განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100119002982060, №1ბ/1625-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ჯ----– ნ-----–-–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ------- ე---------ის ძე ა---------ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე (გაქარწყლებული), მცხოვრები: ქ------------------------–-----------
ადვოკატი - ა-–----- ბ----------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ------- ა---------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
დანიშნული სასჯელი არის აშკარად უსამართლო და დაუსაბუთებლად ლმობიერი, არ გამომდინარეობს ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლომ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, გ------- ა---------ის პიროვნება, რომ იგი წარსულში მსჯავრდებულია, შესაბამისად აღნიშნული სასჯელი იქნება წამახალისებელი ფაქტორი მისთვის, რომ სხვა დროსაც კვლავ ჩაიდინოს ანალოგიური ქმედება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის პოზიცია - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით გ------- ა---------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი (ვრცლად იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენით, გ------- ა---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
2019 წლის 22 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, მეტროსადგურ „ს-------–---–ის“ ზედა ვესტიბიულში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს მეორე ოცეულის თანამშრომლების მიერ წვრილმანი ხულიგნობისთვის და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დაკავებული იქნა გ------- ა---------ი, რომელიც პატრულ-ინსპექტორებმა გ--–----–--ემ, მ--------------–---–მა, გ------- ო---–---–მა და ვ----–-------–---–მა დაახლოებით 21:35 საათზე წარადგინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შესვლისთანავე გ------- ა---------ი მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების გამო, აგრესიას გამოხატავდა დამკავებელი პატრულ-ინსპექტორების მიმართ და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო ხელბორკილების მოხსნისთანავე, გ------- ა---------ი თავს დაესხა დამკავებელ პოლიციელებს, აიღო სკამი და შეეცადა ესროლა მათ დასაზიანებლად, რისი საშუალებაც არ მისცეს ადგილზე მყოფმა იზოლატორის თანამშრომლებმა და დამკავებელმა პოლიციელებმა. გ------- ა---------ი კვლავ აგრძელებდა აგრესიას და მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი ფიზიკური დაზიანების მიზნით იქნევდა ხელებს და ფეხებს, რა დროსაც პატრულ-ინსპექტორ ვ----–-------–---–ს ფეხი ამოარტყა საზარდულის არეში, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გახდა ცუდად, რის შემდეგაც მიღებული დაზიანების გამო, სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში სათანადო მკურნალობის ჩასატარებლად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენით, გ------- ა---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ორი მესამედის ოდენობით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი მესამედის ოდენობით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი. გ------- ა---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 მარტიდან.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, გ------- ა---------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05).
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- ა---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- ა---------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების (გ------- ა---------ის აღიარება, დაზარალებულის ვ----–-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების გ--–----–--ის, მ--------------–---–ის, გ------- ო---–---–ის, ი-–-----------–---–ისა და გ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ გ------- ა---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯ----– ნ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი გ------- ა---------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
პალატა მიუთითებს სასჯელის მიზნებზე, რასაც წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
მოცემულ შემთხვევაში, გ------- ა---------მა გამოძიებაშივე აღიარა ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან. საქმის განხილვის მიმდინარეობის დროს, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ სავსებით სამართლიანია გ------- ა---------ისთვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა და დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება. სააპელაციო საჩივარში დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება უპირობოდ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების საფუძველი. პალატა, გ------- ა---------ის ნასამართლობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ მას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის დანიშვნა და მისი (ან ნაწილის) პირობით ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. პალატა იმედოვნებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის პირობით ჩათვლა უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასჯელის მიზნების მიღწევას. გ------- ა---------ისთვის ცნობილი იქნება, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალება პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გამოსაცდელი ვადის პერიოდში პრობაციის სამსახურისთვის თავის არიდების და ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი შესაძლოა აღსრულდეს პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება დამატებითი გარანტია და დამაფიქრებელი მისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და შედეგები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯ----– ნ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯ----– ნ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი.
გ------- ა---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, გ------- ა---------ს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ გ------- ა---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 მარტიდან.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, გ------- ა---------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე