განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119003041677
№1ბ/1879-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ვ------- ხ--–--–---ი, დაბადებული: 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------–----–----------------–-------–ო.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
საქართველოს სსკ-ს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ------- ხ--–--–---მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. აპელანტს მიაჩნია, რომ ქმედება რომელის ჩადენაშიც დამნაშავედ ცნო სასამართლომ არ ჩაუდენია. შესაბამისად, ითხოვს გაუქმდეს განაჩენი და გამოტანილი იქნეს სრულად გამამართლებელი განაჩენი
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2019 წლის 09 მაისს, საღამოს საათებში, გ----------------–----–----------------–------–--ში მდებარე, ა----------- ხ--–--–---ის საცხოვრებელ ბინაში, სრულიად უმიზეზოდ ა----------- ხ--–--–---ს შვილმა, ვ------- ხ--–--–---მა, სხეულის სხვადასხვა ადგილებში, ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ა----------- ხ--–--–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 09 მაისს, საღამოს საათებში, გ----------------–----–----------------–------–--ში მდებარე, ა----------- ხ--–--–---ის საცხოვრებელ ბინაში, ა----------- ხ--–--–---ს შვილმა, ვ------- ხ--–--–---მა, რომელმაც განახორციელა მასზე ძალადობა, თანნაქონი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ა----------- ხ--–--–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ვ------- ხ--–--–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ვ------- ხ--–--–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 09 მაისს, საღამოს საათებში, გ----------------–----–----------------–------–--ში მდებარე, ა----------- ხ--–--–---ის საცხოვრებელ ბინაში, ა----------- ხ--–--–---ი შვილს ვ------- ხ--–--–---ს თანნაქონი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ა----------- ხ--–--–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, ვ------- ხ--–--–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვ------- ხ--–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 09 მაისიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მსჯავრდებულმა ვ------- ხ--–--–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 9 მაისს სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, რა დროსაც ძმებმა უთხრეს წასულიყო, ამის გამო მოუვიდათ კონფლიქტი. ნ----- ხ--–--–---მა ყელზე ხელი მოუჭირა, ხოლო ა-----მა მუშტი დაარტყა და ხელი ჰკრა. მამასთან და ძმებთან დიდი ხანია უთანხმოება აქვს, მათ გამო განქორწინდა მეუღლესთან, სახლიდან აგდებენ და უნდათ თავიდან მოიშორონ.
დაზარალებულმა ა----------- ხ--–--–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი შვილია, შემთხვევის დღეს ნასვამი იყო, უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და უყვიროდა. ხელი არ დაურტყამს და არ შეხებია, თუმცა დანა აიღო და ემუქრებოდა, რადგან ნასვამი იყო და ძალიან აგრესიული, შეეშინდა. ყვირილზე ოთახში მისი უფროსი შვილები შევიდნენ და ძმებსაც ემუქრებოდა მოკვლით და სახლის დაწვით. დაზარალებულმა დამატებით აღნიშნა, რომ ვ------- უყვიროდა, ემუქრებოდა, თუმცა არ დაურტყამს.
მოწმე ა----- ხ--–--–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 9 მაისს ისინი სახლში ჩაის სვამდნენ, რა დროსაც მივიდა ნ----- ხ--–--–---ი და მამის ოთახში შევიდა, მამას ჩხუბი დაუწყო, უყვიროდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მათ გააშველეს და გაიყვანეს ოთახიდან, თუმცა ცოტა ხანში დანით დაბრუნდა და კვლავ აგინებდა მამას, უყვიროდა და იმუქრებოდა, რომ სახლს დაწვავდა და მოკლავდა მათ. ძირითადად მამას ეჩხუბებოდა და ის შეშინებული იყო.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ----- ხ--–--–---მა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 9 მაისს მამის ოჯახში იმყოფებოდა, რა დროსაც მისმა ძმამ ვ------- ხ--–--–---მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამამისს და ემუქრებოდა მოკვლით. ვ------- ხ--–--–---ი ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელებს და შემდეგ აგრესიული ხდება, სხვა დროსაც უთქვამს მამას, რომ სულ შიში აქვს და სულ ტირის. მოწმემ განმარტა, რომ არ დაუნახავს დაარტყა თუ არა ვ-------მ მამას, ოთახში მხოლოდ ყვირილის ხმაზე შვიდნენ.
2019 წლის 7 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა----------- ხ--–--–---ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ------- ხ--–--–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ვ------- ხ--–--–---ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
სააპელაციო პალატა განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ მსჯავრდებულის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მის დამნაშავედ ცნობის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში ვ------- ხ--–--–---ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ვ------- ხ--–--–---ის მიერ, ა----------- ხ--–--–---ის მიმართ განხორციელდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მსჯავრდებული ვ------- ხ--–--–---ი არის ა----------- ხ--–--–---ის შვილი და შესაბამისად მისი ოჯახის წევრი.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, მათ შორის - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების მუქარით დაკვალიფიცირებისთვის საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც მუქარის განხორციელების ელემენტები, გამოყენებული საშუალება, ისე დამოკიდებულება მუქარის ავტორსა და დაზარალებულს შორის და საბოლოოდ უნდა შეფასდეს, იმ კონკრეტულ მომენტში გამოხატული აგრესიული მოქმედება, გამოიწვევდა თუ არა საფუძვლიან შიშს.
სააპელაციო პალატა, ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, მისი უდანაშაულობის თაობაზე და სრულად ეთანხმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და გადაწყვეტილებას, რომ ბრალდების ამ ნაწილში, ვ------- ხ--–--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეებმა ა----- ხ--–--–---მა და ნ----- ხ--–--–---მა სასამართლო სხდომაზე მიუთითეს, რომ მსჯავრდებული დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა მამას მოკვლით, რაც ასევე დაადასტურა დაზარალებულმა ა----------- ხ--–--–---მა. მუქარის შედეგად დაზარალებულს, რომ გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში დასტურდება თავად დაზარალებულის ჩვენებით, რომ მსჯავრდებული იყო ნასვამი და აგრესიული, რის გამოც მუქარის შეეშინდა და მის ყვირილზე შევიდნენ ოთახში ა----- ხ--–--–---ი და ნ----- ხ--–--–---ი. მოწმეების ა----- ხ--–--–---ის და ნ----- ხ--–--–---ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას, დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა მოკვლით და ა----------- ხ--–--–---ი შეშინებული იყო. პალატას განმარტავს, ვ------- ხ--–--–---ის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, დაზარალებულ ა----------- ხ--–--–---ს, რომ გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, გარდა დაზარალებულის და მოწმეების განმარტებისა, ასევე დადასტურებულია ისეთი ობიექტური კრიტერიუმით, როგორიცაა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის აგრესიული ქცევა, შეურაცხყოფის მიყენების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის პროცესში - დანის დემონსტრირება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულ ა----------- ხ--–--–---ის, მოწმეების ა----- ხ--–--–---ის და ნ----- ხ--–--–---ის ჩვენებები, მათში გადმოცემული ფაქტები და ინფორმაცია თანმიმდევრული და დამაჯერებელია, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ------- ხ--–--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ვ------- ხ--–--–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ------- ხ--–--–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში და ოჯახის წევრის მიმართ, ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება და დაუნიშნა მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელი, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი ვ------- ხ--–--–---ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ------- ხ--–--–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ------- ხ--–--–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ------- ხ--–--–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი ვ------- ხ--–--–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ------- ხ--–--–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ------- ხ--–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვ------- ხ--–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 09 მაისიდან.
მსჯავრდებულ ვ------- ხ--–--–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე