განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
330100119003103228
ინსტანცია
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003103228

№1ბ/1776-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - დ------------ია, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ------------–-------–----------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და დ------------იას მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სათანადოდ არ გაითვალისწინა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის სპეციფიკური ხასიათი და ისე განუსაზღვრა დ------------იას აშკარად მსუბუქი სასჯელი. გასაჩივრებული განაჩენით დ------------იას მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ქმედების ხასიათთან. მართალია ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ საყურადღებოა რომ იგი წარმოადგენს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. ამავდროულად როგორც ფაქტებით დასტურდება მსჯავრდებულის ქმედებას ქონდა სისტემატური ხასიათი, შესაბამისად მის მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილში სასამართლო ზედმეტად ლმობიერი აღმოჩნდა, გამომდინარე აქედან სასამართლოს მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელი უნდა განესაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ დ------------იას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას და ამ თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა დ------------იამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ელენე ქობალიამ შესაგებელი წარადგინეს და მოითხოვეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

დ------------იამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2005 წლიდან ე---------ე ჩ------------ე ქორწინებაში იმყოფება დ------------იასთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები – 2011 წელს დაბადებული დავით გობეჩია და 2015 წელს დაბადებული ელენე გობეჩია. შეუღლებიდან მეუღლეები ცხოვრობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ხოლო 2017 წლის 08 თებერვლიდან – ქ. თ---–--–-----------------------------------ში მდებარე, დროებით საცხოვრებელ ბინაში. ამავე ბინაში ე---------ე ჩ------------ის თხოვნითა და დახმარების მიზეზით, საცხოვრებელად გადავიდა ამ უკანასკნელის დედა მ-----ე ჩ------------ე. ქალაქ თბილისში ცხოვრების დაწყებისთანავე, სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზთა გამო, დ------------ია ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე. კერძოდ, აგრესიას გამოხატავდა ე---------ე ჩ------------ის მიმართ. სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, უშვერი და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა მას. ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის დამყარებით, მუდმივად აკონტროლებდა ე---------ე ჩ------------ის ქმედებებსა თუ გადაადგილებას. იმავდროულად ე---------ე ჩ------------ის თანდასწრებით ამ უკანასკნელის დედას მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით და მოითხოვდა საცხოვრებელი სახლიდან მის წასვლას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენით, დ------------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ დ------------იას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -2019 წლის 08 ივნისიდან - 2019 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ დ------------იას ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ დ------------იას ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ე---------ე ჩ------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: მ-----ე ჩ------------ის და გ-----------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო–ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და თავად დ------------იას აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ დ------------იას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ------------იამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

დ------------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი დ------------იას, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, დ------------იას განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ------------ია აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და არ არის ნასამართლევი. შესაბამისად პალატა თვლის, რომ არ არსებობს დ------------იას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დ------------იას მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ყვავაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ყვავაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დ------------იას მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ------------ია ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ დ------------იას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 08 ივნისიდან 2019 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

დ------------იას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ დ------------იას, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ დ------------იას მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სსიპ ,,112“-დან გადაგზავნილი აუდიო ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე