განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180310118002762955
საქმე №3ბ/2531-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ნანა ჭიჭილეიშვილი
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
თამარ ონიანი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნაზი ყაულაშვილი;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნაზი ყაულაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. 2018 წლის 12 ოქტომბერს ნაზი ყაულაშვილმა მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ს.ფ. 14).
1.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 07 ნოემბრის №42/82/გ გადაწყვეტილებით ნაზი ყაულაშვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა (ს.ფ. 14).
1.2.3. ნაზი ყაულაშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაასაჩივრა ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის №01/369768/გ გადაწყვეტილებით ნაზი ყაულაშვილს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 14,16).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ 31.07.2019 წლის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის სასამართლოს წესით დავალდებულება, რამეთუ მისი ასეთი მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან არ დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელეს განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხე მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით არსებობს შესაძლებლობა, ნებისმიერ შემთხვევაში გაიცეს პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის გარეშე.
სასამართლოს მოსაზრებით, სადავო საკითხზე ყურადსაღებია საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.
სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი კავშირის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქისათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემასთან, რასაც არეგულირებს სპეციალური ნორმატიული აქტები. სახელდობრ, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რაც მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი და მესამე პუნქტით, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრთვე აფხაზურ ენაზე; პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების თარიღი; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა; ნ) მისამართი; ო) რეგისტრაციის თარიღი. მოსარჩელემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მე-14 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლითაც საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).
სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულ ნორმათა ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის ის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო საბუთი, რომლითაც წარმოჩინდება პირი საჯარო თუ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, დოკუმენტს სტანდარტულად გააჩნია პერსონალური მონაცემების შემცველი აუცილებელი რეკვიზიტები და იგი შეიძლება გაიცეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით ან მის გარეშე, რასაც ცხადყოფს მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი, თუმცა იმავე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადება აკონკრეტებს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის (არაელექტრონული) გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. ამასთანავე, ობიექტური გარემოება არ გულისხმობს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, პირიქით, ობიექტური გარემოება არის გარემოება, რომელიც პირის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) აღებას.
ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს პირადობის მოწმობის მითითებულ ორ სახეს, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი). ამრიგად, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ობიექტური მიზეზები შემთხვევების სახით რეგლამენტირებულია 25-ე მუხლში. მოსარჩელემ ვერ მიუთითა ვერცერთ შემთხვევაზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის უკანონობის შესახებ, ვინაიდან სასამართლოს მითითებული მსჯელობიდან ნათელია, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის დამაზუსტებელ მე-14 მუხლის მე-10 პუნქტს არ ეწინააღმდეგება N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება. არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არ უკავშირდება მოქალაქის ნებას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირადობის მოწმობასა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას შორის გააკეთოს არჩევანი, სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ გაიცემა მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, ხოლო მათ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ კონკრეტულ, საგამონაკლისო შემთხვევაში, ობიექტური გარემოების არსებობისას, რასაც მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არა აქვს.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე, 331 მუხლებზე და მიიჩნია, რომ კონკრეტულ ვითარებაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა სარჩელი, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, მართალია რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ მიუთითა "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის მე-11, მე-12 მუხლებზე, მის საფუძველზე გამოცემული N98 ბრძანების 25-ე მუხლზე და განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. ამ პირობებში, გაურკვეველია, საიდან ჩანს ივლისიდან შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა. N98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის 20.2 მუხლის შესასრულებლად, შესაბამისად, ის უნდა ითვალისწინებდეს არამარტო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის უზრუნველყოფას, არამედ არაუფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემის პირობებსაც, რასაც ბრძანების გარდამავალი დებულების დანაწესი ერთმნიშვნევლოვნად აღიარებს. ბრძანების 58.2 მუხლში პირდაპირ არის მითითებული: "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", თუმცა არც დაინტერესებული პირის და არც მოქმედი კანონის მე-13-მე-14 მუხლების დანაწესის შესაბამისად, პირადობის მოწმობის გაცემა რომ უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, 4-10 წლის მოქმედების ვადით. ამაზე N98 ბრძანება არაფერს ამბობს. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ კანონის 14.10 მუხლის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით მოპასუხეს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა მას არ გამოურკვევია, სად არის ის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ვალდებულია გასცეს პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება არ შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციებით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა და მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ, მისი აღების სავალდებულოობა, კანონმა არ გაითვალიწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. აღნიშნული მსჯელობიდან ნათლად ჩანს, რომ კანონმა კი არა, სასამართლომ არ გაითვალისწინა და არავითარი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს აქვს უვადო პირადობის მოწმობა, რომლის გამოცვლის სავალდებულოობა არ დაადგინა კანონმა და არ "იზრუნა" მათთვის, ესარგებლათ ტექნოლოგიური მიღწევებით, რათა დაცული ყოფილიყო მათი ინტერესები და უსაფრთხოება. სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას, აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ "შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია, უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: იმუშაოს, ისარგებლოს ჯანდაცვით, მიიღოს განათლება, შეიძინოს და განკარგოს ქონება და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური, თუმცა არანაირ შეფასებას არ აძლევს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს და როგორც მოპასუხე, სასამართლოც ცდილობს საკითხი მოაქციოს კანონის 14.10 მუხლის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული N98-ე ბრძანების 25-ე მუხლის პირობებში, რაც უკანონოა, რადგან მითითებული ნორმა ეხება მათ, ვისაც სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება, მაგრამ 25-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი ნების დაფიქსირებას სააგენტოში. სასამართლომ სამართლებრივი შეფასება ასევე არ მისცა იმას, თუ რატომ ჩაწერა კანონმდებელმა სიტყვა "შეიძლება" ელექტრონულ პირადობასთან მიმართებაში და არც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება გაითვალისწინა სიტყვა „შეიძლება“-სთან დაკავშირებით (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, N3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), მითუფრო, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება, რაც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ასევე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო N98 ბრძანების 58.2 მუხლის დათქმა: "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში". სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია, რატომ არ განახორციელა სააგენტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლით გავალისწინებული ქმედება, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ N98 ბრძანების 28-ე მუხლში მითითებულნი არიან პირები, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს, პირადობის მოწმობის და არა ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღების მოთხოვნით.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მისი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრა.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. აღნიშნული კანონის 11.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი). კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 24.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა. ამავე „წესის“ 25.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად. ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ N98 ბრძანებით დამტკიცებული წესი გამომდინარეობს შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან. მითითებული „წესის“ 25-ე მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი, მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ამდენად, ობიექტური გარმოება მოიცავს არა პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს. ამასთანავე, „წესის“ 33.2 მუხლის შესაბამისად, ამ „წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებაში არ არსებობს ზემოაღნიშნული „წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებითაც დასაშვებია არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლება, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება უკავშირდება სახელმწიფოს მიერ პირადობის მოწმობასა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27.07.2011წ. N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი ვალდებულია, შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში. სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში არსებული პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ,სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა იხელმძღვანელა რამუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნაზი ყაულაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ნანა ჭიჭილეიშვილი
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
თამარ ონიანი