განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119003175894
საქმე № 1ბ/1746 -19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - მ-------- კ-----–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------–-, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ა--------------------------–----------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-------–--------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. კერძოდ, მსჯავრდებულ მ-------- კ-----–---–ის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ-------- კ-----–---–ის მიმართ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი და ვერ უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოცილიზაციას და სასჯელის მიზნებს. აპელანტს მიაჩნია, რომ მ-------- კ-----–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პირობითად ჩათვლის გარეშე, გახდებოდა საფუძველი მ-------- კ-----–---–ის მომავალში საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნებოდა დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის მის მიერ ჩადენილი ქმედების უკეთ გაცნობიერებისთვის. შეამცირებდა მ-------- კ-----–---–ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რისკს, რითაც ხელი შეეწყობოდა სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ არ გახდა სადავოდ მტკიცებულებები, მაგრამ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დაზარალებულების მდგომარეობა. მისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დაზარალებული იმყოფება სტრესის და მუდმივი ძალადობრივი ზემოქმედების მოლოდინის მდგომარეობაში. აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული ლმობიერი სასჯელი შესაძლოა ,,წამახალისებელიც“ კი გახდეს მისთვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ასევე სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ უნდა დაინიშნოს კანონიერი და მკაცრი სასჯელი, რაც იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.
სასამართლომ დაადგინა:
მ-------- კ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ა--------------------------–--------ში, მ-------- კ-----–---–მა მისივე საცხოვრებელ სახლში, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, მ-----------–-–---–ს, ურთიერთშელაპარაკებისას მათივე არასრულწლოვანი შვილის მ------ კ-----–---–ის თანდასწრებით გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, ასევე ძლიერად მოუჭირა ხელი ყელის არეში, ყელში ხელებმოჭერილი წააქცია დივანზე, შემდგომ რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ-------- კ-----–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ-------- კ-----–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულ მ-----------–-–---–ის, არასრულწლოვანი მოწმის მ------ კ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: ნ--–--------------–-–---–-----–---–- კ-----–---–ის, რ----------------- გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თავად მ-------- კ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ მ-------- კ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-------- კ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუქტით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-------- კ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩანადენილ დანაშაულს.
მ-------- კ-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.
პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი, ვინაიდან კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ყოველთვის არ გულისხმობს მის უსამართლობას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მ-------- კ-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ მ-------- კ-----–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. სააპელაციო პალატისთვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს „წამახალისებელი“ ახალი დანაშაულის ჩასადენად. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე მ-------- კ-----–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მ-------- კ-----–---–ის მიმრთ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდეგ, დაზარალებული იმყოფება სტრესის და მუდმივი ძალადობრივი ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა მის მიმართ. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ამასთან, დაზარალებულის მ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმის (26.07.2019 წ.) მიხედვით, რომელიც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, დაზარალებული აცხადებს, რომ მას არ სურს მ-------- კ-----–---–ის მკაცრად დასჯა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ მ-------- კ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ასევე, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ მ-------- კ-----–---–მა ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მ-------- კ-----–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა მ-------- კ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მ-------- კ-----–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას მ-------- კ-----–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის მ-------- კ-----–---–ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-------- კ-----–---–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მ-------- კ-----–---–ის სათანადო ქცევას.
ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ-------- კ-----–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი მ-------- კ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ-------- კ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს ლ------------------- (პ/ნ 0----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,საქართველოს ბანკი’’ ბანკის კოდი BAGAGE22; 2019 წლის 26 ივლისს შეტანილი თანხა 4000 ლარი.
მსჯავრდებულს მ-------- კ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 24 ივლისიდან 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი