განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119003078365
საქმე №1ბ/1709-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-----------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ---------–-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 10 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გარდაბნის რაიონი, სოფელ ს---------–-–-----------–--), დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენით მ---------–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის მაისის შუა რიცხვების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ---------–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.
მ---------–-------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2011 წლიდან 2019 წლის 25 მაისის ჩათვლით, გარდაბნის რაიონის ს------–---------–--ში, მ---------–-------ი მის საცხოვრებელ სახლში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ს---------–------ას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობის და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ს---------–------ა განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და იღებდა მორალურ ზიანს.
2019 წლის მაისის შუა რიცხვებში, გარდაბნის რაიონის ს------–---------–--ში, მ---------–-------მა მის საცხოვრებელ სახლში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ს---------–------ას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობის და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა მუშტი დაარყა სახის არეში, რა დროსაც ს---------–------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 25 მაისს, გარდაბნის რაიონის ს------–---------–--ში, მ---------–-------მა მის საცხოვრებელ სახლში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ს---------–------ას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობის და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ესროლა სკამი, რომელიც მოხვდა ხელის არეში და მიიღო დაზიანება, ასევე, არასრულწლოვანი შვილის, რიმა ალიბეკოვის დასწრებით მოქაჩა თმებით, რა დროსაც ს---------–------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-----------------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ---------–-------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერებისა და დასაბუთებულობის მოთხოვნებს, თუმცა არასამართლიანია, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აპელანტის მითითებით, განაჩენის სამართლიანობის კომპონენტი გულისხმობს დანიშნული სასჯელის შესაბამისობას მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა მ---------–-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხე და ხასიათი. მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული არასაპატიმრო ხასიათის სასჯელის გამოყენების პირობებში, არ იქნება შესრულებული სასჯელის ზოგადი მიზნები. აპელანტის აზრით, მ---–------–-------ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის პირობებში, არ არის გათვალისწინებული ჩადენილი ქმედების ხასიათი, ოჯახური ძალადობის დანაშაულების საზოგადოებრივი საშიშროება და სახელმწიფოებრივი ინტერესი, ჩადენილი დანაშაულის ინტენსივობა და ხასიათი, პირველ რიგში კი, დაზარალებულის ინტერესი, იცხოვროს მშვიდ გარემოში. ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების - ფიზიკური ძალადობის ხასიათიდან და ინტენსივობიდან გამომდინარე, თავად დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათის ღრმა ანალიზის შედეგად, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპის მიღწევას.
აპელანტმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, აღნიშნა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მ---------–-------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის სამივე ეპიზოდის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენა, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, თუმცა აღნიშნული დამამძიმებელი გარემოება არ გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნის დროს. აპელანტმა განმარტა, რომ მსჯავრდებულის აღიარება და მონანიება, აგრეთვე ოჯახის მარჩენალად ყოფნა არ წარმოადგენს მყარ არგუმენტს, რათა გამოყენებულ იქნეს ნაკლებად მკაცრი სასჯელის ზომა. მსჯავრდებულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი არის ოჯახში ძალადობის დანაშაულებრივ ფაქტებზე არაადეკვატური პასუხის გაცემა, რასაც უმძიმეს შედეგებამდე მივყავართ. აპელანტის აზრით, საჭიროა ასეთ სპეციფიკურ დანაშაულზე სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახდინონ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება, რაც, პირველ რიგში გულისხმობს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ადეკვატურ და სამართლიან სასჯელს დანაშაულის პასუხად.
აპელანტის განმარტებით, ოჯახში ძალადობა, ხშირ შემთხვევაში, იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს ადეკვატური ზომები ოჯახური ძალადობის დანაშაულის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მ---------–-------ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - ს---------–------ას, მ---------–-------ის, ნ--------------ის, ს-–---------–---ის, ნ--------------ის გამოკითხვის ოქმებით და მათგან მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ მ---–------–-------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ მ---------–-------ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა მ---------–-------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, მისი გავრცელების მასშტაბები და სპეციფიკა, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, დაზარალებულის პოზიცია, რომელიც შეურიგდა ბრალდებულს და მ---------–-------ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
მ---------–-------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად, აპელანტი აქცენტს აკეთებს დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ჩადენილ ძალადობის საზოგადოებრივ საშიშროებასა და სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებების გამოყენების თაობაზე, რომლის ერთ-ერთ ფორმად მიაჩნია ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. პალატა განსახილველი დანაშაულის ხასიათთან მიმართებით განმარტავს, რომ დისკრიმინაცია არის ქმედება, რომელიც უფლებებს ართმევს ან უზღუდავს გარკვეული ნიშნით გამოყოფილ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას. ის მოიცავს პიროვნებისადმი სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულად ცუდ მოპყრობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ ჯგუფს მიეკუთვენა. დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს გენდერის, რასის, ეროვნების, რელიგიის, სექსუალობის და სხვა ნიშნებით. გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა - მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას.
პალატა მიუთითებს, რომ თანასწორობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით კი გულისხმობს, ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.
პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას ოჯახში ძალადობის უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მხედველობაში მიღებით, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მ---------–-------ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები დაზარალებულის მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლების დაცულობასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ იგი შერიგებულია მსჯავრდებულთან, არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად. გასათვალისწინებელია, რომ მ---------–-------ს დანაშაულის სამივე ეპიზოდისთვის დანიშნული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისთვის მსჯავრად შერაცხული მუხლები ალტერნატივის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც.
სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, მ---------–-------ის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის სამივე ეპიზოდის გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენის თაობაზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებადაა მიჩნეული და აღნიშნავს, რომ ამ მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესი დაცულია მ---------–-------ისათვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, მ---------–-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი მ---------–-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-----------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მ---------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის მაისის შუა რიცხვების ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 მაისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ---------–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად. მ---------–-------ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
მ---------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ---------–-------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 25 მაისიდან 2019 წლის 06 ივნისის ჩათვლით.
”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ე. წ. "მაშა" - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე