განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002497977
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმეN2ბ/7897-18 5 ნოემბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე -ლევან გვარამია
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე)_ თ------------–---–-;
წარმომადგენელი _ მ--------------ე;
აპელანტი (მოპასუხე) _ ე-–----------–-----–---–-;
წარმომადგენელი _ ე-–----------------;
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტ თ------------–---–-ს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
აპელანტ ე-–----------–-----–---–-ს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ------------–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფიდა: ე-–----------–-----–---–-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქი თბილისი, ს------–ი გ-–----- ხ--------- ხ---- ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი 512 კვ.მ. შენობა N2 საერთო ფართი 121.2 კვ.მ (ს/კ N 7-----------) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე თ----- ი-----–---–ს; თ------------–---–-ს მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თ------------–---–-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქ თბილისში, ს------–ი გ-–----ში, ხ--------- ხ---- ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი 512 კვ.მ. შენობა N2 საერთო ფართი 121.2 კვ.მ (ს/კ N 7-----------) რეგისტრირებულია თ------------–---–-ს საკუთრების უფლება.
2.3. მოპაასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს.
2.4. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, ვინდიკაციური სარჩელი აღძრას, თუ მისი ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა და არსებობს სამი ელემენტი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამი პირობის დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. პირველი პირობა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არის ის, რომ მესაკუთრეობა (თუ დავა უძრავ ნივთს ეხება) უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მეორე აუცილებელი ელემენტია, რომ მოპასუხე აუცილებლად უნდა ფლობდეს მესაკუთრის ნივთს და მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი. ხოლო 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქ თბილისში, ს------– გ-–----ში, ხ--------- ხ---- ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი 512 კვ.მ. შენობა N2 საერთო ფართი 121.2 კვ.მ (ს/კ N 7-----------) რეგისტრირებულია თ------------–---–-ს საკუთრების უფლება. მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა სადავო ნივთის მართლზომიერების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალის წინაპირობები, ასევე უნდა შეესაბამებოდეს ზიანის სამართლებრივ კონსტრუქციას და ერთ-ერთი გარემოების არარსებობა გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების სფერო მოიცავს, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობებს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობს არასახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა მისთვის ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის და იმ გარემოების დადასტურება, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეების ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ნორმების დაცვით, მისი მტკიცების საგანში შემავალი ამ გარემოებების დადასტურება. უწინარესად, მან ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ იგი აპირებდა სადავო ბინის გაქირავებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინის პირდაპირი დანიშნულებაა მისი საცხოვრებლად გამოყენება, მასში ბინადრობა და იგი ყოველთვის არ არის გამიზნული იმისათვის, რომ მან რაიმე შემოსავალი/მოგება მოუტანოს მესაკუთრეს მისი გაქირავების შედეგად, მითუმეტეს კი, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მხარე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი აპირებდა ბინის გაქირავებას. ვერ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით გათვალისწიენებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
2.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტ თ------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, მოპასუხის და მისი ოჯახის წევრების უკანონო ხელშეშლის გამო, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობა, შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოსარჩელის დასაბუთება ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ მოიცავდა მხოლოდ ზიანის ანაზღაურებას წმინდა გაგებით, სასარგჩელო მოთხოვნის ამ ნაწილს გააჩნდა რამოდენიმე სამართლებრივი საფუძველი, თუმცა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე. გარდა ამისა სასამართლოს მხირიდან არ ყოფილა გამოყენებული არცერთი პრეცენდენტი, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელობას გაამართლებდა და არ გაითვალისწინა საქართველოს უზენასი სასამართლოს ერთგვაროვანი ორაქტიკა.
3.1.2. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-459-438-2015 განჩინებაზე და აღნიშნა, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არანაირი ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული, თუმცა გამომდინარე, იქედან, რომ 2018 წლის 17 მაისის შემდგომ მოპასუხემ დაკარგა ყოველგვარი უფლება უძრავ ქონებაზე, მას წარმოეშვა დამატებითი ვალდებულება გაეთავისუფლებინა და გადაეცა ბინა მოსარჩელისათვის. შესაბამისად, მიეცა მისთვის შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, უძრავი ქონების ფლობით ან/და სარგებლობით მიეღო სარგებელი. რომ არა მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო და არაკეთილსინდისიერი მოქმედებები, მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებელობა თავისი სურვილის შესაბამისად განეკარგა ქონება და მიეღო მისგან სარგებელი.
კონკრეტული სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის არ არსებობა არ უნდა გახდეს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნისნულ პოზიციას იზიარებს უზენაესი სასამართლო Nას-472-448-2013 განჩინებაში.
3.1.3. აპელანტის მითითებით, არსებობდა ზიანის ანაზღაურების სხვა სამართლებრივი საფუძელი. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი. ყურადსაღებია რომ მითიტებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიუთითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძლო გამდიდრებასთან, როგორც ხელყოფის კონდიქციისთვის არის დამაახსიათებელი. ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება. ლოგიკურია მოპასუხე მხარე ვერ დაუბრუნებს სარგებელს მოსარჩელე მხარეს, შესაბამისად უნდა მოხდეს სარგებლობის პროპორციულად მისი ღირებულების ანაზღაურება.
აპელანტის მითითებით, უზენაესმა სასამართლომ განჩინებებში - Nას-472-448-2013; Nას 838-796-2013 განმარტა - იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლებას აძლევს მიიღო ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომელის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.
3.2. აპელანტ ე-–----------–-----–---–-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა აუქციონზე, რომელიც ჩატარდა შპს მისო „თ---–-----------------ს“ სასარგებლოდ, რომელმაც მოპასუხეზე გაცემული სესხი 29 000 ლარის ნაცვლად სააღსრულებო ფურცელი მიიღო საკრედიტო ლიმიტზე 50000 ლარზე, რომელსაც დაემატა პროცენტი და საურავი. მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა ვერ შეძლო სათანადო წესით უფლებების დაცვა და დარჩა თავშესაფრის გარეშე, სამი მცირეწლოვანი შვილით. მოპასუხეს აქვს ფინანსური ვალდებულება სს „ს--–--------- ბ-----“ წინაშე. მის წინააღმდეგ ასევე, გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „კ---------------ის“ სასარგებლოდ. სახლის დაკარგვის საფუძველი გახდა ბანკების უკანონო ფინანსური ოპერაციები, რაც მაღალი საპროცენტო განაკვეთის, პირგასამტეხლოს და საურავის განსაზღვრაში გამოიხატა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქი თბილისი, ს------–ი გ-–-----, ხ--------- ხ---- ტერიტორია, მიწის ნაკვეთი 512 კვ.მ., შენობა N2 საერთო ფართი - 121.2 კვ.მ (მათ შორის 1-ლი სართულის საერთო ფართი - 60,1 კვ.მ.; მე-2 სართულის საერთო ფართი - 61,1 კვ.მ.) საიდენტიფიკაციო კოდი: N7-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია განკარგულება N-----------------, დამოწმების თარიღი:1---------, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის სააღსრულებო ბიური (იხ. ტ.1, ს.ფ. 25-26)
4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რამდენადაც, უძრავ ნივთზე არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი მფლობელობა მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას არ ქმნის. სსკ-ის 158.2 მუხლის თანახმად, მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. ამავე კოდექსის 311.1 მუხლის თანახმად კი, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. კანონის აღნიშნული დებულებები ხელს უწყობს უფლების მქონე, ასევე, მესამე პირთა ინტერესების დაცვას სამოქალაქო ბრუნვაში და სწორედ ამ მიზნითაა დადგენილი რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია (სსკ-ის 312-ე მუხლი).
პალატის შეფასებით, ის გარემოება, თუ, რა საშუალებით მოიპოვა მესაკუთრემ საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე განსახილველი დავის ფარგლებში ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ნივთის აღრიცხვის თაობაზე კანონით დადგენილი წესით არ გაბათილებულა, შესაბამისად საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე თ------------–---–- წარმოადგენს სადავო უძრავ ნივთის მესაკუთრეს.
4.3. დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხე ფლობს მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებას; ამასთან, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ე-–----------–-----–---–- სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს თ------------–---–-ს კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას. აპელანტებს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა, თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
პალატა აღნიშნავს, რომ პირდაპირი და არც არაპირდაპირი მფლობელობა მესაკუთრედ ან მართლზომიერ მფლობელად ყოფნის პრეზუმფციას არ ქმნის. სსკ-ის 158.2 მუხლის თანახმად, მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. მართლზომიერ მფლობელად, კი, ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, ნივთის წინა მესაკუთრის მხრიდან საკუთრების უფლების დაკარგა, იმავდროულად გულისხმობს, რომ მფლობელობის უფლების შენარჩუნება დამოკიდებული ხდება ნივთის ახალი მესაკუთრის ნებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, რომელიც მოპასუხის მფლობელობის წინააღმდეგია. მოპასუხეს თავის მხრივ არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ეს ის შემთხვევაა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ------------–---–- წარმოადგენს უძრავ ნივთის მდებარე: ქალაქი თბილისი, ს------–ი გ-–-----, ხ--------- ხ---- ტერიტორია, მიწის ნაკვეთი 512 კვ.მ., შენობა N2 საერთო ფართი - 121.2 კვ.მ (მათ შორის 1-ლი სართულის საერთო ფართი - 60,1 კვ.მ.; მე-2 სართულის საერთო ფართი - 61,1 კვ.მ.) საიდენტიფიკაციო კოდი: N7----------- მესაკუთრეს, რომელსაც თავის მხრივ ფლობს ე-–----------–-----–---–-. ამასთან, რამდენადაც აპელანტმა ვერ უზრუნველყვეს ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობის დადასტურება, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე მითითებით მართებულად დააკმაყოფილა ს-----------–------ სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4.5. მოსარჩელე სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა, მოპასუხისათვის ზიანის სახით, თანხის დაკისრების თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 2018 წლის 17 მაისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდისათვის ყოველთვიური ქირის სახით 500 ლარის გადახდა. მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობდა მის საკუთრებას, რითიც მას მოესპო ქონებით შემოსავლის მიღება-გაქირავების შესაძლებლობა.
სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ, 05.12.2013წ., საქმე Nას-472-448-2013).
პალატა მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხი. ამ მხრივ საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემომითითებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება, გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი ბინის ქირის ოდენობით. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „უ------ ქ------- ე----------“ 1.11.2018წ. დასკვნა, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლის, მდებარე მისამართზე:თბილისი, ს------–ი გ-–-----, ხ--------- ხ---- ტერიტორია - პერიოდში 2018 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე შეადგინა 2750 ლარი (საშუალო ყოველთვიური ქირის ღირებულება შეადგენს 550 ლარს).
დადგენილია, რომ მოსარჩელე ქირის ანაზღაურებას მოითხოვს 2018 წლის 17 მაისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდისათვის. ამ მხრივ პალატა ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის შინაარსზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ აღსრულების პროცესში და ბინის რეალიზაციის შემდგომაც მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება უძრავი ნივთის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა საგარანტიო თანხის გადახდა, რომლის გადახის შემთხვევაში ის ჩაშლიდა აუქციონს. მოსარჩელემ თანხის გადახდისათვის მოპასუხეს თავდაპირველად მისცა ვადა 9-10 მაისამდე, შემდეგ 25 მაისამდე, ვადამ ასევე გადაიწია 29 მაისამდე და 31 მაისამდე. ვინაიდან, მოპასუხის მიერ ვერ მოხდა თანხის გადახდა, მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეიტანა უძრავი ქონების დარჩენილი ღირებულება და ქონება აღირიცხა მის სახელზე, თუმცა მხარეთა შორის კვლავ გრძელდებოდა მოლაპარაკება ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით და გამოსყიდვის ვადა მხარეთა მიერ განსაზღვრული იყო ასევე 2018 წლის 25 ივნისით (იხ. ტ.1, ს.ფ. 4)
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ერთის მხირვ მოითხოვს მოპასუხისათვის ზიანის სახით თანხის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ ის უკანონოდ ფლობდა მის საკუთრებას, რითიც მოესპო შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, თუმცა მეორეს მხრივ დაადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ იმ პერიოდში, რა პერიოდზეც მოსარჩელე მოითხოვს თანხის დაკისრებას, მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით და გამოსყიდვის ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. აღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა, რომ მოპასუხე სარგებლობას ახორციელებდა მოსარჩელის ნების შესაბამისად, რაც გამორიცხავს ზიანის სახით თანხის ანაზღაურების დაკისრებას. გარდა ამისა სადავოა ზიანის ოდენობა. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაზე, რომლითაც ქირავნობის საბაზრო ღირებულება გაანგარიშებულია 2018 წლის 1 ივნისიდან, 2018 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდზე, ხოლო თანხის დაკისრებას მოსარჩელე 2018 წლის 17 მაისიდან, 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდზე მოითხოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომელიც აუცილებელია ზიანის სახით თანხის დასაკისრებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტებმა შეთავაზეს სასამართლოს არ იძლევა მათი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ე-–----------–-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ვლადიმერ კაკაბაძე