში გამოქვეყნებული, გამოძიებაში მიცემული ჩვენება ან გამოკითხვის ოქმი დაედოს, ვინაიდან სასამართლოში ბრალდების მხარის მიერე წარდგენილია სხვა მოწმეთა ჩვენებებიც, კერძოდ, სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ: გ--------–--------–ი, ნ-----–---------ე, მ-----–-------–-–---–ი, ს------------–----ა, ხოლო მოწმეების: ჭ---–-----–-----ის და დ------------ას გამოკითხვის ოქმები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დაცვის მხარის განმარტებით სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე გ--------–-------–ის ჩვენება, ვინაიდან მას დარტყმის მომენტი არ დაუნახავს და ის არა არის ფაქტის თვითმხილველი. დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოში დაკითხვისას მოწმე გ--------–--------–მა განმარტა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, საღამოს ექვსი საათიდან შვიდ საათამდე პერიოდში იმყოფებოდა ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. შეამჩნია, რომ მირიან მეფის გამზირისკენ მოძრაობდა ორი ავტომობილი. გაიგონა მკვეთრი მუხრუჭის ხმა. ავტომანქანებიდან გადმოვიდა ორი მამაკაცი და ერთმანეთს ეკამათებოდნენ ინგლისურ და ქართულ ენაზე. ამ დროს მასთან საახალწლო ფეიერვერკის მყიდველი მივიდა და კლიენტს აქცევდა ყურადღებას. მომხმარებლის წასვლის შემდეგ ყვირილის ხმა გაიგონა. ორი პირი, რომლებიც მის გვერდით ფეიერვერკებს ჰყიდნენ, მივიდნენ და აშველებდნენ ამ პიროვნებებს. მას დაუძახეს და წყლის მიტანა სთხოვეს, რადგან ერთ-ერთს დახმარება სჭირდებოდა. მან წყალი მიუტანა და დახვდა შემდეგი სიტუაცია: ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დამშვიდებული იყო და ფეიერვერკის გამყიდველებს გაყვანილი ჰყავდათ გვერდზე. იგი ჩაჯდა ღია ფერის პატარა ავტომანქანაში და გაიქცა. დაზარალებული ინგლისურ ენაზე საუბრობდა. შეამჩნია, რომ უცხოელ მამაკაცს მთელ სახეზე პატარა ნაკაწრები ჰქონდა და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. დაზარალებულს სისხლი ჩამობანა, რაზედაც მან მადლობა გადაუხადა და წავიდა. მამაკაცი, რომელსაც სახე ჩამობანა დაახლოებით 50 წლამდე ასაკის იქნებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტომანქანაში ჩაჯდა და გაიქცა, ქართულ ენაზე საუბრობდა. იმ პირს რაიმე სახის დაზიანება ჰქონდა თუ არა, არ შეუმჩნევია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ როდესაც დაზარალებულს ჰკითხა თუ რა მოხდა, მან უპასუხა, რომ კონფლიქტის მონაწილე მეორე პირმა რამოდენიმეჯერ გზა ჩაუჭრა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი.
მოწმის ჩვენების შეფასებისას პალატა ითვალისწინებს, რომ იგი მყისიერად აღმოჩნდა დაზარალებულის გვერდით, მან თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები და მ----–----------ის სახეზე დაზიანებების არსებობის ფაქტი, რაც თანხვედრაში მოდის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მოწმე გ--------–-------–ის ჩვენება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ იმ ნაწილში, რომ მუხრუჭის ხმა და შეძახილი „რას შვები, ბიჭო“, შესაძლებელია ნიშნავდა თ---------------ისთვის შექმნილ საფრთხეს, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. მითუმეტეს, რომ მოწმის განმარტებით, იგი გაესაუბრა მ----–----------ს და მისგან მოისმინა მომხდარის შესახებ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ამოიცნო თ---------------ე, თუმცა მის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.
ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ ფაქტს სადავოდ არ ხდიან, მაგრამ მიაჩნია, რომ სასამართლოში არ დადასტურდა თ---------------ის კონფლიქტში მონაწილეობა, ვინაიდან, მართალია, ამოცნობის ოქმი ავთენტურია, მაგრამ არ არის უტყუარი, რადგან ვერ დადასტურდა დაზარალებულის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებით.
აპელანტის მოსაზრებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ პირის ამოცნობა არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩატარდა გამომძიებელ მ-----–-------–-–---–ის მონაწილეობით. აღნიშნული მოწმე დაკითხულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე. შესაბამისად, ამოცნობის ოქმში მითითებული გარემოება, რომ დაზარალებულმა მ----–----------მა ამოიცნო მასზე თავდამსხმელი პირი - თ---------------ე, არ წარმოადგენს საეჭვო ფაქტს და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნიან შემთხვევის ერთიან სურათს.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ ჭ---–-----–-----ის პატაკში ასახული ოპერატიული ინფორმაცია დანაშაულის სავარაუდო ჩადენის შესახებ, არის მხოლოდ ვარაუდი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს, რომ აღნიშნული პატაკი ვერ გახდება თ---------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი ან გამამართლებელი მტკიცებულება, ვინაიდან იგი წარმოადგენს შეტყობინებას, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც შემდგომ გადამოწმებისა და შესაბამისი რეაგირების საფუძველი ხდება. რაც შეეხება გამომძიებელ ჭ---–-----–-----ის გამოკითხვის ოქმს, ის მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა შემთხვევის ადგილზე თ---------------ის ყოფნის ფაქტი და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი ეს გარემოება დაცვის მხარეს სადავოდ რომ გაეხადა, აღნიშნული ვერ გახდებოდა გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს თ---------------ის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე, რომელიც არ დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნით. აპელანტს მიაჩნია, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, თ---------------ეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, ანუ დაგვიანებით და ამასთან, ექსპერტის მიერ არასრულყოფილად მოხდა მისი დათვალიერება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე თავადაც იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება. საქმის მასალების მიხედვით არ დგინდება, დაცვის მხარის მიერ დამოუკიდებელი გამოკვლევის ან ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი, ისინი მხოლოდ მიუთითებენ დაგვიანებით ჩატარებულ ექსპერტიზაზე, რაც გამომძიებლის განმარტებით, არასამუშაო დღეებით იყო გამოწვეული. ამასთან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა თუნდაც მცირე საბაბს ვარაუდისთვის, რომ თ---------------ეს ჰქონდა დაზიანებები.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა თვლის, მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და მათში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებით, რომელთა შორის არ შეინიშნება რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას თ---------------ის მიერ დაზარალებულის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ თ---------------ის ქმედების თავდაპირველი კვალიფიკაციის დამადასტურებელ ერთადერთ არგუმენტად აპელანტს მოჰყავს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მ----–----------ს დახმარება გაეწია 2016 წლის 13 იანვარს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: შუბლის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა (სისხლმდინარე), ექსკორიაციები სახისა და კისრის არეში. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ჭრილობა ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ექსკორიაციები ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, სისხლმდენი ჭრილობა ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების შეუძლებლობის თაობაზე და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. დასახელებული ნორმის შინაარსი საფუძველს აცლის აღნიშნულ დასკვნას მტკიცებულებად გამოყენების თვალსაზრისით, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი ე-–------------ა. ამასთან, მოცემულ დასკვნაში ასახული გარემოებები, ნახეთქი ჭრილობის ზომებისა და ხარისხის თაობაზე, არ არის გამყარებული სხვა რომელიმე მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმე ნ-----–---------ის ჩვენებითაც, რომელმაც შეამოწმა დაზარალებული, დაუმუშავა ჭრილობები და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი ჭრილობა იყო შუბლის არეში, რომელიც დამატებით ჩარევას ან გაკერვას არ საჭიროებდა. შესაბამისად, თ---------------ის ქმედების ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებად დაკვალიფიცირებისათვის, ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები. ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში მოიპოვება და შეფასებულ იქნა სასამართლოს მიერ, ადასტურებენ თ---------------ის მიერ მ----–----------ის მიმართ განხორციელებული სხვაგვარი ძალადობის ფაქტს, რომელიც გამოიხატა ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში.
პალატა ეთანხმება რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ---------------ის ქმედებისათვის მიცემულ კვალიფიკაციას, ასევე სრულად იზიარებს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის შეფარდებას ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით. რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ---------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ---------------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------–---–ისა და მსჯავრდებულ თ---------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა----–-–---–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
თ---------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
თ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე