განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002996603
საქმე № 1ბ/1672-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული - ი-----–- წ---–-----ი, დაბადებული 1----–-–---------–----------------–----------–--------------------------, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–----------------------------–----------------------------------------;
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: ი-----–- წ---–-----ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ი-----–- წ---–-----ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- წ---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ი-----–- წ---–-----ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 02 მარტს, დღისით, თ---–--–------–----------------------------–--------------------------------ში ი-----–- წ---–-----მა დანის გამოყენებთ, მარცხენა ქვედაყბის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა დედას - ნ--–- წ---–-----ს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
აღნიშნული ქმედებისათვის ი-----–- წ---–-----ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ი-----–- წ---–-----ის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ც-------–---–---ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ი-----–- წ---–-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ი-----–- წ---–-----ის ბრალეულობაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო მისი დამანაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები: პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომლის დროსაც მათ დეტალურად ისაუბრეს, თუ რა ვითარებაში დახვდათ მათ დაზარალებული. მათ თავად ნ--–- წ---–-----მა განუცხადათ, რომ შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის მიმართ არსებული დაზიანებები. აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე ოჯახში ძალადობა და დაზარალებულის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას, რაც უბიძგებს მას მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებისაკენ (თვითგადარჩენისაკენ) და აღნიშნულს მოძალადის მიმართ ლმობიერ დამოკიდებულებაში ხედავს, რამაც განაპირობა მსხვერპლის პირვანდელი ნების - მართლმსაჯულების ხელშეწყობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმით პოზიციის რადიკალური ცვლილება. რაც შეეხება ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, აღნიშნულს უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში, თუ არსებობს სათანადოდ გამაწონასწორებელი ფაქტორები. აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების მხედველებაში მიღებით, ნ--–- წ---–-----ის სასამართლოში მიცემული ჩვენება ცალსახად ქმნის საქმეში არსებული ირიბი ჩვენებებისთვის პირდაპირის თანაბარმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს, რაც მოცემულ შემთხვევაში გამომძიებლების, პოლიციის თანამშრომლების- ნ-----–---- მ--------ის და ზ---------–------ის გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციები ნამდვილად ანიჭებს პირველწყაროს. დაზარალებულის შეტყობინება და განცხადება გახილულ უნდა იქნეს ცალკე დამოუკიდებელ მტკიცებულებად. ბრალდების მხარის მოსაზრებით, დაზარალებულმა სასამართლოს მისცა არასწორი ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები დადასტურდა სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად გადამოწმებული ინფორმაციის/მტკიცებეულებების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩია, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ი-----–- წ---–-----ის დამანაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორ ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ი-----–- წ---–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ი-----–- წ---–-----ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–- წ---–-----ის მიერ დედის - ნ--–- წ---–-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი-----–- წ---–-----მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2019 წლის 02 მარტს, მოუვიდა შეკამათება დედამისთან, რა დროსაც იმყოფებოდა სამზარეულოში, პურს ჭრიდა, კამათის მიმდინარეობისას დედამისი - ნ--–- წ---–-----ი ცდილობდა დანის წართმევას, რის შედეგადაც გაეჭრა მარჯვენა ხელზე ცერა თითი, დედის სხეულზე არსებული დაზიანების წარმოშობის მიზეზი მისთვის უცნობია, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შეიტყო აღნიშნულის შესახებ, და გამოთქვა მოსაზრება დაზიანებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა დანის ხელიდან გაგდების დროს მიიღო დედამისმა დაზიანება. გამორიცხავს დანის მოქნევის და დამიზნების ფაქტს. მეუღლესთან გაშორებულია, ზრუნავს შვილზე, დედასთან კარგი ურთიერთობა აქვს, წარსულშიც ოჯახურ ნიადაგზე ჰქონია კონფლიქტი დედამისთან, მაგრამ ფიზიკურ შეურაცხყოფას არასოდეს ჰქონია ადგილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ნ--–- წ---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-----–- წ---–-----ი არის მისი შვილი. მისი შვილი არის ალკოჰოლის მომხმარებელი. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაურთულდა მდგომარეობა, სასმელის მიღებისგან არაერთხელ დაემართა ეპილეფსიური შეტევა, ჩავარდა კრუნჩხვებში. ამის გამო გათიშულა და მიუღია დაზიანება. 2019 წლის 2 მარტს, ვაჟთან ერთად იმყოფებოდა სახლში, მდებარე - თ---–--------–----------------------------–-------------------------------------------ში. დილას ჩვეულებრივად ადგა ი-----–- წ---–-----ი, ფხიზელ მდგომარეობაში გავიდა სახლიდან, გარკვეული პერიოდის შემდგომ ი-----–- მობრუნდა სახლში, შევიდა თავის ოთახში, სავარაუდოდ მიიტანა ალკოჰოლი - სამედიცინო სპირიტი. ის სახლის საქმეს აკეთებდა, როდესაც „ლოჯში“ იმყოფებოდა სარეცხის გასაფენად, სამზარეულოდან მოესმა ხმა, უაზრო ლაპარაკი, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა ადამიანი. „ლოჯიდან“ სამზარეულოს კარებში დაინახა, რომ მისი შვილი ფეხზე იდგა და ცდილობდა პურის დაჭრას, შეატყო რომ ქანაობდა, წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა და გამომდინარე იქიდან, რომ შეეშინდა აღნიშნულ მომენტში ი-----–-ს არ დამართოდა ეპილეფსიური შეტევა და არ დაცემულიყო დანაზე, შევიდა სამზარეულოში და შეეცადა დანის წართმევას. ი-----–- უძალიანდებოდა და უფრო უჭერდა დანას ხელს. „ჭიდაობის“ პროცესში ხელი გაუშვა ი-----–-მ დანას, მანაც გაუშვა ი-----–-ს ხელი და დაჯდა სკამზე. დანა რომ გამოართვა დაინახა, რომ დანა სისხლიანი იყო და მიხვდა, რომ ი-----–-ს ხელი გაეჭრა და უნდოდა ენახა ჭრილობა, მაგრამ ი-----–-მ არ მისცა ამის საშუალება, ჩამოიფერთხა ხელი და გავიდა ოთახში. არ ახსოვს თუ რა მომენტში მიიღო დაზიანება. ი-----–- წ---–-----ს შეგნებულად არანაირი ზიანი არ მიუყენებია მისთვის. შესაძლოა თავადაც მოიხვედრა ხელი. საპატრულო პოლიცია გამოიძახა იმ მიზნით, რომ ეშინოდა ი-----–-ს ეპილეფსიური შეტევა არ დამართოდა და ვერ გამკლავებოდა. მას სურდა ი-----–-ს საავადმყოფოში გადაყვანა.
მოწმე ზ---------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 მარტს იყო მორიგე, გადაეცა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე, რომლის მიხედვითაც შვილი ძალადობდა დედაზე, აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, მოძალადე იყო დანით შეიარაღებული, შესაძლებლობა იყო რომ დედისათვის მიეყენებინა ჭრილობები. მისამართზე მისვლისას სახლის შესასვლელი იატაკი და კედლები სისხლიანი დახვდა. სახლში იმყოფებოდნენ დედა და შვილი, შვილი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ორივეს ჰქონდა ჭრილობა დედას ყელის, ხოლო შვილს ხელის არეში. ესაუბრა დედას, რომელმაც განუმარტა, რომ მისი შვილი ალკოჰოლს ხშირად მოიხმარს, აქვს ეპილეფსია, რომ დაზიანება მიაყენა მისმა შვილმა და ითხოვდა მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანას. მის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ი-----–- წ---–-----ი და გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
მოწმე ნ-----–---- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო შეტყობინება ოჯახურ ძალადობის ფაქტზე, რომლის თანახმადაც შვილი იყო ნასვამ მდგომარეობაში, არაადეკვატური და შესაძლოა მოეკლა დედა. მისამართზე მისვლისას კარები დახვდათ შეღებული, შევიდნენ სახლში, სადაც მისაღები, სამზარეულო და აბაზანა იყო სისხლში მოსვრილი. შენიშნეს ქალბატონი ნ--–-, რომელსაც სისხლის კვალი აღენიშნებოდა, ხოლო ი-----–- წ---–-----ი იჯდა კომპიუტერთან. ქალბატონმა საუბარში განუმარტა, რომ მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იმ დროს როდესაც ცდილობდა დანის წართმევას, იყო ნასვამ მდგომარეობაში და ეშინოდა რომ არ მოეკლა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
N------ შეტყობინებების რეგისტრაციის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 მარტს თ---–--–------–----------------------------–--------------------------------ში შვილსა და დედას შორის მიმდინარეობდა ოჯახური კონფლიქტი.
2019 წლის 02 მარტის ზ---------–------ის პატაკით დასტურდება, რომ დედამ, ნ--–- წ---–-----მა, მიუთითა შვილზე - ი-----–- წ---–-----ზე, რომ მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2019 წლის 2 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ამოღებული იქნა ნივთმტკიცებები, ანაწმენდები და მოწითალო ფერის ლაქები, მათ შორის დანა, რომელიც დაილუქა შესაბამისი წესით. აქვე არის ინციდენტში მონაწილე ნ--–- წ---–-----ის შენიშვნა, რომლის მიხედვითაც ინციდენტის შედეგად მისმა შვილმა ი-----–- წ---–-----მა მიიღო დაზიანება, წამოუვიდა რამდენიმე წვეთი სისხლი, რომელიც პირადად მან გაწმინდა იატაკის საწმენდი ტილოთი.
2019 წლის 2 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის (სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N6-- (თარიღი 03.03.2019) დაუმოწმებელი ასლი)) მონაცემების თანახმად: მოქალაქე ნ--–- წ---–-----ს სამედიცინო დახმარება გაეწია 03.03.2019 წ. და დაუდგინდა დიაგნოზი (ესენციური) ჰიპერტენზია. სიმპტომები და ნიშნები, რომელიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას. ამავე დოკუმენტის ჩანაწერების თანახმად: მოქალაქე ნ--–- წ---–-----ს სხეულზე (,,მარცხენა ქვედაყბის არეში“) აღენიშნებოდა დაზიანება ექსკორიაციის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში, არ არის მითითებული დაზიანების (ექსკორიაციის) მორფოლოგიური სურათი.
2019 წლის 6 მაისის სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ი-----–- წ---–-----ს აღენიშნება ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი F10.71; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის 10-ე გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).
დადგენილებით (06.03.2019წ) დაზარალებულად ცნობის შესახებ დასტურდება, რომ ნ--–- წ---–-----ი ცნობილი იქნა დაზარალებულად, სადაც განმარტავს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმა დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, რადგან 2019 წლის 2 მარტს მის შვილს მასზე არანაირი სახის ძალადობა არ განუხორციელებია.
სსიპ სამედიცინო დახმარების პაციენტის სამედიცინო ბარათი N6-- ირკვევა, რომ ნ--–- წ---–-----ს აღენიშნება დაზიანება, მაგრამ გაურკვეველია მათი წარმოშობის მიზეზი.
2019 წლის 1 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ამოღებულ იქნა ი-----–- წ---–-----ის სამედიცინო ბარათი.
მოწმე ხ--------------–---ის ჩვენების თანახმად დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ი-----–- წ---–-----ის და ნ--–- წ---–-----ის მეზობლად. როგორც ნ--–- წ---–-----ისგან იცის, ი-----–-ს რამდენიმე წელია პრობლემები აქვს ალკოჰოლთან დაკავშირებით, რის გამოც ის რამდენჯერმე სამკურნალოდაც იყო. ი-----–- წ---–-----ი ნასვამ მდგომარეობაში არანაირ აგრესიას არ ავლენს მეზობლების მიმართ, ასევე არ სმენია ნ--–- წ---–-----ისგან რომ მის შვილს განეხორციელებინოს ძალადობრივი ქმედება, მის მიმართ. ასევე არასდროს შეუნიშნავს ძალადობის კვალი. ი-----–- წ---–-----ი საჭიროებს დახმარებას მკურნალობის სახით.
მოწმე მ--------------ის ჩვენების თანახმად დადგენილია, რომ იგი მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში უფროს ექიმად, 2019 წლის 3 მარტს გამოძახებული იქნა თ---–--------–---------------------------–------------------------------------------. ადგილზე დახვდა აღელვებული ქალბატონი, რომელიც განმარტავდა, რომ მისი შვილი იყო ნასვამი და მიიყენა დანით დაზიანება ხელის არეში. თავად ნ--–- წ---–-----ს აღენიშნებოდა ნაკაწრი, რის გამომწვევ მიზეზსაც ვერ ასახლებდა.
უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები კი არ შეიცავს ი-----–- წ---–-----ის მამხილებელ საკმარის ინფორმაციას.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ი-----–- წ---–-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ი-----–- წ---–-----მა ჩაიდინა დედის - ნ--–- წ---–-----ის მიმართ ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ი-----–- წ---–-----ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა ი-----–- წ---–-----ის მიერ - ნ--–- წ---–-----ის მიმართ ძალადობის ფაქტებს. დაზარალებულმა ნ--–- წ---–-----მა სასამართლოს მიუთითა, რომ ი-----–- წ---–-----ს მისთვის არანაირი სახის ზიანი არ მიუყენებია, აღნიშნა, რომ ის ცდილობდა ნასვამ ი-----–- წ---–-----ისთვის დანის წართმევას, რადგანაც მას ამ მომენტში არ დამართოდა ეპილეფსიური შეტევა და თავად არ დაზიანებულიყო დანით. ამ მომენტში ი-----–- წ---–-----ი მას გაუძალიანდა, ი-----–- წ---–-----ს მისთვის დანა არ მოუქნევია და არ მიუყენებია გამიზნულად არანაირი დაზიანება. ნ--–- წ---–-----მა დაადასტურა, რომ მის მიერ პოლიციის გამოძახება განპირობებული იყო იმით, რომ იგი იყო აღელვებული მისი შვილის ამგვარი მდგომარეობის გამო, მას სურდა მისი შვილის დაცვა, რომ რაიმე სახის დაზიანება არ მიეყენებინა როგორც საკუთარი თავისთვის ასევე მისთვის, ვინაიდან იგი ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. ამგვარი პოზიცია ეჭირა ნ--–- წ---–-----ს გამოძიების ეტაპზე მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ბინაში მისვლისას დახვდათ აღელვებული ნ--–- წ---–-----ი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლის კვალი, ასევე სისხლის კვალი იყო ბინაში. მათ ნ--–- წ---–-----მა განუცხადა, რომ მას სურდა მათი დახმარება, რათა ი-----–- წ---–-----ი გადაეყვანათ საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციელებმა მართლია დაადასტურეს ნ--–- წ---–-----ის ემოციური მდგომარეობა, თუმცა ისინი ვერ ადასტურებენ, რომ დაზარალებულის ამგვარი მდგომარეობა გამოწვეული იყო მის მიმართ ი-----–- წ---–-----ის მხრიდან განზრახ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედებებით. ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ ნ--–- წ---–-----ს აღენიშნებოდა გარკვეული სახის დაზიანებები, მაგრამ არაფერია ნახსენები ტკივილის განცდის შესახებ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელი იყო, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში, არ იყო მითითებული დაზიანების (ექსკორიაციის) მორფოლოგიური სურათი.
მართალია, საქმე ეხება ოჯახში არსებულ დანაშაულს, რომლის გამო შესაძლოა არსებობდეს საფუძველი, რომ მსხვერპლს - ამ შემთხვევაში დედას სურდეს მისი შვილის - ი-----–- წ---–-----ის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ამგვარი ხასიათის ინფორმაციას აძლევდეს სასამართლოს, თუმცა სააპელაციო პალატას დაზრალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია. დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია, ი-----–- წ---–-----ის ჩვენებასთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (მათ შორის 2019 წლის 6 მაისის სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნასთან) არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
რაც შეეხება მოწმეების - ნ-----–---- მ--------ის და ზ---------–------ის ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ ნ--–- წ---–-----ი ცდლობდა შვილისთვის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ი-----–- წ---–-----სთვის წაერთმია დანა, რა დროსაც იგი მას გაუძალიანდა. ი-----–- წ---–-----ს დედისთვის დანა არ მოუქნევია და არ მიუყენებია გამიზნულად არანაირი დაზიანება. ფიზიკური ძალადობა და აგრესიული ქცევა რომ დედისკენ იყო მიმართული და დაზარალებულს ი-----–- წ---–-----მა ფიზიკური შეურაცხყოფა შეგნებულად მიაყენა, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება. მართალია, ნ--–- წ---–-----ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სხეულზე (,,მარცხენა ქვედაყბის არეში“) აღენიშნებოდა დაზიანება ექსკორიაციის სახით, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, თუმცა საქმის მასალებიდან და გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ იკვეთება ი-----–- წ---–-----ის განზრახვა, დაეზიანებინა დედა. ნ--–- წ---–-----ის და ი-----–- წ---–-----ის ჩვენებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით მივდივართ დასკვნამდე, რომ ნ--–- წ---–-----ის მიმართ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად გაუფრთხილებლობითაა გამოწვეული, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური ძალადობა გაუფრთხილებლობით არ შეიძლება განხორციელდეს. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ი-----–- წ---–-----მა განზრახ მიაყენა დაზიანება დედას - ნ--–- წ---–-----ს, არც თავად დაზარალებულს და არც სხვა პირებს სასამართლოსათვის ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ი-----–- წ---–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დედის-ნ--–- წ---–-----ის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ი-----–- წ---–-----მა განახორციელა ოჯახში ფიზიკური ძალადობა დედის ნ--–- წ---–-----ის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ი-----–- წ---–-----ის დამნაშავეობაში.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ი-----–- წ---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი-----–- წ---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ი-----–- წ---–-----ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, ი-----–- წ---–-----ის
სისხლის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იატაკის ტილო, მცირე ზომის ხალიჩა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შსს სსიპ ,,112-დან’ გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერი 01(ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი