განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003077115
№1ბ/1831-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - შ---–-- ხ------–ი, დაბადებული: 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: გ------------–----–----------------–--------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ შ---–-- ხ------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, სასჯელის ნაწილში არის არასამართლიანი, აშკარად ლმობიერია და არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. სასამართლომ გამოიყენა შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადაოდ არ გახადა მტკიცებულებები, თუმცა მიუთითა, რომ დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ვინაიდან დაზარალებულს შ---–-- ხ------–ის მიმართ აქვს პრეტენზია, შესაბამისად, ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, არ არის თანაზომიერი ჩადენილი დანაშაულისა და ვერ გაუჩენს მსჯავრდებულს განცდას, რაც უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას. შესაბამისად, ბრალდების მხარე, სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ შ---–-- ხ------–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
შ---–-- ხ------–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 დეკემბერს, საღამოს საათებში, გ------------–----–----------------–-------------ის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების გამო, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა შ---–-- ხ------–მა სახეში ერთხელ დაარტყა ხელი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს - თ----- ხ------–ს, რის შედეგადაც თ----- ხ------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენით, შ---–-- ხ------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შ---–-- ხ------–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ შ---–-- ხ------–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- ხ------–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმე ი----- ხ------–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ გაცემული ცნობით, რომ თ----- ხ------–ი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი ზომიერად გამოხატული და თავად შ---–-- ხ------–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ შ---–-- ხ------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ შ---–-- ხ------–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ---–-- ხ------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი შ---–-- ხ------–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
აპელანტის პოზიციას, რომ დაზარალებულთან შეურიგებლობის გამო ჯარიმა არ არის თანაზომიერი ჩადენილი დანაშაულისა და ვერ გაუჩენს მსჯავრდებულს განცდას, რაც უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რისი საფუძველიც არის შ---–-- ხ------–ის ქმედების შემდგომი ყოფა-ქცევა. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულ თ----- ხ------–ის და მოწმე ი----- ხ------–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით შ---–-- ხ------–მა ერთჯერადად ხელის დარტყმისთანავე დატოვა შემთხვევის ადგილი და არ უცდია ძალადობის გაგრძელება. მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო ძალადობის ფაქტიდან 5 თვის შემდეგ და არ ყოფილა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, ყოველივე კი, არ გამხდარა წამახალისებელი და არ უცდია დაზარალებულთან კონფლიქტის გაგრძელება. ამასთან, დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო და მიუთითებს, რომ პირს უჩნდება მართლწესრიგის დაცვის და პატივისცემის გრძნობა. მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, რომ შ---–-- ხ------–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების და წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების და ქმედების შემდგომი ყოფა-ქცევის, გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, არ არსებობს შ---–-- ხ------–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახის და ზომის, სხვა სახის სასჯელით შეცვლის აუცილებლობა და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შ---–-- ხ------–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი შ---–-- ხ------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
შ---–-- ხ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – ჯარიმა
500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე