განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003143207
№1ბ/1782-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - დ----- ხ---–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ა-------–-------------–----–---------------–---------–--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------–------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ცოტნე ცერცვაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება რომ ბრალდებულმა დ----- ხ---–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები რითაც ხელი შეუწყო გამოძიებას და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, თუმცა სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა დ----- ხ---–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ბრალდების მხარის მოსაზრებით სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედების არათანაზომიერი მსუბუქი სასჯელი, რაც ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მიზნების განხორციელებას. აპელანტის მოსაზრებით პიროვნების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მან დანაშაული, ძალადობა განახორციელა ქალის მიმართ და მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ დ----- ხ---–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას და ამ თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
დ----- ხ---–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ივლისს, ღამის საათებში, ქ. თ---–--–-----–-----------------------------------------------------ში დ----- ხ---–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგოს – ა---–--------ს, კერძოდ, დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენით, დ----- ხ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დ----- ხ---–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ დ----- ხ---–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ა---–--------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: თ-------- მ----–-–---–ის და ს----- გ-------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით და თავად დ----- ხ---–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ დ----- ხ---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----- ხ---–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----- ხ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი დ----- ხ---–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან არ ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, დ----- ხ---–---–ს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ----- ხ---–---–მა დანაშაულის ჩადენისთანავე გააცნობიერა და ქმედითად მოინანია ჩადენილი, მიუხედავად დაზარალებულის წინააღმდეგობისა, თავად გააკეთა შეტყობინება სსიპ ,,112“-ში და მანვე მიაწოდა ინფორმაცია ძალადობის თაობაზე, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და შერიგებულია დაზარალებულთან. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ დ----- ხ---–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა და არ არსებობს დანიშნული სასჯელის გამკაცრების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ცოტნე ცერცვაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს
ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დ----- ხ---–---–ს, ამავე საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 100 (ასი) ლარით. შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირს რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო და ძირითად სასჯელად დაენიშნება ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისგან. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით, დ----- ხ---–---–ი 2019 წლის 12 ივლისიდან 2019 წლის 15 ივლისამდე დროის პერიოდში იმყოფებოდა პატიმრობაში, რაც ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნის შემდგომ, არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯელობის საგანი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილებით, პალატა არ ცდება სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, ვინაიდან განაჩენში აზუსტებს ვადას, რომელიც მოხდილი აქვს მსჯავრდებულს და უნდა ჩაითვალოს, უკვე დანიშნულ სასჯელში.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დ----- ხ---–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 ივლისიდან 2019 წლის 15 ივლისამდე და მოსახდელად უნდა დარჩე ჯარიმა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ცოტნე ცერცვაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენში დ----- ხ---–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
დ----- ხ---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დ----- ხ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი - 2019 წლის 12 ივლისიდან 2019 წლის 15 ივლისამდე და მოსახდელად დარჩეს - ჯარიმა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
დ----- ხ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე