განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2019
საქმის ნომერი
330100118002491030
ინსტანცია
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002491030

საქმე №1ბ/1143-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------------–--ს

ადვოკატის: თ------------ის

მონაწილეობით,გამართლებულის: დ----------------ის

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ დ----------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–--------------–----------–---------------------–-----–-------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

დ----------------ე სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას მისი ოჯახის წევრის, მეუღლის - ს---------------ის მიმართ.

 

2017 წლის იანვარში, ქ-------–--–-----–--------------–----------–---------------------–-----–-------------ში, დ----------------ემ მის მეუღლეს, ს---------------ეს, მათი არასრულწლოვანი შვილების - ს--–---------–--–--ის, მ--- და გ------- ფ--------ის თანდასწრებით, ოჯახური კონფლიქტის დროს, ფეხზე განზრახ გადაასხა ცხელი წყალი, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედებით ს---------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2017 წლის აგვისტოში, ქ-------–--–-----–--------------–----------–---------------------–-----–-------------ში, დ----------------ემ მის მეუღლეს, ს---------------ეს, მათი არასრულწლოვანი შვილების - ს--–---------–--–--ის, მ--- და გ------- ფ--------ის თანდასწრებით, რამდენჯერმე მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედებით ს---------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2018 წლის 29 აპრილს, ქ-------–--–-----–--------------–----------–---------------------–-----–-------------ში, დ----------------ემ მის მეუღლეს, ს---------------ეს, მათი არასრულწლოვანი შვილების - ს--–---------–--–--ის, მ--- და გ------- ფ--------ის თანდასწრებით, რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში, მოუჭირა ხელი მკლავებზე და დააგდო საწოლზე, რა დროსაც ყელში ძლიერად წაუჭირა ხელი და გუდავდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედებით ს---------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2017 წლის აგვისტოში, ქ-------–--–-----–--------------–----------–---------------------–-----–--------------ში, დ----------------ე დანის დემონსტრირებით, მის მეუღლეს, ს---------------ეს, რამდენჯერმე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ს---------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 29 აპრილს, ქ-------–--–-----–--------------–----------–---------------------–-----–-------------ში, დ----------------ემ მის მეუღლეს, ს---------------ეს, რამდენჯერმე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით, რა დროსაც ს---------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის განაჩენით:

 

დ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს დ----------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და დ----------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გამამართლებელი განაჩენი დ----------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დ----------------ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების - ჯ----–----------–ის (დაზარალებულის მამიდაშვილი), ხ-----------------–ის (დაზარალებულის დედა), ლ--------------–ის (დაზარალებულის და), გ------------------ის (დეტექტივ-გამომძიებელი) ჩვენებებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დ----------------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. დ----------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ არანაირ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება დაზარალებულს, ს---------------ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ს---------------ემ (გამართლებულის მეუღლე) გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ დ----------------ის მეუღლემ ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული არის მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირი, რომელსაც, შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი დ----------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის ძალადობას, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ამდენად, სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს, თუმცა სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში უნდა არსებობდეს სხვა უტყუარი, ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები დამნაშავე პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

 

რაც შეეხება მოწმეებს - ჯ----–----------–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში აჩვენა, რომ 2018 წლის 29 აპრილს სტუმრად იმყოფებოდა მამიდასთან, ს------–---–----ში. აქვე სტუმრად იმყოფებოდნენ დ----------------ე და მისი მეუღლე ს---------------ე, რომლებიც შემდეგ წავიდნენ თავიანთ სახლში. მათი წასვლიდან, რაღაც დროის გასვლის შემდეგ დარეკა ბავშვმა და თქვა, რომ ყვიროდნენ დედა და მამა. იგი (მოწმე) მივიდა ფ--------ის სახლში და დაინახა, რომ დ-------- და ს---------------ეები კამათობდნენ ერთმანეთში, დ-----ს ხელი ჰქონდა მოკიდებული ს-------ს ყელზე, არ ახრჩობდა, არ ურტყამდა და არც ემუქრებოდა. ეს უკანასკნელი იყო შეშინებული. მან (ჯ----–----------–მა) დ----------------ე დააწყნარა და გამოიყვანა სახლიდან, რა დროსაც დ--------ს მხრიდან რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ს---------------ე დაავადებულია ეპილეფსიით და ხშირად ემართება შეტევა. არასრულწლოვანი მოწმე ლ--------------–ის ჩვენებით, 2018 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა ს---------------ესთან სახლში. საღამოს საათებში, ს---------------ეს, ნერვიულობის ნიადაგზე, დაემართა ეპილეფსიის შეტევა და წაუვიდა გული, რის გამოც ბავშვებმა დაურეკეს ს---------------ის დედას. როცა ისინი მივიდნენ, გამოიძახეს სასწრაფო. ს------- და დ----------------ეები ერთმანეთში საუბრობდნენ, ჩხუბით არ უჩხუბიათ. კამათის დაწყების დროს ის (ლ--------------–ი) იმყოფებოდა სხვა ოთახში ბავშვებთან ერთად, ხოლო შემდეგ გავიდნენ გარეთ. მოწმე ხ-----------------–ის ჩვენებით, 2018 წლის 29 აპრილის, მისი ქალიშვილი ს---------------ე და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სიძე, დ----------------ე იმყოფებოდნენ სტუმრად მასთან სახლში. მათი წამოსვლის შემდეგ დაურეკა შვილიშვილმა და უთხრა, რომ მამა ურტყამდა დედას და მისულიყო მათთან. მისვლისას დაინახა, რომ მისი ძმისშვილი, ჯ----–----------–ი, აკავებდა დ----------------ეს, რომელიც იწევდა მისი შვილისაკენ, თუმცა, მისი (მოწმის) თანდასწრებით დ----------------ეს ს---------------ისათვის ხელი არ დაურტყამს. მისთვის მის ქალიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ქმარი სცემდა. მოწმე გ------------------ის ჩვენებით, 2018 წლის 29 აპრილს, მეწყვილე პ---------------–-–---–თან ერთად გავიდა მისამართზე, სადაც ადგილი ქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. ადგილზე მისვლისას დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება დ----------------ე, რომელსაც აკავებდა 16-17 წლის ბიჭი. ადგილზე ასევე დახვდათ ქალბატონი, რომელიც საწოლზე იჯდა, ყელზე ჰქონდა ხელი მიფარებული და ტიროდა. მეწყვილესთან ერთად დააკავა დ----------------ე ბრალდებულის სახით და გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ბრალდების მიხედვით, 2017 წლის იანვარსა და 2017 წლის აგვისტოში დ----------------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების, აგრეთვე, 2017 წლის აგვისტოში დ----------------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის დასადასტურებლად სასამართლოში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება. ყველა ზემოხსენებული მოწმის ჩვენება შინაარსობრივი თვალსაზრისით შეეხება 2018 წლის 29 აპრილს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, ბრალდების ფორმულირების მიხედვით, დ----------------ემ მის მეუღლეს, ს---------------ეს, მათი არასრულწლოვანი შვილების - ს--–---------–--–--ის, მ--- და გ------- ფ--------ის თანდასწრებით, რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში, მოუჭირა ხელი მკლავებზე და დააგდო საწოლზე, რა დროსაც ყელში ძლიერად წაუჭირა ხელი და გუდავდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. აგრეთვე, დ----------------ე მის მეუღლეს, ს---------------ეს, რამდენჯერმე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით, რა დროსაც ს---------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ბრალდების დადგენილებაში მოხსენიებული ძალადობისა და მუქარის ფაქტობრივი გარემოებები. მოწმე ჯ----–----------–მა ერთმნიშველოვნად აღნიშნა, რომ დ-------- და ს---------------ეები კამათობდნენ ერთმანეთში, დ-----ს ხელი ჰქონდა მოკიდებული ს-------ს ყელზე, არ ახრჩობდა, არ ურტყამდა და არც ემუქრებოდა. არასრულწლოვანი მოწმე ლ--------------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა ს---------------ესთან სახლში. საღამოს საათებში, ს---------------ეს, ნერვიულობის ნიადაგზე, დაემართა ეპილეფსიის შეტევა და წაუვიდა გული, რის გამოც ბავშვებმა დაურეკეს ს---------------ის დედას. როცა ისინი მივიდნენ, გამოიძახეს სასწრაფო. ს------- და დ----------------ეები ერთმანეთში საუბრობდნენ, ჩხუბით არ უჩხუბიათ. მოწმეები - ხ-----------------–ი და გ------------------ე თავიანთ ჩვენებებში ასევე არ ადასტურებენ დ----------------ის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით და 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად და მუქარად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში შესაბამისად - ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია. ტკივილი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ამდენად, ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის სუბიექტურ განცდასთან მიმართებაში დაზარალებულ ს---------------ის შეფასება არ არსებობს, იმავდროულად, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის არსებობას.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ დ----------------ემ სხვადასხვა დროს ჩაიდინა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დ----------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ დ----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის განაჩენი გამართლებულ დ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის განაჩენი დ----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

დ----------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

 

გამართლებულ დ----------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და დაწესებული შეზღუდვა, გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე