განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/2585-18 23 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
I აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – ა------ გ---------;
წარმომადგენელი - ბ---------–-------;
II აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – შპს „რ------------– საქართველო“;
წარმომადგენლები - მ-------------–--------–--------------;
დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება;
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ა------ გ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „რ------------– საქართველოს“ ა------ გ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა, მორალური ზიანის ანაზღაურება 6 300 (ექვსიათასსამასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (დარიცხული) ოდენობით. ა------ გ--------ის, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. 2012 წლის 28 სექტემბრიდან, მოსარჩელე ა------ გ--------- დასაქმებული იყო შპს „რ------------– საქართველოს“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორად, ბოლოს _ უფროს ოპერატორად და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 300 ლარს (ხელზე ასაღები), _ იხ. შრომითი ხელშეკრულებები, ტ. 1, ს.ფ. 14-15; 16-22; ცნობა, ტ. 1, ს.ფ. 270; თანამდებობრივი ინსტრუქცია, ტ. 2, ს.ფ. 274-276; მხარეთა ახსნა- განმარტება, სასამართლოს 10.07.2017 წლის სხდომის ოქმი, ტ. 2, ს.ფ. 166-183; 184-187; 188-191; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 1, ს.ფ. 193; ტ. 3, ს.ფ. 14-16; 17-19);
2.3. 2013 წლის 02 მაისს, მენეჯერმა დაავალა ყველა ოპერატორს (მათ შორის _ ა------ გ---------ს) ავტოგასამართი სადგურის დასუფთავება. ოპერატორებმა, პირველ რიგში, გაწმინდეს სადგურის გარე ფასადი (ბანერები და სხვ.). დასუფთავების დროს იყენებდნენ კიბეს, რომელზეც ადიოდა სხვადასხვა ოპერატორი, მათ შორის _ მოსარჩელეც. ავტოგასამართი სადგურის ჭერის გაწმენდის დროს, კიბეზე (დაახლოებით 7-საფეხურიანი) ავიდა მოსარჩელე (რომელიც არის მაღალი აღნაგობის). ასვლისას, ჩაილაპარაკა _ ავდივარო, თუმცა არავისთვის უთქვამს, კიბე დამიკავეთო. მანამდე, თვითონ მას ეკავა კიბე, რომელზეც თანამშრომელი იყო ასული. კიბე იყო გორგოლაჭებიანი. ამავე კიბეზე იყო ასული მოსარჩელე (და სხვა პირები), გარე ფასადის დასუფთავებისას. ამ შემთხვევაში, კიბე იდგა დაღმართ ადგილზე (სადაც გადიოდა სანიაღვრე წყლები), თან კიბეს არავინ იკავებდა. ჭერის გაწმენდის დროს, ა------ გ--------- გადმოვარდა კიბიდან და მიიღო მრავლობითი დაზიანება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი გადაიყვანა შპს „მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრში“. (იხ. პატრულ-ინსპექტორის შეტყობინება, ტ. 1, ს.ფ. 23, ოქმი, ტ. 1, ს.ფ. 24; მხარეთა ახსნა-განმარტება);
2.4. ა------ გ--------- გაცნობილი იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესებს. (იხ. თანამდებობრივი ინსტრუქცია; მხარეთა ახსნა-განმარტება);
2.5. დაზიანებების მიღების დროისათვის, მოსარჩელე, როგორც შპს „რ------------– საქართველოს“ თანამშრომლები, დაზღვეული იყო „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი სი აიში“. (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 107);
2.6. 2013 წლის 02 მაისს, შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში“ მიყვანილი მოსარჩელე გამოკვლეული იქნა კლინიკურად და რენტგენოლოგიურად, კონსულტირებული იყო ტრავმატოლოგის, ქირურგის, თორაკოქირურგის, ყბა-სახის ქირურგის, ნეიროქირურგის მიერ. ის მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. დაესვა დიაგნოზი: პოლიტრავმა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სახის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენა სხივის და იდაყვის ძვლის დისტალური ბოლოების ღია, დამსხვრეული მოტეხილობა, მარჯვენა იდაყვის ძვლის მორჩის მოტეხილობა. მიუხედავად იმისა, რომ რენტგენოლოგიური გამოკვლევით აღწერილი იყო მარცხენა ნავისებური ძვლის საეჭვო მოტეხილობა, პაციენტი ჩივილს ამ ნაწილში ტკივილზე არ წარმოადგენდა. თავიდან, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის იმობილიზაცია არ ჩატარებულა. მას ჩაუტარდა ოპერაციები: მარჯვენა იდაყვის მორჩის, მარჯვენა სხივის და იდაყვის ძვლების დისტალური ბოლოების და სახის ძვლების მეტალო-ოსტეოსინთეზი. 07.05.2013 წელს, მოსარჩელემ მიუთითა ტკივილზე მარცხენა სხივ-მაჯის სახსარში. ამავე დღეს, მოხდა მისი მარცხენა წინამხრის დაფიქსირება თაბაშირის ლონგეტით. 10.05.2013 წელს ჩატარებული, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის საკონტროლო რენტგენოლოგიური კვლევით, აღინიშნა ნავისებური ძვლის ფრაგმენტების მცირე ცდომა. შემდგომში, ნავისებული ძვალი შეხორცდა, თუმცა განვითარდა მარცხენა სხივ-მაჯის პოსტტრავმული ართროზი. მოსარჩელე უჩივის მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას და ტკივილს სახსარში. ამ სიმპტომების უფრო დაბალი ხარისხი შეიძლებოდა მიღწეულიყო, პოსტოპერაციულ პერიოდში აქტიური ხანგრძლივი სამკურნალო რეაბილიტაციით და ფიზიოთერაპიით, რაც მოსარჩელეს არ ჩაუტარებია. მოსარჩელე სტაციონარიდან გაეწერა 2013 წლის 15 მაისს, ბინაში მკურნალობით, მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით, თუმცა სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, მას მკურნალ ექიმთან კონსულტაციები არ ჩაუტარებია. (იხ. წერილი, ტ. 1, ს.ფ. 32-33; სტაციონარში ჩატარებული გამოკვლევები და მკურნალობის ამსახველი დოკუმენტაცია, ტ. 1, ს.ფ. 34-85; მხარეთა ახსნა-განმარტება);
2.7. 2013 წლის 16 მაისს, მოპასუხე შპს-მ გასცა საგარანტიო ფურცელი, რომლის თანახმადაც, შპს „რ------------– საქართველო“ გარანტად დაუდგა ა------ გ---------ს, მასზედ, რომ მისი მკურნალობისთვის დახარჯული თანხა _ 8766 ლარი ანაზღაურებული იქნებოდა მის მიერ იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით, სადაზღვევო კომპანიები „ალფა“ და „ალდაგი ბისიაი“ არ მოახდენდნენ კლინიკის მიერ გაწეული მომსახურების მითითებული თანხის ოდენობის საფასურის დაფარვას. (იხ. საგარანტიო ფურცელი, ტ. 1, ს.ფ. 105; მხარეთა ახსნა-განმარტება);
2.8. სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, (30.12.2014-
13.01.2015წწ.) მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1. დადგინდა დიაგნოზი: მარჯვენა იდაყვის ძვლის მორჩის შეხორცებული მოტეხილობა, იდაყვის სახსრის კონტრაქტურა, მარჯვენა იდაყვისა და სხივის ძვლების ქვემო მესამედის შეხორცებული მოტეხილობები, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის კონტრაქტურა. მარცხენა მაჯის ძვლების ხანდაზმული ამოვარდნილობა ანკილოზით. მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის ართროზი ტკივილის სინდრომით IV ხარისხი. მარცხენა თვალბუდის ძვლის შეხორცებული მოტეხილობა, ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა. მარჯვენა ყვრიმალის ძვლის შეხორცებული მოტეხილობა შურუპის მიგრაციით, ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა ნაწილობრივი ადენტია. 2. ექსპერტთა დასკვნით, მკურნალობის საწყის ეტაპზე, ა------ გ---------ს ესაჭიროება ოპერაცია _ მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის ართროზი (სახსრის ჩაკეტვა) ან ენდოპროთეზირება, ფირფიტის ამოღება მარჯვენა ყვრიმალის ძვლიდან და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მარჯვენა ზემო კიდურის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით. მიღწეული შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა დაჭირდეს მარჯვენა ზემო კიდურის რეაბილიტაციის განმეორებითი კურსები. სტომატოლოგიური მიმართულებით ესაჭიროება კბილების მეტალოკერამიკის გვირგვინი _ 16 ერთეული. 14, 16, 25, 33, 37 კბილების დეპულპაცია გვირგვინის ქვეშ. 24, 36 კბილების ექსტრაქცია; 3. სადღეისოდ, საქართველოში სხივ-მაჯის სახსრის ენდოპროთეზირება არ ტარდება; 4. ენდოპროთეზირების შედეგად სახსრის ფუნქცია სრულად აღდგება, ხოლო ართდროდეზის შემდგომ _ სახსარი ჩაკეტილია ფუნქციურად ხელსაყრელ პოზიციაში, ტკივილის სინდრომი იხსნება, მაგრამ სახსრის მოძრაობის ამპლიტუდა მოსპობილია. რაც შეეხება სხივ-მაჯის სახსარს, მისი ენდოპროთეზირება ჯერ-ჯერობით ვერ იძლევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამაკმაყოფილებელ შედეგს; 5. ა------ გ--------ის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სათანადო მკურნალობის შემთხვევაშიც კი, მას 2013 წლის 02 მაისის საწარმოო ტრავმით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანის და შრომის უნარის სრული აღდგენის პერსპექტივა არ აქვს. (იხ. ექსპერტის დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 118-124; მოსარჩელის ახსნა- განმარტება);
2.9. ტრავმის მიღებიდან _ 2013 წლის 02 მაისიდან სასამართლოში მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვის მთელ პერიოდში (2017 წლის ჩათვლით), ა------ გ---------, მიუხედავად იმისა, რომ ის ფაქტიურად არ ასრულებდა თავის შრომით მოვალეობებს, ითვლებოდა მოპასუხის თანამშრომლად და უწყვეტად, სრულად იღებდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხელფასს _ 300 ლარს (ხელზე ასაღები); სასამართლოში, მხარეთა მორიგებისკენ მიმართული მუშაობის პროცესში, მოპასუხემ ა------ გ---------, 2016 წლის მაისის თვიდან _ 2017 წლის მაისამდე დააზღვია სადაზღვევო კომპანია „არდიში“, გამორჩეული პირობებით, სადაზღვევო პროგრამა „გოლდით“; 2017 წლის მაისის თვიდან ის დაზღვეული იყო „სადაზღვევო კომპანია იმედი ლ“-ში, ასევე გამორჩეული პირობებით. (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; დაზღვევის ბარათი და სადაზღვევო პირობები, ტ. 1. ს.ფ. 213-263, ტ. 2, ს.ფ. 148; შეთანხმება სს „არდსა“ და შპს „რ------------– საქართველოს“ შორის ა------ გ--------ის დაზღვევასთან მიმართებაში, ტ. 1, ს.ფ. 267);
2.10. სს „არდი დაზღვევამ“ ა------ გ---------ს დაუფინანსა არა მხოლოდ მოპასუხესა და „არდს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრული ხარჯი, არამედ ის სამედიცინო მომსახურებაც, რაც ხსენებული ხელშეკრულებითა და დამატებითი შეთანხმებით არ იყო გათვალისწინებული, ჯამური ღირებულებით - 1405,09 ლარი. სადაზღვევო კომპანიამ გამოთქვა მზაობა, დაეფინანსებინა ცხვირის ძგიდის რეზექცია, ნიჟარების დეზენტეგრაცია, თუმცა დაზღვეულმა ა------ გ---------მ საკუთარი ნებით უარი განაცხადა ქირურგიულ მკურნალობაზ.ე (იხ. „არდის“ წერილი, ტ. 1, ს.ფ. 31, „არდის“ მიერ ა. გ--------ის რეაბილიტაციული სამედიცინო მომსახურებისთვის გაცემული საგარანტიოები, ტ. 1, ს.ფ. 32-34; ტ. 2, ს.ფ. 57-59; 70-76; 79-96; მოპასუხის ახსნა-განმარტება);
2.11. 2017 წლის 30 ნოემბერს, მოსარჩელე და მოპასუხე, მკურნალობის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში მორიგდნენ. მორიგების აქტში მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2016 წლის 4 მაისიდან 2017 წლის 4 მაისამდე პერიოდში, სს „არდის“ მიერ, მოსარჩელის მკურნალობისთვის ანაზღაურებული თანხაა _ 8211,63 ლარი; მოპასუხეს 2013 წლის 02 მაისიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე ხელფასის და ბონუსის სახით გადახდილი აქვს 16329,35 ლარი, დაზღვევაში გადახდილი აქვს 1129 ლარი. კომპანიის მიერ გადახდილი თანხების ჯამი გამოაკლდა მოსარჩელის მიერ სარჩელით მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად მოთხოვილ თანხას და სხვაობის _ 45436,02 ლარის (ხელზე ასაღები) მოსარჩელისთვის გადახდა, მორიგების აქტით ივალდებულა მოპასუხემ. მხარეთა მორიგების საფუძველზე, სასამართლო განჩინებით, შესაბამის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. (იხ. საოქმო განჩინება, ტ. 2, ს.ფ. 224-231; მხარეთა ახსნა-განმარტება);
2.12. დადგინდა, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაშიც არის როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის, დაზარალებულის ბრალი: მართალია, მოპასუხე შპს-ს დასაქმებულისთვის გაცნობილი ჰქონდა უსაფრთხოების წესები, მაგრამ ცხადია, რომ როგორც მოსარჩელე დასაქმებულის, ისე იქ მყოფი სხვა დასაქმებულების მხრიდან მოხდა ამ წესების უგულვებელყოფა, თითოეული მათგანი დაუდევრად მოეკიდა აღნიშნული წესების დაცვას, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობისას _ სადგურის დასუფთავებისას, უგულისყუროდ მოქმედებდნენ, ყურადღებით არ ეკიდებოდნენ ერთმანეთის უსაფრთხოების დაცვას, რაც გამოიხატა თუნდაც კიბეზე ასული თანამშრომლისათვის (მოსარჩელისთვის) დაუხმარებლობაში კიბის დაკავებით. ასევე, უცნობია, გარდა გორგოლაჭებიანი კიბისა, დასაქმებულებს შეეძლოთ თუ არა რომელიმე სხვა (მყარი საყრდენით) კიბის გამოყენება. თავად დაზარალებულმა დაარღვია, როგორც შპს-ში არსებული უსაფრთხოების წესები, ისე ყოფითი უსაფრთხოების წესები _ დაქანებულ, დაღმართ ადგილზე, გორგოლაჭებიან კიბეზე ასვლით, ამასთან, საკუთარი სიმაღლის და შესაბამისი სხეულის წონის გაუთვალისწინებლობით, თანამშრომლისთვის კიბის დაკავების ართხოვნით, მან საფრთხე შეუქმნა საკუთარ თავს. დადგინდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. (იხ. მხარეთა ახსნა- განმარტება);
2.13. საწარმოო ტრავმის შედეგად მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. აღნიშნულმა ზიანმა გამოიწვია ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი ფიზიკური ტკივილი, სულიერი განცდა, ასევე წუხილი იმის გამო, რომ სრულყოფილი მკურნალობის ჩატარების შემთხვევაშიც, მისი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა შეუძლებელია, შესაბამისად, საწარმოო ტრავმით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, რომლის გონივრული მატერიალური ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს ზიანის მიყენებაში მის, დაზარალებულის ბრალსაც. (იხ. ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს შპს ”რ------------– საქართველოს” მიერ დელიქტური ვალდებულების შესრულებას.
პირს (მოცემულ შემთხვევაში _ შპს ”რ------------– საქართველოს”) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ: 1. არსებობს ზიანი; 2. ზიანი მიყენებულია მოცემული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; 3. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოცემულ პირს, როგორც ზიანის მიმყენებელს. დადგენილია ოთხივე პირობა: დადგენილია ზიანი (ჯანმრთელობის დაზიანება), მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ა------ გ--------ისათვის მიყენებულ ზიანს შორის, მოპასუხის ბრალი.
შესაბამისად, არსებობს მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელი ყველა პირობა.
ამასთან, სსკ-ის 415-ე მუხლში მოცემულია დაზარალებულის ბრალის მნიშვნელობა ზიანის დადგომაში. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა დაზარალებულის ბრალი, თუმცა მისი წილი ზიანის დადგომაში ნაკლებია მოპასუხის წილზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლისა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.
ზიანის მიყენებისას არსებობს ბრალეულობის პრეზუმფცია _ ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ბრალის არსებობა გულისხმობს მართლწინააღმდეგობის არსებობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის ზემოაღნიშნული წესით გადანაწილების შედეგად დაადასტურა ზიანის ფაქტი და ასევე, მოპასუხის ქმედებით განპირობებული ზიანი, შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ქმედება იყო მართლზომიერი და არაბრალეული _ ეკისრება სწორედ მოპასუხე კომპანიას.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, ზიანის მიმყენებელმა ზიანი სრულად უნდა აანაზღაუროს: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, დაზარალებულს მიეცემა ფულადი ანაზღაურება (სსკ-ის 409-ე მუხლი).
მოხმობილი ნორმატიული აქტის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებისას, დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
მოსარჩელეს, მიყენებული ტრავმის (ტრავმების) შედეგად დაუზიანდა სხეული, ვნება მიადგა მის ჯანმრთელობას, მნიშვნელოვნად შეეზღუდა შრომის უნარი, შესაბამისად, ხელფასი და საკუთარი თავის და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შრომის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი მიზანია თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. შრომის უსაფრთხო გარემოს არარსებობისას ივარაუდება, რომ შესაძლებელია ზიანი მიადგეს თანამშრომლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. როცა დგება ასეთი ზიანი, ის ანაზღაურებას ექვემდებარება. შესაბამისად, მოპასუხე კომპანიის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება მოსაჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანი (მოსარჩელის _ დაზარალებულის ბრალის გათვალისწინებით).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ა------ გ--------ის სააპელაციო სჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში. თუკი სასამართლო სრულად გამოიკვლევდა მომხდართან დაკავშირებულ ყველა გარემოებას, ის მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში არათუ ნაკლებია, არამედ საერთოდ არ არის.
საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისთვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად. ამ ნორმიდან გამომდინარე სწორედ დამსაქმებელია ვალდებული უზრუნველყოს დასაქმებული ისეთი აღჭურვილობით, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს დასაქმებულის დაშავებას სამუშაოს შესრულებისას.
მოცემულ შემთხვევაში, სწორედ დამსაქმებელმა გამოაყენებინა მის თანამშრომლებს გორგოლაჭებიანი კიბე მაშინ, როდესაც იცოდა (ვალდებული იყო სცოდნოდა), რომ ადგილი, სადაც ეს კიბე უნდა გამოყენებულიყო იყო დაღმართი, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევდა ამ კიბის მოცურებას და მასზე ასული პირის დაშავებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულს არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში, ერთადერთი რაც მას შეეძლო დაშავება თავიდან აეცილებინა იყო მისი არ დამორჩილება - სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმით, რაც აუცილებლად გამოიწვევდა მის სამსახურიდან გათავისუფლებას.
3.1.2. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 415-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე განიცდის უძლიერეს ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას, რაც გამოიხატება ფიზიკურ გაუსაძლის ტკივილებში და ამ ტკივილებით გამოწვეულ ქრონიკულ უძილობაში, ნერვულ მოშლილობაში, სტრესში. აღნიშნული მორალური ტანჯვა ძლიერდება იმ განცდებით, რომ ის ვეღარასოდეს შეძლებს მისი ჯანმრთელობის და შრომისუნარიანობის სრულად აღდგენას ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების შემთხვევაშიც კი. მისი ასეთი მდგომარეობა (ტანჯვა) გრძელდება 2013 წლის მაისიდან დღემდე და ექსპერტიზის თანახმად გაგრძელდება მისი ცხოვრების მანძილზე. 18.07.2018 წლიდან მას მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების პირის სტატუსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი კომპენსაცია 46000 აშშ დოლარის ოდენობით არის გონივრული და სამართლიანი.
6300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის ასეთი ძლიერი სულიერი ტკივილის შემსუბუქებას და უარყოფითი ემოციების გაქარწყლებას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც როგორც ზემოთ აღინიშნა ის ვერასოდეს შეძლებს იყოს ისეთი, როგორიც იყო საწარმო ტრავმის მიღებამდე და ვერასოდეს შეძლებს შეასრულოს ისეთი სამუშაოები, როგორიც მას შეეძლო შეესრულებინა შემთხვევის დადგომამდე.
3.2. შპს „რ------------– საქართველოს“ სააპელაციო სჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. გადაწყვეტილებაში არასწორად მიეთითა, რომ აპელანტის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის დადგინდა მიზეზობრივი კავშირი, რაც წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი საფუძველია აპელანტისთვის. მიზეზობრივი კავშირი დგინდება მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. მიუხედავად აღნიშნულისა, ეს გარემოება წარმოადგენს აპელანტის ქმედების მართლსაწინააღმდეგოდ შერაცხვის საფუძველს. აღსანიშნავია ისიც, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა და მათი უზრუნველყოფა დასაქმებულის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა. შესაბამისად, მას თავიდან უნდა აეცილებინა დამდგარი შედეგი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო დასაქმებულისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული გარემოებები არ ადასტურებს, რომ აპელანტს არ ჰქონდა უზრუნველყოფილი უსაფრთხო გარემო.
3.2.2. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას ქმედების მართლწინააღმდეგიბის შესახებ და მიუთითებს, რომ მართლსაწინაარმდეგო ქმედების განმარტება თავის თავში მოიცავს კანონის დარღვევას, როგორც მოქმედებით ასევე უმოქმედობითაც. სახეზე არ გვაქვს აპელანტის არც მართსაწინააღმდეგო ქმედება და არც უმოქმედობა, რომლითაც შეეძლო თავიდან აერიდებინა დამდგარი შედეგი. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და აპელანტს შორის მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარ შემთხვევაზე გადის. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც აპელანტის ქმედებას თუ უმოქმედობას შეაფასებს მართლსაწინააღმდეგოდ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლში მოცემულია დაზარალებულის ბრალის მნიშვნელობა ზიანის დადგომაში, კერძოდ, განმარტებულია, რომ თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის გამოწვეული ზიანი.
3.2.3. აპელანტის მითითებით, მას შესრულებული ჰქონდა ყველა საჭირო ქმედება, ამასთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს ევალებოდა სცოდნოდა და დაეცვა კანონმდებლობით და რ------------–ის პოლიტიკით დადგენილი წესები, შრომის, ჯანმრთელობის და სახანძრო უსაფრთხოების, აგრეთვე გარემოს დაცვისა და ხარისხის მართვის შესახებ, რომელსაც ეცნობა ყველა დასაქმებული და რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს. აღნიშნული წარმოადგენს გონივრულ ფარგლებში დასაქმებულთა უსაფრთხო გარემოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას. არასწორად არის შესაბამისობაში მოყვანილი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის განმარტება და მის საფუძველზე დამდგარ შედეგსა და აპელანტის ქმედებას შორის დადგნილი მიზეზობრივი კავშირი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არანაირი მართლსაწინაღმდეგო არც ქმედება და არც უმოქმედობას არ ჰქონია ადგილი აპელანტის მხრიდან. აქედან გამომდინარე, დამდგარი შედეგისთვის პასუხისმგებლობის შერაცხვა აპელანტისთვის ყოვლად მიუღებელია და გაუმართლებელია. აქედან გამომდინარე არ არსებობს აპელანტისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელი პირობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს, წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის, სადავო საკითხების თაობაზე მხარეთა მოსაზრებების გაცნობის და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად მიაჩნია, რომ ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე;
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ ა------ გ---------მ, რომელიც 2012 წლის 28 სექტემბრიდან დასაქმებული იყო შპს „რ------------– საქართველოში“ უფროს ოპერატორად (იხ. შრომითი ხელშეკრულებები, საქმის მასალები), ავტოგასამართი სადგურზე 2013 წლის 02 მაისს მომხდარი შემთხვევის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანებები, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
კერძოდ, მოსარჩელე მოთავსდა შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის“ რეანიმაციულ განყოფილებაში და დაესვა შემდეგი დიაგნოზი: პოლიტრავმა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სახის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენა სხივის და იდაყვის ძვლის დისტალური ბოლოების ღია, დამსხვრეული მოტეხილობა, მარჯვენა იდაყვის ძვლის მორჩის მოტეხილობა. მიუხედავად იმისა, რომ რენტგენოლოგიური გამოკვლევით აღწერილი იყო მარცხენა ნავისებური ძვლის საეჭვო მოტეხილობა, პაციენტი ჩივილს ამ ნაწილში ტკივილზე არ წარმოადგენდა. თავიდან, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის იმობილიზაცია არ ჩატარებულა. მას ჩაუტარდა ოპერაციები: მარჯვენა იდაყვის მორჩის, მარჯვენა სხივის და იდაყვის ძვლების დისტალური ბოლოების და სახის ძვლების მეტალო-ოსტეოსინთეზი.
მხარეთა ახსნა-გნმარტებისა და საქმის მასალებში წარმოდგენილიო სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე ასევე დადგინდა, რომ 07.05.2013 წელს, მოსარჩელემ მიუთითა ტკივილზე მარცხენა სხივ-მაჯის სახსარში. ამავე დღეს, მოხდა მისი მარცხენა წინამხრის დაფიქსირება თაბაშირის ლონგეტით. 10.05.2013 წელს ჩატარებული, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის საკონტროლო რენტგენოლოგიური კვლევით, აღინიშნა ნავისებური ძვლის ფრაგმენტების მცირე ცდომა. შემდგომში, ნავისებული ძვალი შეხორცდა, თუმცა განვითარდა მარცხენა სხივ-მაჯის პოსტტრავმული ართროზი. მოსარჩელე უჩივის მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას და ტკივილს სახსარში. ამ სიმპტომების უფრო დაბალი ხარისხი შეიძლებოდა მიღწეულიყო, პოსტოპერაციულ პერიოდში აქტიური ხანგრძლივი სამკურნალო რეაბილიტაციით და ფიზიოთერაპიით, რაც მოსარჩელეს არ ჩაუტარებია. მოსარჩელე სტაციონარიდან გაეწერა 2013 წლის 15 მაისს, ბინაში მკურნალობით, მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით, თუმცა სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, მას მკურნალ ექიმთან კონსულტაციები არ ჩაუტარებია (იხ. საქმის მასალებიტ.1, ს.ფ. 32-33; 34-85);
4.2. 30.12.2014-13.01.2015წწ. შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგინდა დიაგნოზი: 1. მარჯვენა იდაყვის ძვლის მორჩის შეხორცებული მოტეხილობა, იდაყვის სახსრის კონტრაქტურა, მარჯვენა იდაყვისა და სხივის ძვლების ქვემო მესამედის შეხორცებული მოტეხილობები, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის კონტრაქტურა. მარცხენა მაჯის ძვლების ხანდაზმული ამოვარდნილობა ანკილოზით. მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის ართროზი ტკივილის სინდრომით IV ხარისხი. მარცხენა თვალბუდის ძვლის შეხორცებული მოტეხილობა, ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა. მარჯვენა ყვრიმალის ძვლის შეხორცებული მოტეხილობა შურუპის მიგრაციით, ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა ნაწილობრივი ადენტია. 2. ექსპერტთა დასკვნით, მკურნალობის საწყის ეტაპზე, ა------ გ---------ს ესაჭიროება ოპერაცია _ მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის ართროზი (სახსრის ჩაკეტვა) ან ენდოპროთეზირება, ფირფიტის ამოღება მარჯვენა ყვრიმალის ძვლიდან და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მარჯვენა ზემო კიდურის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით. მიღწეული შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა დაჭირდეს მარჯვენა ზემო კიდურის რეაბილიტაციის განმეორებითი კურსები. სტომატოლოგიური მიმართულებით ესაჭიროება კბილების მეტალოკერამიკის გვირგვინი _ 16 ერთეული. 14, 16, 25, 33, 37 კბილების დეპულპაცია გვირგვინის ქვეშ. 24, 36 კბილების ექსტრაქცია; 3. სადღეისოდ, საქართველოში სხივ-მაჯის სახსრის ენდოპროთეზირება არ ტარდება; 4. ენდოპროთეზირების შედეგად სახსრის ფუნქცია სრულად აღდგება, ხოლო ართდროდეზის შემდგომ _ სახსარი ჩაკეტილია ფუნქციურად ხელსაყრელ პოზიციაში, ტკივილის სინდრომი იხსნება, მაგრამ სახსრის მოძრაობის ამპლიტუდა მოსპობილია. რაც შეეხება სხივ-მაჯის სახსარს, მისი ენდოპროთეზირება ჯერ-ჯერობით ვერ იძლევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამაკმაყოფილებელ შედეგს; 5. ა------ გ--------ის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სათანადო მკურნალობის შემთხვევაშიც კი, მას 2013 წლის 02 მაისის საწარმოო ტრავმით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანის და შრომის უნარის სრული აღდგენის პერსპექტივა არ აქვს (იხ. ექსპერტის დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 118-124; მოსარჩელის ახსნა- განმარტება).
4.3. დადგენილია და სადავოდ არ ხდება ის გარემოებები, რომ 2013 წლის 02 მაისიდან 2017 წლის ჩათვლით, ა------ გ--------- უწყვეტად, სრულად იღებდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხელფასს. მოპასუხეს ა------ გ---------, 2016 წლის მაისის თვიდან, 2017 წლის მაისამდე ჰყავდა დაზღვეული. ასევე, დაზიანებების მიღების დროისათვის, მოსარჩელე, როგორც შპს „რ------------– საქართველოს“ თანამშრომელი, დაზღვეული იყო „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი სი აიში“
4.4. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის ა------ გ--------ის არგუმენტებს ზიანის დადგომაში დაზარალებულის ბრალის არ არსებობის შესახებ, თუმცა პალატა ასევე არ იზიარებს შპს „რ------------– საქართველოს“ საააპელაციო საჩივარს, დამდგარ ზიანში მოპასუხის ბრალის გამომრიცხავი გარემოებების არსებობის თაობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ავტოგასამართი სადგურზე 2013 წლის 02 მაისს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც მოპასუხემ მიიღო სხეულის დაზიანებები. კერძოდ, ყველა ოპერატორმა და მათ შორის ა------ გ---------მ მენეჯერისგან მიიღო დავალება ავტოგასამართი სადგურის დასუფთავების შესახებ. დადგენილია, რომ დასუფთავების დროს იყენებდნენ კიბეს. ავტოგასამართი სადგურის ჭერის გაწმენდის დროს, დაახლოებით 7-საფეხურიან კიბეზე ავიდა მოსარჩელეც (რომელიც არის მაღალი აღნაგობის) და ასვლისას, ჩაილაპარაკა - „ავდივარო“, თუმცა არავისთვის უთქვამს - „კიბე დამიკავეთო“ და არავინ გამოხმაურებია. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კიბე იყო გორგოლაჭებიანი და კონკრეტული დავალების შესრულებისას იდგა დაღმართ ადგილზე (სადაც გადიოდა სანიაღვრე წყლები), რომელსაც არავინ იკავებდა. დადგენილია, რომ კიბეზე ასული ა------ გ--------- ჭერის გაწმენდისას გადმოვარდა კიბიდან და მიიღო მრავლობითი დაზიანება.
პალატის შეფასებით, თავად ფაქტის აღწერილობა იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუდევრობას, ვინაიდან 7 საფეხურიან კიბეზე, რომელიც იყო გორგოლაჭებიანი და ამავდროულად კონკრეტული სამუშაოს შესრულებისას იდგა დაღმართზე, ობიექტურად მოსალოდნელი იყო, რომ მასზე მდგომ ადამიანს შეუქმნიდა საფრთხეს. მოსარჩელეს ობიექტურად უნდა ევარაუდა, რომ დაღმართზე გორგოლაჭებიანი კიბის, დაკავების გარეშე, მასზე ასვლა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქადდა. ა------ გ--------ის ვარაუდი, რომ დამდგარ შედეგს თავიდან აიცილებდა მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო ასევე დაზარალებულის მოქმედებამაც, ამდენად, არსებობს დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული (შერეული ბრალი). პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის ბრალის არსებობა ზიანის დადგომაში არ გამორიცხავს შპს „რ------------– საქართველოსათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის დაკისრების შესაძლებლობას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შერეული ბრალის არსებობამ, სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, შეიძლება გავლენა მოახდინოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოცულობაზე და არა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე.
4.5. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის დაკისრების მატერიალურ საფუძველს ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლი (დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების მარეგულირებელი ნორმა), რომელიც იმავდროულად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს და შედგება შემდეგი კომპონენტების ერთობლიობისაგან: ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. იმისათვის, რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა, კერძოდ, ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი, ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება, ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს)(იხ. სუსგ ას-855-819-2014; 24 ივნისი 2016წელი)).
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ა------ გ--------- გაცნობილი იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესებს და ვალდებული იყო იგი დაეცვა, პალატის შეფასებით, დამსაქმებელი კომპანიის ქმედება (უმოქმედობა) ატარებდა მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, რაც გულისხმობდა და მოიაზრებდა დადგენილი უსაფრთხოების ზოგადი წესებისა თუ, წინდახედულობის ნორმების უგულვებელყოფას. მართალია, მოსარჩელე სადავო ფაქტის დადგომისას ასრულებდა მენეჯერის დავალებას ავტოგასამართი სადგურის დასუფთავების შესახებ, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა ავტოგასამართი სადგურის ოპერატორისთვის ჩვეულებრივ საქმიანობას და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში კომპანიას მართებდა მეტი წინდახედულობა გამოეჩინა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა, მოცემულ შემთხვევაში გორგოლაჭებიანი კიბე შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი მხრიდან დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები შემთხვევის დადგომის დროს.
საბოლოოდ, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ყველა აუცილებელი პირობა შპს „რ------------– საქართველოსათვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4.6. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანი შეიძლება მდგომარეობდეს ფიზიკურ ტკივილში, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის ან სხვაგვარი ვნების მიყენებასთან. ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა), აგრეთვე, სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც ადასტურებენ დაზარალებულის მიერ გადატანილ ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვას. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრებოდა აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით.
პალატა განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული. სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რაოდენ დიდი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა მიაყენა რაიმე ქმედებამ დაზარალებულს.
სააპელაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხეულის მნიშვნელოვანი და მრავალგვარი დაზიანებები, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა------ გ--------ის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იძლევა იმ შეფასების საფუძველს, რომ სათანადო მკურნალობის შემთხვევაშიც კი, მას 2013 წლის 02 მაისის საწარმოო ტრავმით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანის და შრომის უნარის სრული აღდგენის პერსპექტივა არ აქვს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განცდილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის საკომპენსაციოდ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის დაკისრება იქნება გონივრული და სამართლიანი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული აქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით (10 000 აშშ დოლარის 7%).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა------ გ--------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 9 იანვრის გადაწყვეტილება მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
3. შპს „რ------------– საქართველოს“ ა------ გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით;
4. შპს „რ------------– საქართველოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „რ------------– საქართველოს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია