განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2019
საქმის ნომერი
330100119002926418
ინსტანცია
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002926418

საქმე № 1ბ/1807 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ზ----- კ--------, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ--–--------–----------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–---–------------------ში;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი:

ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-------–---–------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მსჯავრდებულ ზ----- კ--------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან სასმართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ქმედების ხასიათთან, უგულვებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მოთხოვნები. ზ----- კ--------ს მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი დანაშაულებრივი ქმედება დაზარალებულის მიმართ, რომელსაც პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ. მსჯავრდებულმა ზვაიდ კ--------მ, ფეხის გამოყენებით, საჯარო დაწესებულების ეზოში, განახორციელა დაზარალებულის მიმართ ძალადობრივი ქმედება. თავად მსჯავრდებულის ქმედება და სპეციფიკა მიუთითებს ზ----- კ--------ს პიროვნებაზე და მის დამოკიდებულებაზე კანონისადმი და დაზარალებულისადმი. გასათვალისწინებლია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა მაშინ, როდესაც ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იმყოფებოდა აღკვეთის ღონისძიების - გირაოს ქვეშ. ზემოაღნიშნული გარემოებები კი მიუთითებს მის არაკანონმორჩილებაზე, მის დამოკიდებულებაზე კანონისადმი და მართლმსაჯულებისადმი. აპელანტს მიაჩნია, რომ ზ----- კ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახლი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ასეთი ჰუმანური სასჯელი მაპროვოცირებელი შესაძლოა უფრო იყოს, ვიდრე დამაფიქრებელი მისი საქციელის სწორად განსაზღვრისათვის. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ უფრო სამართლიანი სასჯელი იქნება მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნა. აპელანტის შეფასებით, მსჯავრდებულ ზ----- კ--------ს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი, რელევანტური სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ზ----- კ--------მ ჩაიდინა - ძალადობა, ე.ი. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 12:40 საათზე, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, მოქალაქეთა მისაღების შესასვლელთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ----- კ--------მ ი-----–- ზ-------–---–ს ხერხემლის ქვედა ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზ----- კ--------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ----- კ--------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ი-----–- ზ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, დღის პირველ ნახევარში, იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღებში, როდესაც სასამართლოს შენობის ჭიშკრის მხარეს მდებარე კარიდან კლიენტი გააცილა, კიბეზე მდგარმა, იქვე, კიბესთან თვალი მოჰკრა ზ----- კ--------ს. ისე, რომ მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, შებრუნდა მოქალაქეთა მისაღებში და ცენტრალურ შენობაში გადასასვლელად მეორე, სკვერის მხარეს არსებული გასასვლელისკენ წავიდა. შენობიდან გასული კიბეზე ჩადიოდა, ზ----- კ-------- რომ დაეწია, უკნიდან ხელი მოკიდა და გააჩერა. ზ----- კ--------სკენ მიტრიალდა და ჰკითხა, რაში იყო საქმე და ხელს რატომ ჰკიდებდა, რაზეც მან აგრესიული ტონით უპასუხა - საქმე მაქვს შენთან, გამომყევიო. შენთან არანაირი საქმე არ მაქვსო, მიუგო ზ----- კ--------ს, რაზედაც ამ უკანასკნელმა გინება დაუწყო. ზურგი აქცია და გაცლა დააპირა, რა დროსაც, როგორც ჩანს, მისი საქციელით შეურაცხყოფილმა, ზ----- კ--------მ წიხლი დაარტყა კუდუსუნის არეში. გარდა იმისა, რომ დარტყმამ ფიზიკური ტკივილი მიაყენა, თავი უხერხულად და შეურაცხყოფილად იგრძნო. მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ზ----- კ-------- მოქალაქეთა მისაღებში შებრუნდა, იქედან შენობიდან გავიდა და სასამართლოს ეზოს ჭიშკრისკენ დაიძრა. ზ----- კ--------ს უკან გაჰყვა და მისთვის სასამართლოს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა რომ არ მიეცა, თხოვნით მიმართა სასამართლოს მანდატურს, შეეჩერებინა იგი, რაზეც მანდატურმა უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ ზ----- კ--------ს მიერ განხორციელებული კანონდარღვევის ფაქტს არ შესწრებია, რაც მისი შეჩერების უფლებას უზღუდავდა. სასამართლოს ეზოდან გასული ზ----- კ-------- ავტომანქანაში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა, თავად კი, საპატრულო პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამომძიებელს ჩვენება მისცა. იმავე დღეს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც. დაზარალებულმა ი-----–- ზ-------–---–მა ასევე განმარტა, რომ ზ----- კ--------სთან პირადი ნაცნობობა და ურთიერთობა არ აკავშირებს, მათ შორის გარკვეული კონფლიქტის არსებობა განაპირობა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით მის მიერ ზ----- კ--------ს მოქმედებების კრიტიკამ, რამაც ზ----- კ-------- გაანაწყენა და სოციალური ქსელის საჯარო „პოსტებსა“ და საგაზეთო ინტერვიუში მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს აჟღერებდა. დაზარალებულმა ი-----–- ზ-------–---–მა დაკითხვისას ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე ზ----- კ--------ს ნ-----–-------–---–----------–--------–---–---–- ახლდნენ, რომლებიც თვითმხილველნი იყვნენ მომხდარი ძალადობის, თავად კი მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მოწმე კ-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს იმყოფებოდა სასამართლოს ეზოში შემოსასვლელ ჭიშკართან არსებულ საგუშაგოზე, რა დროსაც, დაახლოებით 12:00-13:00 სთ. პერიოდში, მასთან მივიდა ადვოკატი ი-----–- ზ-------–---–ი და შეატყობინა, რომ რამდენიმე წუთით ადრე სასამართლოს ეზოში ზ----- კ--------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ფეხი ამოარტყა საჯდომზე, რასთან დაკავშირებითაც მის დაკავებას ითხოვდა. ი-----–- ზ-------–---–ს განუმარტა, რომ ვინაიდან მის მიერ გაცხადებულ დანაშაულებრივ ფაქტს პირადად არ შესწრებია, ზ----- კ--------ს დაკავების უფლება არ ჰქონდა. ი-----–- ზ-------–---–თან საუბრისას დაინახა ზ----- კ--------, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით ტოვებდა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას. ი-----–- ზ-------–---–ი ზ----- კ--------ს უკან გაჰყვა.

ამავე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ--------------------მა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურმა, რომელიც შემთხვევის დროს, კ-------------ს მსგავსად, განაწილებული იყო სასამართლოს ეზოში შემოსასვლელ ჭიშკართან არსებულ საგუშაგოზე.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 25.12.2018 წ. ი-----–- ზ-------–---–ის პირადი შემოწმებისას, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში (სახე, მტევნები და წელის მიდამო), მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ გამოვლენილა.

ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში, სადაც აღწერილია გამოსაკვლევი პირის პირადი შემოწმების მონაცემები, აღნიშნულია, რომ შემოწმების მომენტში ი-----–- ზ-------–---–ი უჩიოდა ტკივილს კუდუსუნის მიდამოში.

მოწმე დ------------–---–--, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მის მოვალეობაში შედის თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, ასევე მანდატურის სამსახურის თანამშრომლების (მანდატურების) განაწილება და კონტროლი. 2018 წლის 25 დეკემბერს მანდატურებისგან შეიტყო, რომ სასამართლოს ეზოში ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რა დროსაც ზ----- კ--------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატ ი-----–- ზ-------–---–ს. მომხდართან დაკავშირებით გამოძახებული იქნა პოლიცია. მოწმე დ------------–---–მა ასევე განმარტა, რომ სასამართლოს შენობაში (მათ შორის - მოქალაქეთა მისაღებში) და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ 24 საათის განმავლობაში ხორციელდება ჩაწერა, ჩანაწერები კი დაახლოებით ერთი კვირის ვადით ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში არსებულ, ვიდეოკამერებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში, კერძოდ-პერსონალურ კომპიუტერში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 დეკემბერს, 11:54-13:45 სთ. პერიოდში, შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების გამომძიებელ ზ---------------ის მიერ, ექსპერტ გ-----------------ის და თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე დ------------–---–-- მონაწილეობით, სასამართლოს შენობაში, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს N11გ/16300 განჩინების საფუძველზე, დათვალიერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების გვერდითა შესასვლელის (სასამართლოს ეზოში არსებული სკვერის) მხარეს დამონტაჟებული გარე პერიმეტრის და იმავე შესასვლელთან დამონტაჟებული შიდა პერიმეტრის კამერების ჩანაწერები, 2018 წლის 25 დეკემბრის 12:25-12:45სთ. დროის მონაკვეთში.

„camera 02”-ის (შიდა პერიმეტრი) მიერ გადაღებულ ჩანაწერში, 12:43:25 სთ-ზე, კადრში გამოჩნდა მუქი ფერის ქურთუკიანი, შავქუდიანი მამაკაცი, რომელიც ფურცლებით ხელში გაემართა სასამართლოს ეზოში მდებარე სკვერისკენ გასასვლელი კარის მიმართულებით; 12:43:29 სთ-ზე - იმავე მიმართულებით სირბილით მიმავალი ღია ფერის ქურთუკიანი მამაკაცი; ხოლო 12:43:37 და 12:43:43 სთ-ზე კი შავსათვალიანი მამაკაცი და სუსტი აღნაგობის ქალი, რომლებიც იმავე კარით, სირბილით გავიდნენ შენობიდან.

„camera 09”-ის (გარე პერიმეტრი) მიერ გადაღებულ ჩანაწერში, 12:40:40 სთ-ზე, სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების გვერდითა შესასვლელის მხარეს, კადრში გამოჩნდა მოქალაქეთა მისაღების კარიდან გამოსული, მუქი ფერის ქურთუკში ჩაცმული, შავქუდიანი მამაკაცი, რომელიც ფურცლებით ხელში გაემართა სასამართლოს ცენტრალური შენობისკენ. ამავდროულად, იმავე კარიდან გამოვიდა ღია ფერის ქურთუკიანი მამაკაცი, რომელიც მიუახლოვდა ზემოაღნიშნულ, შავქუდიან მამაკაცს, ხელი მოჰკიდა მხარზე და გააჩერა. შავქუდიანი მამაკაცი მიტრიალდა ღია ფერის ქურთუკიანი მამაკაცისკენ და მათ დაიწყეს საუბარი. ამავე დროს, მოქალაქეთა მისაღების კარიდან გამოვიდა შავსათვალიანი მამაკაცი და სუსტი აღნაგობის ქალი. შავსათვალიანი მამაკაცი მივიდა მოსაუბრე მამაკაცებთან და მათ სიახლოვეს გაჩერდა, ქალი კი დარჩა კართან და თვალს ადევნებდა მათ. როცა შავქუდიანი მამაკაცი კარის მიმართულებით დაიძრა, იგი ხელით გააჩერა ღია ფერის ქურთუკიანმა პირმა და მათ შორის კონფლიქტი გაგრძელდა. კამათის დროს, 12:41:13 საათზე, ღია ფერის ქურთუკიანი მამაკაცი უკნიდან მიუახლოვდა შავქუდიან მამაკაცს და ტანის უკანა ნაწილში ერთხელ დაარტყა ფეხი. შავქუდიანი მამაკაცი დარტყმისთანავე შეტრიალდა იმ პირისკენ, რომელმაც დაარტყა ფეხი, თუმცა, იქ მყოფი პირების ძალისხმევით, მასთან მიახლოვება ვერ შეძლო. ღია ფერის ქურთუკიანი მამაკაცი მოქალაქეთა მისაღების შენობაში შევიდა, შავსათვალიანი მამაკაცი და სუსტი აღნაგობის ქალი მას უკან მიჰყვნენ. მალევე შავქუდიანი მამაკაციც გაჰყვა მათ და იმავე კარით შევიდა სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების შენობაში.

„camera 02”-ის (შიდა პერიმეტრი) მიერ გადაღებული ჩანაწერის თანახმად, 12:44:20 სთ-ზე, ღია ფერის ქურთუკიანი მამაკაცი შენობაში შემოვიდა იმავე კარით, რომლიდანაც გავიდა, მას უკან მოჰყვა შავსათვალიანი მამაკაცი; 12:44:35 სთ-ზე კი შენობაში სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა მუქი ფერის ქურთუკიანი, შავქუდიანი მამაკაცი, რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მას უკან მოჰყვა სუსტი აღნაგობის ქალი. ყველა მათგანი კადრიდან ერთი მიმართულებით, შენობის ცენტრალური გასასვლელისკენ გავიდა.

საგამოძიებო მოქმედების ოქმზე დართული შენიშვნის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს რეალურ დროსთან არ აქვს ცდომილება, ხოლო შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს რეალურ დროსთან ცდომილება აქვს სამი წუთი, კერძოდ, რეალურ დროზე წინ არის სამი წუთით.

საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის თანახმად, დათვალიერების მიმდინარეობისას ექსპერტის მიერ მოხდა ვიდეო და ფოტოგადაღება. ვიდეოჩანაწერები და ფოტოსურათები გადატანილი იქნა DVD დისკზე, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

საქმის არსებითი განხილვის დროს ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმისა და მისი შემადგენელი ვიდეოჩანაწერების გამოკვლევისას, რაც წარიმართა დაზარალებული ი-----–- ზ-------–---–ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელმა სასამართლოს განუმარტა, რომ დათვალიერების ოქმსა და ჩანაწერებში ასახულია ზ----- კ--------ს მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ოქმსა და ჩანაწერებში დაფიქსირებული მუქი ფერის ქურთუკიანი და შავქუდიანი პირი არის თავად, ღია ფერის ქურთუკიანი პირი, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ზ----- კ--------, ხოლო შავსათვალიანი მამაკაცი და სუსტი აღნაგობის ქალი კი ზ----- კ--------ს თანმხლები პირები არიან.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ----- კ--------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ----- კ--------ს ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით და საასმართლო სხდომაზე გამოკვლულ საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ზ----- კ--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ----- კ--------მ ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ზ----- კ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ზ----- კ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ იმდენად ჰუმანური სასჯელია დანიშნული, რომ მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ზ----- კ--------ს პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ზ----- კ--------ს მიმრთ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული დაზარალებულის მიმართ, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ზ----- კ--------მ ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ ზ----- კ--------მ ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა დაზარალებულის მიმართ, საჯარო დაწესებულების ეზოში, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ზ----- კ--------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის შესახებ და ითვალისწინებს რა ზ----- კ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ზ----- კ--------ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ზ----- კ--------ს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ----- კ--------ს მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია სასჯელის სახით-ჯარიმის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ზ----- კ--------ს სათანადო ქცევას.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ----- კ--------ს მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი ზ----- კ--------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ზ----- კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ლაზერული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი