განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
330100119002807024
ინსტანცია
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002807024

საქმე № 1ბ/656-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

11 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ------- ხ----ე

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

თ------– გ-------ი, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებულის საგარეჯო, ს------–---------------------------------–------–---------------------–----------------------------------------------------------

ადვოკატი: ს------- ჯ--------ე

თარჯიმანი: ა---- ს---–--------ი

ბრალდების და პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 23 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა - სიღნარის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------– გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი

ბრალდებულმა თ------– გ-------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა, ჯგუფურად.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს მოქალაქეები ა---- კ----------ი და თ------– გ-------ი, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში, 2018 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე შეეცადნენ ჯგუფურად, უკანონოდ გადაეკვეთათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ს------–--------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და გადასულიყვნენ აზერბაიჯანში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

2. პალატამ დაადგინა

საქართველოს მოქალაქე ა---- კ----------მა, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში განიზრახა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფი საზღვარი და გადასულიყო აზერბაიჯანში. აღნიშნულში დახმარება სთხოვა თ------– გ-------ს, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. კერძოდ ასწავლა გზა და მიიყვანა მდინარე ალაზანთან ახლოს, სახელმწიფო საზღვართან დაახლოებით 55 მეტრში, საიდანაც მდინარე ალაზნის გადალახვით, შეძლებდა საზღვრის უკანონო გადაკვეთას. ამ დროს, კერძოდ 2018 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ს------–--------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან მიახლობისას ორივე მათგანი დააკავეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა.

3. მხარეთა პოზიცია

3.1. მსჯავრდებულმა თ------– გ-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ------------–-----ემ სააპელაციო საჩივრებით მომართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ხოლო ადვოკატმა მსჯავრდებულის გამართლება.

3.2. სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა. ადვოკატმა ს------- ჯ--------ემ განმარტა, რომ მსჯავრდებულ თ------– გ-------ს არასდროს არ ჰქონია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის განზრახვა და შესაბამისად მცდელობაც. ის ეხმარებოდა ა---- კ----------ს, რის შესახებაც გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცეს როგორც გ-------მა, ისე კ----------მა. მათი განზრახვა მოიცავდა ერთი პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთას და აქედან გამომდინარე, თ------– გ-------ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დახმარებად და დაინიშნოს ლმობიერი სასჯელი გირაოს სახით. მსჯავრდებული თ------– გ-------ი მთლიანად დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველის მოთხოვნას.

3.3. პროკურორი არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება. მან განმარტა, რომ ორივე პირს წარდგენილი ჰქონდა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვისას ორივემ თავი დამნაშავედ სცნო ხსენებულ ბრალდებაში, რაც შეეხება დამცველის მიერ დასახელებულ, თ------– გ-------ის და ა---- კ----------ის მიერ მიცემულ ჩვენებებს, ეს იყო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მაგრამ ბრალდებამ მოხსნა წინასასამართლო სხდომის ეტპაზე. შესაბამისად, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ გ-------ი იყო დამხმარე და უშუალოდ თვითონ არ აპირებდა საზღვრის გადაკვეთას.

4. მტკიცებულებათა ერთობლიობა

4.1. ბრალდებულ თ------– გ-------ის მხარეს, ბრალის დადგენილებაში მითითებული მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. მათ შორის, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წარედგინა და წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი იქნა: ბ--------------------------------------------------------–------------–---–------–------------------------ გამოკითხვის ოქმებთ; დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შსს საინფორმაციო გვერდის დათვალიერების ოქმები; სიღნარის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენი, საზღვრის კვეთის მონაცემები, ნივთიერი მტკიცებულებები.

4.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

4.3. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად, დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

4.4. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

4.5. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.

4.6. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

4.7. პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი განმარტებულია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.8. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც განმრტავს იგივეს, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ მეტად უმნიშვნელო თეორიულ შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობის მტკიცებისათვის.

4.9. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებების შინაარსი. ისინი დავობენ მხოლოდ ვერსიებზე. ბრალდება ადასტურებს, რომ ა---- კ----------თან ერთად თ------– გ-------იც უნდა გადასულიყო საზღვარზე, ხოლო დაცვის მხარის ვერსიით ეს უკანასკნელი, მხოლოდ ეხმარებოდა კ----------ს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ფარგლებში.

4.10. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შემდეგს: მესაზღვრეებმა თ------– გ-------ი და ა---- კ----------ი დააკავეს იმ დროს, როდესაც ისინი მიდიოდნენ სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით და მიუახლოვდნენ მას დაახლოებით 55 მეტრში. ამ დროს მათ თან ჰქონდათ ერთი ცალი საბურავის კამერა და ერთი ჩანთა. პირადი ჩხრეკის ოქმების თანახმად თ------– გ-------ს არანაირი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა, ხოლო ა---- კ----------ს თან ჰქონდა პასპორტი და სხვა არაერთი დოკუმენტი.

4.11. ამ ფონზე პალატა ვალდებულია გაარკვიოს კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ შეამოწმოს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისას გაჟღერებული ვერსია. როგორც აღინიშნა, ბრალდებამ წინასასამართლო სხდომის ეტაპიდან მოხსნა თ------– გ-------ის და ა---- კ----------ის გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები. მას შემდეგ კი ეს პირები არცერთ ეტაპზე არ დაკითხულან, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნიშნავს, რომ მათი ჩვენებები არ არსებობს. თ------– გ-------ის და ა---- კ----------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაკეთებული განმარტება, რომ აღიარებდნენ ბრალდების დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს, არ ნიშნავს მათ დაკითხვას და მათგან ჩვენების მიღებას. მით უმეტეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ადასტურებენ უშუალოდ გ-------ის განზრახვას კ----------თან ერთად გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

4.12. რაც შეეხება არსებულ ბრალდების მტკიცებულებებს, არცერთი მათგანი არ გამოდგება იმის დასადგენად, მოიცავდა თუ არა გ-------ის განზრახვა საზღვრის კვეთას. ერთის მხრივ გ-------ის ის ქმედება, რა ვითარებაშიც ის აღმოაჩინეს და დააკავეს, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მასაც სურდა საზღვრის კვეთა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, რამდენადაც შესაძლო და გონივრულია საპირისპიროს ვარაუდიც. კერძოდ, ბრალდების მტკიცებულებების თანახმად აღმოჩენილია ერთი საბურავის კამერა, რაც მდინარის გადასალახად მხოლოდ ერთ პირს გამოადგებოდა და თუ მეორეც აპირებდა გადასვლას, ლოგიკურად მასაც თავისი კამერა უნდა ჰქონოდა. გ-------ს პირადი ჩხრეკისას არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი, რაც აზერბაიჯანში გადასვლის შემდეგ ლოგიკურად დასჭირდებოდა და ამაზე უნდა ეზრუნა კიდეც, მაშინ, როდესაც ყველა ასეთი დოკუმენტი თან ჰქონდა კ----------ს.

4.13. როგორც აღინიშნა, პირის მსჯავრდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას. განსახილველ შემთხვევაშიც, სწორედ ბრალდება იყო ვალდებული წარმოედგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ------– გ-------ის განზრახვას, პირთა ჯგუფთან ერთად გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ამ სტანდარტთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, N 1\1\548, პარაგრაფი II. 44-45) აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა კი სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს.

4.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა უშუალოდ თ------– გ-------ის მიერ საზღვრის კვეთის განზრახვას. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად პალატა იზიარებს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისას მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ------– გ-------ი ეხმარებოდა ა---- კ----------ს და მათი განზრახვა მოიცავდა ერთი პირის - ა---- კ----------ის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთას.

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. დანაშაულის ობიექტია ჩვენს ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვარის გადაკვეთაში ნებისმიერი ხერხით, მათ შორის ეს შეიძლება იყოს: საზღვრის უკანონო გადაჭრა ფეხით, ცურვით, სატრანსპორტო საშუალებით, შესაძლოა საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით ყალბი დოკუმენტის გამოყენებით და სხვა. სუბიექტული მხარე გულისხმობს განზრახვას. დანაშაული დამთვარებულია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან. იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის გადაკვეთა ვერ მოხერხდა დამნაშავისაგან დამოუკიდებელი მიზეზეის გამო, მაგალითად ის დაკავებული იქნა საკონტროლო ხაზზე, დაკვალიფიცირდება როგორც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობა.

5.2. სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ჯგუფურად, ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ეს მაკვალიფიცირებელი გარემოებები გათვალისწინებულია ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით. განსახილველ შემთხვევაში, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს მხოლოდ ჯგუფურობის რაობას. კერძოდ, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილში საუბარია ზოგადად ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, იგულისხმება, რომ პასუხისმგებლობას აძიმებს ამავე კოდექსის 27-ე მუხლით განსაზღვრული ყველანაირი ჯგუფის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა. თავის მხრივ, ჯგუფი გულისხმობს მინიმუმ ორი პირის არსებობას და ცალსახაა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც საზღვარს კვეთს ჯგუფი - ორი ან მეტი პირი. სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დიზპოზიციები სხვაგვარად გაგებული ვერ იქნება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს რა ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობის ფარგლებს, მისი პირველი და მესამე ნაწილებით ადგენს შემდეგს: ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით. დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.

5.4. უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმადაც ამ დანაშაულის ამსრულებებლი იყო ა---- კ----------ი, თანამონაწილე კი თ------– გ-------ი. ერთიან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენდა ერთი პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა და ამ ქმედებაში გ-------ის მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი გამოიხატება დახმარებაში, უშუალოდ მის მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობის გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თ------– გ-------ი არ არის თანაამსრულებელი, არამედ დამხმარეა სისხლის სამართლის კოდექსის 19. 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისი ქმედებაც ასე უნდა დაკვალიფიცირდეს, მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლზე მითითებით.

6. სასჯელის და სხვა ღონისძიებების დასაბუთება

6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

6.5. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაშიც, სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს თ------– გ-------ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.6. უშუალოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებთან დაკავშირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგს: პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ თ------– გ-------მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მაშინ, როდესაც კონტროლს მის ყოფაქცევაზე ახორციელებდა პრობაციის სამსახური. მართალია სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციად პატიმრობასთან ერთად ითვალისწინებს ჯარიმასაც, მაგრამ პალატის აზრით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არსის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ სანქციის სახით გამოყენებული იქნება პატიმრობა.

ამავე დროს, სანქციის ზომის შერჩევისას პალატა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და თვლის, რომ თ------– გ-------ს ამ დანაშაულისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ------– გ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ------------–-----ის სააპელაციო საჩივრები, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული - კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით, დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენში თ------– გ-------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

თ------– გ-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19. 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 25. 19. 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

თ------– გ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25. 19. 344-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 23 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს - სიღნარის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------– გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

თ------– გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

თ------– გ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 21 დეკემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: ა---- კ----------ის საზღვარგარეთის პასპორტი №---------, ა---- კ----------ის მამის ტ-----------ი კ----------ის საზღვარგარეთის პასპორტი №---------, ტ-----------ი კ----------ის დაბადების მოწმობის ასლი №------- ლიბერთი ბანკის შემოსავლის ორდერი №--------------------- წლის, ტელეფონის დამტენი, ორი სანთებელა და გასაღები. სამი ცალი 100 აშშ დოლარიანი ნომრით 5---------------------------, ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა ნომრით 0----------------, ექვსი ცალი 50 ლარიანი კუპიურა ნომრით 0---------------------------------------------------------- ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა ნომრით 1-------- ერთი ცალი ერთი მანათის კუპიურა ნომრით 2-------- ერთი ცალი ორ ლარიანი, ორი ცალი ოც თეთრიანი. IPHONE-ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3--------------, რომელშიც მოთავსებული არის სიმ ბარათი ნომრით 5------------ სიმ ბარათი ნომრით 8------------------ და სიმ ბარათი ნომრით 8-------------------, დასაკეცი დანა წარწერით V-------------, ნომერი P----------------. ვერცხლისფერი ყელსაბამი, ვერცხლისფერი სამაჯური და ვერცხლისფერი, შავ თვლიანი ბეჭედი. თ. გ-------ის ჩხრეკისას ამოღებული მუქი ფერის გასაშლელი საფულე, 6 ცალი 20 თეთრიანი, ოთხი ცალი ათ თეთრიანი, ორი ცალი ხუთ თეთრიანი, შავი ფერის NOKIA-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით №--------------------------------- მოთავსებულია სიმ ბარათი ბილაინის ნომრით 5-----------, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საბურავის კამერა, შავი ფერის ჩანთა წარწერით ,,PUMA“, ელექტრო საპარსი საშუალება ,,BRYOM“, დასაკეცი ბარათების ჩასადები, ა---- კ----------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და ფასდაკლების ბარათები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ- საგამოძიებო მთავარ სმმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

თ------– გ-------ის მიმართ განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება გაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი