განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003114547
№1ბ/1675-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ი----- ვ--------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნიომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–----–-----------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია). ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა იმედა გუგუშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ი----- ვ--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი----- ვ--------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, ბრალდების მხარის მოსაზრებით, სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედების არათანაზომიერი, მსუბუქი და ლმობიერი სასჯელი. საქართველოს სსკ–ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს სასჯელის განსაზღვრა, ყურადღება უნდა მიექცეს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. დაზარალებულ მ----- ლ--------ს, მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი, თუმცა მსჯავრდებულს არ გამოუთქვამს სურვილი დახმარება გაეწია მისთვის, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სასჯელის დანიშვნისას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ ი----- ვ--------–---–ის მიმართ დანიშნული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი და ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება და ი----- ვ--------–---–ს დანიშნული სასჯელი შეეცვალოს უფრო მკაცრი სასჯელით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, შესაგებელი წარმოადგინა, მსჯავრდებულმა ი----- ვ--------–---–მა. ის მხარს არ უჭერს სააპელაციო საჩივარს და განმარტავს, რომ მას არ უცდია მიეტოვებინა შემთხვევის ადგილი, სასწრაფო დახმარების მისვლამდეც და შემდეგაც ეხმარებოდა დაზარალებულს, შემდგომშიც დაზარალებულს მისი მხრიდან ჰქონდა, როგორც ფინანსური ისე მორალური მხარდაჭერა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნისას. შესაბამისად მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სასამართლომ დაადგინა:
ი----- ვ--------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 12:15 საათზე, თბილისში, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩების კვეთასთან ი----- ვ--------–---–მა, რომელიც მართავდა ავტომობილ ,,მიცუბიშს“, სახელმწიფო ნომრით L------, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა, ქვეითად მოსიარულე - მ----- ლ--------ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მ----- ლ--------მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ი----- ვ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი----- ვ--------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი----- ვ--------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ მ----- ლ--------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმე ზურაბ საბანძის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად მსჯავრდებულ ი----- ვ--------–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ი----- ვ--------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი----- ვ--------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი----- ვ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის ხანდაზმული ასაკის, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ი----- ვ--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ი----- ვ--------–---–ს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრა ვერ ჩაითვლება უსამართლოდ. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახით გათვალისწინებულია –ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. პალატა განმარტავს, ი----- ვ--------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სრულად იქნა გათვალისწინებული: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაწესებული სანქციის ფარგლები. 3. რომ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება გაუფრთხილებლობით და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. 4. შემამსუბუქებელი გარემოებები: ი----- ვ--------–---–ი არის 69 წლის, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მსჯავრდებულს არ გამოუთქვამს სურვილი დახმარება გაეწია დაზარალებულისთვის, პალატა განმარტავს, რომ ასეთი არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაზარალებული მ----- ლ--------, 2019 წლის 22 თებერვლის გამოკითხვისას განმარტავდა, რომ მძღოლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა, 2019 წლის 22 აპრილის გამოკითხვისას კი განმარტა, რომ გაუჩნდა პრეტენზია და ითხოვს ზიანის სრულად ანაზღაურებას, რაც ადასტურებს, რომ ი----- ვ--------–---–ის მიერ გარკვეულწილად მოხდა ზიანის ანაზღაურება. თავად მსჯავრდებულიც სააპელაციო საჩივრის შესაგებელში მიუთითებს, რომ მის მიერ დაზარალებულს თავიდანვე გაეწია მორალური და ფინანსური დახმარება. ამასთან, პირის მიერ ზიანის ანაზღაურების და დაზარალებულთან შერიგებისკენ მისწრაფების შეფასებისას, მნიშვნელოვანია როგორც დამნაშავის ქცევა, ასევე მისი ქონებრივი მდგომარეობა, მატერიალური შესაძლებლობები და დაზარალებულის მოთხოვნის ობიექტურობა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ი----- ვ--------–---–ის მიმართ სასჯელის გამკაცრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი----- ვ--------–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის იმედა გუგუშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის იმედა გუგუშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი ი----- ვ--------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ი----- ვ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ი----- ვ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ი----- ვ--------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ი----- ვ--------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული - ი----- ვ--------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,მიცუბიშის“, ფირმის ავტომანქანა, სახელწმიფო ნომრით L------ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
საგამოძიებო მოქმედება დათვალიერების ამსხველი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ელექტრონულ დისკზე და მ----- ლ--------ს სამედიცინო კვლევის ამსახველი დოკუმენტაცია, გადატანილი ელექტრონულ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე